Skip to content

ჩემი შორეული აღმოსავლეთი

June 11, 2013

არ მიყვარს აზია, ჩემს გულთან ახლოს არ მოდის. მიყვარს ევროპა, მაგრამ აზია არა. როდესაც აკუტაგავას ვკითხულობდი განცდების არ აღძრავდა. ფამუქის კითხვისას ვშლიდი ფურცელს ფურცელზე, დავასრულე წიგნები და დავხურე. დამრჩა ინფორმაცია, მწერლის მსოფლმხედველობა გავიგე, მაგრამ გულთან არაფერი მოსულა.  ფამუქის კითხვას ვაიძულებდი თავს, პრინციპის საქმედ მექცა აღმომეჩინა ის, რამაც მსოფლიო საზოგადოება აალაპარაკა და რამაც ემოციები აღძრა, კი, ვიპოვე, მაგრამ ჩემი ემოციები არ შეცვლილა.

მხიბლავს ევროპული კულტურა, ფილოსოფია, ხელოვნება, მაგრამ აბსოლუტურად უუნარო ვარ აზიურის მიმართ. მომწონს, როდესაც ვკითხულობ წიგნს, ვუყურებ ფილმს და ვგრძნობ, როგორ მივლის ჟრუენტელი ტანში, მსგავსს ვერაფერს ვგრძნობ აზიური კულტურის მიმართ. თითქოს მეშინია მისი და ძალით არ ვიკარებ გულთან ახლოს, მეშინია, რამე ისეთი არ ვიპოვო, რაც დამაფიქრებს, რომ ის უკეთესია მასზე რისიც ახლა მწამს და მჯერა.

როდესაც კლასიკურ ფილოლოგიაზე ვსწავლობდი, სულს მიძრავდა ანტიკური კულტურის დიდებულება, არასდროს დამიშვია და არც ახლა ვუშვებ, რომ შეიძლება არსებობდეს მასზე უფრო ღრმა და დიდებული რამ. ჩემი მსოფლაღქმა ძალიან შორს არის და ვერაფრით უახლოვდება აზიურს, ის ჩემთვის შორეული და ბუნდოვანია, არ ვუახლოვდები და არც მინდა ახლოს მისვლა.

,,უმანკოების მუზეუმის” კითხვის დროს სულ ის ფიქრი მაწვალებდა, რომ აქ აღწერილი სიტუაცია არარეალურია, რომ არ არსებობს ისეთი გრძნობები, რაც ქემალს აქვს ფუსუნისადმი. კითხვა დავასრულე და ამაოდ ვეძებდი ჩემში ემოციურ ზეგავლენებს, რაც კითხვის დასასრულს უნდა გამჩენოდა. შესაძლოა, ხელს თურქული კულტურის, საზოგადოებისა და არქიტექტურის აღწერა მიშლიდა, რადგან მე ხომ ასე ძალიან არ მხიბლავს თურქეთი.

ბოლო დროს ამომიტივტივდება ხოლმე ცალკეული სიტუაციები და ფრაზები წიგნიდან. სულ ვფიქრობ, როგორ შეიძლება კაცს ასე ძალიან უყვარდეს ქალი, ვცდილობ ჩემი გულში აღმართული რკინის კარი გავალღო და ჩავწვდე მწერლის ემოციებსა და განცდებს, არ გამომდის. არ გამომდის, ანდაც გული მწყდება, გული მწყდება იმის გამო, რომ ასეთი მძაფრი განცდები, ვნებები და ემოციები არასდროს იქნება ჩემს ცხოვრებაში, რომ არ არსებობს კაცი, რომელსაც შეუძლია ასე უყვარდე. ვფიქრობ იმაზე, რომ ქალებს შეუძლიათ ასეთი სიყვარულის განცდა, მაგრამ კაცებს არა, ან არ უნდათ, ან შეუძლიათ, მაგრამ არ ამჟღავნებენ. მე უფრო მეორე თეორიას ვემხრობი, რომ მათ აქვთ ძალა უყვარდეთ მთელი არსებით, მაგრამ ეს არ დაგანახონ. ალბათ ვერასდროს მივხვდები რატომ არის საჭირო გრძნობების ასე დაფარვა.

ფამუქის წიგნების კითხვისას როგორც შემეძლო რომ ობიექტურად შემეფასებინა, შევაფასე და ნამდვილად გენიალური მწერალია, მაგრამ ჩემი სუბიექტური აღქმისგან ძალიან შორს დგას.

P.S. რამდენიმე წლის წინ ვოცნებობდი ტიბეტში წავსულიყავი, მაგრამ ახლა აღარ მინდა, იქნებ არაცნობიერში მართლა არსებობს შიში ჩვენში არსებული იდეალების გადატრიალებისა?

No comments yet

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: