Skip to content

ბავშვის აღზრდის საინტერესო მეთოდები და გაუნათლებლობის პრობლემა

September 13, 2011

პატარა ბავშვებთან, ასე თუ ისე, ყველას  გვაქვს შეხება; თქვენი არ ვიცი, მაგრამ პირადად მე ისეთ ,,მარგალიტებს” ვაწყდები ხოლმე იმის შემყურე, თუ როგორ ზრდიან მშობლები შვილებს, რომ ვიბნევი და არ ვიცი რა გავაკეთო. ეს ეხება ბავშვთან ურთიერთობის თითქმის ყველა სფეროს, პირველ სიტყვას, პირველ შთაბეჭდილებებს, რომელსაც ის იღებს ახალ სამყაროსთან შეგუების პროცესში, გარემოს, რომელშიც იზრდება და ა.შ.

პირველი, რამაც მიიქცია ჩემი ყურადღება, არის პატარა ბავშვებისთვის გინების სწავლება, თანაც ისეთ ასაკში, როდესაც მას ჯერ ლაპარაკიც კი არ დაუწყია და პირველი სიტყვები, რასაც დედა და მამა ისმენენ შვილისგან, ეს არის გინება! დიდი ხანია ვცდილობ გავარკვიო რატომ უყურებენ საკუთარ შვილს სიამაყისგან გაბადრული მშობლები, როდესაც ის მათ აგინებს. პასუხები ჩემთვის გაუგებარია და მშობლების პოზიცია, ამ საკითხთან დაკავშირებით, არგუმენტებს მოკლებული. მამების პასუხი, ძირითადად, ასეთია:

1.კაცია და გინება არ უნდა იცოდეს?!

ამის შემდეგ ვცდილობ გავარკვიო ხოლმე რა აუცილებელია 2 წლის ბავშვს ასწავლონ გინება,  პასუხად კი ვისმენ:

2.რა, მე რო არ ვასწავლო ისე ვერ ისწავლის? ჯობია ისევ მამამ ასწავლოს ვიდრე ვიღაც სხვამ!

აი აქ კი ვერ მისაბუთებენ თუ რა მნიშვნელობა აქვს ვინ ასწავლის ბავშვს გინებას, მშობელი, ქვისლი თუ მეზობელი.

გაუგებარია დედის პოზიციაც, როდესაც მისი ქმარი ბავშვს აქეზებს შემდეგი სიტყვებით: მიდი, მამა გენაცვალოს, დედას შეაგინე, აბა, მიდი, მიდი! და დედაც გაბადრული სახით ისმენს თუ როგორ აგინებს მას 2 წლის შვილი! ვერ ვხვდები რატომ არის საამაყო 2 წლის ბავშვი რომ დედას გაგინებს?!

გადის დრო, ეს ბავშვები იზრდებიან და საკუთარ მშობლებს აგინებენ, ისინი კი ჩივიან როდის არ ვასწავლეთ ჩვენი პატივისცემაო? აი, მაშინ არ ჩააგონეს პატივისცემა, როდესაც ორი წლის ასაკში გინებას ასწავლიდნენ და ამით ამაყობდნენ. ბავშვის ქვეცნობიერში დანერგეს, რომ მშობლების გინება კარგი ტონია და ეს ისე გააკეთეს, რომ ბავშვმა ეს ვერც გააცნობიერა.

მსგავსი შემთხვევები, ძირითადად, რაიონებსა და სოფლებში ფიქსირდება, სადაც ხალხი ვერ აცნობიერებს როგორი დანაშაულია მცირეწლოვან შვილს ასწავლო ბილწსიტყვაობა. რა კუთხიდანაც არ უნდა შევხედოთ, გაუნათლებლობის პრობლემამდე მივდივართ. ფეისბუქზე პოსტის სახით რომ ვიკითხე ასე რატომ ხდებამეთქი, ჩემმა ერთმა მეგობარმა თქვა მეტი არაფერი იციან და რა უნდა სწავლონო? მე შედარებით ოპტიმისტურად ვუდგები ამ საკითხს, მაგრამ თუ ჩავეძიებით, მივალთ იმ დასკვნამდე, რომ მსგავსი მშობლები მართლაც გაუნათლებლობის პრობლემის წინაშე დგანან. სიტყვა განათლებასაც პირობითად ვიყენებ, ყველა ინტელექტუალი ნამდვილად ვერ იქნება, მაგრამ პრობლემა იმაში მდგომარეობას, რომ ხალხი ელემენტარულ ცოდნასაც ვერ ფლობს, რაც, ვფიქრობ რომ, ყველასთვის აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუძლებელია არსებობდე, როგორც ჩამოყალიბებული ინდივიდი და მით უმეტეს შვილებს სათანადოდ ვერ აღზრდი.

პარალელურად გინებისა, ბავშვს მკვეთრად უვითარდება ტვინის მარცხენა ნახევარსფერო, რომელიც მითოლოგიურად აზროვნებს, ხოლო  კრიტიკულ-ანალიტიკურად მოაზროვნე ნაწილი უფუნქციოდ რჩება. ბავშვი იზრდება გარემოში, სადაც ცრუმორწმუნეობას ღრმად აქვს გამდგარი ფესვები. მაგალითად:

1.თურმე არ შეიძლება, რომ მოუნათლავ ბავშვს ძილის წინ აკოცო, ანგელოზები დაუფრთხებიან და ვეღარ დაიძინებს. საინტერესო ის არის, რომ როდესაც მსგავს საკითხებზე ლაპარაკობენ, არასდროს უფიქრდებიან რას ამბობენ და ხომ არ მოდიან საკუთარ თავთან წინააღმდეგობაში? თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ეს ადამიანები აღიარებენ ღმერთის არსებობას და პატივს სცემენ მონათლვის რიტუალს, სათანადოდ უნდა ერკვეოდნენ ღვთის მცნებებში და უნდა იცოდნენ, რომ მოსანათლ ბავშვს არ ჰყავს მფარველი ანგელოზი და, შესაბამისად, ვერანაირი ანგელოზები ვერ დაუფრთხებიან თუ მოუნათლავ პატარას ძილის წინ ვაკოცებთ;
2.ღამე თუ მოვა სახლში სტუმარი, აუცილებლად ასანთი უნდა აანთოს, კართან დააგდოს და მასზე გადმობიჯების შემდეგ შემოვიდეს ოთახში; ამის გაკეთება იმიტომ არის საჭირო, რომ უცხოს ავსული შემოჰყვება თუ მან ცეცხლი არ აანთო, ავსულებს კი ცეცხლის ეშინიათ;
3.არ შეიძლება ღამე ბავშვის ტანასაცმლის გარეთ დატოვება, აქაც იგივე არგუმენტია – ავსული შემოჰყვება თურმე;
4.არ შეიძლება, რომ პირველად ბავშვს დედამ დააჭრას ფრჩხილები, ჯობია თუ ამას ვინმე ,,ნასწავლი” გაკეთებს, ამით ბავშვს კარგი მომავალი დაებედება და ისიც ,,ნასწავლი” გამოვა;  თანაც, თუ ამ მოჭრილ ფრჩხილებს თბილისში წაიღებთ და რომელიმე უნივერსიტეტის წინ დაყრით, მთლად უკეთესი, წლების შემდეგ აუცილებლად აქ ჩააბარებს! საინტერესო ის არის, რომ ამ ,,ნასწავლობას” გაუაზრებლად იშველიებენ ხოლმე, მომავალში კი დიდად არ ზრუნავენ იმაზე, რომ მათმა შვილმა მართლა მიიღოს განათლება, მთავარია, რაც შეიძლება მალე დაქორწინდეს, უფრო სწორედ – ოჯახს მოეკიდოს, ხოლო თუ გოგოა, აუცილებლად 15-16 წლის ასაკში უნდა გათხოვდეს, ბევრი ბიჭი გააჩინოს და მთელი ცხოვრება ქმარს საჭმელს უმზადებდეს და სარეცხს ურეცხავდეს.

და ა.შ.

მესმის, რომ საქართველოში ჯერ კიდევ მტკიცედ აქვს ფესვი გამდგარი ცრუმორწმუნეობას და მათ აღმოფხვრაზე ლაპარაკი ნაადრევია. ისიც ვიცი, რომ მამა-პაპათა ტრადიციების გამგრძელებელი ერი ვართ და შვილებიც ისე უნდა გავზარდოთ, უფრო სწორედ – აღვზარდოთ, რომ ძველი ადათები არ დაივიწყონ, მაგრამ ზოგიერთი წესი, უკაცრავად, მაგრამ მარაზამად მიმაჩნია, თუნდაც ეს ფრჩხილების დაჭრის ამბავი. კიდევ რამდენიმე ,,მარგალიტს” მოვიყვან მაგალითად:

1.ჩემს სოფელში არ შეიძლებოდა სიტყვა გველის ხსენება, მის მაგივრად უნდა გვეთქვა უხსენებელი, რადგან თუ ვინმე გველს იტყოდა, ქვეწარმავალი აუცილებლად უკბენდა მას თუ მისი მხსენებელი წითელ ფერს ხელს არ დაადებდა. მახსოვს ჩემი პანიკური შიში ბალახში გავლის, როდესაც გველის ხსენებისას წითელი ვერაფერი ვნახე და ვტიროდი უხსენებელი მიკბენსმეთქი!

2.არ შეიძლებოდა ღამე კევის ღეჭვა, ამის არგუმენტად რა მოჰყავდათ ხოლმე აღარ მახსოვს, მაგრამ გული კი მტკიოდა საღეჭ რეზინს რომ მართმევდნენ ხოლმე.

3.თუ საღამოს გვიდი ოთახს, არ შეიძლებოდა ნაგვის გარეთ გახვეტა, თურმე ხვავი და ბარაქა მიჰქონდა თან იმ ნაგავს;

და ა.შ.

ამის პარალელურად იზრდება ჩვენი, ზემოთმიტოვებული, ბავშვი და ისმენს უამრავ ზღაპარს ავსულებზე, ქაჯებსა თუ ეშმაკებზე. ალბათ, შემეწინააღმდეგებით, მსგავსი ზღაპრები ყველას მოგვისმენია, მაგრამ ვიზრდებით და ვხვდებით რომ ისინი მხოლოდ ზრაპრებში არსებობენ, მაგრამ რაიონებსა და სოფლებში, განსაკუთრებით კი მაღალმთიან სოფლებში გაზრდილ ბავშვებს სჯერათ მათი არსებობის და წინაასააღდგომოდ ჭიაკოკონას დანთება მხოლოდ ტრადიციის სიმბოლურ გაგრძელებას კი არ წარმოადგენს, არამედ იმის ღრმა რწმენით არის გაჟღენთილი, რომ ცეცხლზე მხტომი ბავშვები მართლა ეშმაკებს აფრთხობენ, რომლებიც თუ არ გაყარეს, აუცილებლად დაეპატრონებიან სოფელს.

აჰა, დგება გარდატეხის ასაკიც და ჩნდება ლტოლვა საწინააღმდეგო სქესის მიმართ, არადა, ამ მოზარდებმა იციან, რომ ბავშვები წეროებს მოჰყავთ ან კომბოსტოში პოულობენ, ამიტომ ვერ აცნობიერებენ თუ რა ხდება მათ თავს. ამ დროს გამოჩნდება ვინმე, შედარებით ,,განათლებული” მოზარდი, რომელსაც ტელევიზორში მოუკრავს თვალი, ან კიდევ რაღაც ხერხებით გაუგია, რომ ბავშვები სულ სხვა გზით ევლინებიან ქვეყანას და ,,გაანათლებს” თავის ,,უცოდინარ” მეგობრებს. გოგონებს კი სჯერათ, რომ 13 წლის მერე თუ მათ ბიჭი თითსაც კი შეახებს, ისინი დაფეხმძიმდებიან, ამიტომ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან თამაში ისეთი უწყინარი ხასიათის აღარ არის, როგორც ბავშვობაში იყო. სქესთა შორის ურთიერთობაზე აღარ გავამახვილებ ყურადღებას, ეს ცალკე პოსტის საგანია.

16-17 წლის შემდეგ, ასე აღზრდილ ბავშვებს, სჯერათ ღმერთის, რომლისადმი რწმენაც აღრეულია უამრავ წარმართულ ადათ-წესში და მათ არც იციან, რომ კერპთაყვანისმცემლები უფრო არიან, ვიდრე ქრისტიანები.

გაუნათლებელი ხალხს არ ახასიათებს საკითხის ორივე მხრიდან შეხედვის უნარი. ისინი ყველაფერს ცალმხრივად აღიქვამენ და ყოველგვარი არგუმენტების გარეშე სჯერათ იმის, რისი დაჯერება და აღიარებაც, ვფიქრობ რომ, მხოლოდ ნორმალურად გააზრების შემდეგ უნდა იყოს შესაძლებელი. ამიტომაც მათი პოზიცია არასდროს არის მყარი; მთავარია ეჭვი შეტანო მათთვის შეუცვლელ ჭეშმარიტებად აღიარებულ დებულებაში, მაშინვე ბრაზდებიან და მოსმენის მაგივრად, ემოციებს აყოლილნი, გეჩხუბებიან. ამას, ვფიქრობ რომ, ქვეცნობიერი შიში ახლავს იმის, რომ შესაძლოა მათი ჭეშმარიტება მცდარი აღმოჩნდეს. თანაც საკუთარი ,,სიმართლის” ასე თავგამოდებით დამცველ ადამიანებს, არ შეუძლიათ არგუმენტების მოყვანა საკუთარი სიმართლის დასაცავად.

კიდევ ერთი პრობლემაა სტერეოტიპული აზროვნება. ამ ხალხს არ ესმის, რომ სტერეოტიპებთან მიმართებაშიც შესაძლებელია დავსვათ კითხვა რატომ? გამოვიყენოთ კავშირი მაგრამ, გამოვიკვლიოთ როგორ? და ამ კითხვებისა თუ კავშირების გამოყენება, შესაძლოა, სულაც არ ნიშნავდეს ეჭვის შეტანას გარკვეულ დებულებაში, არამედ, იმ ჭეშმარიტების უკეთ გაგებას ემსახურებოდეს, რისიც გვწამს.

გაუნათლებელი ხალხის მსჯელობას აკლია სიღრმისეულობა. ზოგი იკითხავს, რა საჭიროა ყველაფრის სიღრმისეულად გააზრებაო, მაგრამ მე არც ვგულისხმობ დედამიწის ზურგზე არსებულ ყველა სფეროში ბოლომდე ჩაძიებას, უბრალოდ, ვთვლი, რომ როდესაც რაღაცის გჯერა, როდესაც რამეს ამტკიცებ, აუცილებელია კარგად ერკვეოდე ამ საკითხში და თუ წინააღმდეგობას აწყდები, ლანძღვა-გინება კი არ უნდა დაიწყო, მშვიდად უნდა მოუსმინო მოკამათეს.

საკითხის ორივე მხრიდან აღქმის უნარი რომ არ გავაჩნია, ელემენტარული ცოდნის სიმწირეს რომ განვიცდით, იმიტომაც გვაქვს სახეზე დამახინჯებული ტრადიციები – უაზრო ღრეობები სუფრაზე, პათეტიკურად ნათქვამი გაზეპირებული სადღეგრძელოების თანხლებით; იმიტომ არსებობს ჯერ კიდევ საქართველოში ე.წ. შავი სამყარო და ქურდების თუ კაი ბიჭების ინსტიტუტი; იმიტომაც ვაკნინებთ ღმერთს, როდესაც გვგონია რომ განვადიდებთ მას; იმიტომაც არიან ღვთის სახელის არასწორად გამომყენებელი მღვდლები, რომლებთან ურთიერთობის შემდეგ სურვილი გეკარგება იარო ეკლესიაში; იმიტომ ვქელავთ, ვანადგურებთ, დავცინით და შეურაცხყოფას ვაყენებთ ერთმანეთს მაშინ, როდესაც ჰუმანურ ერად მოგვაქვს თავი დ ა.შ.


P.S.
ამ პოსტში მხოლოდ უარყოფით მხარეზე გავამახვილე ყურადღება და არავის გეგონოთ, რომ არ ვიცი რა გვაქვს დადებითი. ნურც ნურავინ იფიქრებს, რომ იმ ადამიანებზე უკეთესი მგონია საკუთარი პერსონა, როგორებზეც ამ პოსტში ვლაპარაკობ. არც განათლებულ ადამიანად მივიჩნევ საკუთარ თავს და არც რაიონებსა და სოფლებში მაცხოვრებლებს დავცინი. ცნობისთვის, მეც მაღალმთიან სოფელში გავიზარდე :დ


P.P.S.
ამ პოსტით არ ტრადიციების მიმართ გამოვთქვამ რაიმე სახის წინააღმდეგობას, მხოლოდ მათ უარყოფით მხარეზე და არასწორ გამოყენებაზე ვამახვილებ ყურადღებას.

9 Comments leave one →
  1. September 13, 2011 12:26

    ძალიან საინტერესო პოსტია🙂

  2. ნათია permalink*
    September 13, 2011 12:46

    ძალიან დიდი მადლობა🙂

  3. September 13, 2011 13:40

    სტატია მომეწონა. რაც მთავარია, არ არის დაწერილი აგრესიით, რომელი აგრესიაც ხსირად გამოსჭვივის ხოლმე მავანი ბლოგერების ნაწერში.
    დიდი მადლობა!

  4. ნათია permalink*
    September 13, 2011 14:03

    დიდი მადლობა, ვცდილობ არასდროს დავტვირთო ნაწერი მკვეთრი ემოციებით.

  5. September 13, 2011 16:34

    არ მინდა, ვინმეს მორალი ვუკითხო, მაგრამ ჩემს ირგვლივ ისეთი ადამიანებიც არიან, ბავშვის გაზრდა მხოლოდ ყუათიანი კვება, მოხდენილად ჩაცმა, სათამაშოებით უზრუნველყოფა, დიპლომ-ატესტატის გარანტირება და დაოჯახება რომ ჰგონიათ.

    სრულად გეთანხმები, ნათია. მტკივნეული რაღაცები შეგინიშნავს. ნამდვილად ასეა და ამაზ უარესადაც. საბედნიეროდ, ყველგან არა.

    ჰო🙂 ღამით კევის აკრძალვას, ალბათ, მაინც პრაქტიკული სარჩული უდევს – ძილში არ გადაეყლაპოსო🙂🙂

  6. ნათია permalink*
    September 13, 2011 16:38

    სამწუხაროდ, ასეა, მოლი, კვება და ჩაცმა-დახურვა ბევრს მიაჩნია უმთავრეს მიზნად. მართალია, საბედნიეროდ ყველგან არ არის, უფრო სწორედ – აღარ არის. საღეჭ რეზინზე შეიძლება ასეც იყო, აღარ მახსოვს :დ

  7. September 13, 2011 21:52

    ავსული შემეცოდა🙂 რა გზებს არ ეძებს თურმე, რომ სახლში შემოიპაროს როგორმე… იქნება და რა უჭირს საწყალს :):))

  8. ნათია permalink*
    September 14, 2011 07:09

    🙂 საწყალი ავსული!🙂

  9. Azo permalink
    March 22, 2012 17:44

    vai shens patrons! shen tviton tu gjera am sisuleleebis…?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: