Skip to content

ქართული საზოგადოების პრობლემა

September 24, 2012

ჩემი მეგობრის ვოლზე დაშეარებულ ლინკზე დაწერილ კომენტარებს ვკითხულობდი, ისეთი საინტერესო დისკუსია იყო, რომ გადავწყვიტე გაგას კომენტარები ერთად შემეკრიბა და ბლოგზე ამეტვირთა:

,,მილიონ რაღაცას ვფიქრობ და მილიონი მოსაზრება მაქვს ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ვერ მოვიცალე, რომ ჩავუჯდე, მინდა სტატიასავით დავწერო, მაგრამ ჩვენ ხომ ერთმანეთის მოსმენა არ გვიყვარს, ჩვენ ხომ ყველაზე ჭკვიანები ვართ, ჩვენ ხომ უნდა ჩავქოლოთ ყველა ის ადამიანი, რომელიც თავის აზრს დააფიქსირებს, ან თავის აზრს კი არ დააფიქსირებს, არამედ, ანალიზს გაუკეთებს ამ ყველაფერს. არც მე ვაფიქსირებ ხოლმე ღიად ჩემს აზრს, უბრალოდ, რაღაცებზე დაკვირვებით რაღაცებს ვასკვნი, ან არ ვასკვნი და მხოლოდ ვფიქრობ. მაგრამ ქართველები ხომ რადიკალები ვართ, ქართველებმა ან უნდა დავანგრიოთ და დავაქციოთ ყველაფერი, ან უნდა გავაფეტიშოთ და გავაკერპოთ ვიღაც.

პრობლემა ერთ–ორ ან ადამიანების დიდ ჯგუფში არ არის, პრობლემა ჯერ კიდევ მთელ საზოგადოებაშია. არ გვიყვარს რაიმეზე დაკვირვება, მოსალოდნელი შედეგების გაანალიზება, ფიქრი, ერთმანეთის მოსმენა, დათმობა, შრომა, რეალური საქმის გაკეთება. ჩვენ რატომღაც გვგონია, რომ ხსნა რადიკალურ ქმედებებშია.

მე ახლა ვარ ბათუმში, ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გამოფენაზე,  კეთდება ძალიან ძალიან მაგარი საქმე, ქვეყნის და მომავალი თაობებისთვის და მეც ჩემი მცირეოდენი წვლილი შემაქვს იმით, რომ თუნდაც აქ, ამ გამოფენაზე ვარ და ამასთან დაკავშირებული სამზადისის გამო  1 თვე არ მძინებია.  გუშინ მოდის ერთი ადამიანი და მეუბნება, აქციაზე რატომ არ იყავიო, შენ რა, არ გაწუხებს ეგ ძალადობა რაც ხდებაო? ე.ი. რა გამოდის? აღარ ვიმუშაოთ, აღარ გავაკეთოთ აღარაფერი და კიდევ უფრო ხელი შევუწყოთ ჭაობში ჩაშვებას? ჩემი პოზიციაა, რომ ქვეყნისთვის ყველაზე კარგი მაშინ ხარ, როცა შენ საქმეს აკეთებ კარგად. ყველამ თავის საქმე, რომ აკეთოს კარგად, ამ ქვეყანას პრობლემა არ ექნება.მე, შენ, სხვა და თითოეული მოქალაქე თუ ჩვენ საქმეში მაგრები ვიქნებით და, აქედან გამომდინარე, ყველა სფერო იქნება უკეთ. აი, ეს არის უფრო მეტი სიკეთე შენი ქვეყნისთვის, ეს არის უფრო “პატრიოტული”, და არა ის ფსევდოპატრიოტული გამოხტომები, რომელსაც უკვე შევეჩვიეთ და ის კრიტიკა იმ ადამიანების მიმართ, ვინც მათნაირი არ არის. თუმცა ერთადერთი, რაც საუკეთესოდ გამოგვდის, ეს ბევრი ყვირილი, ემოციებზე ავარდნა და ყველაფრის ნგრევაა.

მე იმას არ ვამბობ, რომ მომწონს ძალისმიერი მეთოდების გამოყენება, არსად მითქვამს, რომ იმ ადამიანზე შეიძლება ძალადობა, ვინც მანამდე მოძალადე იყო, არა, უბრალოდ, სხვა პრობლემებსაც ვეხები, მაგ: მე ვერ გავიხსენე ჩვენს ქვეყანაში ვერცერთი ფაქტი, ვინმე რომ გამოსულიყო და გაეპროტესტებინა ის ძალადობა და განუკითხაობა, რაც კრიმინალური ობიექტების თარეშის დროს იყო. არ მახსოვს ვინმეს ხმა აემაღლებინათ და გაერთიანებულიყვნენ კრიმინალების წინააღმდედ. ხოლო დღეს, მე რომ გარეთ გამოვდივარ ღამის 5 საათზე და, საერთო ჯამში, შეიძლება 5000 დოლარის აპარატურა მქონდეს თან, ამავდროულად, საკმაოდ თამამად და მშვიდად დავდივარ ქუჩაში, სწორედ იმის დამსახურებაა, რომ ეს კრიმინალები დღეს ვეღარ დათარეშობენ. ცხადია, იმ კრიმინალზე ბევრად ამაზრზენია, როცა მას აწამებ, თუნდაც მანამდე მას მილიონი სხვა ჩვეულებრივი პატიოსანი მოქალაქე ყავდა გაუთავებული (პირდაპირი გაგებით), უარესად ჩაგრავდა სხვა ბევრად უფრო მსუბუქ დანაშაულზე მსხდომ პატიმრებს, მაგრამ კიდევ უფრო უდიდეს მარაზმად მიმაჩნია ის, რაც ახლა მოხდა ამ ფაქტების გამომზეურებით: რატომ გამოაჩინეს ეს ყველაფერი მაინც და მაინც დღეს, როცა არჩევნებამდე საათებს ვითვლით?

რატომ შევრაცხეთ გმირად მაგ კადრების გადამღები, რომელიც თვითონაც მოძალადეა და, უბრალოდ, დღეს ამით დიდი ფულის შოვნა გადაწყვიტა? რატომ ვიყენებთ ამ მარაზმს პოლიტიკური მიზნებისთვის? თუ ასე შეგვტკივა გული პატიმრების მიმართ, რატომ გამომზეურდა ეს ფაქტები მხოლოდ დღეს. ის, ვისაც ეს კადრები ჰქონდა, თუ ასეთი “ჰუმანური” და პატრიოტია, რატომ არ გამოაქვეყნა ადრე, რითაც შეძლებდა დროულად აღმოეფხვრა პატიმრების წამება? რატომ?

იმიტომ, რომ ამით ვიღაც–ვიღაცები ხელებს და ჯიბეებს ითბობენ და ჩვენც,  ძალადობის გულწრფელად გამპროტესტებელ აპოლიტიკურ ხალხს, გვიყენებენ მათი ჯერ კიდევ გაურკვეველი პოლიტიკური მიზნებისა და წარმატებისთვის. სიმართლე გაინტერესებთ? მე საერთოდ არ მომწონს ბიძინა ივანიშვილი, გულს მირევს მისი გუნდი, ათასჯერ ჩამორეცხილი პოლიტიკური მეძავების ერთობლიობა, რომლებსაც თავის დროზე არ გაუმართლათ პოლიტიკაში (სამართლიანადაც). არიან დაბოღმილები, ფულზე დახამებულები, ყველა ძველი ბოროტებისა და უფსკრულის მშენებლები, და დღეს ეს ადამიანები ცდილობენ ჩვენი მანიპულირებით თავისი “ოცნების” ახდენას, სკამების და ჩვენი ნერვების ხელში ჩაგდებას. ამას რატომ არ ვაპროტესტებთ? რატომ? რატომ არ ვაპროტესტებთ ამ ადამიანების არსებობას ჩვენ ირგვლივ, რომლებიც თავზე გვახვევენ თავის კარგად შეფუთულ სიბინძურეს? რატომ არ ვაპროტესტებთ თუნდაც სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების აგრესიულ ლოზუნგებს? რა, ეგ ლოზუნგები არ არის ჩვენი მოსახლეობისთვის მავნე?

მე გახვევთ თავზე ჩემს აზრს? სადმე ვწერ და ვპოსტავ ივანიშვილის და მათი გუნდის მიმართ გინებას და ლანძღვას? თქვენს მიმართ გამოვხატავ აგრესიას? მე ყველას აზრს ვუსმენ და ვცდილობ ყველასი ასე თუ ისე გავიგო, იმიტომ, რომ ყველას განსხვავებული მსოფლაღქმა გვაქვს. რატომ უნდა დადიოდეს მეშვიდეკლასელი ბავშვი ქუჩაში პოლიტიკური მაისურით? მას უკვე იმ დონეზე ჩამოუყალიბდა აზროვნება, რომ დასკვნების გამოტანა შეუძლია? მე ვოცნებობ ვიყო ისეთი ქვეყნის მოქალაქე, სადაც ხალხი არ იცხოვრებს პოლიტიკით, სადაც ოჯახებში არ იქნება მუდმივი კომფლიქტი პოლიტიკურ თემაზე, სადაც ყოველ სუფრაზე არ ატყდება ჩხუბი პოლიტიკაზე კამათის დროს, სადაც რიგით ადამიანებს არ გვეცოდინება მინისტრების და მათი მესამე მოადგილეების გვარები. აი, მაშინ ვიტყვი, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის, მაგრამ არ ვიცი ეს დრო როდის დადგება. ალბათ მაშინ, როცა ქვეყანაში ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ როდის იქნება ყველაფერი კარგად?  კიდევ დიდხანს არ დალაგდება არაფერი, იმიტომ, რომ როგორც ზემოთ აღვნიშნე, მარტო მთავრობაში,  ოპოზიციაში, მარტო სხვადასხვა ორგანიზაციებში კი არა, მთლიან საზოგადოებაშია პრობლემა. იმ მთავრობაშიც ადამიანები არიან, მთვარიდან კი არავინ ჩამოფრენილა, ისინიც საზოგადოების ნაწილია. ჩვენ ვართ ხალხი, რომლებიც არასდროს არ ვუსმენთ ერთამენთს, ყოველთვის ვშურს სხვისი, გვაკლია ინტელექტი, მაგრამ ყოველთვის სხვაზე ჭკვიანი გვგონია თავი, ვიუკადრისებთ ბევრ რამეს, გვინდა ყველამ ყველაფერი გამზადებული მოგვართვას, გვეზარება მუშაობა, ყველაფერი გვინდა მუქთა, არ გვინდა წესრიგი, ვერ ვარეგულირებთ საავტომობილო მოძრაობას. მაშინ როცა მთელს ქალაქში ვიდეოთვალი და პატრულია, მაინც ვარღვევთ, არასდროს ვუთმობთ ქვეითებს, ნაგავს პირდაპირ ქუჩაში ვყრით, ერთმანეთის ცხოვრებაში ვყოფთ ცხვირს მაშინ, როცა არავინ არ გვეკითხება, ვართ ვანდალები, რაც არ უნდა კარგი გაკეთდეს, მაინც დავაზიანებთ.  საქართველო არ არის რომელიმე პოლიტიკური გუნდის კუთვნილება, არამედ, ის ყველას სათიათაოდ გვეკუთვნის და თითოეული ჩვენ აგური მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისათვის. ჩვენ ვართ ხალხი, რომელიც ჯერ კიდევ მისტირის ,,ბედნიერ” წარსულს, სერიულ მკვლელ საბჭოთა კავშირს, მუქთა ფულს და “ფულის კეთებას”. ვერავინ ხვდება, რომ ქვეყანა ზუსტად იმან დაანგრია, რომ “ყველა ფულს აკეთებდა”, ანუ აკეთებდა არაკანონიერად, ყველაფერი კეთდებოდა “ლევად”, სისტემა იყო ჭაობში და ჩვენს საზოგადოებაში კვლავ მხვდებიან ადამიანები, რომლებიც იმ დროს მისტირიან, რამაც დაანგრია ქვეყანა.

აი ეხლაც, კომენტარს ვწერ, და წინასწარ ვიცი, რომ არაცინ წაიკითხავს, არც არავინ გაანალიებს რას ვწერ და წამოვა ისევ აგრესია. წიანსწარ ვიცი. აი ეს არის ჩვენი საზოგადოების უმთავრესი პრობლემა, და ის მოძალადეც, ერთი თუ მეორე, ამ საზოგადოების ნაწილი და გამოძახილია.

სანამ ადამიანები არ მივეჩვევით ერთმანეთის პატივისცემას, ყოველთვის იქნება ძალადობის ფაქტები, სანამ არ მივეჩვევით ერთმანეთის მოსმენას, არასდროს არავინ მოგვისმენს, სანან არ ვისწავლით წესრიგს, ყოველთვის უწესრიგობა იქნება და ამას ვერც ერთი მთავრობა ვერ დაარეგულირებს, რაც არ უნდა დრო გავიდეს. საშინელებაა ძალადობა, მეც ცუდად გავხდი, ძალაინ იმოქმედა ამ კადრებმა, აი, ძალიან, ვაპროტესტებ, ვგმობ, არ მინდა ოდესმე მსგავსი რამ განმეორდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე სხვა არაფერი გავაკეთო პროტესტის გარდა და სხვა არანაირი პოზიცია არ მქონდეს. არ შეიძლება ისიც არ მომწონდეს, რომ ამ საშინელი კადრებით კიდივ უფრო ცუდად მანიპულირებენ ვიღაცები? არ შეიძლება გავაპროტესტო ისიც, რომ ეს კადრები მაინცდამაიც ახლა გავრცელდა? ხომ შეიძლებოდა უფრო ადრე გამოაშკარავებულიყო, ხომ უფრო დიდი ხნის წინ შეწყდებოდა მსგავსი რამ ციხეებში? ის უფრო მეტი ძალადობა არ არის, როდესაც იცი და მალავ მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ ამ მასალას სარფიანად გაყიდი ან პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენებ? მიპასუხეთ, ეს არ არის ძალადობა? არ მაქვს უფლება ესეც გავაპროტესტო?

რატომ არ ვაპროტესტებთ იმ ფაქტს, რომ დღემდე, საქართველოში 21–ე საუკუნეში, ქალებს “იტაცებენ”? რატომ არ ვაპროტესტებთ, რომ ქალს არავინ ეკითხება ვინ უყვარს ან ვინ არა, მოიტაცე და შენია, და იმ მონატაცებ გოგოს სახლში არავინ იღებს, მიზეზი _  “ხალხი რას იფიქრებს”. რატომ არ ვაპროტესტებთ? ახლა არ მითხრათ ეგეთები არ ხდებაო, საქართველო მარტო თბილისი არ არის. რატომ არ ვაპროტესტებთ იმას, როდესაც ქალს აუპატიურებენ? თქვენ იცით, რომ ძალადობის მსხვერპლი ქალი მთელი თავისი ცხოვრების განმალობაში ვერასდროს იშუშებს ტრამვას, რაც არ უნდა ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია ჩაუტარო, იცით? რატომ არ ვაპროტესტებთ, რახან ამის პოლიტიკურად გამოყენება რთულია? რახან ბიძინა ივანიშვილმა არ დაგვიძახა აქციაზე მაგის გამო? რახან მთავრობას არ გაუკეთებია? მაინცდამაინც მთავრობამ უნდა გააკეთოს ცუდი, რომ გავაპროტესტოთ? სხვისი ქმედებების გაპროტესტება არ შეიძლება და სხვა ყველა დანარჩენი ანგელოზია?რატომ არ ვაპროტესტებთ იმ ფაქტს, რომ საქართველოში დღემდე სცემენ ქალებს ქმრები და საზოგადოება გულგრილად იღებს ამას, აი, მაშინ რატომღაც ყველა იმართლებს თავს “ჩვენი საქმე არაა სხვის ოჯახში რა ხდება”, და მაშინ “შენი საქმეა”, როცა საღამოს 11 საათის მერე გოგოს სახლში “კარგი მანქანა” მოიყვანს და მას ამის გამო ბოზს უწოდებ. რატომ არავინ აპროტესტებს იმ თავგასულ მღვდლებს, რომლებიც სახლის სახელით და ჩვენი ბრმა ნდობით მანიპულირებენ და ათასნაირ აბსურდულ რაღაცებს ქადაგებენ წირვის დროს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, ათასი რამით გვაშინებენ, არანაკლებ აგრესიულ და ძალადობის შემცველ ფრაზებს ისვრიან და ყველა ადამიანს წყევლიან, ვინც უბრალოდ მშვიდად იკითხავს უფრო მეტ განმარტებას წრფელი გულით? (ცხადია, ეს ყველას არ ეხება). რატომ არ ვაპროტესტებთ იმ “აკადემიკოსი” და ათიათასი სტატუსის მქონე “ძალიან მაგარი” ექიმების თავგასულ თავხედობას, რომლებიც არასწორად გმკურნალობენ და, ფაქტობრივად, უარესად გაავადებენ იმიტომ, რომ მას საკუთარი აფთიაქის ქსელი აქვს და წამალს ასაღებს და უფრო დამოკიდებულს გხდის მაგაზე, ან თუნდაც სათანადო პროფესიონალიზმი არ ყოფნის, რომ დიაგნოზი სწორად დაგისვას, რის გამოც ასჯერ გიწევს არასწორი მკურნალობა და უფრო და უფრო ინგრევ ჯანმრთელობას? რა, ეს არ არის საპროტესტო? თუ აქ არ ემუქრება ჩვენს სიცოცხლეს საფრთხე? სამწუხაროდ, ჩემ ირგვლივ, და მათ შორის ჩემს უკვე მრავალ ძალიან ახლო ადამიანს შეემთხვა მსგავსი რამ და დღეს მძიმე მდგომარეობაში არიან. რატომ არ ვაპროტესტებთ თუნდაც იმ გაუმაძღარ ქირურგებს, რომლებიც გიმტკიცებენ, რომ სასწრაფოდ საოპერაციო ხარ, “ტრუხაზე” ჭრიან, მერე ისევ კერავენ და ამ ოპერაციით საკუთარ მუცელს კიდევ უფრო ისიებენ. არ მითხრათ ეგეთი ფაქტები არ ხდება და არ მომხდარაო!

რატომ არ ვაპროტესტებთ თუნდაც იმ ფაქტს, რომ ეს კადრები ტრიალებს ბევრგან ისე, რომ დაზარალებულების სახეები ჩანს. რატომ არ ვფიქრობთ იმ ხალხზე, რომლებსაც აწამებენ, რომ მათ გაუჭირდებათ საზოგადოებაში ინტეგრაცია ადრე თუ გვიან, იმიტომ, რომ მთელმა ქვეყანამ ნახა როგორ აუპატიურებდნენ და მთელი ცხოვრება ფსიქიკა დამახინჯებულნი იქნებიან. რატომ მაგას არ ვაპროტესტებთ? რატომ არავინ გამოჩნდა, ვინც იტყოდა, რომ ჩვენ ამ დაზარალებულების სახეებს ვიყენებთ, მათ ხმას, სახეს, და სულ არ გვადარდებს იმათ ეს უნდათ თუ არა, სულ არავინ ფიქრობს მათ ოჯახებზე. მე ჩემი თვალით ვნახე ერთ ერთ “ოპოზიციურ” ინტერნეტ ტელევიზიაში იდო ვიდეო, სადაც ყოველგვარი ცენზურის და სახის დაფარვის გარეშე ჩანდნენ ეს ადამიანები (ნაწამებ ადამიანებს ვგულისხმობ), რატომ არავინ ფიქრობს მათ ოჯახებზე, რატომ არ მოვითხოვეთ მაგ ვიდეოს დაბლოკვა, სადაც იმ ადამიანის სახე ჩანდა? რატომ არ ვაპროტესტებთ, რომ ეს კადრები გადის საინფორმაციოებში საღამოს 9 საათზე, მაშინ როცა ყველა ბავშვს ღვიძავს. რატომ გგონიათ, რომ ეს ბავშვის ფსიქიკაზე არ მოქმედებს, რატომ გგონიათ, რომ ეს კადრები მასში არ ჩაილექება და მომავალში არ გამოვლინდება აუხსნელი აგრესიის სახით? რატომა არ მოვითხოვეთ ამ კადრების გავრცელების დრო შეზღუდულიყო? მაგალითად, ღამის 12 საათის შემდეგ, მაშინ როცა ბავშვებს სძინავთ?

ახლა მე წავედი, გავაგრძელებ მუშაობას და ძალიან გთხოვთ, სანამ რაიმეს მომწერთ, შემეხებით, წამკბენთ თუ გამომაცხადებთ “სატანად”, კარგად წაიკითხეთ რას ვწერ, ბოლომდე წაიკითხეთ და ისე მიიღეთ გადაწყვეტილება რა მომწეროთ პასუხად და რა არა.

რა ვქნა, ვთვლი, რომ საქართველოში არც სამართლიანი არჩევნები არ იქნება გამოსავალი…საზოგადოებას ვერ შეცვლის სამართლიანი არჩევნები, და ვერ იმის გარანტიას მოგვცემს, რომ ეს გამოასწორებს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას. ელემენტარულად, როგორ უნდა დავიჯერო ხალხის არჩევანის სისწორე, როდესაც სულ რამოდენიმე წლის წინ მოსახლეობის თითქმის 50%–ს უნდოდა “გრეჩიხა” პრეზიდენტად.. ერთი ჩვეულებრივი უტვინო ძველი ბიჭი, რომელსაც არცერთხელ არ გაუჟღერებია მისი პოლიტიკური კურსი, ქვეყნის მართვის გეგმა თუ ახალი სტრატეგია, ერთადერთი მისი უმარტივესი ლოზუნგი იყო სხვისი ლანძღვა და ამ ლანძღვამ ისე აიყოლია ხალხი, წკიპზე გადავრჩით უფსკლურში გადაჩეხვას. ბოდიში საქართველო, ბოდიში საზოგადოებავ, მაგრამ მე თქვენ არ გენდობით!

თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, არჩევნები ობიექტურად უნდა ჩატარდეს და არ გეგონოთ მაგის მომხრე არ ვარ. რასაც ავირჩევთ, იმას მოვიმკით და ეს არჩევანი, ნამდვილი თუ არა, იმედია, დამსახურებული მაინც იქნება ქართული საზოგადოებისთვის.

არ გეგონოთ, რომ ყველაფერს ცუდს ვხედავ. ეს ასე არ არის, მაგრამ თუკი ვფიქრობ, რომ ვაშლი გემრიელია, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ არ მიყვარს მსხალი. ყველაფერს ერთ დღეში ვერ დაწერ ადამიანი. ამ დღეებში მივხვდი, რომ საზოგადოება ვითარდება, იხვეწება და შედარებაც არ შეიძლება ძველ ბნელ დროსთან და, ჩემი აზრით, ბევრად უფრო ამაღლდა დემოკრატიის მიმართ ხალხის დამოკიდებულება და თავისუფლებისადმი ლტოლვა. ეს ბოლო ხანებში კარგად გამოჩნდა, როცა ამდენი ხალხი გამოვიდა ძალადობის დასაგმობად, ამდენმა ხალხმა გააპროტესტა ადამიანის წამება და, რაც ხაზგასასმელია, საზოგადოებამ არ დაუშვა კომპრომისი, ეს იქნებოდა ქურდი, მკვლელი თუ მწამებელი. არავინ არ შემხვედრია ამ ბოლო ხანებში, ვინც იტყოდა, რომ “აწამეთ, ღირსნი არიან, ისინი სხვებს აწამებდნენ და ნერგავდნენ სისასტიკეს და არაკანონიერ მენტალობას საზოგადოებაში” – აი ესეთი ფრაზა არავისგან მომისმენია და ძალიან გამიხარდა, გულწრფელად გამიხარდა, არავინ არ გაამართლა წამება, აი არავინ, ჩემ ირგვლივ, და ეს ძალიან მახარებს, არ დავუშვით გამონაკლისი და ყველამ გააპროტესტა. ეს ძალიან სერიოზული პროგრესია საზოგადოებისთვის, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მთელი 90–იანები და შემდგომი პერიოდი ასეთი ფაქტები ხდებოდა ყველგან, პოლიციაშიც და ხალხშიც, მაგრამ ხალხი არ აპროტესტებდა, ნუ ასეთი მასიური სახე მაინც არ ჰქონდა. მოკლედ გამიხარდა და ჩემი პირადი პოზიციაა, რომ ამ ცნობიერების ჩამოყალიბებას ხელი ბევრმა რამ შეუწყო, შევეჩვიეთ ალბათ და ცოტა მაინც გავითავისეთ, რომ სახელმწიფოში ვცხოვრობთ და არა ჯოჯოხეთში.

ახლა ვარ ბათუმში, ხშირად ახსენებენ ვინმე “რემბოს”, რომელიც ყოფილა თურმე “ქართული ოცნების” მაჟორიტარი და ვისაც ვკითხე (ბათუმის მოსახლეობას ვგულისხმობ) მის შესახებ, ყველას ტანში გააჟრიალა და უსასტიკესი ფაქტები გაიხსენეს ქურდების “თარეშის” და “განუკითხაობის” ეპოქის და პირადად მის შესახებ. დღეს ეს ადამიანი თურმე ერთ ერთი ძლიერი პოლიტიკური ძალის  სახეა. რა ვქნა, არ მინდა, რომ ამ ძალამ გამოიყენოს ეს სიტუაცია და გამოგვიყენოს ჩვენ.

და კიდევ ძალიან მინდა ერთ საკითხსაც შევეხო:  “ქართული ოცნების” წევრები და თავად ივანიშვილი ხშირად იმეორებს, რომ “ჩვენ დავიწყეთ ომი”… უკაცრავად მაგრამ, ვთქვათ, გაიმარჯვე და მოხვედი ხელისუფლებაში, შენ მაგ სიტყვების გამო არ მოგეთხოვება? რუსეთი და არა მარტო რუსეთი, მთელი საერთაშორისო ორგანიზაციები არ გეტყვიან, რომ თუ შენ თვითონ დაიწყე ომი, თან არასწორად, მაშინ რაღა პრეტენზია გაქვს, დაკარგე ტერიტორიაო, არ გეტყვიან მასე? თუ რახან მაშინ სხვა მთავრობა იყო, შენ არ მოგეთხოვება? სახელმწიფო ხომ იგივე რჩება, სახელად საქართველო, რა მნიშვნელობა აქვს ვინ იქნება სათავეში, სახელმწიფო ხომ იგივეა, რატომ გგონიათ, რომ ივანიშვილს არ მოეთხოვება აფხაზეთის და ცხინვალის საკითხი, როცა თვითონვე ამბობს ჩვენი ბრალიაო. რატომ? სულ არ აინტერესებს საერთაშორისო ორგანიზაციებს სათავეში ვინ იყო მაშინ, მთავარია, რომ სახელმწიფო, იგივე სახელმწიფო, აცხადებს, რომ ომის დაწყება და ყველაფერი უბედურება ჩვენი ბრალიაო. ცოტა მიკვირს, რატომ არავინ ამახვილებს ყურადღებას ამ ფაქტზე, ეს ხომ ფაქტიურად კანონიერად უკანონებს აფხაზეთს და ცხინვალს დამოუკიდებლობას ამით, ხომ ჩვენთვითონ ვამბობთ უარს მათზე?

და ახლახან ვნახე კადრები, რაზეც კინაღამ გადავბჟირდი სიცილით, როგორ ამართლებდა ბიძინა ივანიშვილი იმ ფაქტს, რომ მისი ძმისშვილი ფულს აძლევდა კონკრეტულ ადამიანებს იმისთვის, რომ ჩაედინათ ხელოვნურად ისეთი რამ, რაც მათ აწყობდათ ხალხის კიდევ უფრო აღშფოთებისთვის:  “ჩემი ძმისშვილი არასერიოზული კაცია და სერიოზულად ნუ მიიღებთ მაგასო”… აი მაგაზე სრული შოკი მივიღე, აი ეს არ იყო ხალხის დაცინვა და აბუჩად აგდება? აი, შოკში ვარ, და ეს “არასერიოზული კაცი” მართავდა ასეთ მოლაპარაკებებს და ,,შემთხვევით”, ასევე “არასერიოზულად” თან აღმოაჩნდა ამხელა ფული ხომ? სირცხვილი და კიდევ ერთი საკითხი, რაც ძალიან მაწუხებს: ეს არის ხალხის აგრესია. ყოველთვის, როცა ვინმე გამოხატავს თავის პოზიციას, რომელიც არ ემთხვევა “რადიკალურ ოპოზიციურ” შეხედულებებს, ავტომატურად იწყებენ შენს ლანძღვას, გაგინებენ, გიწოდებენ არაადამიანს, უგულოს, დაგცინიან და შენგან მოითხოვენ “გონების გაბრწყინებას” და გთვლიან არასერიოზულ და “სულელურად მოაზროვნედ”,არასდროს გისმენენ და შესაბამისად ვერც ვერასდროს გამოაქვთ დასკვნა შენი ნათქვამიდან. უკაცრავად, მაგრამ მეც მაქვს ჩემი პოზიცია, ჩემსავით საბედნიეროდ უამრავი ადამიანი ფიქრობს, ვმსჯელობთ, ვაანალიზებთ ფაქტებს და აქედან გამომდინარე ვუზიარებთ ერთმანეთს ჩვენს შეხედულებებს, მაგრამ არ მახსენდება მე ან ჩემი რომელიმე ნაცნობი დაპირისპირებოდა მისგან განსხვავებული პოზიციის მქონე ადამიანებს, ან მიეყენებინათ რაიმე ტიპის შეურაცხყოფა, ან დაეწყოთ ყვირილი და ეძახათ მათთვის ათასგვარი დამამცირებელი სიტყვები. საბედნიეროდ, ფიზიკურად ჯერ არავინ გამსწორებია და არც შეურაცხყოფა და დიდი დამცირება მომისმენია ჩემი მისამართით და, იმედია, არც მოვისმენ, მაგრამ როგორც მინიმუმ არ გისმენენ და მცირედ აგრესიას გამოხატავენ და ისე გიყურებენ, თითქოს სამშობლო გამეყიდოს და ფული ჩამედოს ჯიბეში. მაგრამ ბევრი ფაქტი მესმის ყოველდღე, თუ როგორ აგრესიას გამოხატავენ ყველას მიმართ, ვინც მათ არ ეთანხმება. ძალიან დიდი თხოვნა მექნება, თუ არ მეთანხმებით, თქვენი ნებაა და მე თქვენი ძალიან ძალიან კარგად მესმის, და ეცადეთ თქვენც ეგრე მიიღოთ ჩემი აზრები.

ავტორი: გაგა კაპანაძე

57 Comments leave one →
  1. December 9, 2012 07:56

    ძალიან ემოციურია და მიუხედავად იმისა რომ ყოველგვარი პოლიტიკური სარჩულის გარეშე მეც ვიდექი აქციაზე, ბევრ რამეში ვეთანხმები ავტორს… უფრო მეტიც არის საგნები, რომელსაც ვიზიარებ… მაგალითად ის რომ “ცინგლინ” ბავშვს პოლიტიკურად შელამაზებული მაისური არ უნდა ეცვას, სხვა თუ არაფერი ამით მის უფლებას არღვევ… გაიზრდება ბავშვი და ვინ იცის როგორი პოლიტიკური აზროვნება ჩამოუყალიბდება. არ არის გამორიცხული მშობლების უვიცმა გადაწყვეტილებამ პრობლემაც კი შეუქმნას. ვეთანხმები იმიტომაც, რომ ბოლო პერიოდი, ღამე სეირნობისას თავს დაცულად ვერ ვგრძნობ. არ ვიცი, შეიძლება ფსიქოლოგიური მომენტია, მაგრამ ფაქტია რომ ისე ხშირად ვერ “ვტკბები” ცივ საღამოს ბოდიალით როგორც ადრე… პრობლემა ნამდვილად ქართულ საზოგადოებაშია, რომელსაც არჩევნებით, აქციებით და მთავრობათა წასვლა-მოსვლით ნამდვილად ვერ და არ ეშველება!

  2. Anonymous permalink
    December 31, 2012 15:56

    კარგი იქნება ავტორმა სასწორი შეიძინოს და აწონოს მისი აპარატურის მშვიდად გადატანა და გირგვლიანის დედის მწუხარება იმ ბანდიტების მიერ მოკლული ახალგაზრდას დედას რა პასუხს გასცემსდა საინტერესოა თურმე მთლად მშვიდად ვერ გადაიტანს ძვირად ღირებულ აპარატურას ეს ახალგაზრდა და სერთოდ ის “სიმშვიდე” რომელიც ასე იზიდავს ამ ყმაწვილს აწონოს რის ხარჯზეა იქნება ქვეყნის დეგრადირების ხარჯზეა არ უფიქრია ნეტა კარგი იქნება ინტერნეტში პორნო საიტებში დაძრომას პლატონის სახელმწიფო ან შოპენჰაუერი წაიკითხოს რომ ცხოვრება დაინახოს და სიბნელიდან ისე გამოვიდეს რომ სიყალბემ თვალები არ მოჭრას.

Trackbacks

  1. ქართული ,,მარგალიტები“ | shorenaghvachliani

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: