Skip to content

აბსურდული სასამართლო

March 15, 2013

ვინც არ არის გარკვეული აგრარულის ამბებში, ამ პოსტის მიზანსა და არსს ვერ გაიგებს

მე ვიყავი ლოთი, ისეთი ლოთი, რომ ჩემი გამოსწორების შანსი ნულის ტოლი იყო, ყოველდღე მქონდა ე.წ. ზაპოი, სასმლის ფულის გამო ვმათხოვრობდი, ამდიოდა სუნი და ჩემი ღვიძლი დღითი-დღე იწყებდა დაშლას. მეგობრებიც მხოლოდ სასმლის ხათრით მეძმაკაცებოდნენ, ბევრჯერ მძინებია ტროტუარზე მაწანწალა ძაღლებთან ერთად.

ამ დროს გამოჩნდა კეთილი ადამიანი, რომელმაც წამიყვანა გამოსასწორებელში, მიმკურნალა, ჩემზე დიდი ფსიქოლოგიური გავლენა მოახდინა, ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რათა აღედგინა ჩემი შელახული რეპუტაცია, რათა მე შემძლებოდა, დამებრუნებინა სამსახური, ბინა, მანქანა და შვილებისთის მიმეცა ხარისხიანი განათლება. ძველი საზიზღარი ლოთის ნიშნებიც კი არ შემომრჩა. ეს კეთილი მკურნალი ექიმი კი პარალელურად აგრძელებდა ჩემზე ზედამხედველობას, რათა ისევ არ დამელია და ძველებურად არ გავლოთებულიყავი.

ამ დროს ერთ გავლენიან კაცს მოეწონა ჩემი ცოლი და გადაწყვიტა თავიდან მოვეშორებინე. ამ კაცს ჩემი მკურნალი ექიმიც სძულდა, რადგან მან ვერ შეძლო ჩემნაირი ლოთების განკურნება ამ ექიმისგან განსხვავებით.

ერთ დღეს მეგობრის დაბადების დღეზე ვიყავი მეუღლესთან ერთად. ვიწრო წრეშიო, რომ იტყვიან. ყველამ შესვა იუბილარის სადღეგრძელო. მეც მოვწრუპე, თუმცა ჩემს გონებას არანაირად არ დატყობია, აბსოლუტურად ფხიზლად ვგრძნობდი თავს. მეგობრებმა გააგრძელეს ლხინი, კარგადაც შეზარხოშდნენ, ზოგი მათგანი ცუდად გახდა, ზოგმა “გაჭედა”, ზოგს უბრალოდ დაეძინა. მე კი სრულიად ფხიზელი ვადევნებდი ამ ყველაფერს თვალს. გადავწყვიტეთ სახლში წასვლა, რადგან ჩვენი შვილები სახლში მარტონი იყვნენ.  გარეთ რომ გამოვედით, გადავწყვიტე, რადგან 2 წვეთი ალკოჰოლი მაინც მქონდა დალეული, მანქანა სახლში დამეტოვებინა და სახლში ტაქსით წავსულიყავი. დავინახე მანქანა ყვითელი ტრაფარეტით და ხმამაღლა დავუძახე: “ტაქსიი!”. მანქანა გაჩერდა, ფასზე მოვრიგდით და სახლში მშვიდობით მიმიყვანა.

ამ ამბიდან ცოტა ხანში ვიგებ, რომ სამართალდამცავები მიბარებენ. მივედი. განმიცხადეს, რომ ჩემს სახელზე შემოსულია საჩივარი, თითქოს და მე ჩემი ხმაურით ჩემი იუბილარის მეზობელი შევაწუხე, ვისთანაც ვიყავი სტუმრად.  გავოგნდი, კი მაგრამ, მე ხომ არ მიხმაურია?! თუმცა დაველოდე მოვლენების განვითარებას.

ერთ დღესაც სახლში ჩხრეკის მიზნით შემომივარდნენ. ვერ მივხვდი რას ეძებდნენ, გადაქექეს მთელი სახლი. ვიკითხე, რას ეძებთ-მეთქი? პასუხი ვერავინ გამცა, მხოლოდ მოსამართლის ბრძანება მაჩვენეს და განმიმარტეს, რომ ვალდებულნი იყვნენ გამოძიება დაეწყოთ იმ მეზობლის საჩივრის საფუძველზე, რომელიც ღამის საათებში საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში მდებდა ბრალს. თავის მხრივ მომჩივანი 80 წლის შინაბერა, ბუზღუნა ქალბატონი  აღმოჩნდა, რომელიც ეზოში მოთამაშე ბავშვებს ბურთს უჭრიდა, სახლში გვიან დაბრუნებულ გოგონებს ჭუჭრუტანით უთვალთვალებდა, რათა დილით მთელი სამეზობლოსთვის მოეყოლა, როგორ მოაცილა ეს “ბოზი” ვიღაც ბიჭმა და შანსს არ უშვებდა ხელიდან არ დაეტრაბახა თავის სადოქტორო ხარისხითა თუ მისი “გამოზრდილი” წარჩინებულებით.  ვიკითხე, კონკრეტულად მე რა დავაშავე-მეთქი? პასუხი: შენ როდესაც იმ ღამეს ტაქსის დაუძახე, დაძახილზე გამეღვიძა და მთელი ღამე ვეღარ დავიძინე და ბევრი საძილე აბის მიღება მომიწიაო. ამ ჭარბი საძილე აბების შედეგად კი მგონი სკლეროზის ნიშნები დამეწყოო, თან დასძინა, იმ ღამეს ნამდვილად ზომაზე მეტად მთვრალი იყავიო. რეალობა კი ის იყო, რომ ნახევარი ჭიქა ალკოჰოლიც კი არ მიმიღია.

პოლიცია ჩხრეკას განაგრძობდა, ჩემი სიმთვრალის დამადასტურებელ ფაქტებს ეძებდნენ და იპოვეს კიდეც: აბაზანაში ჩემი მეუღლის სუნამოს მიაგნეს, რომელიც სპირტს შეიცავდა. ამოიღეს როგორც ნივთმტკიცება და გადაუგზავნეს ექსპერტებს. ექსპერტებმა დაადასტურეს ალკოჰოლის შემცველობა ჩემი ცოლის სუნამოში და გაიმართა სასამართლო. ბევრი ადამიანი დამიდგა გვერდში. ჩემმა მკურნალმა ექიმმა ქალაქის საუკეთესო ადვოკატი ამიყვანა, რომელიც ამტკიცებდა, რომ მე იმ დღეს ნასვამი არ ვიყავი. წარმოვადგინე ექიმის მოცემული ცნობა, რომელიც ამტკიცებდა, რომ მცირედი ალკოჰოლის მიღების შემთხვევაშიც კი, მე კვლავ შემიბრუნდებოდა ალკოჰოლიზმის სიმპტომები და ასე ჯანსაღად არ ვიქნებოდი. ყველაზე გონივრულად მაინც ჩემმა ექიმმა დამიცვა, ჯერ ერთი ჩემი პაციენტი არ ყოფილა ნასვამი, მეორეც, რომც ყოფილიყო, რა არის ამაში დანაშაულიო. მოსამართლე განმარტავდა, რომ ყველა ადამიანს აქვს დალევის უფლება, უბრალოდ როცა ეს ბახუსი არღვევს სხვა ადამიანის უფლებებს, მაშინ დანაშაულია. ბებო კვლავ ამტკიცებდა, რომ მისი უფლებები დაირღვა, რადგან მთელი ღამე ვერ დაიძინა, პერიოდულად ყველას ახსენებდა მის საზოგადოებრივ მიღწევებს და მოუწოდებდა სასამართლოს აღედგინათ სამართლიანობა და მისი ღირსება.

ჩემს გაოცებას საზღვარი არ ქონდა, როცა ჩემი მეზობლების ნათესავები გამოცხადნენ სასამართლოს მოწმეების სახით, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ მათი ნათესავების (ჩემი საკუთარი მეზობლების) მონაყოლით იცოდნენ ჩემი ოჯახური ძალადობების შესახებ. მიცავდა ჩემი ადვოკატი, მკურნალი ექიმი, აღშფოთებული იყვნენ სასამართლო დარბაზში მსხდომი ჩემი მეგობრები და უბრალოდ გულშემატკივრები. არც ჩემმა შვილებმა, არც მეუღლემ  და არც მეზობლებმა არ დაადასტურეს ჩემი მხრიდან ოჯახში ძალადობის ფაქტები. მიუხედავად ამისა, ბრალმდები მხარე (ამ შემთხვევაში უკვე ჩემი მეზობლების ნათესავები) ჯიუტად ამტკიცებდნენ, როცა მე სახლში “მთვრალი” ვბრუნდებოდი, საკუთარ შვილებს და მეუღლეს ვცემდი. სხვა ბევრი დარღვევა აღმომიჩინეს, მაგალითად, მანქანის პარკირების გადაუხდელი ქვითარი, რომელიც ვერავინ ახსნა რა კავშირში იყო ბებოს დარღვეული ძილის გამო წაყენებულ ბრალთან. ჩემი მკურნალი დუმდა, შევატყვე რაღაცას ხვდებოდა. პარალელურად გააქტიურდა ის გავლენიანი პიროვნება, რომელმაც ჩემს ცოლს დაადგა თვალი. ბოლოს იმდენად გათავხედდა, ღამის საათებში ინტიმური ხასიათის სმს-ებსაც კი წერდა ჩემს მეუღლეს და არ მალავდა მის ზრახვებს, თუ როგორ ვნებით დაეწაფებოდა მის სავსე, სურნელოვან და თავბრუდამხვევ მკერდს.

ვინაიდან მე წინასწარი დაკავების იზოლატორში გახლდით, ეს ფაქტები ცოტა მოგვიანებით გავიგე, თუმცა ჩემი მეუღლე მოწოდების სიმაღლეზე იდგა.  გაიმართა გადამწყვეტი სასამართლო. ფაქტების ნაკლებობის (და არა არარსებობის) გამო გააბათილეს ჩემი მხრიდან ოჯახური ძალადობა, თუმცა ალკოჰოლიზმში კვლავ მედავებოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების მანძილზე არცერთ ადამიანს არ ვყავდი ნასვამ მდგომარეობაში ნანახი. სასამართლო წარიმართა უამრავი დარღვევით, ნაფიცი მსაჯულების დაბნეულობიდან გამომდინარე აშკარა იყო, რომ განაჩენი წინასწარ ჰქონდათ გამოტანილი. თითქოს ყველამ პირი შეიკრა. დიდხნიანი დებატების, საქმეების განხილვის და ბრძოლის შემდეგ, ნაფიცი მსაჯულები გავიდნენ სათათბიროდ, ფაქტობრივად, განაჩენის გამოსატანად. მახსოვს იყო მომენტი, როცა მოვეშვი, თითქოს შევეგუე კიდეც, მივხვდი, რომ წინასწარ დადგმულ სპექტაკლს და არნახულ უსამართლობას წინ ვერ აღვუდგებოდი, თუმცა პერიოდულად მაფხიზლებდა, ძალას და ბრძოლისუნარიანობას მმატებდა ჩემი შვილების შეძახილები დარბაზიდან, რომელთა ხმაც სასიამოვნოდ მიღიტინებდა ყურში და ჩემი მეუღლის მზრუნველი და ცოტა შეშინებული გამოხედვა. ეს უკანასკნელი გარემოება არ მაძლევდა უფლებას საკუთარ თავთან დავმარცხებულიყავი, ამიტომ ვინარჩუნებდი მხნეობას. თუმცა დარბაზის ბოლოში, ერთ ბნელ კუთხეში მაცდურად იმზირებოდა გავლენიანი კაცი, რომელიც ბოლომდე ვერ გამირკვევია მართლა იქ იჯდა იმ მომენტში თუ უბრალოდ “ის ყველგან არის”.

შესვენება დიდხანს გაგრძელდა, მოსამართლე ნერვიულად პასუხობდა სატელეფონო ზარებს, თუმცა არ ისმოდა საუბრის შინაარსი. შემოვიდნენ. ბრძოლას აგრძელებდა ჩემი ადვოკატი, თუმცა ვერ ხვდებოდნენ რაზე უნდა გვემართლებინა თავი, ვერც იმას ხვდებოდა რას მიპირებდნენ. მოსამართლემ გამოგვიცხადა, რომ რთული იყო გადაწყვეტილების მიღება და ნაფიც მსაჯულებს შორისაც იყო აზრთა სხვადასხვაობა. დაობდნენ, რა განაჩენი გამოეტანათ ჩემთვის: სამუდამო პატიმრობა თუ სიკვდილით დასჯა? დავინახე ჩემი ოჯახის წევრების გაფართოებული თვალები, ექოებით, ცოტა დაგუდულად მესმოდა ჩემი შვილების განწირული ყვირილი, რომლებიც სამართლიანობას მოითხოვდნენ. ჩემი მკურნალი ექიმიც მათ გვერდით იჯდა, ის იყო ჩემი იმედი, მას ვენდობოდი, იმედი მქონდა, რომ რაღაცას მოიფიქრებდა, ვიცოდი, რომ არ გაგვწირავდა მე და ჩემს ოჯახს. თუმცა ძალიან კარგად ხვდებოდა, რომ არც ჩემი ბრალეულობა იყო რაიმე კავშირში ამ გაუგებრობასთან და არცსხვა რამ. მიზეზი მარტივი იყო: ჩემი ცოლის სილამაზე და მისი და გავლენიანი ადამიანის ინტერესთა კომფლიქტი.

საქმის სირთულის გამო, სასამართლომ გადაწყვიტა ღია რეჟიმში ეყარათ კენჭი, პირველად დააყენეს ჩემი სიკვდილით დასჯის განაჩენი. რვა ოთხის წინააღმდეგ, გადაწყვეტილება მიღებულია, მე სიკვდილით დამსჯიან. თუმცა მოსამართლემ გამოიჩინა “კეთილი ნება”, გაითვალისწინა რა ჩემი ოჯახის წევრების ინტერესები და 4 თვე მომცა სიცოცხლის უფლება. ჩემი ცოლი დააიმედა, 4 თვის შემდეგ შეგიძლია სხვა კაცს გაყვე ცოლად, ხოლო შვილებს ჩვენ მივხედავთ და გადავანაწილებთ ოჯახებში თუ ბავშვთა სახლებშიო. ასევე მომცეს გასაჩივრების უფლება, ან მე შემეძლო ჩემი სიკვდილის გასაჩივრება, თუმცა სიკვდილით მაინც დამსჯიდნენ. ნუ მკვდარს შემეძლო მეჩივლა.  კმაყოლილნი ჩანდნენ ბებო და ჩემი მეზობლის ნათესავები, რომლებიც ზეიმობდნენ “სამართლიანობის გამარჯვებას”. მე დამსაჯეს, დამსაჯეს უკიდურესად მკაცრი ფორმით, სიკვდილით დასჯით ნასვამ მდგომარეობაში საზოგადოებრივი წესრიგი გამო.

მეორე დღესვე გააქტიურდნენ ჩემი მხარდამჭერები, ჩემი ოჯახი, ნათესავები, მეგობრები, დაიწყეს მასიური საპროტესტო მოძრაობა, ის ადამიანებიც კი დამიდგნენ გვერდზე, რომლებსაც არც კი ვიცნობდი. გულის სიღრმეში ყველა აცნობიერებდა, რომ დღეს ჩემი დასჯის შემთხვევაში ნებისმიერ მათგანს ემუქრებოდა უსამართლობის საკუთარ თავზე გამოცდა.

გადიოდა დრო, თუმცა, სამართალდამცავების აქტიური აგიტაციის, ტყუილების და სამართლიანობაზე ამოფარების საშუალებით, მოახერხეს საზოგადოების აზრის ორად გაყოფა. ნაწილს ჩემი მკურნალი ექიმი აღიზიანებდა, ნაწილს ჩემი ადვოკატები, ნაწილმა დაიჯერა,  რომ გადაწყვეტილება არც ისე მკაცრი იყო და სინამდვილეში მე არავის დავუსჯივარ სიკვდილით, 4 თვე ხომ მქონდა სიცოცხლის უფლება. ზოგს ეგონა, რომ 4 თვის მერე მაინც შემეძლო მეცხოვრა, მაგრამ არავინ ფიქრობდა იმაზე, თუ როგორ გაგრძელდებოდა ჩემი ცხოვრება. ჩემს შვილებს შორისაც გაჩნდა ბზარი, ყველას თავის ამბიცია აწუხებდა,  თუმცა მაინც აქტიურად მიცავდნენ, ზოგი მათგანი გულწრფელად და შემართებით, ზოგი კი ნაკლები ენთუზიაზმით. ბევრს გაუჩნდა სურვილი ამ შემთხვევით ესარგებლა, ჩემს რამოდენიმე შვილსაც კი. ყველაზე აქტიურად მაინც ჩემი მკურნალი ექიმი მიცავდა. მე ვაგრძელებდი ჩემს ოჯახთან ერთად ყოფნას, მსიამოვნებდა ჩემი ცოლის ალერსი, ამაყი ვიყავი ჩემი შვილებით და გული მწყდებოდა ზოგიერთი მათგანის უგუნურობით. მე ხომ მათ ყველაფერი მივეცი, რისი მიცემაც შემეძლო, საუკეთესო პირობები საცხოვრებლად, საუკეთესო განათლება, ძვირფასი ტანისამოსი, სათამაშოები, ვიდეო თამაშები, დამყავდა გასართობ დაწესებულებებში, სპორტზე, საღამოობით ვვახშმობდით რესტორანში და დავდიოდით კინოში. რაც ყველაზე მთავარია, მე მათ ვასწავლიდი თუ როგორ შეექმნათ ეს ყველაფერი თავისით, როგორ გამოსულიყვნენ ჩემი შვილები წარმატებულები, რამოდენიმე მათგანმა უკვე მიაღწია წარმატებას, მე მათ ვასწავლიდი როგორ შეექმნათ თავისი ოჯახი, როგორ აეწყოთ კეთილდღეობა, სტაბილურობა, კომფორტი, როგორ დახმარებოდნენ სხვებს და ყოფილიყვნენ მატერიალურად უზრუნველყოფილნი. მთავარი ეს იყო, რომ მე მათ ვასწავლიდი თავად შეექმნათ გამართული, ტკბილი ოჯახები.

დრო გადიოდა, განაჩენის დღე ახლოვდებოდა. დიდი საპროტესტო მუხტიდან გამომდინარე სასამართლომ გადაწყვიტა თავისი გადაწყვეტილება გაემართლებინა და ინტერპრეტაცია მიეცა, ცოტა უკანაც კი დაიხია და საზოგადოებას უმტკიცებდნენ, რომ არავინ არ აპირებდა ჩემს მოკვლას. იმასაც კი გვაჯერებდნენ, რომ ეს ჩემი და ჩემი ოჯახის საკეთილდღეოდ გააკეთეს, არა მარტო ჩემი, თითქოს ეს გადაწყვეტილება სხვა ოჯახებსაც შეუწყობდა ხელს განვითარებაში, თუმცა ვერავინ ხსნიდა როგორ? ჩემს დასჯას კი ჩემი ოჯახის და მეზობლების უსაფრთხოებაზე ზრუნვით ხსნიდნენ და სადაც კი შანსი ქონდათ აჩვენებდნენ იმ ერთადერთ “ნივთმტკიცებას”, ჩემი ცოლის სუნამოს, რომელის მე შემეძლო დამელია, დავმთვრალიყავი და გამელახა ბავშვები, ცოლი და მეზობელი.  რატომღაც სხვა ექიმები და სამედიცინო დაწესებულებები არ ცდილობდნენ აეხსნათ, დაკვირვებოდნენ და ესწავლათ, თუ როგორ უნდა განკურნო ჩემნაირი ლოთი. არავის მოსვლია აზრად ჩემი უკიდურესად მძიმე ალკოჰოლიზმის ასე მოკლე დროში განკურნება სამაგალითოდ ექცია, პირიქით, ბევრი ექიმი არ კადრულობდა ჩემზე დაკვირვებას და არც აღიარებდნენ ჩემს ბოლომდე გამოჯანმრთელებას.

გავიდა დრო და მე დავდექი არჩევანის წინაშე: მოვკვდე, კვლავ გავლოთდე, თუ განვაგრძო ბრძოლა?

ავტორი: გაგა კაპანაძე

7 Comments leave one →
  1. Anonymous permalink
    March 15, 2013 22:44

    შედევრია შედევრი ,,, აღფრთოვანებული ვარ

  2. March 16, 2013 05:43

    გაგა, შენ რა გითხარი😀 არ გამიკვირდა, ნათიას რამდენი ულაპარაკიათქო?😀
    :*

    • March 16, 2013 12:56

      ვინ იცის რამდენს დაეზარა ბოლომდე წაკითხვა და ჩემი ჰგონიათ :))))))

      • Anonymous permalink
        March 16, 2013 19:54

        შენც დასაწყისშივე დააწერე ავტორი და ყველა ბოლომდე წაიკითხავს, რომ გაიგებენ ვისიცაა🙂🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: