Skip to content

ქართველი ემიგრანტები საბერძნეთში

July 22, 2011

ათენში ყოფნა რა დადებით ემოციებთანაც იყო დაკავშირებული, მიწერია ერთ-ერთ პოსტში.  ხოლო იმ უარყოფითზე, რომელიც იქ ყოფნის შემდეგ გამიჩნდა, არაფერი დამიწერია. არავისთვის არის უცნობი, რომ საბერძნეთში ძალიან ბევრი ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს. ათენში ვერსად ნახავთ ადგილს, ერთი ქართველი მაინც რომ არ იყოს. სამწუხარი ის ფაქტია, რომ იმ ქართველების უმრავლესობა, რომლებიც ათენში ცხოვრობენ, რბილად რომ ვთქვა, ცუდად იქცევიან და ბერძნების თვალში მათი რეპუტაციაც შესაბამისია. თავად მინახავს და გამიგია რა საშინელებებს აკეთებენ იქ ქართველები, ამიტომაც არ მიკვირს ბერძნების მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება ქართველი ემიგრანტების მიმართ.

დედა და მისი მეგობრები. მძლივს ვნახე ფოტო, სადაც იღიმებიან, თითქმის ყველგან მოწყენილები არიან.

როგორც აღვნიშნე, ათენში მრავალგან არიან ქართველები, მათი სიმრავლით განსაკუთრებით ცნობილი უბანი ომონიაა, სადაც ქართველების გარდა სხვა ემიგრანტებიც იყრიან თავს, თუმცა იქ იმდენი ქართველია, რომ თამამად შემიძლია იმ უბანს ქართველების უბანი ვუწოდო. გამომდინარე იქიდან, რომ იქ მყოფთა უმრავლესობა არალეგალია, ხშირია პატრულის რეიდები, იჭერენ მათ ვისაც არ აქვს საბუთები, შემდეგ კი ჯარიმის გადახდის შემთხვევაში უკან უშვებენ, ან სამშობლოში აბრუნებენ. ომონია ათენის ყველაზე საშინელი უბანია. თუ ოდესმე იქ ღამე მოხვდებით, გირჩევთ ფრთხილად იყოთ, თორემ აგეკიდებიან ნარკომანები ან ქურდები, რომლებიც ურცხვად გამოგტაცებენ ჩანთას. ასეთი ქურდები მოტოციკლებით მოძრაობენ და ისე უცბად გაქრებიან მერე, რომ უკან მოხედვასაც ვერ მოასწრებთ. შარშან, უკან რომ ვბრუნდებოდით საქართველოში, ღამე გადიოდა ომონიიდან ჩვენი ავტობუსი და გამცილებელმა გავაფრთხილა ჩანთები არ მოგვეცილებინა და ფრთხილად ვყოფილიყავით.

მძიმე იყო ემოციურად ემიგრანტ ქალებთან შეხვედრა. პირველად რომ იმ უბნაში მცხოვრები ქართველი ქალები გავიცანი, სადაც ჩვენი 1 თვის განმავლობაში ვიმყოფებოდით, ვერაფრით ვხვდებოდი რატომ ტიროდნენ ისინი ჩვენი დანახვისას და რატომ გვიკრავდნენ ასე თბილად გულში. ვფიქრობდი, როგორ შეიძლებოდა ასე ძალიან ვყვარებოდით სრულიად უცნობ ადამიანებს. ბოლოს მივხვდი, რომ მათი ასეთი ემოციები დაკავშირებული იყო იმასთან, რომ ჩვენი დანახვისას მათი თავიანთი შვილები ახსენდებოდათ და იმედი უჩნდებოდათ, რომ მალე საკუთარ ბავშვებსაც ნახავდნენ, რომ მალე მათი  შვილები ჩამოვიდოდნენ მათთან საბერძნეთში, როგორ ჩვენ ჩავედით დედასთან.

ქართველ ემიგრანტ ქალებთან ურთიერთობისას მაქსიმალურად ვცდილობდი მშვიდად ვყოფილიყავი და არ მეტირა. ვერ წარმოიდგენთ რას ნიშნავს, როდესაც მატერიალური გაჭირვების გამო იძულებული ხარ მიატოვო ქმარი, შვილები და სამუშაოდ წახვიდე სხვა ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ყველამ ვიცით, რომ ეს საშინელი ტრაგედიაა, მაგრამ უმეტესობას, ალბათ, არ გინახავთ იქ მყოფი ემიგრანტების თვალები, რომლებიც ყოველთვის ცრემლით ივსებოდა ჩვენი დანახვისას. წამოსვლისას ისინიც ისევე დარდობდნენ, როგორც დედა.

მე და დედა

საბერძნეთში, შვილებისგან შორს ყოფნა, მხოლოდ მანძილით მათგან დაშორებას არ ნიშნავს, ეს ემოციური წყვეტაც არის. ის ძაფი, რაც დედას და შვილს ერთმანეთთან აკავშირებს, ნელნელა სუსტდება, ბოლოს კი წყდება, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, უმეტესწილად ასე ხდება, განსაკუთრებით მაშინ, თუ დედა მცირეწლოვან ბავშვებს ტოვებს. თავიდან ისინი ძალიან განიცდიან მშობლისგან შორს ყოფნას, მაგრამ მერე ეჩვევიან და ვერც კი აცნობიერებენ ისე ქრება სიყვარული დედა-შვილს შორის.

წარმოდგენაც არ მინდა როგორ ძლებენ ემიგრანტი ქალები უცხო ქვეყანაში, მე მგონია, რომ ვერ გავძლებდი მათ ადგილზე რომ ვყოფილიყავი, თუმცა, ფაქტია, რომ უამრავი ქართველი დედაა იქ და თუ რამე აძლებინებთ მათ იქ, ეს შვილების სიყვარულია, რომელთა უმეტესობა მალევე ივიწყებს მათ და მხოლოდ ფულის გამო უხარიათ მათი არსებობა. ფულის გამო უხარიათ ქმრებს ცოლების წასვლა საზღვარგარეთ და ფულის გამო უხარიათ ნათესავებსაც, მხოლოდ მცირე პროცენტი რჩება იმ ადამიამნების, რომლებსაც გული შესტკივათ საბერძნეთში მყოფ მშობლებზე. ფაქტის უტრირებას არ ვახდენ, ეს ყველაფერი მართლაც ასეა და მსგავსი მაგალითი უამრავი ვიცი.

27-ში ისევ მივდივარ ათენში, მიხარია და თან არც მიხარია, ისევ ბევრი დადებითი ემოცია იქნება და ასევე ბევრი დამთრგუნველი ფაქტის მომსწრეც გავხდები.  მინდოდა უკეთესი პოსტი დამეწერა, მაგრამ ემოციურად საკმაოდ რთულია ჩემთვის ამ ყველაფერზე წერა.

გაგრძელება იქნება…

9 Comments leave one →
  1. July 22, 2011 20:17

    ცუდი ის არის, რომ აქ, რატომღაც, ბევრს ჰგონია, თითქოს უცხოეთში ჩვენი ემიგრანტები დალხინებულად ცხოვრობდნენ და ფულს პირდაპირ ხეებზე კრეფდნენ…

    არადა, მანდ ხალხი მძიმედ შრომობს😦 და ნამდვილად არავის უხარია ოჯახის მიტოვება და სადღაც გადასაკარგავში გადახვეწა😦

    უთბილესი დედა გყოლია, ნათია… ორივე ფოტო უთბილესია, მაგრამ სადაც შენ და დედა ხართ – განსაკუთრებით.

    საშინლად დამანღვლიანა ამ პოსტმა. ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია – იმედი ვიქონიოთ, რომ ოდესმე ყველაფერი კარგად იქნება!

    • Tsiklauri permalink
      October 19, 2013 18:07

      სრულიად გეთანხმები, ჩემი მშობლებიც საბერძნეთში არიან და მეც იგივეს განვიცდი რასაც სტატიის ავტორი ♥ :((

  2. ნათია permalink*
    July 22, 2011 20:42

    მართალია, მოლი, საკმაოდ ბევს ჰგონია, რომ რადგან დედაჩემი საბერძეთშია ჩვენ მდიდრები ვართ და ბევრი ფული გვაქვს, არადა სულაც არაა ასე. დიდი მადლობა მოლი, დედაჩემი საოცარი ქალია, იმედია ოდესმე შევძლებ დავაფასო ის ყველაფერი რასაც მიკეთებს…

  3. July 23, 2011 08:01

    სრულებით დავეთანხმები მოლის. სწორედ ამის თქმა მინდოდა, იქაური ხარჯების გათვალისწინებით სახლში ვერაფერს გამაგზავნი თუ ვირივით არ იმუშავე. ჩვეულობრივი ადამიანური სამსახურით უბრალოდ არ გეყოფა. აქაური ზოგადი ხედვა კი ისეთია თითქოს ,,საზღვარგარეთ ფული იშოვება ადვილად”

  4. July 23, 2011 12:36

    სამწუხაროა ნამდვილად, რომ ბევრისთვის საზღვარგარეთ წასვლა ერთბაშად გამდიდრებასთან ასოცირდება. არადა, პირიქითაა… ისინი გაცილებით მეტ ანაზღაურებას იმსახურებენ იმ მძიმე ფიზიკური შრომის ფასად, რასთან შეჭიდებაც ყოველდღე უწევთ:/ აქ კი მხოლოდ საარსებო თანხებზეა ლაპარაკი😦

  5. ნათია permalink*
    July 23, 2011 13:37

    ჰო, შიო, რამდენი ხანია ვცდილობ დავამტკიცო რომ იქ წასვლა ციდან ფულის ცვენას არ ნიშნავს, მაგრამ უმეტესობა ისევ ასე ფიქრობს, სამწუხაროდ და თან ამის პარალელურად სულ არ ადარდებთ თუ რას განიცდიან იქ მყოფი ქართველები.
    tamara: ჰო, მე ის წასული იშვიათი თუ მინახავს გამდიდრებული…

  6. Anonymous permalink
    July 31, 2011 11:30

    მართლა ძალიან მძიმე ყოფა აქვთ აქ წამოსულ ქალბატონებს. რასაც ისინი აკეთებენ, მე ამაზე დიდი ალტრუიზმი არსად მეგულება – ისინი უარს ამბობენ საკუთარ ცხოვრებაზე, საკუთარ სიამოვნებაზე, საკუთარ ფულზე (!), საკუთარ თავზე და მთლიანად სხვებისთვის – შვილებისთვის, ქმრებისთვის, დედებისთვის და ა.შ. ცხოვრობენ, ამასაც თუ ცხოვრება ჰქვია… სხვის ოჯახში, სხვების სურვილების შემყურე ყოველდღე და ყოველ წუთას, თავისუფლებაჩამორთმეული – ამაზე მძიმე ტყვეობა რა უნდა იყოს :(((

  7. July 31, 2011 11:31

    მართლა ძალიან მძიმე ყოფა აქვთ აქ წამოსულ ქალბატონებს. რასაც ისინი აკეთებენ, მე ამაზე დიდი ალტრუიზმი არსად მეგულება – ისინი უარს ამბობენ საკუთარ ცხოვრებაზე, საკუთარ სიამოვნებაზე, საკუთარ ფულზე (!), საკუთარ თავზე და მთლიანად სხვებისთვის – შვილებისთვის, ქმრებისთვის, დედებისთვის და ა.შ. ცხოვრობენ, ამასაც თუ ცხოვრება ჰქვია… სხვის ოჯახში, სხვების სურვილების შემყურე ყოველდღე და ყოველ წუთას, თავისუფლებაჩამორთმეული – ამაზე მძიმე ტყვეობა რა უნდა იყოს ((

  8. დაჩი permalink
    August 28, 2011 15:18

    ნათია, კარგი წერილია, მომწონს შენი სწორი ხედვა და გულით დაწერილი…
    შენი გულისტკივილიც მესმის…
    იმედი მაქვს ასე გააგრძელებ.

    დაჩი, ლტოლვილი ქართველი კანადიდან.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: