Skip to content

უსტაბაში

October 13, 2012

დღეს ძველ ფოტოებს ვათვალიერებდი და ბევრი რამ გამახსენდა, ბავშვობა მომენატრათქო რომ გითხრათ, არ იქნება მართალი, რადგან ჩემს ბავშვობაში არაფერი მომხდარა ისეთი, რაც შეიძლება ახლა მენატრებოდეს. საკუთარ თავს მაინც ვერ გაექცევი და რაც უნდა დიდი ნაბიჯებით შორდებოდე წარსულს, მით უფრო ხშირად და მტკივნეულად გაგახსენდება ის.

ერთი ნათესავი მყავდა (მყავდა რა, მყავს), ჩვენთან ჩამოდიოდა ხოლმე სტუმრად, თითქმის მთელი სოფელი ემზადებოდა მის დასახვედრად. ყველას ეშინოდა ამ ქალის, უსტაბაშს ეძახდნენ, არიქა, უსტაბაში მოდისო და დაფაცურდებოდა ყველა. აბა, ვინმე კაი ბიჭი ყოფილიყო და ბირჟაზე უსაქმოდ მდგარიყო, ან ქალები ყოფილიყვნენ გარეთ გამოფენილნი, ვინმეს ეზო ჰქონოდა მოუვლელი ან სახლი დასალაგებელი, ,,უსტაბაში“ მაშინვე ყველასა და ყველაფერს ჩააყენებდა მწყობრში და სოფელიც ჩვეული რუტინიდან უჩვეულო ფაციფუცს იწყებდა. მე ყველაზე მეტად მეშინოდა მისი, რადგან არ არსებობდა საქმე, რომელსაც გავაკეთებდი და მოიწონებდა, რამეს ვიტყოდი და შენიშვნას არ მომცემდა, ამიტომ ვემალებოდი ხოლმე და ჩუმად ვიყავი. თუმცა დამალვა რას უშველის ახლო ნათესავის სახლში ყოფნას, მაინც ხშირად ვხედავდით ერთმანეთს.

როცა უსტაბაში სახლში იყო, დილით ბედნიერი გავდიოდი, უკან კი აკანკალებული ვბრუნდებოდი და სასწრაფოდ ვიწყებდი რამე საქმის კეთებას, სანამ თავად ის მეტყოდა, რომ უსაქმური ვარ.

მახსოვს, სასწავლო წლის დაწყებამდე, წიგნებს ყიდულობდა ხოლმე ჩვენთვის და თან გვიხსნიდა, რომ აუცილებლად კარგად უნდა გვესწავლა, რომ მერე უმაღლესში ჩაგვებარებინა და ,,ნასწავლები“ გამოვსულიყავით. მერე ამ წიგნებს თვალის ჩინივით ვუფრთხილდებოდი, ვაითუ რამე დაშავებოდა, მერე უსტაბაშს როგორღა გადავურჩებოდი.

რამდენჯერაც მე და ჩემი და სახლში გვიან ვბრუნდებოდით, იმდენჯერ გვეჩხუბებოდა, შეპასუხებაზე ლაპარაკი ზედმეტია, მხრებაწურულნი ვიდექით და მორჩილად ვუსმენდით.

უსტაბაში თვლიდა, რომ ქალის საქმე ოჯახის მოვლაა, ქმარი, შვილები, ხელსაქმე. მახსოვს, ასე 14 წლის ვიყავი, ცალკე გამიყვანა და მითხრა, რომ უკვე დრო იყო სახლის საქმეები მესწავლა, რათა მომავალში სამაგალითო ქალი ვყოფილიყავი. ამიხსნა, თუ როგორ უნდა დაალაგოს ქალმა სახლი, გააწყოს სუფრა, დარეცხოს ჭურჭელი და ა.შ.

შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი სოფლის ოთარაანთ ქვრივი იყო, ოღონდ დროებითი, ჩამოვიდოდა, წესრიგს დაამყარებდა, ვიღაცას ეჩხუბებოდა, ვიღაცას კარგ საქმეს გაუკეთებდა, ოღონდ აუცილებლად ჩხუბითა და ჭკუის დარიგებით, მერე კი ისევ წავიდოდა და სოფელი ჩვეულ ცხოვრებას უბრუნდებოდა.

მკაცრი იყო უსტაბაში, მაგრამ ხუმრობაც კარგი იცოდა. ერთხელ მომატყუა, 13 წლის რომ გახდები, ბიჭი თითსაც კი თუ შეგახებს, დაფეხმძიმდებიო, მე 2 წელი გულუბრყვილოდ  ჯეროდა მისი ნათქვამის და ბიჭებთან არანაირი სახის ურთიერთობა არ მქონდა, პანიკურად მეშინოდა მათი შეხების🙂

ახლა უსტაბაში მოხუცდა, დაპატარავდა, თითქმის ვერ ხედავს და სმენაც ძალიან ცუდი აქვს, ძლივს დადის ოთახებში და როცა ვნახულობ, ყოველთვის თბილად მიხუტებს და თვალები უცრემლიანდება. მე ვუყურებ და ვცდილობ მასში დავინახო ის მკაცრი ქალი, რომელიც ყველას თავზარს სცემდა, მაგრამ ვერ ვხედავ, დარჩა მხოლოდ მოგონება შორეული წარსულიდან, რომელიც ახლა მხოლოდ ღიმილს მგვრის…

4 Comments leave one →
  1. October 13, 2012 19:35

    რა თბილი პოსტია❤

    • October 13, 2012 20:08

      ჰო, თბილია, ბავშვობაში რომ პანიკურად გეშინოდა და ახლა რომ მხოლოდ სითბოს გრძნობ და სევდას კიდევ…

  2. October 13, 2012 20:06

    ნამდვილად თბილი პოსტია ^_^

    მეც მყავს სოფელში ერთი ეგეთი და წელს, ზაფხულში რომ შევატყე ძაან დავერდა და ძველი “გულო” აღარაა, სოფელს რომ აღვიძებდა დილას ნახირის წყევლანარვი გარეკვით, რაღაცნაირად გული დამწყდა..

    • October 13, 2012 20:09

      მესმის შენი, მეც გული მწყდება, რომ ვუყურებ, მერე რა, რომ ბავშვობაში მეშინოდა…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: