Skip to content

ბნელი და ტკბილი 90-ანები

September 18, 2014

ეძღვნება მათ, ვისაც არ ახსოვს

მთლად 90-იანებში არ მიცხოვრია, ცოტა აქეთ ვარ. წლები, რომლებზეც მინდა მოვყვე 1999-2004-ა, მაგრამ ჩემთვის ეს წლებია ის 90-იანები, რომლებზეც საუბრობენ ხოლმე.

რთულია იმის გადმოცემა, რას გრძნობ ბავშვობის მეგობრების მიმართ. იმ ადამიანების მიმართ, რომლებთანაც სკოლის მერე აღარ გაქვს ურთიერთობა, მაგრამ პერიოდულად გახსენდებიან, ხან წარსულზე ფიქრის დროს, ხან კი ფბ-ზე რომ თვალს მოკრავ მაშინ. იმაზე ლაპარაკიც რთულია, რა გაქვს წარსულში გამოვლილი. თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, ის ეპოქა, ჩემი ცხოვრების შემადგენელი ნაწილია და მინდა თუ არ მინდა, შემომახსენდება ხოლმე.

ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპები რეალურად ხომ მათთან მაქვს გავლილი. ჯერ იყო შვიდქვაობანა, დაჭერობანა, დამალობანა, რეზინობანა, ქურდი ზონაში, გაშეშობანა, ორდროშობანა, ომობანა და ა.შ. მერე ამის პატრონმა რა ქნას და  წითელი/ყვითელი/შავი. იყო მეზობლის მჟავე ტყემალი, შემწვარი სიმინდი, მზესუმზირები, მწვანე ჯერ კიდევ დაუმწიფებელი ვაშლი, კაკალი, რასაც ჩუმად ვპარავდით მეზობლებს, ბიჭები გვაგულიანებდნენ ხოლმე და ჩვენც დავძვრებოდით ხეებზე, ხან კი ქვებს ვესროდით და ისე ვყრიდით ვაშლსა თუ კაკლებს.sim

ტყემალ, ტყემალ დამჟავდი/თორემ წყალში გადაგყრი/ბაყაყები შეგჭამენ/ვეღარ მოგეშველები > ასე ,,ვამჟავებდით” მარიმლოყრილ ტყემალს და მერე მუჭა-მუჭა ვიყრიდით პირში.

იყო მიწისგან გამომცხვარი ნამცხვრები და ერთმანეთთან გადაპატიჟებები, იყო სახლობანა, დედა-შვოლობანა, დადგმები და მეზობლების დაპატიჟება…

იშვიათად იყო ლოვე კევები, შოკოლადის პლიტკა შოკი, ტურბო და კიდევ ბევრი სასუსნავი, რომელთა სახელი უბრალოდ აღარ მახსოვს.

იყო სკოლაში შატალოები, ერთმანეთის დაბეზღება, გაბრაზება და გაბუტვები, მშობლების ჩხუბი, ეზოს ბოლოს ჩუმად შეხვედრები, მაშინ ხომ სმარტფონები და ლეპტოპები არ იყო, რომ ერთმანეთს ინტერნეტით დავკონტაქტებოდით. ზამთარში კი ციოდა, დილით ყინავდა და ადგომა არ გვინდოდა, დედა ნაჩქარევად ანთებდა ღუმელს და ველოდებოდით როდის დათბებოდა ოთახში. მერე დილის ჩაი და 4 კილომენტრი თოვლსა და ნამქერში სკოლამდე. ზამთარში იყო ცივი დღეები და მუდმივად მხრჩოლავი ღუმელი, რომელსაც ლამის ზედ ვესხედით მთელი კლასი, მაგრამ მაინც გვციოდა. სკოლის მერე სახლი, საიდანაც ცხვირის გამოყოფის და გუნდაობის უფლება იშვიათად გვქონდა, რადგან მშობლებს ეშინოდათ ჩვენი გაციების. ამიტომ ზამთარი არ გვიყვარდა. ზაფხულში კი ბევრს ვთამაშობდით და ვხალისობდით. 10432973_650174678405763_6697076260372109007_n

იყო ლათინო-ამერიკული სერიალები, იყო ეშმაკუნა, მონიკა, იყო პერლა, რომლებიც ჩვენი კუმირები იყვნენ და ყველას სათითაოდ გვეგონა, რომ ამ სერიალის გმირებს ვგავდით და ამის გამო ვჩხუბობდით. სათითაოდ ყველანი ვოცნებობდით ამ ღარიბი გოგონების ბედზე, რომელთა ურთიერთობები მუდამ ჰეფი ენდით სრულდებოდა.

მაშინ შუქი იშვიათად მოდიოდა, ამიტომ სერიალებს ხშირად მანქანის აკუმულატორზე შეერთებულ ტელევიზორში ვუყურებდით. შუქი დილით 10-ზე მიდიოდა, ხან 10:15-ზე, საღამოს ასე რვა საათზე მოდიოდა. შუადღისით შუქი არ გვქონდა. ხანდახან კი ღამ-ღამობით შუქი არ იყო. მაშინ ყველანი მბჟუტავი ლამფის გარშემო ვსხდებოდით და ვმეცადინეობდით. ფითილი მცირედად ბჟუტავდა თუ ამ ლამფაში ცოტა ნავთი ესხა, თუ სავსე იყო კი შედარებით უკეთ ანათებდა. ნავთი ძვირი ღირდა, ამიტომ ძვირი სიამოვნება გახლდათ. როცა ნავთი არ გვქონდა, დედაჩემი სადღაც გადამალულ თეთრ სანთლებს აჩენდა და მის სინათლეზე ვკითხულობდით.

წიგნებზე ამ პოსტში მიწერია, ვისაც გაინტერესებთ, აქ ნახეთ.

მერე კი გავუგეთ გემო ბრაზილიურ სერიალებსაც, როდესაც ჩვენს რაიონში რუსთავი 2 ჩართეს. კიდევ იყო ჯაშუში, მაქსი, კიდევ რაღაც სერიალი ამო-ზე, რომელიც ხუთშაბათობით გადიოდა. მე ჯაშუშის სიდნი მიყვარდა, ჩემს დას – მაქსი და ხშირად ვჩხუბობდით თუ რომელი მოერეოდა.1609636_589228204500411_1401397117_n

მაშინ იყო ფსიქო, მშვიდი ხმით მოლაპარაკე გოგი გვახარია და წითელი რევოლვერქუსლიანი ფეხსაცმელი. ფსიქოში უცნაური ფილმები გადიოდა, არ მიყვარდა ეს ფილმები, მაგრამ მაინც ვუყურებდი, უფრო განხილვა მიყვარდა, რაც, თუ სწორად მახსოვს, ფილმის დასასრულს მოყვებოდა, ანდაც სულაც ფილმამდე. ფსიქო ერთ-ერთი ნათელი მოგონებაა. ეს იყო იმ სივრციდან ამოვარდნა რასაც მაშინ ტელევიზია გვთავაზობდა. ფსიქომ მოვლენებს სხვა კუთხით შემახედა, გოგი გვახარია იყო ის სამყარო, რომელიც ვიცოდი, რომ არ არსებობდა ან თუ არსებობდა, დარწმუნებული ვიყავი, მე ვერასდროს მოვხვდებოდი იქ. ის შავ-თეთრი ტელევიზორები კი, უამრავი ნათურებით უკან, ხშირად იწვებოდა და სოფლის ტექნიკის ხელოსანი  ერთი ზარმაცი კაცი გახლდათ, რომელიც რამდენიმე თვე ანდომებდა ამ ტელევიზორების გაკეთებას.

მერე ბავშვობის ეტაპი ნელ-ნელა გოგოობის ეტაპში გადავიდა, მაშინ უფრო მეტად დავახლოვდით და უფრო მეტი საიდუმლო გაგვიჩნდა. გოგოოების ეტაპს სქესის აღქმის ეტაპი მოყვა, როდესაც ბიჭებს მოვწონდით ან ჩვენ მოგვწონდა. იყო უცნაური სიყვარულის ახსნები და პირობების წაყენებები. იყო ძიე ვარსკვლავი, სადაც საკუთარ ბედს ვეძებდით ხოლმე, იყო არტებზე მკითხაობა და იყო ნალექიანი ყავა.

მაშინ იყო მეგობრობის დღიურები, დახასიათების რვეულები და პირადი დღიურები, რომლებსაც ერთმანეთზე მეტადაც კი ვენდობოდით. რაც უფრო მაგარი მეგობრობის დღიური გქონდა, მით უფრო მაგარი იყავი. დღიურის ე.წ. სიკარგე მისი მოცულობით, ნაკლეინკებით და ნახატებით განისაზღვრებოდა. ყველანი ვცდილობდით რაც შეიძლება უკეთეს ნაკლეინკადაკრულ ადგილზე შეგვევსო ეს დღიური.მაშინ სოფელში ლელა წურწუმიას, ანა კურნიკოვას, ენრიკე ინგლესიასის და სხვათა გამოსახულებით იყიდებოდა ნაკლეინკები, რომელთა საყიდლადაც ასევე დიდი ხანი ვაგროვებდით თეთრებს.1514615_606647762758455_429390377_n

იყო ჯოკერი და იყო დომინო. იყვნენ ბიჭები, რომლებიც მუდამ დაგვცინოდნენ თამაშის არცოდნის გამო და გაბრაზებული გოგოები, რომლებიც ვუმტკიცებდით ბიჭებს, რომ ჩვენს მაგრები ვართ. მარიო არ მახსოვს, მარიო ალბათ თბილისში იყო პოპულარული, ჩვენთან სოფელში კი ტელევიზორი სულ ორ კაცს ჰქონდა, მარიო ვის უნდა ეთამაშა? ერთადერთი კარგი თამაში, რაც მახსენდება, იყო მენეჯერი, რომელიც განსაკუთრებით მიყვარდა და მახალისებდა. იყო კიდევ პოკემონები. ნათლად მახსოვს, როდესაც პოკემონების ბუმი დაიწყო სკოლაში, ვისაც არ ეზარებოდა, ყველა ამ პოკემონებს აგროვებდა და თამაშობდა.10462604_650168108406420_5257088735265641621_n

იყო შავი პრინცი და იყო ჯერონიმო, იყო ძვალი და იყო კაბუ. ისინი უბნის ბიჭების კუმირები იყვნენ, გოგოებს კი ლექს-სენი გვიყვარდა. ამ ლექს-სენის სიყვარულის გამო ბიჭები დაგვცინოდნენ, ქალაჩუნააო ამბობდნენ, ჩვენ კიდე ეს შავი პრინცები არ გვიყვარდა, რადგან მძიმე, საშიში და უსიამოვნო ტექსტები ჰქონდათ. იყვნენ ასევე ,,ქუჩის ბიჭები”, რომლებზეც ისტორიებს ჟურნალ ,,ოსკარში” ვკითხულობდით, მაგრამ რატომღაც არავის გვიყვარდა. იყო ნინო ქათამაძეც, რომელის მხოლოდ ერთი სიმღერა გვქონდა გაგონილი და ხშირად ვყვიროდით ხოლმე ახ ტურფა ტურფააას.

იყვნენ ნამდვილი ქუჩის ბიჭები, კაი ბიჭები, შავები, ქურდები და ა.შ. პატარა ბიჭები ქურდობაზე ოცნებობდნენ, ამიტომ კუმირებად ვიღაც ტიპები ჰყავდათ, რომელთაგან უმეტესი ნაწილი ან ციხეში იჯდა ან რუსეთში მოღვაწეობდა. ,,ქურდი ზონაში” თამაშის დროს ყველა ცდილობდა რაც შეიძლებოდა უკეთესი ქურდი გამოჩენილიყო და დანარჩენი ბიჭებისთვის დაემტკიცებინა, რომ პალაჟენია მან უნდა წაიყვანოს. უბანში პატივს არ გცემდნენ თუ კაი ბიჭის და, დედა, მეგობარი ან რამე მსგავსი არ იყავი. თუ ძველი ბიჭი არ გპატრონობდა, არავინ გცემდა პატივს.

ამ ძველ ბიჭებს სევდიანი ისტორიები აკავშირებდათ თავიანთნ ე.წ. ბედთან. როდესაც ქურდობაზე, როგორც ცხოვრების წესზე საუბრობდნენ, სხვაგან მოსმენილ დაზეპირებულ ფრაზებს იყენებდნენ, როგორებიც იყო: ცხოვრებამ მოიტანა, ბედმა ასე გადაწყვიტა, კაი კაცის ცხოვრება ეკლიანია და ა.შ. კაი ბიჭები ქურდულ სიმღერებს უსმენდნენ: ბუტირკა, შუფუტინსკი და ა.შ. მეტი სახელი არ მახსოვს, სამწუხაროდ (თუ საბედნიეროდ). საკუთარ ბედზე მომღერალი რუსების ტექსტები გულს გვიკუმშავდა და გმირებად სახავდა ქურდებს და ასე გმირებად შერაცხული ქურდების მახინჯ სამყაროში, როდესაც სხვა ალტერნატივა არ ჩანდა, ყველა კაიბიჭობდა.10321678_650172238406007_6052309736461225844_o

იმ ეპოქაში მუშაობა ტეხავდა. თუ ადამიანი იწყებდა მუშაობას, ძველი ბიჭები მას საქმეს ურჩევდნენ. ან იყო შემთხვევბი, როდესაც ძველ ბიჭებს ვიღაც ტიპები მიაჩნდათ ჭკვიანებად და ,,ლოცავდნენ” რათა ესწავლათ და ემუშავათ, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ვერ გააკეთებდნენ, ამ კაი ბიჭებს ნება რომ არ მიეცათ. კაი ბიჭი ნებას თუ არ დაგრთავდა სწავლა და მუშაობა არაკაცური იყო.

იყო კიდევ ბაბაჩკა თუ ბაბოჩკდა დანები, ვინც უფრო ოსტატურად ატრიალებდა ამ დანას, მით უფრო მაგარი ტიპი იყო.

იყვნენ მეგობრები, რომლებიც მხოლოდ არდადეგებზე ჩამოდიოდნენ სოფელში, მე კიდევ ისინი ძალიან მენატრებოდა, სკოლაში სწავლის შეწყდებოდა და ქალაქელი გოგო-ბიჭებიც სოფელში ჩამოდიდოდნენ, აი, მაშინ იწყებოდა მხიარულება.

იყო მზითევი, რომელიც მე არ მქონდა და რის გამოც ვნრევიულობდი, რადგან ვიცოდი წესიერ კაცს ვერ გავყვებოდი ცოლად. მახსოვს, დედაჩემს ეუბნებოდნენ, ლეიბები და საბნები მაინც შეუკერე შენს გოგოებს, ისე ვინ შეუშვებს უმზითვოდ ოჯახშიო.

იყვნენ პოლიტიკოსები, ტარდებოდა საარჩევნო კამპანიები. შევარდნაძე, სამოქალაქო კავშირი, შალვა ნათელაშვილი, კიდევ ვიღაც, რომელიც მოკლეს და სოფელში ერთი თვე ლაპარაკობდნენ, რომ პოლიტიკოსებმა მოკლეს, კონკურენტებმა. მერე კი ვარდების რევოლუცია, ტელევიზორს არ მოვშორებივართ მაშინ და საოცარი დამთხვევაც იყო, რომ შუქი გვქონდა. ედიკა გადადგა და მოვიდა ნაციონალური მოძრაობა. მაშინ ერთმა მეზობელმა თქვა, მიშა გიჟია და დიდხანს ვერ გაქაჩავსო, ხალხი მალე მიხვდება, რომ არასწორი არჩევანი გააკეთესო და ნაციონალებსაც გადააგდებენო. მას მერე შემძულდა მიშა. მაშინ ხომ პატარა ვიყავი, 13-14 წლის, რა თქმა უნდა, პოლიტიკაში ვერ ვერკვეოდი (ვერც ახლა ვერკვევი), მაგრამ ეს ქალი სამაგალითოდ ჭკვიანი იყო ჩემთვის და მისი მჯეროდა. ამიტომ ბავშვობიდან მოყოლებული ვერ ვიტანდი ნაციონალურ მოძრაობას.

როდესაც ამ დღეებს ვიხსენებ, ყოველთვის ვსევდიანდები, მიუხედავად იმისა, რომ სიღარიბეში ვცხოვრობდით, შუქი არ გქვონდა, ზამთარში ვიყინებოდით, ზაფხულში მდინარეზე შორს ვერ მივდიოდით, რადგან ბენზინის ფული არ გვქონდა, მეზობელს რომ წავეყვანეთ. ტანსაცმელი მუდამ სხვისი ნაჩუქარი გვეცვა, ჟურნალს ოსკარს თვეობით ნაგროვები თეთრებით ვყიდულობდით და ამოსულ პლაკატებს კედლებზე ვაკრავდით. იყო ბევრი ჩხუბი, ბევრი სიკვდილიც, ბევრი ძველი ბიჭი და საშინლად შავ-ბნელი დრო, რომელიც მხოლოდ იმიტომ არის სევდიანად ტკბილი, რომ მოგონებაა, მოგონებაა, რომელიც აქა-იქ იშვიათი ბედნიერებებით არის სავსე. ამ მოგონებების გამო მენატრება ხოლმე ჩემი სოფელი, რომელთანაც, რეალურად, მხოლოდ ცუდი მაკავშირებს, მაგრამ მაინც მიზიდავს. ალბათ ამ გრძნობას ჰქვია სამშობლოს ნოსტალგია, რაზეც ემიგრანტები ამბობენ ხოლმე, როდესაც საქართველოზე საუბრობენ. აი, მე ეს გრძნობა მაქვს ჩემს სოფელთან, სევდიანი მიზიდულობის გრძნობა, ცრემლებამდე მისული უცნაური ნოსტალგია. ალბათ ეს გრძნობა აკავშირებთ საბჭთა კავშირის ილუზიებიდან ვერგამოსულ საზოგადოებას, რომელსაც ის დრო ენატრება და ის დრო ჰგონია კარგი.

ჩემს სოფელში აღარაფერი არის ისე, როგორც იყო ადრე. ახლა იქ ლამაზი სახლები ააშენეს, გზები გააკეთეს, ელექტროენერგია ოცდაოთხი საათი აქვთ, ყველას ლეპტოპი აქვს, ყველას სმარტფონი უჭირავს, ყველას მანქანა ჰყავს, მოკლედ, ყველა სხვანაირია და ყველაფერი სხვანაირადაა. პატარები გაიზარდნენ – ის პატარა ბაშვები, რომლებიც ჩვენ მერე იბადებოდნენ; მოხუცები თითქმის აღარ არიან; ჩემი ბავშვობის მეგობრები კი, ისინი, ვისაც რეალურად ეს პოსტი მივუძღვენი, გათხოვდნენ. დიახ, ყველა, თითქმის ყველა გათხოვდა. ერთ-ერთი მათგანი, ვინც ჩვენ შორის ყველაზე დიდი იყო, ჯერ კიდევ მაშინ გათხოვდა, როდესაც მე ისევ იქ ვცხოვრობდი, მეორე, ოთხი წლის წინ გათხოვდა, მესამე კი სადღაც ერთი თვის წინ. ერთი მეგობარი უკვე რვა წელია იტალიაშია და იქ მუშაობს, კიდევ ერთი საერთოდ არ ვიცი სად არის.

ზოგიერთ ბავშვობის მეგობარს, რომლებთანაც ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ეტაპი მაქვს გავლილი, ფბ-ზე ვხედავ ხოლმე და გული მეწურება. განა იმიტომ რომ ისინი მენატებიან ან რამეს ცუდად ან არასწორად აკეთებენ, არა. იმიტომ რომ მათ აღარაფერი აქვს საერთო იმ ჩემი ბავშვობის დაქალებთან, რომლებმაც ერთმანეთზე ყველაფერი ვიცოდით. ხანდახან არც კი მინდა ვხედავდე მათ, რადგან ვიცი, არაფერი აღარ გვაქვს საერთო და აღარასდროს გვექნება, უბრალოდ, პერიოდულად იღვიძებს ხოლმე იმ გაუგებარი ძველი მოსევდიანო მოგონებების სურათები და ემოციები და გული მეწურება…

ჩემი ბავშვობის მეგობრების უმეტესობას 2, 3 შვილი ჰყავს, ზოგმა სკოლაშიც კი მიიყვანა უკვე ბავშვები… ზოგს ქმარი სცემს და ეს ქმრები ძველ ბიჭებად ზრდიან თავიანთ პატარა შვილებს, ახლაც კი, ამ თითქოს სხვა დროში. ზოგჯერ ძალიან მინდა ამ ადამიანებთან ურთიერთობა, მაგრამ ვიცი, არ ღირს, ჩვენ დიდი ხანია აღარაფერი გვაქვს საერთო და ის დრო, რომელსაც სევდიანად ვიხსენებ ხოლმე, სხვა ადამიანის წარსულის გახსენებაა…

თქვენ რა გაკავშირებებთ ოთხმოცდაათიანებთან?

P.S.  ფოტოების წყარო ბნელი და ტკბილი 90 – იანები

2 Comments leave one →
  1. ქეთი permalink
    October 19, 2014 14:54

    ოთხმოცდაათიანებთან დაკავშირებით გარდა იმისა, რაც შენ ჩამოთვალე მახსენდება რეზინობანა და სახტუნაო🙂
    როგორც ყოველთვის ეს ჩანაწერიც საუკეთესო იყო. ასე მეგონა, ჩემს მიერ განვლილ წლებზე წერდი. ძალიან კარგად გაქვს გადმოცემლი ბნელი და ტკბილი 90-ანების პერიოდი, იმდენად კარგად, რომ თითქოს მომენატრასავით განვლილი დრო.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: