Skip to content

ოთხი წელი უნივერსიტეტში

June 18, 2011

დღეს ბოლო ლექცია მქონდა, უნივერსიტეტი დავამთავრე🙂 გუშინ კი ე.წ. ,,ბოლო ზარი” თუ ბანკეტი იყო თსუ-ში. განსაკუთრებულ განცდებს არ შევუპყრივარ, უბრალოდ, ერთი კარგი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში, რომელიც ძალიან კარგ ადამიანებთან ერთად გავატარე. ახლა გონებაში თვალს ვავლებ განვლილ 4 წელიწადს და ვცდილობ გამოვარჩიო ყველა მოვლენა, რამაც გავლენა მოახდინა ჩემზე და ხელი შეუწყო იმ ადამიანის ჩამოყალიბებას, ვინც ახლა ვარ.

ღიმილით მახსენდება აბიტურიენტობის დრო, როდესაც ვოცნებობდი ჩამებარებინა თსუ-ში და მხოლოდ პაწაწინა იმედის ნაპერწკალი ღვიოდა ჩემში, რომ მე ჩემთვის სასურველ უნივერსიტეტში მოვხვდებოდი ისეთი საშინელი კონკურენციის პირობებში, როგორც იმ წელს იყო, 40 000 ათასი ბავშვიდან მხოლოდ 16 000-მა ჩავაბარეთ🙂 როდესაც გავიგე, რომ თსუ-ში მოვხვდი, ჩემს გაოცებას და სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა🙂 კარგად მახსოვს, ერთი სული მქონდა მალე მოსულიყო 1 ოქტომბერი, რომ გადამედგა პირველი ნაბიჯები ,,ცოდნის ტაძარში” და დარჩენილი ერთი თვე საოცრად გაიწელა, ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ხანგრძლივი და მოლოდინით აღსავსე ერთი თვე.

აჩქარებულ გულისცემას ვაყოლებდი ნაბიჯებს თუ პირიქით და ისე მივუყვებოდი პირველი კორპუსის კიბეებს, დავდიოდი თსუ-ს დერეფნებში, ვიდექი საოცარ რიგებში ცხრილებთან, ვეძებდი აუდიტორიებს, ვცდილობდი გამეგო რამე ლექციაზე 150 კაციან აუდიტორიაში, ვიდექი პირველი კორპუსის ეზოში და ვტკბებოდი იქ ყოფნით. მაშინ ყველაფერი ლამაზი იყო, მერე რა რომ ძალიან გადამღალა რეგისტარციის პერიოდმა, არეულმა აუდიტორიებმა, დამთხვევებმა ცხრილში, მთავარი იყო, რომ მე თსუ-ს სტუდენტი ვიყავი და ეს სიამაყით მავსებდა!პირველ კურსზე ჩართული ვიყავი ისეთ ღონისძიებებში, რომლებითაც უკვე დიდი ხანია აღარ ვიხიბლები🙂 ეს, ძირითადად, თვითმმართველობის მიერ დაგეგმილ ღონოსძიებებს ეხება.

პირველ კურსზე გავიცანი ადამიანები, რომლებიც ახლა ჩემი უახლოესი მეგობრები არიან, ჩვენ ერთად გამოვიარეთ ეს ოთხწლიანი პერიოდი, ერთად ვიზრდებოდით, ერთად ვსწავლობდით სამყაროს და საკუთარ თავს. გვიხაროდა ერთად ყოფნა, ვიკრიბებოდით და ვსაუბრობდით სხვადასხვა საკითხებზე, ისეთებზე, რომლებზეც იქამდე არასდროს დავფიქრებულვარ, ეს ყველაფერი კი ხელს უწყობდა ჩვენს პიროვნულ განვითარებას. პირველ კურსზე იყო პერიოდი, როდესაც პანიკურად მეშინოდა კოლოკვიუმების თუ გამოცდების და აკანკალებული ხელებით ვწერდი საგამოცდო მასალებს და არა მხოლოდ ვწერდი – არამედ ვიწერდი კიდეც და ახლანდელი გადასახედიდან წყალში ჩაყრილად მიმაჩნია თითოეული გამოცდა თუ კოლოკვიუმი, რომელიც კი გადამიწერია, ეს არის ყველაზე დიდი სისულელე რაც კი შეიძლება რომ სტუდენტმა გააკეთოს და საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ყველას გირჩევთ მაქსიმალურად ეცადოთ, რომ არ გადაიწეროთ ხოლმე.

საბოლოოდ, პირველ კურსზე იმის თქმა შემიძლია, რომ ეს იყო ცაში ფრენის, ოცნების პერიოდი, როდესაც გარშემო ყველაფერი ძალიან ლამაზი ჩანდა, ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი გზის დასაწყისი, რომელზეც არეული ნაბიჯებით დავიწყე სიარული და მომავალში მრავალჯერ გადავუხვიე სხვა მიმართულებით🙂

მეორე კურსზე გაჩნდა კითხვა: რა გინდა ნათია გულისაშვილო?! ბოლოს და ბოლოს ხომ უნდა აირჩიო რამე სპეციალობა?! ჰოდააა აირჩია ნათიამ კალსიკური ფილოლოგია🙂 მაშინ უზომოდ კმაყოფილი ვიყავი საკუთარი გადაწყვეტილებით, მეგონა, რომ ეს იყო სწორედ ის სპეციალობა, რომელზეც მე უნდა მესწავლა, რადგან რა დონის განათლებაც საჭიროა ადამიანისთვის, კლასიკური ფილოლოგია აუცილებლად მომცემდა ამდენს. მიხაროდა, როდესაც ვფიქრობდი, რომ დავეუფლებოდი ევროპული კულტურის საფუძვლებს (რა ხმამაღლა ჟღერს!) და ჩამოვყალიბდებოდი სათანადო ცოდნის მქონე ადამიანად🙂 მეორე კურსი ყველაზე ბედნიერი პერიოდის ჩემი თსუ-ში სწავლის, როგორც იქნა ავირჩიე სასურველი სპეციალობა, მოვხვდი გარკვეულ წრეში და ყოველ საგანზე ახლა-ახალ ადამიანებთან ყოფნა აღარ მიწევდა, მიხაროდა საკუთარი არჩევანის სისწორეს რომ ვაცნობიერებდი, მაშინ გადაწყვეტილი მქონდა, რომ კლასიკურ ფილოლოგიას გავყოლოდი მაგისტრატურაშიც და დოქტორანტურაშიც 🙂 , საკუთარი მომავალი არაჩვეულებრივარ განვსაზღვრე რა!🙂

მესამე კურსიდან კი ყველაფერი აირია🙂 მაშინ დავიწყე ანტიკური ფილოსოფიის და ფილოსოფიის საფუძვლების სწავლა, რამაც ისეთი გარდატეხა მოახდინა ჩემში, რომ არც კი ვიცი ღირს თუ არა ამაზე ლაპარაკი, ეს ხომ ძალიან ღრმა, შინაგანი პროცესია, რომელიც მხოლოდ მე მეხება და სხვას არავის… მაგრამ, ჯანდაბას, რადგან ვწერ შემაჯამებელ პოსტს, ამაზეც აუცილებლად უნდა დავწერო. ფილოსოფიამ უკუღმა ამოატრიალა ის სამყარო, რომელშიც ვცხოვრობდი, ყველაფერს შევხედე აბსოლუტურად განსხვავებული კუთხით, მეგონა, რომ ჩემი და ფილოსოფიის გარდა აღარაფერი არსებობდა, აქტიურად დავიწყე ფილოსოფიური ლიტერატურის კითხვა, ვწერდი თემებს არსზე, შემეცნებაზე, და ა.შ. მთლიანად გადავეშვი წიგნების სამყაროში. სიმართლე რომ გითხრათ იმდენად სერიოზული იყო ჩემი ფილოსოფიით გატაცება, რომ მე ბუნდოვნად მახსოვს თუ რა ხდებოდა ფილოსოფიის კათედრის და საჯარო ბიბლიოთეკის მიღმა ჩემს ცხოვრებაში… ყველაფერი ბუნდოვან საფარველშია გახვეული და მხოლოდ ჩემი წიგნები, თემები, ლელა ალექსიძე და ფილოსოფიის კათედრა ძალიან ნათლად… მაშინ ყველაფრის მჯეროდა, რასაც ვკითხულობდი, მჯეროდა, რომ არსებობდა იდეათა სამყარო, რომ ყველაფერი მოჩვენებითი იყო, გიჟივით დავდიოდი თბილისში და დარწმუნებული ვიყავი, რომ რასაც ვხედავდი, ვისმენდი და ვგრძნობდი, ყველაფერი წარმოუდგენლად დიდი სისულელე იყო და არ არსებობდა სხვა ჭეშმარიტება გარდა ფილოსოფიისა.  ფაქტობრივარ, აღარავისთან მქონდა ურთიერთობა, გარდა იმ ადამიანებისა, რომლებიც ჩემსავით მოხიბლულნი იყვნენ ფილოსოფიით. ჩვენ ფილოსოფიურად აღვიქვამდით სამყაროს, ვაზროვნებდით ფილოსოფიურად (ეს საკმაოდ ხმამაღალი განაცხადია🙂 ) და მხოლოდ თეორიის დაზეპირებით ნამდვილად არ შემოვიფარგლებოდით. მაშინ კინაღამ რამდენიმე მეგობარი დავკარგე, მათ არ ესმოდათ ჩემი უეცარი ცვლილების, მიაჩნდათ, რომ წარმოუდგენლად დიდ სისულელეს ვაკეთებდი ფილოსოფიას რომ მივყვებოდი, რადგამ მათ ყველა ფილოსოფოსი არანორმალური ეგონათ მე კი არ მესმოდა მათი, ვუმტკიცებდი, რომ უზომოდ ბედნიერი ვიყავი, რომ როგორც იქნა ვიპოვე ჩემი ცხოვრების უმთავრესი გზა და აღარსად ვაპირებდი გადახვევას. მე მაოცებდა მათი დამოკიდებულება ჩემდამი, ვერაფრით ვაცნობიერებდი რას ვაშავებდი ურთიერთობაში და რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ მართალი გახლდით, დიდად არც შემტკოდა გული ამ ადამიანებზე, ვთვლიდი, რომ მე ყველაფერი გავაკეთე ურთიერთობის შესანარჩუნებლად…

ამ, სხვა სამყაროში გადავარდნის ეპოქიდან გამოსვლა, ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი იყო ჩემი ცხოვრების, ძალიან გამიჭირდა გარემოსთან ადაპტაცია, ძველი ურთიერთობების აღდგენა და გაანალიზება იმ ყველაფრის, რასაც ამ ხნის განმავლობაში ვაკეთებდი. ამაზე ლაპარაკი აღარ მინდა, ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ ეს ყველაფერი უცნაურად და ღიმილით მახსენდება, არაფერს ვნანობ, ეს იყო ყველაზე ნათელი (მიუხედავად თავისი ბუნდოვანებისა) პერიოდი ჩემს ცხოვრებაში, რომელმაც იმდენი რამ მასწავლა, რაც ერთად აღებული დანარჩენი წლები არ მისწავლია.

მეოთხე კურსზე, ოო, მეოთხე კურსზე ღრუბლებიდან დავეშვი და მივხვდი, რომ ადამიანმა ცოტა პრაგმატულადაც უნდა იაზროვნოს თურმე და მომავალზეც იფიქროს და რომ ყველაფერი ციდან არ ცვივა… მეოთხე კურსზე მქონდა ბევრი პრობლემა სამსახურის ძიებასთან დაკავშირებით, მაგრამ ვერსად დავიწყე მუშაობა მრავალ მიზეზთა გამო, ახლა არ ღირს ამაზე ლაპარაკი…

მეოთხე კურსზე ხელახლა აღმოვაჩინე რამდენიმე ადამიანი, რომლებთანაც აქამდე ახლო ურთიერთობა არ მქონდა და წელს კი სულ სხვა კუთხით გავიცანი ისინი. დავუმეგობრდი  ადამიანებს, რომლებთან ერთად ყოფნა ძალიან მიხარია და იმედი მაქვს ეს მეგობრობა დიდხანს გაგრძელდება. რაც მასწავლა თსუ-მ იმის შედეგია ჩემი დღევანდელი ქმედებები, ამის ასახვაა ჩემი ცხოვრება,  ჩემი ყოველდღიურობა.

მიმაჩნია, რომ თსუ-მ მომცა ყველაფერი რისი მოცემაც შეეძლო და თუ რამე არ ვიცი ახლა, რაც აუცილებლად უნდა ვიცოდე, ეს უნივერსიტეტის კი არა, მხოლოდ ჩემი ბრალია. აქ გავიზარდე და ვიქეცი იმად რაც ვარ. იმდენი რამ ვისწავლე ამ ოთხ წელიწადში, რომ ჩამოთვლა რთულია. ვერც კი წარმოიდგენთ როგორ განვსხვავდები იმ ნათიასგან პირველ კურსზე რომ ვიყავი🙂 შეიცვალნენ ჩემი მეგობრებიც, რა თქმა უნდა, ძალიან, ძალიან სხვანაირები ვიყავით და კიდევ რამდენი რამ უნდა ვისწავლოოთ! ალბათ, იმავეს ვიტყვი ოთხი წლის შემდეგ 25 წლის ასაკში, რომ დღევანდელი ნათია თურმე ძალიან პატარა იყო და ბევრ რამეს ვერ აცნობიერებდა, კი, ასე ვიტყვი ნამდვილად, ეს ჩვეულებრივი ამბავია, რაც მეტად გავიზრდები, მიტ მეტად პატარა და უსუსური მომეჩვენება ჩემი თავი შორეულ ბავშვობაში🙂

7 Comments leave one →
  1. June 18, 2011 18:36

    შარში ხარ და რა გიხარია :):)):)

  2. June 18, 2011 19:04

    არადა, დღეს თსუ-ს კრიტიკა (რბილად რომ ვთქვათ) მოდურია…🙂

    მშვენიერი პოსტი იყო, ნათია🙂

  3. ნათია permalink*
    June 18, 2011 19:17

    paxada: რა შარში?

    მოლი, დიდი მადლობა, ეს ძალიან მოკლედ ჩამოვაყალიბე, რა თქმა უნდა, გაცილებით მეტი რამ ვისწავლე და გავიგე, უბრალოდ, ერთ პოსტში ჩატევა შეუძლებელია🙂

  4. June 18, 2011 20:23

    და მოგცა ნინო ონინი :):) ეს დამაკლდა:);)
    რამდენიმე დღის წინ ვსაუბრობდით მე და ჩემი მეგობარი რა მოგვცა თსუ-მ და ბოლოს მივედით დასკვნამდე რომ ერთმანეთი:);):)

  5. ნათია permalink*
    June 18, 2011 20:26

    ნინო ონინი და კიდევ ბევრი სხვა🙂 კი, ზურა, მართალი ხარ, ერთმანეთი მოგვცა🙂

  6. June 18, 2011 22:38

    ცოდნასთან ერთად ის ადამიანია მეტად ფასეული, ვისაც უნივერსიტეტი გჩუქნის. მართალია ბლოგიდან გაგიცანი, მაგრამ მაინც მიხარია, რომ თსუ-ელი ხარ. ვიზირებ შენს ფილოსოფიურ გატაცებებს და იმედი მაქვს მეც გამიტაცებს ოდესმე, ოღონდ მაგას ჩემი ახლანდელი მიზნები თუ არ ემსხვერპლება🙂 მომეწონა შენი პოსტი, უშუალო და თბილი იყო❤

  7. ნათია permalink*
    June 18, 2011 23:05

    დიდი მადლობა, ოთიკო, მეც მიხარია 🙂 შენ ისე შეგიძლია ეზიარო ფილოსოფიას, რომ მსხვერპლად არაფერი შესწირო, მე, უბრალოდ, ზედმეტი მომივიდა🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: