Skip to content

თბილისის ქუჩებში მომრავლებული მათხოვრები და სანახაობას დახარბებული საზოგადოება

September 17, 2011

პოსტში გამოყენებული სიტყვა მათხოვარი, მოკლებულია ყოველგვარ უარყოფით მნიშვნელობას, რასაც მას, სამწუხაროდ, ანიჭებს საზოგადოების უმეტესი ნაწილი. აქ ეს სიტყვა, უბრალოდ, ნიშნავს ადამიანს, რომელიც ითხოვს მოწყალებას და საერთოდ არ მოიაზრება დამამცირებელ კონტექსტში.


თბილისის ქუჩებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და გარკვეულ კაფე-ბარებში, ხშირად მოჰკრავთ თვალს მათხოვრებს. ისინი იმდენნი არიან, რომ გულს უკვე აღარ შეუძლია აჩუყება მათი დანახვის შემდეგ და აღარც ცრემლი აწყლიანებს ხოლმე თვალს ძველებურად. ყველაფერი ხომ შეჩვევაზეა.

რამდენიმე წლის წინ ქუჩაში გავლა გულს მიმძიმებდა, ჩემზე ცუდად მოქმედებდა ამდენი მათხოვარის დანახვა, რომლებიც საცოდავი ხმით ითხოვდნენ მოწყალებას, მაგრამ გავიდა დრო და ჩემმა ემოციურმა დამოკიდებულებამ შედარებით სტაბილური ხასიათი შეიძინა და ახლა მათხოვრებს ისე აღვიქვამ, როგორ თბილისის ქუჩების უცვლელ ატრიბუტებს. ვინმემ არ იფიქროს, რომ მათ შეურაცხყოფას ვაყენებ, ან განვიკითხავ, თუმცა, მათთან ურთიერთობის რამდენიმეწლიანი გამოცდილების გამო, თავს უფლებას ვაძლევ ყურადღება გავამახვილო რამდენიმე დეტალზე.

მათხოვრები განსხვავდებიან ერთმანეთისგან, მაგრამ, თითქმის ყველას, ფულის მოპოვების გარკვეული სტრატეგია აქვს შემუშავებული. მათი უმეტესობა ხალხის ყველაზე სუსტ წერტილს ,,ურტყამს” – ცდილობს გული აუჩუყოს ადამიანებს, თავი შეაცოდოს, ამისთვის კი უამრავი ხერხი არსებობს, მაგ: ტირილი საკუთარ ბედზე, ან შვილზე, რომელიც ძალიან ცუდად არის და სასწრაფო ოპერაცია სჭირდება, ან დაზე, ძმაზე, ქმარზე, ან სულაც საკუთარ თავზე. ბოლო დროს მსგავს თავის შეცოდებებს დაემატა ბოდიშის მოხდა შეწუხების გამო და სასტიკი თვითკრიტიკა.

არსებობენ მათხოვრები, რომელთაც არ სჭირდებათ გულზე წარწერის დაკიდება რომ ბრმები არიან, ან ლაპარაკი არ შეუძლიათ, ან შვილი ჰყავთ მკვდარი და უკიდურეს გაჭირვებაში იმყოფებიან, იმიტომ რომ, ისედაც ძალიან საცოდავად გამოიყურებიან და ესეც საკმარისია მოწყალების მისაღებად. ამ კატეგორიაში შედიან ფიზიკური ნაკლის მქონე მათხოვრები და მოხუცები.

არსებობს მათხოვართა კატეგორია, რომელიც კარგად აცნობიერებს, რომ ხალხს სანახაობა სჭირდება იმისთვის, რომ დახმარების ხელი გამოგიწოდოს. ასეთები, ძირითადად, მღერიან სიმღერას ,,ობოლო ბიჭი ვარ ღარიბი ღატაკი და…”, მართალია, დიდი ვოკალური მონაცემებით არ გამოირჩევიან, მაგრამ სიმღერის დასრულების შემდეგ გაცილებით მეტ ფულს აგროვებენ, ვიდრე იმ შემთხვევაში თუ უსიტყვოდ ჩამოუვლიან პუბლიკას. ხალხს სჭირდება იმის დანახვა, თუ როგორ იმცირებენ მათ წინ თავს, როგორ მღერიან, ან ცეკვავენ; სჭირდება მიზეზი იმისთვის, რომ მისცენ მთხოვნელს 20 თეთრი, საკუთარი ამპარტავნების დასაკმაყოფილებლად სჭირდება. აბა, უქმად ხომ არ მისცემენ იმ კაპიკებს?!

არსებობს მათხოვართა ისეთი კატეგორიაც, რომელთაც არც თუ ისე კარგი მიდგომა აურჩევიათ ფულის მოსაპოვებლად. რა დამავიწყებს, პირველ კურსზე სწავლა რომ დაგვეწყო, ზუსტად იმ დღეს, პირველი კორპუსის წინ ბედნიერად მდგარს, უეცრად საოცრად ხმამაღლა ნათქვამი ხრინწიანი ,,მეხვეწები” რომ ჩამესმა მარცხენა სასმენელში და შეშინებული ერთი ნაბიჯით წინ გადავხტი. ალბათ, მიხვდით ვისზეც ვამბობ. ეს ადამიანი ოთხი წლის წინ ყოველ დღე დადიოდა ,,ცოდნის ტაძრის” ეზოში და ამ თავისი ხრინწიანი ,,მეხვეწებით” მოწყალებას ითხოვდა, ვინც არ ეხმარებოდა კბილებში ასევე ხრინწიანად გამოსცრიდა ხოლმე ღვარძლიან გინებას და ახლა სხვისკენ მიემართებოდა. ეს ადამიანი დღემდე მაშინებს თავისი იდუმალი ,,გეხვეწებით” და როდესაც ვხედავ, ყოველთვის ვცდილობ მოვერიდო. არ ვიცი რა გასაჭირი გადაიტანა ცხოვრებაში, რატომ არის ასეთ დღეში და ასე შემდეგ, მაგრამ თითქმის მუქარის ტონით ნათქვამი ,,მეხვეწები” მე მხოლოდ მაშინებს, დახმარების სურვილს კი არ აღმიძრავს.

ალბათ, ყველამ იცით ის ადამიანიც, რომელიც მელიქიშვილის ქუჩის ბოლოში, კედელთან ზის და მუდამ შავი სათვალე უკეთია. 5 წელია, თითქმის ყოველდღე გავდივარ მანძილს რუსთაველის მეტროდან უნივერსიტეტამდე და არასდროს ყოფილა შემთხვევა, რომ ეს მათხოვარი იქ არ ყოფილიყოს. პირველად უარყოფითი განწყობა მის მიმართ მაშინ დამეუფლა, როდესაც ლამის ფეხზე დამაფურთხა და ამის შემდეგ სწრაფი ნაბიჯით ჩავუვლი ხოლმე იმ ადგილს, სადაც ზის, ასე მგონია, რომ მცნობს სახეზე (მიუხედავად იმისა, რომ ბრმაა) და კარგად ახსოვს, რომ ამ 5 წლის განმავლობაში არასდროს დავხმარებივარ.

არის მათხოვართა კიდევ ერთი კატეგორია, ე.წ. ციგნები, რომლებიც მრავლად არიან თბილისის ცენტრალურ ქუჩებში და სხეულის სხვადასხვა ნაწილებზე დაკიდებით ან შეფურთხების მუქარით გთხოვენ ფულს. პირველი უარყოფითი განწყობა კვლავ პირველ კურსს უკავშირდება, როდესაც ერთ-ერთმა მათგანმა ისე ძლიერ მომქაჩა თმა, რომ დღემდე არ დამვიწყებია ის ტკივილი. ცუდ განწყობაზე მაყენებს იმის გახსენებაც, როგორ მეშინოდა როცა მეგონა, რომ მართლა შემაფურთხებდნენ სახეში. სხვათა შორის, მსგავს მათხოვრებთან გამკლავების უებარი ხერხი მაქვს, როდესაც ფეხზე მოგეჭიდებიან, ან წინ დაგიდგებიან შესაფურთხებლად გამზადებული პირით, კი არ უნდა გაიქცეთ (აზრი არ აქვს), ან ფართხალი დაიწყოთ ფეხის გათავისუფლების მიზნით, არამედ, რაც შეიძლება მოწყენილი სახით და რაც შეიძლება გულწრფელად უნდა უთხრათ, რომ თქვენც ძალიან გშიათ და აქეთ გამოართმევდით ფულს დიდი სიამოვნებით, რომ მოგცეთ. ეს ყოველთვის ამართლებს, უმალ გამეცლებიან ხოლმე, ალბათ, ეშინიათ, მართლა არ მოვთხოვო ფული, ან ძალიან ვეცოდები ხოლმე.

ეს ციგნები სხვა შემთხვევაა, რაც შეეხება იმ ხალხს, რომელიც მართლა გაჭირვებაში იმყოფება და ძალიან სჭირდებათ სხვისი დახმარება:

უკიდურესი მატერიალური გასაჭირი საშინელს მდგომარეობაში აყენებს ადამიანებს, მით უმეტეს თუ ამ გაჭირვებას მხოლოდ ულუკმაპურობა კი არა, შვილის ან სხვა ახლობელი ადამიანის ავადმყოფობაც ერთვის. ალბათ, ძალიან ძნელია ამ დროს გადალახო საკუთარი სიამაყე და დაიწყო მათხოვრობა. ეს თუ მოახერხე, მერე გელის ხალხის უარყოფითი რეაქციის ატანა, დაცინვა; ამ დროს თვითშეფასება, მკვეთრად იწევს ქვემოთ და ასე თვითგვემას მიცემული ადამიანი იწყებს პუბლიკისთვის იმის მოყოლას თუ როგორ უჭირს, სჭირდება დახმარება, რომ უკვდება შვილი და ა.შ. ამის მოსმენისას მრცხვენია შევხედო თვალებში მათხოვარს, უსიტყვოდ ვეცლები ან, თუ შემიძლია, ვეხმარები და უცბად გავეცლები ხოლმე. ამას, ალბათ, იმის ქვეცნობიერი შიში ახლავს მეც ასეთ მდგომარეობაში არ აღმოვჩნდე.

ხშირად მიფიქრია იმაზე, შევძლებ თუ არა ვიმათხოვრო თუ მატერიალურად უკიდურესად ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდები. ჩუმადაც მიყურებია შორიდან ავტობუსებსა და მეტროებში მოსიარულე მათხოვრებისთვის, მინდოდა გამეგო რას გრძნობენ, როგორ ცხოვრობენ საერთოდ, რაზე ფიქრობენ, რისი გადალახვა უწევთ იმისთვის, რომ დაიწყონ მოწყალების თხოვნა. ალბათ, საკუთარი ამპარტავნება არასდროს მომცემდა საშუალებას რომ გადამელახა საკუთარი ღირსების შეგრძნება და ხელი გამეწვდინა სამათხოვროდ, არ ვიცი, ახლა ასე მგონია რომ ვერ შევძლებ, მაგრამ სინამდვილეში რას ვიზამ  თუ ფაქტის წინაშე აღმოვჩნდები?

ყველაზე მეტად მათხოვარი ბავშვების დანახვა მიკლავს გულს. ბავშვების, რომლებიც ჯერ ვერც აცნობიერებენ რა ცუდ მდგომარეობაში არიან, რადგან მოწყალების თხოვნა ჩვეულებრივი ამბავი ჰგონიათ. თუ ბავშვს არავინ ჰყავს, ვინც ყურადღებას მიაქცევს, ეს ხომ საშინელებაა და ამაზე უარესი კიდევ ის არის, მშობელი რომ აგზავნის შვილს ქუჩაში სამათხოვროდ, თავად კი სახლში ელოდება როდის მივა შვილი და მოგროვებულ ფულს მიუტანს.

ხანდახან მგონია რომ ტირილით ნათქვამი, შვილებო, დამეხმარეთ, ღმერთი დაგლოცავთ, ამის მიღმა სიძულვილი იმალება და ეს ნორმალურიც არის. რატომ უნდა გიყვარდეს ადამიანები, რომლებიც ამრეზით გიყურებენ, სამადლოდ მოგიგდებენ ერთ-ორ კაპიკს და ერთი სული აქვთ რაც შეიძლება მალე გაეცალო მათ.

საბოლოოდ, რაც არ უნდა უარვყო, რომ მათხოვრები ჩემზე არ მოქმედებენ, მიანც ტყუილი გამოვა. გული მეწურება ხოლმე მათი დანახვისას, ალბათ, საზოგადოებას მეტი ყურადღების გამახვილება მართებს ამ საკითხთან დაკავშირებით და არა მხოლოდ საზოგადოებას, არამედ რბილ სავარძლებში ტკბილად მოკალათებულ შესაბამისი თანამდებოდი პირებსაც. მესმის, რომ ბევრისთვის არ არის სასიამოვნო ქუჩებში მოხეტიალე ამდენი მათხოვრის დანახვა, მაგრამ ამას მხოლოდ უარყოფითი დამოკიდებულებით ხომ ვერ უშველი? გინახავთ ვინმეს რომ პოლიტიკოსების მხრიდან გატარებულიყოს რაიმე სახის ღონისძიება, რაც მათხოვრების საკითხის მოგვარებასთან იქნებოდა დაკავშირებული? მე არ მინახავს და არც გამიგია მსგავსი რამე. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ყველა შეეჩვია მოწყალების მთხოვნელი ადამიანების ხილვას ქუჩებში და აღარავინ ფიქრობს ამ საკითხის მოგვარებაზე, არადა, საქმე გაცილებით რთულად არის ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

8 Comments leave one →
  1. September 17, 2011 21:59

    ნათ, შენ ის კაცი დღემდე ბრმა გგონია?🙂 ჩემი თვალით მაინც არ დამენახოს რამდენჯერმე, ხურდას რომ ითვლიდა….
    მაწანწალა ბოშებთან მე ჩემი ხერხი მქონდა – გავჩერდებოდი და ვეუბნებოდი, კარგი, შემაფურთხე და წავედი, მეჩქარება, რაც არ მაქვს, რა მოგცე-მეთქი… ისე, გამომეტყველება მქონდა დამხეცებული – წარბშეკრული რომ ჩავივლიდი, არ მეკარებოდნენ🙂 მე იმ აზრის ვარ, რომ მაგათ ფული არ უნდა მისცენ, როცა ვერავის გამოსძალავენ, წავლენ და იმუშავებენ…
    ჰო, მე ერთი ქალი მაღიზიანებდა განსაკუთრებით, სადღაც დავპოსტე კიდეც: მეტროს ვაგონში შემხვდა რამდენჯერმე ორი წლის განმავლობაში, გასაწყლებული ხმით სულ ღმერთს და ხატებს იფიცებოდა, არ ვიტყუებიო. არადა, ამ ორი წლის განმავლობაში სულ სამი წლის გოგონა ჰყავდა, რომელსაც ასაკი არ მომატებია, სამაგიეროდ ავარიაში მოჰყვა, სიმსივნე დაემართა და გულის მანკიც…
    ჩემში ვინც მართლა იწვევს სიბრალულს – მოხუცები არიან, მოწყალებას რომ ითხოვენ ისინიც და ქუჩაში წვრილმანებით რომ ვაჭრობენ, ისინი უფრო მეტად… რამდენჯერმე მზესუმზირა ან ხელსახოცები მიყიდია, მჭირდებოდა თუ არა…
    პრობლემა მართლა სერიოზულია, მაგრამ რამდენად მოგვარდება და რა გზებით, ცოტა რთული საკითხია.

  2. ნათია permalink*
    September 17, 2011 22:04

    არ არის? არ ვიცი, ბრმა მეგონა მე :დ
    ხშირად ვფიქრობ ხოლმე იმაზე რამდენია მათხოვართაგან გულსწრფელი და რამდენი ამბობს ტყუილს, ვინც უფრო მეტად გაბეზრებს თავს და განუწყვეტლივ გლოცავს, ისინი უფრო მატყუარები მგონია მაინც.
    მართალია, მეც ძალიან მეცოდედა მოხუცები. აი, ძალიან, საწყლები არიან😦

  3. Magda permalink
    September 18, 2011 03:41

    მათხოვრობა ძალიან სერიოზული პრობლემაა და ნამდვილად საფიქრელი სახელმწიფოსგანაც და თითოეული ჩვენგანისგანაც, მაგრამ მოწყალების გაცემისას, ჩემი აზრით, არ ღირს მათხოვარი ადამიანის მორალზე და მოტივაციაზე ბევრი ფიქრი – მართლა არ შეუძლია მუშაობა თუ ზარმაცია, მართლა ავად არის თუ სიმულიანტია და ა. შ. უნებისყოფობაც სერიოზული ნაკლია და დემორალიზებული ადამიანიც იმსახურებს თანაგრძნობას. უბრალოდ, თუ შეგიძლია, მიეცი 10, 20… თეთრი. ბოშებს რაც შეეხება, ესენი, როგორც წესი, კი არ გთხოვენ, არამედ ხულიგნურად გძალავენ; სამწუხაროდ, ამგვარი მოქცევა ეკლესიების შესასვლელთან მომუშავე ზოგიერთ მათხოვარსაც ახასიათებს.

  4. September 18, 2011 07:02

    პოსტიც აქტუალურია და კომენტარებიც მომეწონა. თამარას დავეთანხმები – ყველაზე მეტად ისინი მიკლავს გულს, მოწყალებას ჯიქურ რომ არ ითხოვენ. აუცილებლად შევჩერდები ხოლმე და ხურდას აუცილებლად ჩავუყრი – ასეთ დროს მარტივი რამ მახსენდება – ოდესღაც ეს ადამიანიც ბედნიერი იყო, ჰყავდა დედა, მამა, ოჯახი, რაღაც უხაროდა, რაღაცას ელოდებოდა, ვიღაცას უყვარდა ალბათ, ვიღაცას ენატრებოდა… გეგმებს აწყობდა, სწავლობდა, რაღაცას აპირებდა და… აი, ახლა, ასეთ დღეშია😦 ამის წარმოდგენა მზარავს :(:(

    მეორე კომენტარიდან მაგდას ერთი სიტყვა მომხვდა თვალში – მუშაობენო. ზუსტად! ბევრისთვის ეს პროფესიაა. სამათხოვრო ადგილებს განაწილების შესახებ არაფერი გსმენიათ? ნაქირავები ბავშების შესახებ? გავლენის სფეროებზე? ობშიაკზე? და იმაზე, რომ ეკლესიებთან უფრო სარფიანი ადგილია?

    და ყოველგვარი სიმღერა, პირჯვარის დემონსტრაციული წერა, ხატებით სიარული და რელიგიურ გრძნობებზე თამაში ჩემთვის სიყალბის მთავარი ნიშანია – ადამიანი, რომელსაც გაჭირვებამ სამოწყალოდ ხელი გააშვერინა და ამას განიცდის, იმის ხასიათზე არ არის, სიმღერა ან ლოცვს ტექსტი გაახსენდეს.

  5. ნათია permalink*
    September 18, 2011 08:18

    Magda, მართალია, შეიძლება არ უნდა ვიფიქრო ფულის მიცემისას იმაზე თუ რატომ მათხოვრობს ეს ადამიანი, მაგრამ, როდესაც ვცდილობ გავერკვე გაჭირვებული ადამიანების ყოფაში, მინდა თუ არა, მაინც ვფიქრობ მათხოვრობის გამომწვევ მიზეზებზე.

    მოლი, მართალი ხარ, ყველაფერში გეთანხმები. მათხოვარს რომ ვუყურებ, მეც იმაზე ვფიქრობ, რომ ოდესღაც ის ბედნიერი იყო, რაღაც უხაროდა, რაღაც სტკიოდა და ა.შ. და ძალიან მტკივა გული. რაც შეეხება მათხოვრობის პროფესიად ქცევას, ეს უკვე ძალიან ცუდია და ასეთი ადამიანების მიმართ სიბრალულს ვერ ვგრძნობ. პირჯვრის გადაწერაც და ხატებზე დაფიცებაც არ მომწონს, მეტისმეტად ყალბია ეს ყველაფერი.

  6. Qefcho permalink
    November 19, 2011 20:10

    ”სპეკულიანტების” კატეგორიასთან არ გქონია ალბათ შეხება, საინტერესო ადამიანები არიან, ზოგი მცხეთაში ცხოვრობს და საფულედაკარგულს უკან დასაბრუნებელი ფული არ აქვს, ნაწილი დიაბეტითაა დაავადებული და ”მარშუტკებში” შეტევის ინსცენირებას ახდენენ. http://www.youtube.com/watch?v=sP_5ORv3kuo ეს კადრები 2 თვის წინ აღმოვაჩინე, ყველა ერთ დღეს არის გადაღებული და თან ერთ მიწისქვეშა გადასასვლელში😐

  7. orange permalink*
    November 19, 2011 20:35

    როგორ არა, მქონია შეხება მაგათთანაც, მაგრამ დღემდე გულუბრყვილოდ (თუმცა, აღარც ისე გულუბრყვილოდ) მჯერა, რომ მათ მართლა დაკარგეს საფულე და არ მატყუებენ… მოკლედ, მაგ საკითხთან დაკავშირებით არ გამაჩნია ჩამოყალიბებული პოზიცია. ,,დიაბეტიანები” კი არ მინახავს ჯერ, ალბათ, თუ ვნახავ, მაინც ვერ დავიჯერებ, რომ იტყუებიან, იქნებ მართლა ხდებიან ცუდად?🙂

  8. Qefcho permalink
    November 20, 2011 12:51

    ჩემი მეგობარი გადააწყდა რამდენიმე დღის წინ, ”ერთი მსახიობის თეატრის” წამყვან ”არტისტს”, ”დიაბეტიკს”. მცხეთაში წამსვლელს რაც შეეხება, მე მთხოვა ფული, ორი ლარი მივეცი, რამდენიმე წუთის შემდეგ ჩემ ორ მეგობარს შევხვდი, საწყალ ქალზე საუბრობდნენ, რომელსაც საფულე დაუკარგავს და სახლში, მცხეთაში ვეღარ ბრუნდებოდა :დ საერთო ანგარიში მე და ჩემი მეგობრები 0 – 5 მცხეთელი :დ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: