Skip to content

ლარს ვონ ტრიერის ,,მელანქოლია”

December 29, 2011


ლარს ფონ ტრიერის ,,მელანქოლია” იმ ფილმების კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებშიც ყოველი ნახვის შემდეგ რაღაც ახალს აღმოაჩენ. პირადად ჩემთვის, სამჯერ ნანახი ,,მელანქოლია” სამჯერვე აღმოჩენის საგანი გახდა. ფილმში გადმოცემულია ორი დის, ჯასტინის და კლერის ისტორია.

პირველი ნაწილი მთლიანად ეთმობა ჯასტინის ქორწილს, სადაც ბედნიერების ნიღაბს მიღმა, მთავარი გმირის უკიდურესი ნაღველი იმალება, უბრალო სასოწარკვეთა კი არა, ცხოვრებისეულ დამღად ქცეული მელანქოლია, რომელიც ჩაბეჭდილია ადამიანის შინაგან სამყაროში და არ აძლევს მას ბედნიერების საშუალებას.  აქ ერთმანეთს ენაცვლება მხიარულების და გულისშემძვრელი მარტოობის სცენები. ჯასტინი პერიოდულად ტოვებს საკუთარ ქორწილს და განმარტოვდება ხოლმე. რეჟისორი თითქოს დასცინის სტერეოტიპს, რომ ადამიანის ბედნიერებისთვის აუცილებელია ქორწინება, შვილების ყოლა და საყვარელს ადამიანთან ერთად სიბერემდე ცხოვრება. ,,მელანქოლიაში” ამ დამოკიდებულებას სკეპტიკურად უყურებს მთავარი გმირის დედა, რომელმაც იცის, რომ ეს ყველაფერი ფარსია და არ არსებობს ბედნიერება მხოლოდ იმ სახით, როგორადაც მას, ძირითადად, აღიქვამენ ხოლმე ადამიანები.

სიმბოლურ დატვირთავს ატარებს კოსმოსის და ადამიანის დაპირისპირება, კოსმოსის, რომელშიც, ამ შემთხვევაში, ადამიანის შინაგანი სამყარო იგულისხმება (უფრო ვრცლად იხილეთ ქვემოთ).

მეორე ნაწილის დასაწყისში ვხედავთ ჯასტინის სრულ უსუსურობას გარემომცველი სამყაროს მიმართ. კლერი მას ეხმარება გარემოსთან ადაპტირებაში, მაგრამ ფილმის მსვლელობისას თანდათან იცვლება როლები, ჩვენ დავინახავთ კლერის სუსტ მხარეებს და ჯასტინის სიმტკიცეს.

ფილმის პირველ ნაწილში მსუბუქად ხაზგასმული კოსმოსი, ახლა მკვეთრად იჭრება ადამიანების ცხოვრებაში და ფატალურ როლს თამაშობს. სამყაროსგან მოწყვეტილ ადგილზე მცხოვრები ადამიანები იგებენ, რომ შესაძლოა კოსმოსში მოძრავი პლანეტა ,,მელანქოლია” დედამიწას დაეჯახოს და გაანადგუროს. სამყაროსგან მოწყვეტა აქ ნათლადაა ხაზგასმული. სახლი თითქოს გარკვეულ საზღვრებშია მოქცეული, რომლის გადალახვა ადამიანებს არ შეუძლიათ. ცხენი ვერ ახერხებს გასცდეს საკრალურ ადგილს ხიდთან, ვერც მანქანა. სინამდვილეში, ეს პატარა ოჯახი მთელი კაცობრიობის განსახიერებაა, რომელიც ,,დატყვევებულია” დედამიწაზე და არ გააჩნია სიკვდილისგან თავდასაღწევი ადგილი.

დედამიწასთან მიახლოებული მელანქოლია განსხვავებულ შეგრძნებებს ბადებს ადამიანებში. ჯასტინი, რომლის სუსტი და სასოწარკვეთილი სახე დავინახეთ წინა ნაწილში, ახლა ძლიერია, მისთვის არ აქვს მნიშვნელობა რა მოუვა დედამიწას, მას მიაჩნია, რომ ადამიანები არ არიან სიცოცხლის ღირსნი, რომ ისინი, მხოლოდ ბოროტებას თესავენ, ამიტომ უნდა შეწყვიტონ არსებობა. კლერი კი სასოწარკვეთილია, იგი ვერ ეგუება იმაზე ფიქრს, რომ სიცოცხლე შეიძლება შეწყდეს და ებღაუჭება მეუღლის მიერ შემოთავაზებულ მბჟუტავ იმედს, რომლის მიხედვითაც პლანეტა მელანქოლია შეიძლება არ დაეჯახოს დედამიწას და სხვა მიმართულებით გააგრძელოს სვლა. ბავშვი კი, რომელიც ნათლად ვერ აცნობიერებ საქმის ვითარებას, გახარებულია მელანქოლიის მოახლოებით, თუმცა ბოლოს ხვდება, რომ რაღაც ცუდი შეიძლება მოხდეს.

ფილმის ფინალისკენ ისევ იცვლება როლები, კლერის ქმარი, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში მტკიცე და შეუვალი კაცის როლს თამაშობდა, იგებს რა, რომ მელანქოლია მალე დაეჯახება დედამიწას, თავს იკლავს, კლერი კი ახერხებს ამის დამალვას და ოჯახის წევრებს არაფერს ეუბნება. თუმცა მერე მაინც ცდილობს შვილთან ერთად გაექცეს გარდაუვალ დასასრულს.

სასოწარკვეთა მით უფრო მძაფრდება, რაც მეტად ვაცნობიერებთ, რომ დასასრული გარდაუვალია, შეუძლებელია გარესამყაროს მოწყვეტილი სახლიდან გაქცევა, ისევე როგორც დედამიწიდან სხვა პლანეტაზე გაქცევაა შეუძლებელი.

ფილმი სრულდება ხის ტოტებისგან სიმბოლური თავშესაფრის აშენებით, სადაც დარჩენილი ოჯახის წევრები სხდებიან და იქამდე არსებული უთანხმოება და დაძაბულობა ქრება, ყველა ერთიანდება და ხელებჩაჭიდებულნი ეგებებიან სიკვდილს. ბოლო კადრებშიც მკვეთრად ჩანს თითოეულის ხასიათი. ჯასტინი, რომლისთვისაც სულერთია რა მოხდება, ის მხოლოდ ეხმარება ოჯახის წევრებს გარდაუვალი უბედურების განცდის შემსუბუქებაში. სასოწარკვეთილი კლერი, რომელსაც არ უნდა სიკვდილი და ბავშვი, რომელსაც სჯერა, რომ ტოტებისგან აშენებული თავშესაფარი მართლა დაიცავს მას საფრთხისგან.

რეჟისორის მთავარი მიზანი ადამიანების შინაგანი სამყაროს ჩვენება იყო, მათი ხასიათების, დამოკიდებულებების გადმოცემა და არა კონკრეტული ამბის მოყოლა, თუ როგორ ანადგურებს დედამიწას პლანეტა ,,მელანქლია” . ფილმის ავტორს უნდოდა ეჩვენებინა, თუ როგორ იქცევიან ადამიანები უკიდურესი სასოწარკვეთის ჟამს, ყველაზე გამოუვალ სიტუაციებში.

დედამიწასთან მოახლოებული მელანქოლია, სინამდვილეში, ადამიანის შინაგან სამყაროში არსებულ მელანქოლიას განასახიერებს, უკიდურეს მარტოობას, რომელსაც ვერასდროს გავექცევით. ვარსებობთ მხოლოდ ჩვენ და ჩვენში არსებობს პატარ–პატარა სამყაროები, რომლებშიც, როგორც ბედნიერება, ასევე უბედურებაცაა. თითოეული ადამიანის ხვედრი მარტოობაა, როგორც მარტოა დედამიწა ამ სამყაროში (მარტოა, როგორც სიცოცხლის მატარებელი).

რეჟისორი გვაძლებს ინტერპრეტაციის საშუალებას, მისი მელანქოლია ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ გარდაუვალ დასასრულად,  უბედურებად, რომლისგან თავდასაღწევი გზა არ არსებობს, ან აღვიქვათ ის ბედნიერებად, რომელსაც ვერ ვხედავთ და სასოწარკვეთის ნიღაბს ვაფარებთ. ადამიანებს შეგვიძლია ვიყოთ ბედნიერები მარტოობის ჟამს, ვიყოთ შეპყრობილნი მელამქოლიით, მაგრამ მაინც ბედნიერები. ასე ვთქვათ, შესაძლებელია, რომ მელანქოლია იყოს ჩვენი ბედნიერება და დამკვიდრებული სტერეოტიპის თანახმად, მის ჩანაცვლებას არ უნდა ვეცადოთ ადამიანებთან გარკვეული ურთიერთობების დამყარებით, ერთობების ჩამოყალიბებით და ა.შ. ყველას გვაქვს ჩვენ–ჩვენი მელანქოლია, რომელიც, გარკვეულწილად ჩვენი ბედნიერებაა, მის გარეშე ყოფა გარდაუვალია და იმის მაგივრად, რომ ჩავკლათ იგი, რაც შეუძლებელია, უნდა მოვახერხოთ მასთან ერთად ვიყოთ ბედნიერები.

ფილმში თოთოეული ქმედება ისე ებმის ერთმანეთს, რომ ლოგიკურ დასასრულამდე მივდივართ. ერთი პატარა ოჯახის ისტორიით, ჩვენ ზოგადსაკაცობრიო პრობლემებს ვხედავთ. მელანქოლია, რომლითაც მოცულნი არიან ადამიანები, სიკვდილის შიშთან ასოცირდება, გარდაუვალ დასასრულთან, შიშთან, რომლის დაძლევაც ვერ ვისწავლეთ ადამიანებმა, ვერ ვისწავლეთ მასთან ერთად ცხოვრება, ფიქრი, ბედნიერება, მარტოობა, ძილიც კი არ შეგვიძლია სიკვდილზე ფიქრის გარეშე.

ფილმში განსაკუთრებით ხაზგასმულნი ქალები არიან, ისინი ეგებებიან სიკვდილს, თითქოს მათზეა აგებული მთელი სამყარო. მამაკაცი, რომელიც ძლიერ პიროვნებად იყო წარმოჩენილი ფილმის წინა ნაწილებში, ბოლოს თავს იკლავს და რჩება სამყაროსთან დაპირისპირებული ქალი, სამყაროსთან, მელანქოლიასთან, სიკვდილთან, გარდაუვალ დასასრულთან.

,,მელანქოლიაში” დრო თითქოს გაჩერებულია, ფილმის დასაწყისში ვხედავთ საათს, რომლის ისარიც არ მოძრაობს და ზევით არის აღმართული. არ არსებობს სივრცის ჩვენეული აღქმაც, კადრებში ვხედავთ გოლფის ბურთის ჩასაგდებ მეცხრამეტე ნიშნულს, რომელიც, სინამდვილეში, არ არსებობს, რადგან იქ მხოლოდ 18 ორმოა. დრო და სივრცე, რომელშიც ვითარდება მოქმედება, მხოლოდ პირობითია და არ მოიაზრებს ამ ცნებების ჩვენეულ აღქმას.

რთულია ყველაფრის გააზრება, რისი თქმაც უნდა ჩვენთვის რეჟისორს, მით უმეტეს, როდესაც ფილმი იძლევა მაქსიმალური ინტერპრეტაციის საშუალებას. თუმცა მგონია, რომ გარკვეული მინიშნებები ნათელია და დაკვირვებული მაყურებელი აუცილებალდ მიხვდება ფილმის მთავარ სათქმელს, განსაკუთრებით ის მაყურებელი, რომელიც კარგად იცნობს ამ რეჟისორის შემოქმედებას.

23 Comments leave one →
  1. December 29, 2011 20:57

    აი, წავიკითხე და შემრცხვა იმის თქმა, რომ არ მინახავს ეს ფილმი.

    ვნახავ და კიდევ ერთხელ მოვუბრუნდები პოსტს. რევიუმ დამაინტერესა ფრიად.

  2. December 29, 2011 21:09

    მოლი, ნახე აუცილებლად, დარწმუნებული ვარ მოგეწონება, აი, როდეც დაწერს, ალბათ, თავის ბლოგზე და თანაც ამაზე ათასჯერ უკეთ დაწერს და საბოლოოდ დარწმუნდები, რომ უნდა ნახო ეს ფილმი🙂

  3. December 29, 2011 21:11

    მე მომწონს ტრიერი, ჩემდა სამწუხაროდ, ეს ფილმი არ მინახავს, დავინტერესდი და აუცილებლად ვნახავ

  4. December 29, 2011 21:22

    რომ იცოდეთ როგორ მრცხვენია ტრიერის ფილმები რომ არ მაქვს ნანახი😐
    1 ფილმი მაქვს მხოლოდ ნანახი და ისიც ადრე😐
    კარგი რევიუა ორანჟო ^^

  5. December 29, 2011 21:29

    katerina, მიშკა, აუცილებლად ნახეთ, კინოს სახლში კიდევ აჩვენებენ, იმედია🙂 ინტენეტშიც შესაძლებელია მოძიება, მაგრამ სჯობს დიდ ეკრანზე ნახოთ🙂 მადლობა დიდი მიშკა❤

  6. December 29, 2011 22:01

    ძალიან მოეწონა. ორჯერ ვნახე და ორივეჯერ ვისიამოვნე. ისთი მელანქოლიური ესთეტიკითა და აზროვნებითაა ნაგები, არ შემეძლო მისი მოუწონლობა.
    ბევრი მხოლოდ სამყაროს დასასრულის აღქმას ხედავს რეჟისორისას.
    სახელიც როგორ კარგად შეურჩია კირსტენის გმირს❤

  7. December 29, 2011 22:10

    ყოჩაღ კარგი რევიუა.ისე კლერის ბრძოლა თვითგადარჩენისთვის სისუსტედ არ მეჩვენება,ვფიქრობ რომ სწორედ მისი სახით გვაჩვენა რეჟისორმა თუ როგორ არ უნდა დაკარგო იმედი და ბოლომდე იბრძოლო,თვით მელაქონლიასაც კი არ უნდა მისცე დამარცხების უფლება))

  8. December 30, 2011 07:51

    საინტერესოა! არც მე მინახავს.🙂

  9. December 30, 2011 14:19

    მშვენიერი რევიუა ფორთოხლისფერო🙂
    მიხარია, ამ ფილმის არსებობა. აუცილებლად უნდა ვნახო რამდენჯერმე კიდევ.
    გიოსაც დავაწერინოთ ჩვენ ;დ

  10. December 30, 2011 14:29

    ძალიან კარგი პოსტია,ნათია.
    ორჯერ მაქვს ნანახი და კიდევ ერთხელ დამაბრუნა ამ პოსტმა იმ განცდებში რაც ფილმის ყურებისას მეუფლებოდა.

  11. December 30, 2011 15:44

    მიხარია ამ კომენტარებს რომ ვკითხულობ, დიდი მადლობა🙂 ბევრმა საერთოდ ვერ გაიგო რისი თქმა უნდოდა რეჟისორს და უაზროდ გაწელილ ფილმად ჩათვალა, არადა, ასეთი კარგი ფილმი დიდი ხანია არ მინახავს🙂

  12. December 30, 2011 15:45

    ეგ დიდი შეცდომაა ვინც ფიქრობს რომ გაწელილია, დაჟე პირველი ნაწილიც არ არის გაწელილი.
    კიდე ისინი ცდებიან ვინც ეს ფილმი აპოკალიფსზე ჰგონიათ :ფეისპალმ:

  13. December 30, 2011 15:53

    მეც ასე მგონია, გიორგი, ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანია ამ ფილმის თითოეული ნაწილი, რომ გაცილებით მეტის ნახვასაც ავიტანდი, რომ გადაეღო კიდევ რეჟისორს. ყველა კადრში რაღაც დევს, არაფერია აქ ზედმეტი🙂 მეც არ მგონია, რომ ეს ფილმი აპოკალიფსზეა, მსგავსი ვერაფერი დავინახე🙂

  14. December 30, 2011 18:42

    ბლინ, როგორ ვერ ვუყურე ბოლომდე :(( ძალიან მაგარი იყო ნამდვილად არ ვინანე რომ წამოვედი იმ საღამოს🙂

  15. December 31, 2011 06:58

    ძალიან მაგარი რევიუა, ყოჩაღ!!
    მე ძალიან მომეწონა ეს ფილმი როცა ვუყურე… რევიუს შემდეგ განმეორებით ყურების სურვილი გამიჩინე❤

  16. December 31, 2011 07:56

    შიო, ვერ გავიგე მოგეწონა თუ არა? თუ მოგეწონა რატომ არ ნანობ? :დ

    ჭიამარია, მადლობა დიდი, გამახარე ამ კომენტარით❤

  17. December 31, 2011 08:25

    მე არ მომეწონა! ტრიერის ყველაზე ცუდი ფილმია! დიდ პატივს ვცემ ყველას ვისაც ამ ფილმის რამდენჯერმე ნახვა და თანაც ამითი სიამოვნების მიღება შეუძლია!
    მაპატიე ცოტა უხეშად თუ მომივიდა🙂 ისე ეს პოსტის თავზე რომ დაგეწერა სპოილერებითაა სავსე და თჲ არ გინახავთ არ წაიკითხოთო კარგი იქნებოდა😉

    გილოცავ ახალ წელს! ბედნიერება და სიხარული, სურვილების ასრულება 2012ში! :*

  18. December 31, 2011 08:35

    დიდი მადლობა რჩევისთვის, მომავალში გავითვალისწინებ🙂 მეც გილოცავ და ყველაფერ კარგს გისურვებ❤

  19. December 31, 2011 09:19

    ამ ფილმის ყურებას ვერ დავაყენე საშველი😦
    კარგად გიწერია ნათ და ფილმს რომ ვუყურებ ამას კიდევ წავიკითხავ.

  20. December 31, 2011 10:24

    კარგი, სალ🙂 იმედი მაქვს, რომ ფილმი მოგეწონება🙂

  21. January 3, 2012 19:12

    me nanaxi maqvs es filmi da postic momewona
    yvela mayurebeli sxvanairad igebs.
    sainteresoa dzalian

  22. January 6, 2012 11:48

    გაურკვევლად გამომივიდა და მომეწონა თან ძალიან!🙂

  23. ფალესტრა permalink
    February 25, 2012 13:16

    ბლოგერს არ შემიძლია კომპლიმენტი არ ვუძღვნა ასე გააზრებულად, არგუმენტირებულად და ნათლად ჩამოყალიბებული სტატიისთვის.

    მაინტერესებდა ბლოგერები რას წერდნენ ამ ფილმის შესახებ და რამდენიმე რევიუს გადავხედე…

    ბევრი რომ არ ვილაპარაკო…

    ძალიან კარგი გოგო ხარ!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: