Skip to content

წითელი მანიკურები

July 30, 2013

პირველ კურსზე უცნაურად ვიცვამდი ხოლმე, რატომღაც მინდოდა ბიჭს დავმსგავსებოდი. ჩაჩაჩული შარვალი, თავზე კეპი, ,,კაცურად” სიარულის მანერა. ამით ვცდილობდი ყველა ნაკლის დაფარვას, რაც მეგონა რომ მქონდა. ერთხელ გადავწყვიტე, რომ გოგოს დავმსგავსებოდი. ჩავიცვი შარვალი, რომელიც ძალიან მიჭერდა და დისკომფორტს მიქმნიდა სიარულის დროს, ზემოდანაც რაღაც ქალური წითელი ფერის მაისური, მხარზე გადასაკიდი ჩანთა ზურგჩანთის მაგივრად, წითელი ფერის კლიფსები და, რაც მთავარია, წავისვი წითელი მანიკურები.

122089839868793644_dgfr5qsw_f3

უჟმური დღე იყო, ციოდა, თუ არ ვცდები, წვიმდა კიდეც. გარეთ არ გავსულვარ, დილიდან ლექციები მქონდა და დღის განმავლობაში ვიჯექი აუდიტორიებში და ჩემს წითელ მანიკურს ვუყურებდი. მოწონების გამო არა, არამედ იმიტომ, რომ მაკომპლექსებდა. მთელი დღე ვმალავდი თითებს და ძალიან განვიცდიდი ამ მანიკურის არსებობს ჩემს ფრჩხილებზე. ალბათ გაინტერესებთ რატომ მქონდა ასეთი განწყობა. იმიტომ რომ მაშინ ჩემთვის წითელი მანიკური ორ რამესთან ასოცირდებოდა: ბოზთან და უაღრესად დახვეწილ და ლამაზ ქალთან. მე არც ერთი ვიყავი, არც მეორე და განვიცდიდი, რომ მივითვისე რაღაც იმიჯი. თანაც მეგონა, რომ წითელი მანიკურების დანახვაზე სხვებსაც ჩემნაირი ასოციაციები უჩნდებოდათ.

საშინელი დღე იყო. პირველი, რომ შარვალი ძალიან მიჭერდა და კიდევ უფრო მიმძაფრებდა განცდებს ჩემს სიმსუქნესა და სიმახინჯესთან დაკავშირებით, და მეორე, რომ ჩემთვის აბსოლუტურად შეუფერებელი წითელი მანიკური მესვა.

ლექციების მერე პირველ კორპუსში მთავარ კიბეებთან ვიდექი მეგობართან ერთად და იმის მაგივრად რომ მომესმინა რას მელაპარაკებოდა, ისევ ჩემს წითელ მანიკურებს ვუყურებდი. ამ დროს კიბეებზე სტუდენტებმა ამოირბინეს და შეშინებულები ყვიროდნენ, რომ რუსთაველზე რაღაც მოხდა. როგორც აღმოჩნდა, სპეცრაზმმა დაარბია აქციის მონაწილეები.

გარეთ გავედი იმის გასარკვევად თუ რა ხდებოდა. არავინ არაფერი იცოდა. მაშინ არ მქონდა სმარტფონი, რომ ინტერნეტში შევსულიყავი და რამე გამერკვია, ჩემი ლურჯეკრანიანი მოტოროლა და არაფერში გამომადგებოდა. ვიგებდი მარტო ლაპარაკს, რომ გზები გადაიკეტა, ტრანსპორტი აღარ მოძრაობდა.

გაჩერებასთან გადავედი, რომ სახლში წავსულიყავი ჩემი ყვითელი ავტობუსით, მაგრამ ისინი არსად ჩანდნენ, მარშუტკები მაშინ არ დადიოდნენ. მახსოვს, მეზიზღებოდა ის დღეც და საკუთარი თავიც ამ საზიზრარი წითელი მანიკურების გამო.

იძულებული გავხდი ტაქსით წავსულიყავი და დავიწყე ჩანთაში ფულის ძებნა. ზოგი ხურდა პატარა ჯიბეებში ვიპოვე, ზოგი ჩანთაში მქონდა მიმოფანტული, ნაწილი საფულეში, ნაწილი შარვლის ჯიბიდან ამოვკრიფე და სასწაულებრივად გამომივიდა 7 ლარი! მახსოვს, მაშინაც კი, ამ უცნაური დღით შეშინებული, ვფიქრობდი წითელ მანიკურებზე, რადგან მუდმივად მიწევდა შემეხედა ხელებისთვის.

ისიც აღსანიშნავია, რომ მაშინ პირველად ვიმგზავრე ტაქსით, არც კი ვიცოდი მძღოლისთვის როგორ მეკითხა ფასსზე, უბრალოდ, დიდი წვალების მერე გავაჩერე, ვუთხარი, რომ ჩემი ბიუჯეტი შეადგენდა სულ შვიდ ლარს და რომ არ წავეყვანე, უბრალოდ, იქ მომიწევდა ღამის გათევა.

ეს იყო 2007 წლის 7 ნოემბერი, რომელიც ჩემთვის ყოველთვის ასოცირდება წითელ ფერთან, არა სისხლის გამო, არამედ იმ საზიზღარი წითელი მანიკურის გამო, რომელმაც დღე გამიმწარა. ყოველთვის, როდესაც იხსენებენ შვიდ ნომებერს, მე თვალწინ მიდგება ჩემი წითელი მანიკურები და ორმაგად, ათმაგად და ასმაგად მეზიზღება ის დღე.

რა თქმა უნდა, არანორმალურია 7 ნოემბრის მანიკურებთან დაკავშირება, მაგრამ ადამიანი ასოციაციურად აზროვნებს.

დღეს ცხოვრეაში მეორედ წავისვი წითელი მანიკური და ეს სევდიანი დღე გამახსენდა, თუმცა განსხვავება ისაა, რომ ახლა საკუთარი თავი აღარ მეზიზრება და წითელი მანიკურიც მომწონს.

P.S. ვიცი, რომ ”მანიკურები” არასწორი ფორმაა.

3 Comments leave one →
  1. July 30, 2013 11:31

    რა თქმა უნდა, არანორმალურია 7 ნოემბრის მანიკურებთან დაკავშირება, მაგრამ ადამიანი ასოციაციურად აზროვნებს. –––––– ადამიანი ცარიელი ასოციაციებია მე თუ მკითხავ!!!

  2. viktors permalink
    August 27, 2013 20:41

    რესტორნები თბილისში http://relax.ge/ge/cat/tbilisi/restaurants/

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: