Skip to content

დაკარგული კუნძული

April 7, 2011

ყველამ ერთდროულად გავახილეთ თვალები და დავინახეთ რომ უზარმაზარ ნავსადგურში ვიყავით მოთავსებულნი ნავებზე, ნავსადგურში, რომელსაც, რატომღაც სახურავი ჰქონდა… ასობით ადამიანი, ქალი, კაცი, მოხუცი თუ ბავშვი. რამდენიმე წამის წინ გამაფებული სიჩუმე, რომელსაც წყლის წვეთების ხმა და ადამიანთა სუნთქვა არღვევდა, გამაყრუებელი ხმაურით აივსო. არავინ იცოდა სად ვიყავით ან რატომ.

მარტო არავინ იყო, იყვნენ ერთად ოჯახები, კლასელები, ერთ განყოფილებაში მომუშავე თანამშრომლები, პოლიციის მთელი ბრიგადა და სპეცდანიშნულების ქვედანაყოფი. თავიდან ყველა ერთმანეთს ეკითხებოდა თუ რა ხდებოდა, სად იყვნენ, ვინ მოიყვანა ისინი აქ. ცოტა ხანში კი თავდაპირველი პანიკა, რომელიც შიშზე იყო დაფუძნებული, შეცვალა სასოწარკვეთამ და ადამიანთა ორი საშიში ჯგუფი დაუპირისპირა ერთმანეთს – პოლიციელები და სპეცრაზმელები. არ ვიცი ზუსტად რამ გამოიწვია დაპირისპირება მათ შორის, მაგრამ ერთი კი დავინახე როგორ დაუმიზნეს იარაღი ერთმანეთს და ამოხოცეს მოწინააღმდეგეები… ათეულობით გვამი ჩავარდა წყალში, დაეცა სხვის ნავს, სისხლით მორწყა ისინი… ვიდექი და ვღრიალებდი.

როგორ ძალიან მინდოდა მათი შეჩერება, ვგრძნობდი, რომ ასეთი გაუგებრობა მსგავს საშინელებამდე მიგვიყვანდა, მაგრამ ხალხი ბრბოა, ერთი სულით შეკრული და გამთლიანებული, როდესაც მასას რამის გაკეთება უნდა, ცალკეული ინდივიდები ვეღარ უშლიან ამ ერთ, ახლადჩამოყალიბებულ ინდივიდს და ყველაფერი ისე ხდება, როგორც ბრბოს უნდა.

ყვირილითა და უიმედობით მოცული გადარჩენილი ადამაინები ნავებიდან ამოვარდნენ და წყალში აშენებულ ბაქანზე აცვივდნენ. ისინი ძალიან ბევრნი იყვნენ, ამიტომ ყველა ვერ დაეტია, ზოგი წყალში ჩაცვივდა, ზოგი ისევ ნავებზე დარჩა. ამ საზარელი ხოცვა-ჟლეტის შედეგად, ადამაინებს ერთმანეთის მიმართ საშინელი შიში გაუჩნდათ, ბაქანზე სიარულისას, რომელიც უზარმაზარ კართან სრულდებოდა, თითოეული ჯგუფის წარმომადგენელი ერთმანეთს ეკრობოდა და სხვებს უნდობლად უყურებდა. ყველას ეშინოდა…

კართან მისვლისას, იგი ხელის ერთი შეხებით გაიღო და ყველას თვალწინ საოცარი სანახაობა გადაიშალა: წინ თეთრი ქვიშა იყო, რომლის კიდესთან სიმწვანე იშლებოდა. ხალხმა ჩვეული რიტმით გააგრძელა სვლა, თითქოს ის ერთიანი სული დაბრუნდა მათთან, დროებითი განშორების შემდეგ… ცოტა ხნის წინ მომხდარ საშინელებას აღარავინ ახსენებდა, თითქოს ყველა შეთანხმდა, რომ ამაზე არ უნდა ელაპარაკათ და ამ თემას ტაბუ დაედო.

ჩვენ აღმოვჩნით კუნძულზე, სადაც არავინ ცხოვრობდა, მაგრამ იყო საოცრად მდიდრული სასტუმროები აუზებითა და კაფე-ბარებით, ყველაფერი ისე იყო აქ, თითქოს ვიღაც ელოდა ჩვენს მოსვლას და ყველაფერი გამზადებული დაგვახვედრა.

ხანგრძლივი ძებნის შემდეგ რომ ვერავინ ვიპოვეთ, ხალხი სასტუმროებში დანაწილდა, შემდეგ კაფე-ბარებს მოედო მასა და საჭმელს მიეძალა. ეს მომენტი იყო ყველაზე მშვიდი ჩვენი იქ ყოფნის განმავლობაში.

კუნძულის გარშემო იყო უკიდეგანო ლურჯი ზღვა და ნავების სადგომი, რომელთანაც იმ საზარელი ამბის შემდეგ თითქმის აღარავინ მიჰკარებია, მხოლოდ ერთხელ მივედით და ვნახეთ, რომ ათეულობით ნავი და ყველა გვამი უკვალოდ გამქრალიყო, იქაურობა სიცარიელეს მოეცვა.

შემდეგ მოვლენები ისე სწარაფად განვითარდა, რომ მე დეტალები ვერ დავიმახსოვრე, ვიცი ყველაფერი რაც იქ მოხდა და ცხადად მახსოვს იმ განცდების და გრძნობების შესახებ, რომლებიც მაკავშირებენ იმ საშინელ ადგილთან.

არავინ იცოდა თუ რა უნდა გაგვეკეთებინა. ხალხში კაფეებსა თუ ბარებში იყო სულ, მთელი დღე ჭამდნენ და სვამდნენ, ჭამდნენ და სვამდნენ… ეს სასმელი და საჭმელი კი ღმერთმა უწყის საიდან მოდიოდა. გადიოდა დღეები, თვეები თუ წლები, არ ვიცი, მახსოვს მხოლოდ ის რომ არაფერი იცვლებოდა, ერთი რამის გარდა – ჩვენ ვმცირდებოდით. უმიზნოდ და უმიზეზოდ ატეხილი ჩხუბი მოწინააღმდეგეს იწირავდა ხოლმე, შეშინებული ბრბო კი ოთახებში იკეტებოდა, თუმცა მეორე დღეს ისევ გამოდიოდნენ ადამიანები და ვითომ არაფერი მომხდარიყოს ისევ აგრძელებდნენ ჭამას და სმას… ხსნას უკვე არავინ ელოდა, ზოგს ალბათ არც უნდოდა, მთელი დღე იჯდა სასტუმროს ვერანდაზე და ჭამდა და სვამდა, ჭამდა და სვამდა…

ჩხუბი უკვე აღარ იყო საჭირო იმისთვის რომ ვინმე მომკვდარიყო, უცბად დგებოდა მაგიდიდან ადამიანი და მასთან ერთად მჯდომს დანას უყრიდა და ან იარაღს ესროდა…. ხალხი კვლავ პანიკაში ვარდებოდა, მაგრამ, როგორც ყოველთვის, მეორე დღეს ყველაფერი ისევ ისე გრძელდებოდა.

მე ყველაზე მეტად ჭკუიდან ის ფაქტი მშლიდა, რომ გამოსავალს არავინ ეძებდა. არა, იდეა ბევრს ჰქონდა, ზოგს მხოლოდ თავში, ზოგის იდეა კი საუბარშივე კვდებოდა. მთავარია, რომ ამ იდეების განხორციელებისთვის არ მიუმართავს არავის. კუნძულზე დარჩენილი ადამიანები თითქოს ერთ დიდ, ჯერ კიდევ ცოცხალ გვამად იქცნენ და დროდადრო მეორე გვერდზე თუ გადაბრუნდებოდნენ, თორე მეტს არაფერს აკეთებდნენ. მათ სიცოცხლის ნიშან-წყალი არ ეტყობოდათ, მოსიარულე მოჩვენებები იყვნენ, შეშინებულნი და დაზაფრულნი.

მოგვიანებით მივხვდი თუ რაში იყო მათი პრობლემა – მათ არ ჰყავდათ ლიდერი! დიახ, ლიდერი. მეთაური ყველგან საჭიროა და ამ ასობით ადამიანში, რომლებიც მხოლოდ იმას ახერხებდნენ, რომ ერთმანეთს ხოცავდნენ, არავინ გამოჩნდა ისეთი, ვინც მათ ლიდერობას იკისრებდა, ვისაც ეს ერთ საცოდავ, არაფრისმაქნის ინდივიდად ქცეული ბრბო დაუჯერებდა და აჰყვებოდა. ისინი უმეთაურობას განიცდიდნენ.

მაინც რა განაპირობებს ადამიანებში ნდობის გაჩენას ერთი პიროვნებისადმი გარკვეულ მომენტებში? საკუთარი უსუსურობის შეგრძნება თუ მისი სიძლიერის დანახვა, თუ სულაც ორივე ერთად? ან როდის იკვრება ხალხი ერთიან ბრბოდ, მასად და რა მომენტში იხლიჩება ეს კავშირი?…

გაურკვეველი დროის მონაკვეთის გასვლის შემდეგ, როდესაც თავდაპირველად აქ მოსული ადამიანების ნახევრის ნახევარიც კი აღარ იყო დარჩენილი, ცაზე ვერტმფრენი გამოჩნდა, ეს იყო ჩემთვის მოვლენა! მაგრამ, ჰოი, საოცრებავ! ვერანდებზე მსხდომნი თუ ზღვის ნაპირზე მწოლიარე ადამიანებიდან ერთიც კი არ განძრეულა, ერთსაც კი არ აუხედავს ზემოთ! თითქოს ყველა დაზომბირებული იყო და გარშემო მიმდინარე მოვლენებს ვეღარ აღიქვამდა.

მახსოვს, მივირბინე ვერტმფრენთან, რომელიც იქვე ახლოს დაეშვა. იქიდან ერთი მოხუცი, სულ მთლად თეთრთმიანი კაცი და პატარა გოგონა გადმოვიდნენ და სასტუმროებისკენ გაემართნენ. ამ დროს ერთმა ადამიანმა მიირბინა მათთან, რომლის არსებობაც აქამდე არ შემიმჩნევია. ის მივარდა მოხუცთან და უთხრა რომ იცოდა ვინც იყო და მშვენივრად იცოდა ისიც თუ რა ექსპერიმენტი ჩაატარა მან. თეთრწვერა ადამიანი კი მიბრუნდა და მშვიდი, მკაცრი ტონით უთხრა, რომ ის აქ სწორედ თავისი ექსპერიმენტის შედეგების სანახავად მოვიდა.

მერე ზუსტად არ მახსოვს რა მოხდა, ვიცი მხოლო ის, რომ მოხუცი კაცი გასისხლიანებული თავით დაეცა ძირს, მე, გოგონა და კიდევ ორი ადამიანი კი ვერტმფრენში აღმოვჩნდით… ის ზემოდან დასტრიალებდა ამოუცნობ კუნძულს, რომლის სასტუმროს ვერანდებზე კვლავ ცოცხალ-მკვდარი ადამიანები ისხდნენ და კვლავ ჭამდნენ და სვამდნენ, ჭამდნენ და სვამდნენ…

მე ვერაფერი გავიგე თუ კონკრეტულად რა ექსპერიმენტის ჩასატარებლად მოუყარა თავი იმ მოხუცმა ადამიანმა ამდენ ხალხს, ან გაამართლა თუ არა ამ ექსპერიმენტმა, სწორედ ის შედეგი აჩვენა რასაც ის მოელოდა თუ სულ სხვაგვარი დასასრული წარმოედგინა, ან რატომ ჩამოვიდა დაკარგულ კუნძულზე მარტო, პატარა გოგონასთან ერთად. ის კი ვიცი, რომ უზომოდ ბედნიერი ვიყავი ამ საშინელ ადგილს რომ ვტოვებდი, სადაც ადამიანები ჭამა-სმისა და ერთმანეთის მოკვლის მეტს არაფერს აკეთებდნენ. სადაც მათ უმოქმედობა უფრო კლავდათ და არა სხვა რამ მიზეზი. ვერტმფრენიდან ვუყურებდი ზომბებად ქცეულ ადამიანებს და გული მტკიოდა…

მე შევესწარი რა ამაზრზენი სანახავია ერთად ბრბო, რამდენი საშინელი  საქმის ჩადენა შეუძლია ერთიან მასას გამოუვალ სიტუაციებში. როდესაც საფრთხის წინაშე ვდგავართ, მხოლოდ ინსტიქტებს ვემორჩილებით და საკუთარი თავის გადარჩენის გარდა არაფერზე ვდარდობთ… ნებისმიერს გავხლეჩთ, შევჭამთ, დავგლეჯთ, გავსრესთ, ოღონდ თავი გადავირჩინოთ… მონსტრები ვართ…

No comments yet

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: