Skip to content

დეპრესია № 9177, კალიები და საკუთარი თავის გამხნევების მცდელობა

July 24, 2011

გადადავლე რა თვალი ჩემი ცხოვრების 21 წელს, აღმოვაჩინე, რომ  უმეტესი ნაწილი დეპრესიაში გამიტარებია. ჰმ, საინტერესო ცხოვრება მქონდა. ახლაც არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა, რომ როდესაც თავს კარგად ვგრძნობ,  შემიძლია თავი დავირწმუნო იმაში, რომ ცხოვრებაში აუცილებელია წონასწორობის დაცვა, ცუდად  თუ არ ვიგრძენით თავი, კარგად ვერასდროს ვიქნებით, თუ არ დაღამდა ვერასდროს გათენდება, თუ არ იწვიმა, მზე არ იქნება, თუ ბოროტება არ იქნება, ვერც სიკეთე იარსებებს და პირიქით. ვფიქრობ ამ ყველაფრეზე და მეღიმება, მაგრამ, როგორც კი შემომიძვრება ტვინის უჯრედებში ეს წყეული დეპრესია, მაშინვე მავიწყდება, რომ მალე უკეთესად ვიქნები, მალე გადაივლის თვითგვემის პერიოდი და მალე დავუბრუნდები ნორმალურ მდგომარეობას.

დეპრესიაში, ძირითადად, ის გარემო მაგდებს, რომელშიც ვცხოვრობ. ჰო, ყველა ასეა, ყველას ხომ გარემოს გამო ემართება დეპრესია, აბა, სხვა რა მიზეზი უნდა იყოს? თუმცა არა, გარემო აუცილებელი არ არის სასოწარკეთილებისთვის, შეძგვიძლია ძალით ჩავიგდოთ თავი დეპრესიში, ძალით გამოვჩხრიკოთ ათასი მიზეზი იმისათვის, რომ თავი ცუდად ვიგრძნოთ. ეს ის არის, როგორ ამბობენ? ჰო _ თურმე ადამიანებს გვჭირდება ხანდახან დეპრესია, ის ნარკოტიკივით არის, მას ვეჩვევით და ბოლოს ვეღარ ვძლებთ მის გარეშე. ვიღებთ დეპრესიის დღიურ დოზას და ვართ აგონიაში. ბედნიერი ვარ იმით, რომ უბედური ვარ… ტფუი, ეს რა ჯანდაბაა, პარადოქსია ეს ყოველივე, მაგრამ ასეა.

მე მჭირდება დეპრესია, ცნობიერად ამის აღქმა რთულია, მაგრამ ქვეცნობიერის დონეზე ასე ხდება. ან ეს ცნობიერი და ქვეცნობიერი რა ჯანდაბაა? არსებობს კი ქვეცნობიერი, იქნებ ეს თავის მოტყუებაა და ქვეცნობიერს ვაბრალებთ ხოლმე იმ უცნაურ ქმედებებს, რასაც ვაკეთებთ ხოლმე? არაა, ის მართლა არსებობს და მე ის მიყვარს😀 რაც გინდა ის დაარქვით, ფსიქოლოგებო _  ქვეცნობიერი, ცნობიერის მეორე მხარე, მეორე მე, შინაგანი ხმა, როგორც გინდათ, მთავრია, რომ ის არსებობს,  უცნაური ფიქრების და ქმედებების გამომწვევია და, ძირითადად, ის გვმართავს.

არსებობს გარკვეული მოვლენები, რომლებიც მმართავენ. ნებისმიერი მცდელობა შევეწინააღმდეგო საზოგადოებრივ აზრს, ფესვგამდგარ სტერეოტიპებს, სისულელეა, ასე მეორე უკიდეურესობაში ვვარდები. მოკლედ, ან ერთ უკიდურესობაში ვარ სულ ან მეორეში. მეშინია, არ ვიცი ვინ ვარ და სად ვარ, რომელი ვარ. სულ ვფიქრობ იმაზე თუ როგორ უნდა ვიდგე მყარად რომელიმე პოზოციაზე? გარკვეული აზრის ქონა აუცილებლად უნდა ემყარებოდეს შესაბამის ცოდნას; არ არსებობს საკითხი, რომელზეც საფუძვლის გარეშე შეიძლებოდეს საუბარი. ამიტომ დაბნეული ვარ; ყველას გვაქვს საკუთარი აზრი ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, მე კი მტკიცე პოზიციის შენარჩუნება მიჭირს. არ არსებობს მოსაზრება, რომელშიც დარწმუნებული ვარ ბოლომდე, არაფრის მჯერა და მწამს, ნებისმიერი მცდელობა კამათისას დავიცვა გარკვეული მხარე,  თავის მოტყუებაა ჩემი მხრიდან და სხვა არაფერი, სინადვილეში, შავზეც კი არ შემიძლია დარწმუნებით იმის თქმა, რომ ის ნამდვილად შავია და არა იასამნისფერი.  დადებითი ასეთ მდგომარეობაში ყოფნას მხოლოდ ის აქვს, რომ იმედი არასდროს გაგიცრუვდება იმის გამო, რომ თუკი ის, რისიც გჯეროდა და გწამდა, სრული სისულელე აღმოჩნდება.

და კალიები, ახლა ეს საშინელი კალიები არიან აქ, მეზობელ ოთახში, მე მათი ხმა მესმის, დაძრწიან იატაკზე იმ საშინელი ფეხებით, ამოძრავებენ საზარელ ულვაშებს და დედამიწის ზურგზე ყველაზე ამაზრზენი თვალებით მეძებენ. დიახ, მე მეძებენ, ჩემი სიკვდილი უნდათ, უნდათ, რომ ზედ შემომახტნენ, იციან, რომ თუ შემეხებიან გავგიჟდები, ისტერიკაში ჩავვარდები და შეიძლება აივნიდან გადავხტე. ყველა შიშს ხომ საფუძვლად სიკვდილის შიში უდევს, სიკვდილის შიში უდევს საფუძვლად ჩემს შიშსაც კალიებისა და ყველანაირი სახის   ათასფეხა არსების მიმართაც, მართალია ამას ვერ ვაცნობიერებ და სიკვდილზე სულაც არ ვფიქრობ, როდესაც კალიებს ვხედავ, მაგრამ, აბა, სხვა რის შიში უნდა ედოს საფუძვლად მწერებისადმი ჩემს ასეთ დამოკიდებულებას? ალბათ ადამიანებს, გვეშინია იმის, რასაც არ ვართ შეჩვეულნი, რაც უცხოა ჩვენს ყოველდღიურობაში, ვერ ვიტანთ კონტექსტიდან ამოგლეჯილ საგნებს, არსებებს. მაგალითად, კალია, რომელსაც ვხედავ მინდორში, ნაკლებად შიშისმომგვრელია ჩემთვის, მაგრამ ჩემს საწოლზე მონებივრე ამ ულვაშებიანი არსების დანახვისას მკვეთრად უარყოფითი განწყობა მეუფლება მის მიმართ და მიპყრობს პანიკური შიში, მგონია, რომ ახლა შემომახტება და რამე საშინელებას მიზამს. წერა რომ გავაგრძელო ჩემს შიშზე კალიების მიმართ ძალიან დიდხანს ვერ მოვრჩები, ოდესმე ერთ პოსტს მივუძღვნ ამას, ახლა კი სტოპ!

და, საერთოდ, რეებს ვბოდავ?! არ ვიცი რას ვწერ, ვიცი ის, რომ მალე ათენში მივდივარ და ყველაფერი კარგად იქნება… როდესაც მოვისმენ ათას სისულელეს იმასთან დაკავშირებით, რომ ვარ მსუქანი და ულამაზო გოგო და რომ საერთოდ არ ვგავარ დედაჩემს, რომელიც ჩემს ასაკში თურმე ულამაზესი იყო, მე გავატარებ ამ ყველაფერს და არავის მოვისმენ, დაე ილაპაარკონ რაც უნდათ, მთავარი შენ გული არ დაგწყდეს, ნათია, და სარკეში ჩახედვისას უარყოფითად არ განიმსჭვალო იქიდან მომზირალი სახის მიმართ…  მერე რა, რომ მთელი ცხოვრება ის გესმის თუ რაოდენ არ გავხარ შენს ლამაზ მშობლებს და რომ შენი და შენზე გაცილებით უკეთესია, რომ შენ გაქვს დიდი ცხვირი, ხარ მსუქანი და ა.შ. ჯანდაბას ყველა, ჩვენ ამას დავძლევთ!

ტრალალააააა! მე მაინც ბედნიერი ვარ, ვოტ!

13 Comments leave one →
  1. July 25, 2011 07:21

    რაც შეიძლება მეტი პოზიტივი, ნათია🙂

    დეპრესიას არ დანებდე!

  2. ნათია permalink*
    July 25, 2011 07:40

    არ დავნებდები! ის მე ვერ დამჯაბნის! აი, ასე!🙂 მადლობა, მოლი🙂

  3. July 25, 2011 08:48

    ძალიან კარგი გოგო ხარ – ლამაზი და სიცოცხლით სავსე. ვინც მსგავს სისულელეს გეუბნება, დაიკიდე. როგორც წესი, უფრო ბოღმაა მაგ სიტყვების მატარებელი…

  4. ნათია permalink*
    July 25, 2011 09:12

    მადლობა დიდი, მარი❤

  5. July 25, 2011 14:47

    ვეთანხმები მარის🙂 სილამაზე ფარდობითი ცნებაა, მაგრამ ის ნამდვილად უდავოა, რომ თვალებს თუ ნაპერწკალი არ ანათებს, მაშინ ყველაფერი უსიცოცხლო და ულამაზოა. ჰოდა, გაუფრთხილდი მაგ შენს ნაპერწკლებს🙂🙂

  6. ნათია permalink*
    July 25, 2011 19:39

    tamara, მართალია, ასე ვფიქრობ მეც🙂 ვეცდები სიცოცხლით სავსე ვიყო ხოლმე🙂

  7. July 25, 2011 20:02

    უიმე დედა, დაიკიდე მოგეშვება🙂

    ზოგჯერ ჩემთვისაც უთქვამთ, რაოდენ მახინჯი ვარ😀
    ისე შენნაირი დადებითი მუხტის მატარებელი ადამიანი იშვიათად შემხვედრია )))

    რაც შეეხება დეპრესიონერობანას, მაგაში მე თუ მკითხავ, არაფერია ცუდი, მარა ზედმეტი გადავარდნაც არ ვარგა. პრინციპში, ეგ არცაა ჩვენზე დამოკიდებული, სულ მოწყენილი და უჟმური ტიპი ვიყავი… მერე რაც ეკლესიური ცხოვრება დავიწყე, ხშირად ვვარდებოდი დეპრესიაში.

    აი მეათე კლასში კიდევ ბუდენბროკები რომ წავიკითხე, 2 თვე ვიყავი დეპრესიაში და მის მერე ხშირად მქონდა ტოტალური დეპრესიები, თუ ბოლო პერიოდს არ ჩავთვლით. ახლა ხშირად ვარ მოწყნილი, მაგრამ ამას დეპრესიას ვერ დავარქმევ🙂

    უუუჰ, რამდენი ვილაპარაკე , მოკლედ, ყოველთვის გახსოვდეს : ”ესეც გაივლის” და შენ კარგად გახდები🙂

  8. ნათია permalink*
    July 25, 2011 20:13

    დიდი მადლობა, ოთიკო მიხარია თუ დადებითი მუხტი მოდის ჩემგან🙂
    მართალია, ცუდი ამაში არაფერია, მთავარია ზედმეტი არ მოგვივიდეს, როგორც სხვა ნებისმიერ საკითხში, აქაც არ ღირს გადაჭარბება. გაივლის, გაივლის, აი, დღეს უკვე კარგად ვარ, კარგი დღე მქონდა❤🙂

  9. July 25, 2011 20:20

    აუ მეც კარგი დღე მქონდა დღეს, კი არადა ფანტასტიკური🙂

    ორი პროექტის შესარჩევი ტურები გადავლახე, მესამეში საერთოდ მიმიღეს. ამ სეზონზე ფრანგულს მოვრჩი… მოკლედ რა❤

  10. ნათია permalink*
    July 25, 2011 20:24

    გილოცავ, მიხარია შენი წარმატება და ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ❤

  11. July 25, 2011 20:29

    გმადლობ❤ მე კიდევ მიხარია შენ რომ ატენს მოინახულებ🙂 აი შენ მაგივრად მიხარია :))

  12. July 25, 2011 20:38

    „ დადებითი ასეთ მდგომარეობაში ყოფნას მხოლოდ ის აქვს, რომ …“ დიდი შანსია ოდესღაც გაერკვეთ „მაგ მდგომარეობის“ ნამდვილ არსში …
    კარგი ჩანაწერია …

  13. ნათია permalink*
    July 25, 2011 20:42

    otius, მადლობა დიდი🙂 ვეცდები ნაწილობრივ წაგიღო🙂
    gaum interesi: იმედი მაქვს🙂 დიდი მადლობა🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: