Skip to content

კოტე ჯანდიერი – ,,კონკიას ღამე”

May 12, 2011

კოტე ჯანდიერი მწერალთა იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც ხშირად არ გვანებივრებენ საკუთარი შემოქმედებით და დროის გარკვეულ შუალედებში გვაძლევენ საშუალებას დავტკბეთ მათი ნამოღვაწარით. ,,კონკიას ღამეც” ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გამოცემული წიგნია, რომელმაც თავიდანვე მიიპყრო მკითხველის ყურადღება და ,,საბას” პრემიითაც დაჯილდოვდა. ამ წიგნში გაერთიანებულია 9 მოთხრობა, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ შინაარსობრივარ განსხვავდებიან, იდეურად ერწყმიან ერთმანეთს.

,,კონკიას ღამეში” თავმოყრილი მოთხრობები თემატურად მრავალფეროვანი და სიღრმისეულია. მოთხრობებს ყოფითი სიტუაციები უდევს საფიძვლად და ამ ყოფითი სიტუაციების აღწერით მწერალი არაჩვეულებრივად ახერხებს ზოგადადამიანურ საკითხებზე საუბარს, ადამიანის გულის სიღრმემდე აღწევს და მტკივნეულ თემებს ეხება.

წიგნში ვხვდებით უფალთან სიახლოვის გამო უდაბნოში გახიზნულ მწირს, რომელსაც სიკვდილის წინ ერთადერთი დის ხატება უდგას თვალწინ და მისი სახის შემყურეს ელევა სული. ადამიანი, რომელმაც წლები გაატარა უხმო ლოცვასა და უფალთან თანაყოფის სურვილში, ბოლოს შემწედ ერთადერთი ახლობელი ევლინება (,,მაყვლიანი”).

აქ ვხვდებით პერსონაჟებს, რომელთაც დაკარგული აქვთ ერთმანეთთან დამაკავშირებელი ცოცხალი ურთიერთობის ძაფი და წერილობით კონტაქტს მიმართავენ, რაც დაცლილია ყოველგვარი ადამიანური სითბოსგან. ამ წერილებში გაბნეული გრძნობები კი მხოლოდ ფორმალურ სახეს იღებენ. აქ გაუფერულებულია უშუალო ურთიერთობები ადამიანებს შორის და დაყვანილია წერილობით ფორმამდე. ოჯახის წევრებს ეშინიათ სიტყვიერად გამოხატონ საკუთარი სათქმელი და უკიდურესაც მწვავე სიტუაციებშიც კი პრობლემის მოგვარების მცდელობა წერილობითი ფორმით, შიშის ზარს გვცემს. ურთიერთობების, ერთმანეთისთვის თვალებში ჩახედვის შიშია წამოწეული წინა პლანზე და ჩანს საფრთხე, რომ ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება აღმოჩნდეს ამ პერსონაჟების ადგილზე.

წიგნში ვხვდებით როგორ კლავს ადამიანური ძალადობა ჩვენში სიყვარულს, როგორ უფერულდებიან ძლიერი გრძნობები საყვარელი ადამიანების მიმართ, როგორ ნებდებიან ცხოვრების მსგავს დინებას მინდობილნი და შემდეგ კვლავ ჩვეულ რიტმში განაგრძობენ ცხოვრებას, წარსულში დარჩენილი საშინელი ლაქის უხეში გადაფარვით და გულის სიღმეში იმის შეგრძნებით, რომ ეს დამარცხებაა და არა წინ გადადგმული ნაბიჯი (,,ხანმოკლე შვებულება”).

ჯანდიერი იმ თაობას მიეკუთვნება, რომელსაც კარგად ახსოვს გასული საუკუნის ბოლო მეოთხედის გაუსაძლისი მდგომარეობა. მწერალი აღწერს ამ პერიოდის ახალგაზრდობას, გზააბნეულ შემოქმედებს, რომელთაც სწყურიათ თავისუფლება და ჯიბეში დანაჩაწყობილ ბიჭებს, რომლებიც მზად არიან ერთი არასწორი მოძრაობის გამო გულში გაგიყარინ ცივი იარაღი; აღგვიწერს ყელში მოწოლილ ტერორს, გამოუვალ მდგომარეობას და როდესაც ასეთ ვითარებაში იმყოფები,  მაღალფარდოვანი საუბარიც კი საშინელ სიყალბენს იძენს და როდესაც ყოფით გაუსაძლის პრობლემებზე ფიქრობს ადამიანის გონება, იქ მაღალ იდეალებზე საუბარი რთული და ზედმეტი გვეჩვენება. მწერალი ლაფში ისე სვრის მაღალ იდეალებს, რომ მკითხველს პროტესტის გრძნობა არ უჩნდება, რადგან ამ მხატვრული ფარდის მიღმა მდგარი ავტორი, სინამდვილეში პროტესტს იმ დროს არსებულ ვითარებას, გამოუვალ მდგომარეობას უცხადებს, რომლის ატანაც უფრო და უფრო გაუსაძლისი ხდება. ჯანდიერი თავის თაობას ადანაშაულებს ირგვლივ არსებულ ჯოჯოხეთში, თაობას, რომელმაც ვერ შეძლო ერთმანეთი ყვარებოდა. აქ მკითხველი ყურადღებას არ აქცევს მწერლის თხრობის სტილს, ერთი შეხედვით არაფრისმომცემ დიალოგებს, უწმაწურ მეტყველებას, რადგან ეს ყველაფერი სიფრიფანა საფარია, რომლის უკან გაცილებით მნიშვნელოვანი სათქმელი იმალება (,,დაპატიჟება კინოში”).

აქ შეხვდებით მოთხოვნას, უფრო სწორად _ თხოვნას,  რომ გვიყვარდეს ადამიანებს ერთმანეთი და მაღალი იდეალებისადმი გამოკიდების მაგივრად ადამიანური სითბი ვაჩუქოთ ერთმანეთს, რომელსაც არ სჭირდება პარალელების გავლება შორეული საუკუნეებისადმი და რომ თავისუფლება უშუალო ადამიანურ ურთიერთობებშია და არა იმის ხაზგასმაში თუ რომელ ეპოქას მოაქვს ადამიანისათვის თავისუფლება. თუმცა ჩვენ ისე გვწყურია ეს სითბო და სიყვარული, რომ მზად ვართ ვაპატიოთ ერთმანეთს ყველაფერი ერთი გრძნობით აღსავსე სიტყვის გამო, რაც სინადვილეში თავის მოტყუებაა და მეტი არაფერი! (,,კონკიას ღამე”).

მწერალი ისე ახერხებს მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენის ფონზე ჩვეულებრივი, ადამიანური ურთიერთობების წარმოჩენას, რომ მკითხველის თვალში მნიშვნელობას არ უკარგავს ამ დამოკიდებულებებს. ეს, ერთი შეხედვით სრულიად ჩვეულებრივი ადამიანებიც ისევე მნიშვნელოვანნი არიან მკითხველისთვის, როგორც ქვეყანაში დატრიალებული ტრაგედია, რადგან არ არსებობს მსგავსი მოვლენა ადამიანების გარეშე. იქ, სადაც მნიშვნელოვანი მხოლოდ მომხდარი ფაქტია, სინამდვილეში, ეს მოვლენა ხომ ჩვენს მიერ აღსრულებულ აქტს წარმოადგენს, ადამიანთა ერთობის მიერ განხორციელებულს (,,მატარებლები გვირაბში შედიან”).

,,გლობალიზაცია” ყველაზე ნათელი დადასტურებაა იმის თუ როგორ იკარგებიან ეროვნული ღირებულებები ტერმინ ,,გლობალიზაციის” ქვეშ. როგორ შთანთქავს ერის ყოფიერებაში იგი ყოველივე ღირებულს და იმ თითქოსდა უმნიშვნელო ნიუანსებს, რომლებითაც აღსავსეა ჩვენი ცხოვრება. მწერალი ცდილობს დაგვანახოს საფრთხე, რომლისკენაც ჩვენ არასათანადოდ გააზრებულ გლობალიზაციისაკენ სწრაფვას მივყავართ.

ყველა მოთხრობას მკრთალ ხაზად გასდევს სიყვარულის ნაკლებობა. ,,კონკიას ღამის”  პერსონაჟები განიცდიან ადამიანური ურთიერთობების, სითბოს სიმწირეს და ხან ღმერთისკენ მიმავალთ, ხან კი ყოფით პრობლემებში ჩაფლულთ, ავიწყდებათ უმნიშვნელოვანესი რამ – ერთმანეთი! მწერალი მიგვანიშნებს, რომ ყველა პრობლემის სათავე, სინამდვილეში, სიყვარულის ნაკლებობაში მდგომარეობს.

ჯანდიერის შემოქმედების კითხვისას ჩნდება შეგრძნება, რომ მხოლოდ მოთხრობის გმირები არ არიან მთავარნი და წარმმართველნი მათ გარშემო განვითარებული სიტუაციის და მათ პარალელურად, თანაბრად საკუთარი პერსონაჟების განცდებისა და გრძნობებისა, ჩანს ავტორის განცდებიცა და გრძნობებიც. ჯანდიერის მოთხრობები ძალიან შორს არიან იმ მდარე ხარისხის ტექსტებისგან, სადაც პერსონაჟებს არ გააჩნიათ საკუთარი თვითმყოფადობა და ავტორის მიერ ძალით ათამაშებულ ხის თოჯინებს ჰგვანან და რომელთა ტექსტის კითხვისას ჩვენ მხოლოდ საკუთარი პერსონაჟ-სათამაშოების მოთხრობაში მოყვანით დაღლილი ავტორის სახეს ვხედავთ, მის პერსონაჟთა სიცოცხლისუნარიანობას კი ვერ ვამჩნევთ. მწერალი ოსტატურად ახერხებს, რომ შეგვიყვანოს ამ წიგნის გმირთა ცხოვრებაში, მათი სიხარული ჩვენს სიხარულად, მწუხარება კი ჩვენს  მწუხარებად აქციოს და ამ ყოველივეს პარალელურად მკითხველს არ შორდება შეგრძნება, რომ ავტორია ამ ყოველივეს უმთავრესი განმცდელი და შემდეგ გადმომცემი იმ გრძნობებისა, რომლებსაც ასახავს საკუთარ პერსონაჟებში.

მოთხრობებში ერთმანეთს ენაცვლება ყოფითი და ამაღლებული საკითხები, რომლებიც ისე არიან გადახლართულნი ურთიერთში, რომ მოულოდნელობის ეფექტს ქმნიან, თუმცა ეს ხელოვნურობის შეგრძნებას არ ბადებს, პირიქით – ყველაფერი ბუნებრივად გვეჩვენება.

კოტე ჯანდიერის ღირსება ის არის, რომ ნამდვილი მწერალია, რომელთა სიმწირესაც ნამდვილად განვიცდით თანამედოვე ქართულ რეალობაში. ამიტომ თუ ადამიანს გაუჩნდება სურვილი წაიკითხოს თანამედროვეობაში შექმნილი ღირებული ქართული ლიტერატურა, კოტე ჯანდიერის ,,კონკიას ღამე” ელის ასეთ მკითხველს.

9 Comments leave one →
  1. May 12, 2011 16:37

    საინტერესო იქნება. მე არც გამიგია ეს მწერალი. მაგრამ ეს აღწერა იმდენად მომეწონა რომ..🙂

  2. May 17, 2011 18:53

    არ წამიკითხავს მეც, მაგრამ ჭიამაიას არ იყოს, რეცენზია ძალიან მომეწონა🙂

  3. ნათია permalink*
    May 17, 2011 19:26

    დიდი მადლობა ორივეს :* აუცილებლად წაიკითხეთ, დარწმუნებული ვარ მოგეწონებათ🙂

  4. May 20, 2011 19:00

    გილოცავ, ნათია🙂

    მართლა ძალიან კარგი პოსტია (ეს ჟიურიზე ადრე ვთქვი:) )

    წარმატებებს გისურვებ🙂

  5. December 19, 2011 20:59

    ძალიან კარგი პოსტი იყო და პირადი მადლობა ამის გამო.
    ყოველთვის ვიყავი დაინტერესებული კოტე ჯანდიერის შემოქმედებით და სამწუხაროდ ვერ ვახერხებდი მის გაცნობას. ამ პოსტის მერე კიდევ უფრო გამიმძაფრდა ამ მწერლის შემოქმედების გაცნობის სურვილი. შენი სიტყვებიდან გამომდინარე, იდეურად ბევრ რამეში ვემთხვევით მე და ეს მწერალი, ამიტომაც მგონია, რომ უნდა მიმიზიდოს მისმა ნაწერებმა. როგორც კი ამის საშუალება მექნება, მაშინვე გავიცნობ ჯანდიერის პროზას. კიდევ ერთხელ მადლობა ასეთი კარგი პოსტისთვის ^^

  6. January 5, 2012 22:15

    შეგიძლია მათხოვო წიგნი ?

  7. January 6, 2012 17:43

    არაჩვეულებრივი მწერალია. ყველას ვურჩევ მის წაკითხვას. წიგნში შესული ნაწარმოებებიდან “გლობალიზაცია” ყველაზე გამორჩეულია. ვისაც ახსოვს საქართველოს გასული 20 წელი, უფრო კი 90-იანები, განსაკუთრებით მძაფრად აღიქვამს ამ მოთხრობას.

Trackbacks

  1. ჩემი ბლოგი 2 წლის გახდა «

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: