Skip to content

მე ვარ მლიქვნელი

March 29, 2011

ხათუნა ჩემი მეზობელია, რომელიც მეშვიდე სართულზე ცხოვრობს და აგერ უკვე 5-6 წელია, რაც  საშინელი მუსიკა მაღვიძებს ხოლმე დილით, რომელსაც ის უსმენს. უნივერსიტეტში რომ მივდივარ, ეს ქალი მხვდება ხოლმე გზაში, მინდა ვუყვირო და ავუკრძალო იმ მარაზმის ბოლო ხმამდე აწევა, რაც მიწამლავს ხოლმე დილას, მაგრამ ამ დროს ყურებამდე გაღიმებული ვეუბნები: გამარჯობა, ქალბატონო ხათუნა!

გურამა იმ მარშუტკის მძღოლია, რომლითაც მე ვმგზავრობ ხოლმე. სიგარეტის ბოლი, რომელსაც ის ეწევა, მახრჩობს. მინდა მხარზე ხელის დადებით მოვახედო და მკაცრად მოვთხოვო, რომ როდესაც ტრანსპორტს ატარებს, მაშინ მაინც ნუ ეწევა, მაგრამ ამის მაგივრად, მის შეკითხვაზე: ბოლი ხომ არ გაწუხებთ? მე ხელაღებით უარვყოფ და ვთხოვ რომ გააგრძელოს მოწევა.

ბაჩო ჩემი კლასელია, რომელსაც სკოლის დამთავრების შემდეგ იშვიათად ვნახულობ. მეტროსთან შემთხვევით მეჩეხება, ვგრძნობ არ მინდა მასთან ლაპარაკი, სალაპარაკო არაფერი გვაქვს, მაგრამ იმის მაგივრად რომ მივანიშნო თუ როგორ არ მინდა ეს საუბარი, ღიმილზე ღიმილით ვპასუხობ და მოწყენილი სახით ვეუბნები თუ როგორ მენატრება ძველი დრო.

მეტროში ჩასულს ვიღაც ყმაწვილი ფეხზე მაბიჯებს და არც იმჩნევს სანამ მე არ ვეტყვი. აშკარად ნაძალადევი მობოდიშების მოსმენისას მინდა ვუთხრა, რომ ამდენ ბოდიშს აჯობებს თუ ამიერიდან ყურადღებით იქნება, მაგრამ ამის მაგივრად გაღიმებული ვეუბნები, რომ არაფერი მომხდარა, რა მოხდა, ვის არ მოსვლია?

ქალბატონი რუსუდანი ჩემი ლექტორია, რომლის ლექციაც უკვე მეორედ გავაცდინე, დერეფანში მხვდება შემთხვევით, მისი თავი არ მაქვს, მაგრამ უკვე გვიანია. ის მაჩერებს და ვისმენ მონოლოგს თუ რაოდენ უპასუხისმგებლო სტუდენტი ვარ და რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება. ის მეკიხება თუ რატომ ვიქცევი ასე, მე კი ვერ ვეუბნები, რომ არ მაქვს ოვიდიუსის 60 სტრიქონის თარგმნის თავი მაშინ, როდესაც უამრავი პრობლემა მაქვს სახლში და არ ვიცი როდის მოვაგვარებ. ამიტომ მორჩილად ვხრი თავს დასჯილი მოსწავლესავით და პასუხად მივუგებ, რომ ძალიან ცუდად ვიქცევი და სამომავლოდ აუცილებლად გამოვსწორდები.

თამუნა ჩემი ჯგუფელია, რომელიც ასევე მსაყვედურობს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ვაცდენ ბოლო დროს ლექციებს. მე ძალიან მინდა ვუთხრა, რომ თავი დამანებოს და რომ არ მინდა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ამის მაგივრად ვისმენ მის რჩევებსაც და უკვე მეორედ ვამბობ რომ ის მართალია და რომ მე ძალიან ცუდი გოგო ვარ (ღმერთო ჩემო, ამდენი რომ!).

გზად უამრავი ნაცნობი მხვდება, რომლებიც ღიმილით მესალმებიან და მელაპარაკებიან, მე მათი თავი არ მაქვს, მაგრამ კვლავ ყურებამდე გაღიმებული ვპასუხობ…

მე მხოლოდ ერთი რამ მინდა: ვიყვირო და მოვწყდე მთელ სამყაროს… ახლა არავინ მინდა, მაგრამ დღეში ათას ხათუნას, ბაჩოს, რუსუდანს და თამუნას ვეჩეხები და ყველას რაღაცას ვუხსნი, ყველა რაღაცას მსაყვედურობს, ყველასთან რაღაცით დამნაშავე ვარ… ვიცი, ვიცი, რომ ყველას კარგი უნდა ჩემთვის, მაგრამ… მაგრამ… მაგრამ…

მე მლიქვნელი ვარ, საშინელი მლიქვნელი, იმას რომ ვამბობდე ყოველთვის, რასაც ვფიქრობ, ასეთ დღეში აღარ ვიქნებოდი!

უბრალოდ, თავი დამანებეთ! მართლები ხართ, მე ვარ მხოლოდ დამნაშავე, მე ვარ საშინელი და მე ვარ ბოროტი… ახლა კი თავი დამანებეთ…

ხვალიდან იგივე დაიწყება, ხათუნა, გურამა, რუსუდანი და ა.შ. და ა.შ.

დავიღალე…

10 Comments leave one →
  1. March 30, 2011 15:28

    გამოსავალს თუ ხედავ აქედან?

  2. ნათია permalink*
    March 30, 2011 17:00

    ხან ვხედავ, ხან კი ვერ…
    ხანდახან მგონია, რომ არის გარკვეული ნორმები (ნუ, ამ შემთხვევაში ზრდილობის ნორმები), რომელთა შესრულება არაა მლიქვნელობა და აუცილებელია მათი გათვალისწინება…
    მაგრამ ხანდახან სრულიად აბსურდულად მეჩვენება დამორჩილება ამ ეთიკის წესებისადმი, ქცევის ნორმებისადმი და უკვე ვერ ვიგებ ასეთ დროს თავს ვიტყუებ, სხვას ვატყუებ თუ რა ქვია ჩემს ქმედებას საერთოდ…

  3. March 30, 2011 18:19

    მეზობლები ნაკლებად მაწუხებენ, არც ლექტორი მსაყვედურობს, მაგრამ მართლა იმდენჯერ უნდა გაუღიმო და ‘ემლიქვნელო ზოგიერთს’, რომ თავი უკვე მსახიობი მგონია… უკვე ნამდვილ არტისტად ჩამოვყალიბდი🙂

  4. ნათია permalink*
    March 30, 2011 18:27

    ჰუჰ, სუპეროსტატი ვარ ლიქნის! აქ ვინც ჩამოვთვალე ესენი შედარებით უმნიშვნელო მაგალითები არიან, ხანდახან ისეთი ტყუილის თქმა მიწევს ხოლმე და ისეთი ადამიანებისთვის, რომ საკუთარი თავი მძაგს ხანდახან…

  5. March 30, 2011 20:10

    მთავარია ამ ტყუილმა ზიანი არ მოუტანოს იმ ადამიანს, თორემ ისე დასაშვებია🙂 არ ვიცი, მე არ მინახავს ადამიანი, ტყული არ დასჭირვებოდეს, ძალით არ გაეღიმოს და ასე შემდეგ… სხვათა შორის, ადამიანის დიდ ნებისყოფასა და შესაძლებლობებზე მეტყველებს ის ფაქტი,რომ არ ეღიმება და მაინც იღიმის…🙂

  6. ნათია permalink*
    March 30, 2011 20:14

    რა გითხრა, გააჩნია რა კუთხით მიუდგები საკითხს… ერთი მხრივ მართლა დიდ ნებისყოფაზე მეტყველებს, მეორე მხრივ კი… მედალს ყოველთვის ორი მხარე აქვს და ამას არაფერი ეშველება…

  7. March 30, 2011 20:23

    სხვათა შორის, უგემოვნო მუსიკაზე გამახსენდა, ცხოვრებაში არ დამავიწყდება იანვრის დღეები. იმ ”გაგანია” გამოცდების პერიოდში, ღამეები რომ ვმეცადინეობდი, ჩემი სვედავსილი მეზობლები რაღაც საცეკვაო მუსიკებს ჩართავდნენ (აი ისეთებს, ზოგან ქორწილებში რომ უკრავენ ხოლმე) , ჰოდა, ღამის სამ საათამდე ცეკვავდნენ ხოლმე… რა უნდა მექნა?!🙂 ჰოდა მართლა არაფერი ეშველება ამას…

  8. March 31, 2011 08:05

    საკუთარ თავს ფეხი არ უნდა დააბიჯო – უტყუარი წერია.

    თუმცა, მეორე მხრივ, ადამიანი სოციალური არსებაა და სხვისი ემოციების, განწყობის და პრობლემების მთლად გაუთვალისწინებლობაც არ გამოდის.

    რაღაც შუალედურია მოსაძებნი. არადა, ზუსტად ეს არის ყველაზე ძნელი. როგორც წესი, ან ერთ უკიდურესობაში ვარდები, ან მეორეში.

  9. ნათია permalink*
    March 31, 2011 08:13

    მართალი ხარ, ვიცი რომ აუცილებელია დაიცვა ოქროს შუალედი, ისიც ვიცი, რომ ეთიკის გარკვეული ნორმების დაცვა აუცილებელია და ყველას არ უნდა მოახვიო თავს შენი პრობლემები და ყველას არ უნდა დაანახო როგორი ხარ და როგორ ხარ საერთოდაც… მაგრამ ხანდახან ამ ეთიკის ჩარჩოებში მოქცევა რაღაც დიდი თავის მოტყუება მგონია ალბათ ეს მაშინ ხდება, როდესაც გარკვეულ მიზეზთა გამო ვცდილობ შევეწინააღმდეგო დადგენილ წესებს, ნორმებს, ვუპირისპირდები სამყაროს… პრობლემა იმაშია, რომ ხანდახან ვერ ვიგებ ეთიკის ნორმებს ვიცავ თუ გამიზნულ ტყუილს ვამბობ…ყოველთვის რომელიღაც უკიდურესობაში ვვარდები …

  10. April 12, 2011 06:07

    მე ვფიქრობ,რომ სულაც არა ხარ მლიქვნელი…უბრალოდ მოკრძალებული პიროვნება ხარ,მსგავსი ისტორიები მეც თავზე საყრელად მაქვს,მაგრამ არ ვფიქრობ,რომ ეს მლიქვნელობაა…მხოლოდ რამდენად კარგია ეს თვისება ადამიანში ვერ გეტყვი,რადგან რაზეც პრეტენზია არა გვაქვს,ფიქრობენ,რომ ვერ ვამჩნევთ…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: