Skip to content

რატომ ჩაგრავენ კაცები ქალებს?

August 7, 2014

კი, ეს პოსტი სტერეოტიპებზეა დამყარებული

როცა სიარული ჯერ კიდევ არ შეგეძლო და მაშინაც კი, როდესაც შეგეძლო, მაგრამ დედას სულ ხელში ეჭირე, ცუდ სიტყვებს გასწავლიდნენ. აბა, დედიკოს შეაგინე – დედა მოტააა – უუუუ, შეგენაცვალე, რა კაცი მეზრდები! – შესძახებდა მამა. შენი მეზობელი ტასო ამ დროს თოჯინებს ეთამაშებოდა და როდესაც მისი მშობლები შენზე ეუბნებოდნენ, ნახე დედიკო რა კარგია ბიჭია, მორცხვად თავს ხრიდა და წითლდებოდა.

როცა დამოუკიდებლად ისწავლეთ ეზოში სირბილი, ერთად დაიწყეთ თამაში. ტასო რომ იქცეოდა, დედა გეძახდა აივნიდან, ააყენე დროზე, გოგოა, მიეხმარე, შენ ჰო კაი ბიჭი ხარ, გოგოებს უნდა დაეხმარო! როცა ერთმანეთს დასდევდით და მერე ჩხუბობდით, მამა გეძახდა – გაანებე გოგოს თავი, როგორ შეიძლება გოგოს ეჩხუბო, ცოდოა, კაცი არა ხარ? როდესაც ეზოში შენ ველოსიპედით დარბოდი, ტასო და თავისი დაქალები სახლობანას თამაშობდნენ. როცა შენ სათამაშო მანქანებით ერთობოდი ბიჭებთან ერთად, ტასოს ბებია ახალ-ახალ კაბებს აზომებდა. როცა შენ მორიგ ხეზე აძრომის მცდელობის შემდეგ გადაყვლეფილ მუხლებს ისრესდი, ტასო ჩუმად იქექებოდა დედიკოს პარფიუმერიაში. რამდენჯერაც არ სცადე, რომ ტასო შენთან ერთად წაგეყვანა ხეზე საძრომიალოდ, დედამისი გამყინავი ხმით ეძახდა, სად მიყვები გოგო მაგას, მოდი დროზე სახლში! მერე დედაშენი მხარს აუბამდა, გიორგი, სად მიგყავს ტასო? დაანებე თავი!

ერთხელ სამზარეულოში თამაშისას სუხიშვილების ცეკვას უყურე, ძალიან მოგეწონა სხარტი მოძრაობები და ცეკვის საოცარი ილეთები, დედას უთახრი, რომ ცეკვაზე გინდოდა შესვლა, მამამ მაგიდაზე მუშტები აბრახუნა, ჩემი შვილი პიდარასტი კი არ არის ცეკვაზე იაროსო, მე ფეხბურთელი შვილი უნდა გავზარდოვო! შენ დიდად არ გაგიპროტესტებია, ფეხბურთი ძალიან გიყვარდა და მოგეწონა ეს იდეა. შენ რომ ფეხბურთზე დაიწყე სიარული ტასო ცეკვაზე შევიდა, შენ ძალიან შეგშურდა, მაგრამ მალევე გადაგიარა, მას შემდეგ რაც ერთხელ გემრიელად მოწიწკნე თმა.

სკოლაში ერთად შეხვედით. შენ უხერხულად გრძნობდი თავს შარვლსა და კოსტუმში, ტასო უხერხულად იშმუშნებოდა მეტისმეტად გადატკეცილი თმითა და დიდი თმისსამაგრებით, სამაგიეროდ ლამაზი კაბა ეცვა და ამით ბედნიერი იყო.

კლასი, ძირითადად, გაყოფილი იყო ორ ნაწილად – შენ და შენი ძმაკაცები და ტასო და თავისი დაქალები. რა თქმა უნდა, დროს ერთად ატარებდით, მაგრამ სულ ჩხუბობდით. გაკვეთილების დროს შენ გოგოების სკამს ურტყამდი ფეხს, დაჭმუჭნულ ქაღალდს ესროდი, თმას წიწკნიდი, ან ჩანთიდან წიგნებს აცლიდი; მერე მასწავლებლის გამკივანი ხმა და დასჯა. კუთხეში უნდა დამდგარიყავი და თან საჯაროდ ბოდიში მოგეხადა გოგოებისთვის. შენ გულზე სკდებოდი ბოღმისგან და ვერ ხვდებოდი რატომ უნდა გაგეკეთებინა რაც ძალიან არ გინდოდა და დიდი ძალისხმევის შემდეგ ამოილუღლუღებდი ხოლმე ბოდიშს.

სკოლაში, ასევე, გასწავლიდნენ, რომ შენ ხარ ძლიერი და შენი მოვალეობაა გოგოებს დაეხმარო, თუ საჭიროა, მათი ჩანთა უნდა ატარო, თუ წაიქცევა, უნდა ააყენო. სკოლის ე.წ. ბუფეტში, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გშია, ჯერ გოგოები უნდა გაატარო, თუკი ვინმე უცხო ბიჭი ეჩხუბა შენს კლასელ გოგოს, შენ უნდა დაიცვა და ა.შ. შენ ვერ ხვდებოდი რატომ უნდა გადაყოლოდი თან გოგოებს, მათ კი შენთვის არაფერი არ უნდა გაეკეთებინათ და იბოღმებოდი.

ეზოში დიდი ბიჭები გოგოებზე იცინოდნენ ხოლმე, ისეთ რაღაცებს ამბობდნენ, რაც შენ არ გესმოდა, მაგრამ საშინელი ინტერესი გაგიჩნდა უფრო მეტი გაგეგო გოგოების შესახებ. ერთხელ, ზაფხულში, მდინარეში ბანაობისას, შემთხვევით აღმოაჩინე, რომ თქვენი სასქესო ორგანოები მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან. თამაშის დროს ხელი სპეციალურად მოუსვი, რომ გაგეგო როგორი იყო, ტასომ ყვირილი მორთო და სასწრაფოდ დედამისთან გაიქცა. შენ დაიბენი და ვერ მიხვდი რატომ არ შეიძლებოდა ხელი შეგეხო იქ თუ სხვაგან ხელის შეხება შეიძლებოდა. ცოტა ხანში ტასოს დედა მამაშენს ეჩხუბა, შენს გაუზრდელ ბიჭს მიხედეო, მამაშენმა მის დასანახად რამდენჯერმე დაგიყვირა, როცა სახლში მოყავდი კი უცნაურად გიღიმოდა და თავზე ხელს გისვამდა, უხ, რა ვაჟკაცი ბიჭი მეზრდებიო. შენ ვერ გაიგე რატომ იყო მამაშენი ასე კმაყოფილი, მაგრამ გიხაროდა, რომ არ გეჩხუბებოდა.

ერთხელ ტასო ნამტირალევი მოვიდა სახლში, ჩუმად უსმენდი, დაქალებს უყვებოდა, დედამისისთვის უკითხავს სექსი რა არისო, დედამ სახეში გაარტყა და ბევრი უყვირა თურმე. ტასოს ვერ გაეგო რატომ ეჩხუბა დედა და ჩუმად სლუკუნებდა. შენ იცოდი რაც იყო სექსი, უბანში დიდმა ბიჭებმა გითხრეს, მართალია ზუსტად ვერ გაიგე რაიყო და ისიც ვერ გაიგე ტასოს ამის გამო რატომ ეჩხუბნენ, მაგრამ მიხვდა, რომ ეს ისეთი რამ იყო, რაშიც შენ გქონდა ქმედებისდა და ლაპარაკის პრივილეგია, გოგოებს კი არა.

ერთხელ ბიჭები გოგოებს ეუზრდელეთ და ცუდი სიტყვები უთხარით, გოგოები ატირდნენ და მასწავლებელთან გაიქცნენ. ამბავი სკოლის დირექტორამდე მივიდა და მან მშობელთა კრება დაიბარა, სადაც დედების და მამების თანდასწრებით თქვენზე თქვა რომ უპასუხისმგებლო და უზრდელი ბიჭები ხართ და საჯაროდ მოგახდევინათ ბოდიში. მას მერე მშობლების გრცხვენოდა, ხოლო ყველა მასწავლებელი და გოგოები არანორმალურად შეგძულდა.

გოგოები იყვნენ ის ადამიანები, რომლებთანაც არ შეგეძლო საიდუმლოებები გქონოდა, რადგან ისინი მაშინვე გარბოდნენ და დედებს ან მასწავლებლებს უყვებოდნენ, იმიტომ რომ ასე ასწავლეს, ასწავლეს, რომ ბიჭებთან ცუდ თემებზე ლაპარაკი არ შეიძლება, ბიჭებთან აქეთ-იქით სიარული არ შეიძლება, ბიჭები ცუდები არიან და ა.შ. მაგრამ შენ ვერ ხვდებოდი, რომ მათი ასეთი საქციელი აღზრდის შედეგი იყო და უფრო და უფრო იბოღმებოდი მათზე, ნებისმიერი საშუალება უნდა გამოგეყენებინა, რაც მათ დასჯაში დაგეხმარებოდა. შენ ამასაც ვერ ხვდებოდი, რომ გოგოებზე დომინირების და მათი დასჯის სურვილი წლების განმავლობაში არაცნობიერში გელექებოდა.

ძალიან გაინტერესებდა რაიყო ის ავადსახსენებელი სექსი, რის გამოც საშინლად დაგსაჯეს. უბნის ბიჭებისგან კი იცოდი, მაგრამ ზედაპირულად. ამჩნევდი იმასაც, რომ გოგოები შეიცვალნენ, მათ საიდანღაც გაუჩნდათ მკერდი, რომელიც ბავშვობაში არ ჰქონდათ და რომელსაც გულდასმით მალავდნენ ხოლმე, დაუგრძელდათ ფეხები, რაღაცნაირი იდუმალები და მიუწვდომლები გახდნენ. შენც ამჩნევდი შენს სხეულში ცვლილებებს და ვერ ხსნიდი რა გემართებოდა.

ერთხელ მამამ დაგისვა და გითხრა, რომ ქალებში უნდა წაეყვანე. საშინელმა სიხარულმა მოგიცვა, როგორც იქნა, უნდა გაგეგო ის ყველაფერი, რაც ასე ძალიან გაინტერესებდა და გენახა, რასაც გოგოები გულდასმით მალავდნენ. ქალთან პირველად ყოფნა ბუნდოვნად გახსენდება, გახსოვს მარტო ის, რომ ის ქალი ძალიან არ გავდა შენს კლასელ გოგოებსა და მათ დედებს, სულ სხვანაირად ეცვა და სხვანაირად იქცეოდა, სექსის დროს კი ბუნდოვანი კადრები და აჩქარებული გულისცემა, მეტი არაფერი.

სკოლაში მისულს სასაცილოდ არ გყოფნიდა გოგოების ჭორაობა და სხეულის იდუმალად დაფარვა, შენ უკვე ყველაფერი იცოდი იმის შესახებ, რასაც მალავდნენ და აღარ მიგაჩნდა რამე განსაკუთრებულად. იცოდი, რომ თუ მოგინდებოდა კიდევ სიამოვნების მიღება, მამა ისევ ქალებში წაგიყვანდა და კლასელ გოგოებთან ბღლარძუნი არ გჭირდებოდა. გაიგე ისიც, რომ შენ გქონდა ამ საშინელი სიამოვნების- სექსის ქონის უპირატესობა, ხოლო გოგოებს არა და მიხვდი, რომ ეს იყო ის მძლავრი იარაღი, რომლითაც მთელი დარჩენილი ცხოვრება შეგეძლო გოგოებზე გებატონა.

ის ფაქტი, რომ ადრე ყველაფრით გოგოებს ანებივრებდნენ, მთელი ბავშვობა აუტანელი წიკვინა გოგოს ჩანთა დაგქონდა, ბუფეტში საჭმელს უთმობდი, ყველაფრეს უნაწილებდი რაც შენ გქონდა, ბოდიში ყოველთვის შენ უნდა მოგეხადა, მშობლებთან ყოველთვის შენ იყავი დამნაშავე და არა ის – გაანეიტრალა ისეთი მძლავრი იარაღის ქონამ როგორიც იყო ქალთან სიამოვნების მიღება, სექსი.

შენ დაწიყე იმით მანიპულირება, რომ სექსის ქონის პრივილეგია გაქვს, ხოლო გოგოს არ აქვს. შენ შეგიძლია სექსისგან სიამოვნება მიიღო ცუდ გოგოებში, კარგებთან კი იმეგობრო და თან თითის ქნევით შეაპარო, რომ მისთვის სექსი ქონა, ბოზობაა, რომ მას არ აქვს უფლება დატკბეს იმავე სიამოვნებით, რასაც შენ იღებ. აბა, რას ჰქვია, ეს წიკვინა, საშინელი არსება, რომელმაც მთელი ბავშვობა გაგიმწარა, ახლაც იმავე პრივილეგიით სარგებლობდეს, რითაც შენ? არასოდეს.

შენ ახლაც გხვდებიან ქალები, რომლებსაც სექსი აქვთ, ისინი ბოზები არ არიან, უბრალოდ სექსი აქვთ და შენ მათი გეშინია, გეშინია იმიტომ რომ ის ერთადერთ იარაღი, რითაც მაღლა იდექი ყველა მდედრზე, ამ ქალისთვისაც ხელმისაწვდომია, მასაც აქვს იგივე პრივილეგია, რაც შენ – აქვს სექსი და ეს გონებას გიბინდავს. დაუშვებელია ქალი იყოს შენი თანასწორი, ის არსება, რომელის გამოც ბავშვობაში უამრავი პრობლემა შეგექმნა, რომლის გამოც ათასჯერ გიჩხუბია და შენთვის ათასჯერ გაუტეხავთ ცხვირი, ეს არსება არის შენი თანასწორი და შენი პრივილეგიებით სარგებლობს!

შენ ვერასდროს მიხვდები, რომ ის ზიზღი, რაც იმ ქალისადმი გაქვს, რომელსაც შენსავით აქვს სექსი, სინამდვილეში შიშით არის განპირობებული, მამაკაცური პრივილეგიების წართმევის შიშით. რადგან შენ მთელი ცხოვრება გასწავლიდნენ, რომ ქალზე მაღლა დგახარ, ის სუსტია და მას შენ უნდა დაეხმარო, როგორც ძლიერი, რომ უნდა მოეფერო, ხელის გულზე ატარო, შენი შვილები უნდა აღაზრდევინო, საჭმელი უნდა აკეთებინო, ხოლო ის იდუმალი იარაღი, სექსი, მარტო შენი პრივილეგიაა, რადგან მამაკაცი ხარ. ამ დროს კი ხედავ ქალს, რომელსაც შენი დახმარება არ სჭირდება და ანალოგიური პრივილეგიებით სარგებლობს, რითაც შენ, ჰოდა გეშინია, არაცნობიერად პანიკურად გეშინია, იმ კომფორტული და პრივილეგიის მიმნიჭებელი სტატუსის დაკარგვის, რასაც მამაკაცად ყოფნა ჰქვია…

 

6 Comments leave one →
  1. August 8, 2014 06:27

    სახეში სილის გარტყმაა ეს პოსტი🙂

  2. August 8, 2014 06:34

    wow!!! ამ მხრიდან არც შემიხედავს… ძალიან საინტერესოა!

  3. August 8, 2014 07:08

    yochag!!!! warmatebebi❤

  4. August 8, 2014 18:12

    ძალიან კარგად არის დანახული და დაწერილიც. წარმატებები

  5. August 8, 2014 18:16

    ყოჩაღ, ფორთო.

  6. August 26, 2014 17:55

    მართალ!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: