Skip to content

შენ და მე

October 29, 2011

ჩვენ ერთად დავდივართ წვიმიან ასფალტზე და შენ მეუბნები, რომ მოგწონს ჩემი თმა, რომელშიც წვიმის წვეთები პაწაწინა ბურთულებადაა გაფანტული, მე კი ვბრაზდები, რადგან ვფიქრობ, რომ ჩემი თმა მხოლოდ მზიან ამინდშია ლამაზი, როდესაც მზის სხივებს ირეკლავს. შენ ისიც იცი, რომ ჩემს გარეგნობაში მხოლოდ თმა მომწონს და ყოველთვის ვბრაზდები, როცა მეუბნები, რომ ლამაზი ვარ, მაგრამ შენ მაინც არ წყვეტ ამაზე ლაპარაკს  და მე გეჩხუბები…

შენ იღებ დაცვენილ ფოთლებს და ჰაერში ფანტავ, მერე უყურებ როგორ ეცემიან ჩემს სხეულზე ისინი და ფრთხილად მაცლი მხრებზე შერჩენილ სიყვითლეს…

მე ხელს გკიდებ ხელზე და ისე ძლიერ გიჭერ, რომ გტკივა, მაგრამ არ იმჩნევ, მხოლოდ მიყურებ და იღიმები. მე ძალიან მომწონს, როდესაც ფოთლებს მაყრი, მაგრამ არ მინდა ხელი გაგიშვა, მგონია, რომ მიმჭკნარ ფოთლებთან ერთად გაფრინდები და ვეღარასდროს გნახავ… ჰო, ასე ვფიქრობ, მაგრამ ამას არ გეუბნები და მხოლოდ ხელს გიჭერ ხელზე…

ჩვენ არასდროს დავდივართ ტრანსპორტით და მხოლოდ შორიდან ვუყურებთ ქაოტურად მოძრავ მანქანებს და გვინდა, რომ ეს ბილიკი, რომელზეც ახლა ვართ, უსასრულოდ გაგრძელდეს და ჩვენც ვაგრძელებთ მას უსასრულობამდე…

შენ მეუბნები, რომ ადამიანის ცხოვრებაში მთავარია მიზანს მიაღწიოს, მხოლოდ ამის შემდეგ იქნება ბედნიერი, მეუბნები, რომ მზე არასდროს ამოვიდოდა ცაზე, ჩვენ რომ არ გვჯეროდეს რომ ის აუცილებლად ამოვა…

მე კი გიმტკიცებ, რომ შედეგზე გაცილებით მნიშვნელოვანი პროცესია, რომ ოცნების ასრულების დროს გამოწვეული სიხარული გაცილებით მქრქალი და ხანმოკლეა, ვიდრე მისი ასრულების მოლოდინი… მზესთან დაკავშირებით კი მხოლოდ იმიტომ გეჩხუბები, რომ, უბრალოდ, არ მინდა დაგეთანხმო, მომწონს რომ გეკამათები…

ჩვენ ვეძებთ უკაცრიელ ადგილებს, ხელს ვკიდებთ ერთმანეთს და ვყვირით, ვყვირით ხმის ჩახლეჩამდე, ვყვირით ცრემლებამდე, მერე ვიცინით და მერე ისევ ვყვირით, ვყვირით და მერე საკუთარ ექოს ვუსმენთ, რომელიც იკარგება მთებსა და ნისლში…

შენ ფიქრობ, რომ ნისლის ყურება სევდის მომტანია ადამიანებისთვის და შეუძლებელია მისი გაფანტვა მანამ, სანამ კაცობრიობის მარტოსულობას არ მოეღება ბოლო…

მე მომწონს ნისლი, ძალიან მომწონს, მაგრამ გეუბნები, რომ სინამდვილეში ბურუსი არ არსებობს და თუ თავს დავაჯერებთ, რომ შემოდგომა მხოლოდ მირაჟია, აუცილებლად გამოანათებს მზე, ნისლი გაქრება და წვიმა შეწყვეტს ჩემს თმაში მარგალიტების ქსოვას…

ჩვენ ვლაპარაკობთ ყველაფერზე, თან ერთდროულად და ეს ძალიან მოგვწონს, მერე ვეჯიბრებით იმაში, რომელი უფრო მალე შეწყვეტს ლაპარაკს და ბოლოს დაღლილები ვიცინით. ვერასდროს ვიგებთ პირველი რომელი ვჩუმდებით, მხოლოდ ის ვიცით, რომ ბოლოს ვიცინით, ძალიან ბევრს ვიცინით, ვხარხარებთ…

შენ მეუბნები, რომ წლევანდელი ზამთარი უჩვეულო იქნება, რადგან თეთრის ნაცვლად, ფორთოხლისფერი თოვლი მოვა და ჩვენ ძალიან ბევრს ვიგუნდავებთ ფორთოხლისფერ თოვლში, ფორთოხლისფერ გუნდებს გავაკეთებთ და ფორთოხლისფერ ფიფქებს დავადნობთ ენაზე…

მე ვცდილობ წარმოვიდგინო როგორი იქნება ცეცხლოვან ფერებში გახვეული ხეები პირველი თოვლის შემდეგ და მიხარია, მიხარია, რომ არასდროს მოვა ფორთოხლისფერი თოვლი და რომ ეს ოცნება მხოლოდ მე და შენ გვეკუთვნის და ვერავინ ვერასდროს შემოიჭრება ჩვენს ცეცხლოვან ზამთარში…

ჩვენ ვერასდროს ვამჩნევთ სხვა ადამიანებს, რადგან ისინი არ არსებობენ, სამყაროში მხოლოდ ჩვენ ორნი ვართ, შენ და მე…

შენ გჯერა, რომ სხვა ადამიანებიც დადიან ჩვენთან ერთად.  მეუბნები, რომ ისინი უცნაურად გვიყურებენ და ღიმილით იშვერენ ჩვენსკე თითს, მაგრამ მე მათ ვერ ვხედავ, სამყაროში მხოლოდ ორნი ვართ, შენ და მე…

მე ვიცი, რომ ჩვენ არასდროს დავკარგავთ ერთმანეთს, რადგან შენ არ ხარ ჩემი, მე კი შენი… შენ არასდროს მეტყვი, რომ მოგწონს ჩემი თმა მზიან ამინდში, მე კი არასდროს გეჩხუბები, იმის გამო თუ რატომ მოგწონს წვიმა ჩემს თმაში… ალბათ იმიტომ, რომ არ არსებობ…

9 Comments leave one →
  1. October 29, 2011 15:25

    აუ რა ლამაზი და სევდიანია,შეყვარებული მომენატრა ეს რომ წავიკითხე.
    წავიდე მივწერო :დ
    ძალიან კარგი პოსტია,მიყვარს ასეთი უწი პუწი რაღაცები ^^

  2. October 29, 2011 15:53

    ძალიან მაგარია ნათი! მოჟნო სკაზატ რომ დაგლიჯა!🙂

  3. October 29, 2011 17:56

    მიყვარს სენტიმენტები . . . . . ყოჩაღ, ნათია!🙂🙂🙂🙂🙂

  4. ნათია permalink*
    October 30, 2011 06:41

    nancygaladriel: უწი პუწი?🙂 მადლობა დიდი🙂

    შიო,🙂 მადლობა🙂

    glamtaia:❤

  5. October 30, 2011 06:57

    აუ აუ აუ რა კარგი იყო :ს სად ტრაკშია ჩემი კაცი :@ უხ!

  6. October 30, 2011 08:37

    ბოლო ფრაზა რომ არა, ვიფიქრებდი რომ სადღაც მაინც არსებოს იდეალური ურთიერთობები :)))) ძალიან მომეწონა, მარტო ეს პოსტი კი არა, ზოგადად, ძალიან საინტერესო ბლოგი გაქვს :))))

  7. ნათია permalink*
    October 30, 2011 09:42

    catherinemolko:❤ აცალე, გამოჩნდება🙂

    mzesaswauli: დიდი მადლობა, შენ, რომ მოგწონს ჩემი ბლოგი🙂 ზოგადად, იდეალური ურთიერთობა არ არსებობს, ყველაფერი სუბიექტურია, თუ შენ დაიჯერებ, რომ იდეალური ურთიერთობა გაქვს საყვარელ ადამიანთან, ე.ი. შენთვის არსებობს იდეალური ურთიერთობა, ობიექტურობა კი სრული სისულელეა😉🙂

  8. October 30, 2011 10:25

    @ნათია: ხო, ჩემთვის ცნება “იდეალური” არ არსებობს, რადგან რაც მაქვს, ყოველთვის იმაზე მეტი მინდა და ვითხოვ. ეს ეხება ურთიერთობასაც. და ობიექტურობა მართლა უტოპიაა, ამაზე პრეტენზია არც მაქვს😀

  9. October 30, 2011 11:43

    ლაააიიიიქ…:შ მოსევდიანოოო :შ : ))) ^^

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: