Skip to content

ჭორაობა

November 2, 2013

Gossip

სულ მიკვირდა ხოლმე როდესაც წუწუნებდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ მათზე ვიღაც ცუდს ამბობს, ცუდ ჭორებს უგორებს და ა.შ.

საინტერესოა, რა უნდა გააკეთო ისეთი, რომ ვიღაც უსაქმურები დასხდნენ და შენზე იჭორაონ და მეორე საკითხია საერთოდაც რატომ უნდა გადარდებდეს, როდესაც ეს უსაქმურები შენზე ჭორაობენ?

ალბათ ჩემზე არავინ ჭარაობს, ან შეიძლება მე არ ვაქცევ ყურადღებას. არ ვიცი.

და მაინც, თუ ძალიან არ მოგწონთ როდესაც თქვენს ცხოვრებას სხვები განიხილავენ და არ გინდათ თქვენზე გავრცელებულმა ჭორებმა ხასიათი გაგიფუჭოთ, ამის თავიდან ასაცილებლად არსებობს რამდენიმე მეთოდი:

1.არ გაიცნოთ მეზობლები

ეს მართლა კარგი მეთოდია. ჩემი რამდენიმეწლიანი სახლიდან სახლში ქირით ბოდიალისას არასოდეს გამჩენია სურვილი გამეცნო მეზობლები. მათ მარტო მაშინ ვხედავდი, როდესაც ლიფტის და სადარბაზოს განათების ფულის შესაგროვებლად კარზე მიკაკუნებდნენ. მეზობლების გაცნობა იმიტომ არ მინდოდა, რომ ხალხს ჰგონია, თუკი ერთხელ უთხარი გამარჯობა, ერთხელ შეიპატიჟე სახლში, მერე როცა მოუნდებათ უნდა მოვიდნენ შენთან ჭიქა ყავის დასალევად და საჭორაოდ, მე კიდე ვერ ვიტან დაუკითხავად რომ მოდიან ჩემთან და ჩემთვის აბსოლუტურად უინტერესო თემებზე მელაპარაკებიან, თან საუბარში აუცილებლად გკითხავენ რამეს პირადი ცხოვრების შესახებ და ერთ-ორ ჭორსაც გეტყვიან შენზე, რაც გამაღიზიანებელია.

რა თქმა უნდა, მეზობლების არგაცნობა ხელს არ უშლის შენზე ჭორების გავრცელებას, სამაგიეროდ, შენ ვერ გაიგებ ამის შესახებ და მშვიდად იცხოვრებ🙂

2.ნუ მოიქცევით გამომწვევად

აქ არ იგულისხმება ის, რომ ვინმეს ნების თავისუფლებას ვუზღუდავ, უბრალოდ, ზოგიერთი ადამიანი განგებ იქცევა ისე, რომ ყურადღების ცენტრში იყოს და სხვებს მასზე ლაპარაკის საფუძვველს აძლევს. მერე კი სხედან და წუწუნებენ, თუ რატომ ერავა სხვა მის ცხოვრებაში, რატომ უვრცელებს ჭორებს და ა.შ. ყოველთვის უნდა ვიყოთ ის რაც ვართ, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვრები.

3.ნუ გაასაჯაროვებ ყველაფერს

ჩემი მოკრძალებული აზრით, ხანდახან, ის ადამიანები ხდებიან ჭორაობის ობიექტები, რომლებიც საკუთარი ცხოვრების შესახებ ბევრს ლაპარაკობენ, თითქოს თავს გახვევენ. ახალბედა დედები, რომლებსაც გამარჯობასაც კი ვერ ეტყვი რომ უკვე თავის შვილზე იწყებენ ლაპარაკს, შეყვარებული გოგოები, რომლებიც გამუდმებით ბოიფრენდზე ბურღავენ ტვინს და ა.შ. არავის აინტერესებს ეს პირადი ისტორიები, მაგრამ იმდენს შვებიან ეს ადამიანები, რომ მერე მათზე იწყებენ ჭორაობას.

4.ნუ იქნები ჭორიკანა

ეს საინტერესო მომენტია, როდესაც ჩვენ თვითონ ვასწორებთ მიწასთან სხვა ადამიანებს სისულელეების ლაპარაკით და მერე კი აღშფოთებულები გამოვხატავთ პროტესტს.

მე მგონია, რომ არასოდეს უნდა გაუკეთო სხვას ისეთი რამ, რაც არ გინდა რომ შენ გაგიკეთონ, შესაბამისად, ყველა თუ ასე ვიფიქრებთ, ჭორაობის მოყვარულთა საზოგადოება აღარ იარსებებს.

ისე კი, არასოდეს ჭორაობენ სხვაზე თუ მისი არ შურთ, თუკი ვინმე თქვენზე ლაპარაკით ენას იცვეთს, ე.ი. ბევრი რამისთვის მიგიღწევიათ ცხოვრებაში🙂

თუმცა ჭორაობის სურვილს ადამიანში გარკვეული სოციალური გარემოებები განაპირობებს, რომელშიც მხოლოდ სხვისი კარგი ცხოვრებისადმი შური არ იგულისხმება. ხანდახან ადამიანებს სხვა გზა, სხვა ცხოვრების შემავსებელი გასართობი არ აქვთ გარდა ჭორაობისა. მაგ. ჩემს ბავშვობაში სოფელში აგორებული ნებისმიერი ჭორი იყო რუტინული და ერთფეროვანი ცხოვრების გამახალისებელი და თითქოს შვებისმომგვრელი ერთადერთი საშუალება. თუმცა ეს უფრო ღრმად საკვლევი საკითხია და ასეთი მსუბუქი ხასიათის პოსტის ჭრილში არ ჯდება, ასე ღრმად მერე განვიხილავ🙂

No comments yet

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: