Skip to content

სიგიჟის ზღვარს მიღმა

May 9, 2011

გიგრძვნიათ ვინმეს რას ნიშნავს, როდესაც უახლოვდები სიგიჟის ზღვარს? როდესაც იშლება ირგვლივ არსებული სამყარო და მხოლოდ შენ და შენი შეგრძნებები რჩებით? ამ დროს მოსული განცდა აგონიასავით ედება მთელ სხეულს, ტალღასავით უვლის მას და აღწევს ტვინამდე, საიდანაც აღარსად აქვს გასასვლელი და ცხადად გრძნობ, რომ საკმარისია ერთი წვეთიც, ერთი ნაბიჯიღა და მორჩა, შეშლილობის ზღვარს გადააბიჯებ…

ცნობისმოყვარეობისა და შიშის ნარევის ზემოქმედებით აღტყინებული გულისცემა გირტყამს ყურებში და დგები არჩევანის წინაშე, ან უნდა გადადგა მომდევნო ნაბიჯი, ან გაჩერდე… აქამდე იყო STOP, დღეს კი… დღეს კი იყო სურვილი, საშინელი სურვილი გადაგედგა ეს ნაბიჯი და გადასულიყავი ამ ზღვარს იქით…

ხანდახან გგონია, რომ მართლა შეგიძლია სიგიჟის ზღვრამდე მისვლა და საკუთარი განცდების შეყოვნება გადამწყვეტ წამს. ამ დროს იჯერებ, რომ ის სამყარო, რომელშიც ცხოვრობ, მხოლოდ შენს გონებაში არსებობს, შენს წარმოსახვაში და ნებისმიერი რამ შეგიძლია გაუკეთო ირგვლივ არსებულს, თავად კი დადგე ჰაერზე ან აფრინდე. საინტერესოა, რომ ამ ყველაფერს მხოლოდ მაშინ იჯერებ, როდესაც სიგიჟის ზღვარს უახლოვდები და  ასეთ მომენტებში არაფერია იმაზე დრამატული, ვიდრე გარშემო არსებულ ადამიანთა სახეების დანახვა, მასის, რომელსაც არ გააჩნია მიზანი, რომლებიც კი არ ცხოვრობენ, არამედ არსებობენ, მიწაზე მხოხავ ჭიანჭველებს ემსგავსებიან, ყველა ერთნაირია, შემზარავად ერთნაირი და გეშინია, გეშინია შენც არ გადაგედოს ის სიგიჟე, რითიც ისინი არიან დაავადებულნი, არ გადაგედოს სიგიჟე, რომელიც აბსოლუტურად განსხვავდება იმ სიგიჟისგან, რომელსაც შენ ხანდახან უახლოვდები…

ვერ აკავებ ტვინის უჯრედებში მოწოლილ პანიკას და ძრწოლა  გიპყრობს, თითქოს ამ ადამიანთა ერთიანი მასისგან წამოსული ბლანტი სიშავე  გეწებება სხეულზე და გითრევს, ამ ბრბოს ნაწილად გაქცევს და რაც უფრო მეტად ცდილობ გაერიდო, არ აითქვიფო მათ სიგიჟეში, მით უფრო სასაცილო ხდები, სასაცილო და საცოდავი, მოფართხალე ჭიანჭველას ემსგავსები, რომელიც სადაც არ უნდა წავიდეს მაინც იმ პაწაწინა, შავ მწერად დარჩება, როგორიც ყოველთვის იყო… ისე გაწვება თვალებში შიში, რომ ტირილამდე მიდიხარ… იქნებ შენ მათზე გაცილებით უარესი ხარ, ამ ქუჩებში მოსიარულე ჭიანჭველათა ხროვაზე გაცილებით უარესი, სინამდვილეში შენ  ხარ არარა და მხოლოდ ისინი წარმოადგენენ ჭეშმარიტებას? ამ დროს გონება გებინდება, რაც მეტად ცდილობ გაერკვიო ტვინის იდუმალ ლაბირინთებში ჩადებულ რთულ ამოცანაში, მით უფრო იხლართები გაურკვეველ ბადეში და ბოლოს ფიქრს წყვეტ…

ფიქრის შეწყვეტა საინტერესო პროცესია, რომლის მიღწევას ხანგრძლივი მუშაობა სჭირდება. ფიქრის შეწყვეტა ძილისთვის გჭირდებოდი, ვერ ახერხებდი დაძინებას, ბალიშზე თავის დადებისთანავე აიშლებოდნენ დღის განმავლობაში სხვადასხვა საქმიანობის გამო ტვინის კუნჭულებში მიმწყვდეული კითხვანარევი ფიქრები, რომლებიც დაძინების საშუალებას არ გაძლევდნენ… ჯერ ისწავლე   ტვინში საკუთარი ნებით ამორჩეულ მოგონებათა კადრების, ან მომავალში მოსახდები მომენტების წარმოდგენებზე ავტომატურად ჩართვა რაღაც მექანიზმისა. გქონდა შეგრძნება, რომ უყურებდი ფილმს საკუთარ ტვინში და კი აღარ ფიქრობდი, არამედ რაღაცას რთავდი   შენში და ის ,,რაღაც” შემგან დამოუკიდებლად ატრიალებდა კადრებს შენი წარსულიდან, ან გამოგონის სურათებს, რომელთა ყურება საკმაოდ საინტერესო და ზოგიერთ შემთხვევაში ძრწოლისმომგვრელად საშინელი იყო…

ტვინის გაუვალ ლაბირინთებში ავტომატურად წარმოქმნილი კადრები ყოველთვის რაღაც საშინელებამდე მიდიოდა, ყველაფერი მახინჯ ფორმას იძენდა და ავტოსტოპის რეჟიმში მომუშავე  ტვინი კვლავ ნორმალურ მდგომარეობას უბრუნდებოდა. მასაში აზელილი რომ ხარ გაცილებით ადვილია არ იფიქრო, უბრალოდ იარო და უყურო იმას რაც გარშემო ხდება ისე, რომ ერთმა ფიქრმაც არ გაგიელვოს თავში, მაგრამ საინტერესო ისაა, რომ შენს შიგნით, თითქოს სადღაც ძალიან შორს, ეს ზედაპირულად შეწყვეტილი ფიქრი განაგრძობს სვლას და როდესაც გასული დღის გაანალიზებას იწყებ ნებსით თუ უნებლიედ, აღმოაჩენ, რომ იმ მომენტებშიც კი ფიქრობდი, როდესაც გონება ავტოსტოპზე გქონდა დაყენებული…

სიგიჟის ზღვარს მიღმა ყოფნა არ ნიშნავს ტრადიციული გაგებით სრულ ჭკუაზე არმყოფობას, ეს არის წინააღმდეგობა ყოველივე იმ აქტის მიმართ რასაც ახორცილებ ყოველდღიურად და რაც სინადვილეში უფრო ჩამოჰგავს სიგიჟეს ვიდრე ის ზღვარს გადალახულ ყოფიერებას მიღმა ყოფნა. ესაა ნეტარების წამიერი მომენტები, მხოლოდ წამიერი, რადგან ფხიზლად, არამძინარე მდგომარეობაში მყოფს უფრო ხანგრძლივად არ შეგიძლია გაჩერება იმ მაგიურს ზღვარს იქით…

to be continued…

7 Comments leave one →
  1. partizan permalink
    May 21, 2011 15:19

    მწერალო, ამბობენ რომ გენიოსების უმრავლესობა გიჟი იყო, ასევე ამბობენ რომ ადამიანები ტვინის შესაძლებლობების 2-6 %იყენებენ. იქნებ და სიგიჟე არც ისე ცუდი🙂

  2. ნათია permalink*
    May 21, 2011 15:22

    მეც იმას ვამბობ, რომ არ არის ცუდი🙂 ისე, მწერალი არ ვარ🙂

  3. partizan permalink
    May 21, 2011 15:36

    მე ვფიქრობ ვინც სმს–ზე ან ნახევარ გვერდზე მეტ წერილს დაწერს უკვე მწერალია🙂 თან რაც მთავარია გამართულადაა ნაფიქრ, ნაწერი …

  4. ნათია permalink*
    May 21, 2011 15:49

    უცნაური შეგრძნებაა მწერლად რომ მიგიჩნევენ, გმადლობ🙂

  5. partizan permalink
    May 21, 2011 15:50

    აბა “მალიარად” ვერ მიგიჩნევ :):):)

  6. ნათია permalink*
    May 21, 2011 16:00

    ,,მალიარად” ყოფნაში ცუდს ვერაფერს ვხედავ.

  7. partizan permalink
    May 21, 2011 16:15

    არა ცუდი არაა, მაგრამ მალიარობისგან ძალიან განსხვავდება ის რასაც შენ აკეთებ🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: