Skip to content

ქალების ტვირთი

October 22, 2014

Depressed-woman-resized

მე გავიზარდე გარემოში, სადაც ქალები უფრო ძლიერები იყვნენ. ქალებს ჰქონდათ მხრებზე ტვირთად აკიდებული ოჯახის სიმძიმე. ქალები მუშაობდნენ, ქალები ამზადებდნენ საჭმელს, ქალები ალაგებდნენ, რეცხავდნენ, ზრდიდნენ შვილებს. კაცები კი ქუჩაში იდგნენ და მთელი დღე არაყს სვამდნენ, მაღაზიის ვალებს იდებდნენ, საღამოს კი უგონოდ მთვრალები მიდიოდნენ სახლში და თუ ცოლის გაკეთებული საჭმელი არ მოსწონდათ, სცემდნენ მათ.

ქალები პოულობდნენ საკუთარ თავში ძალას და ენერგიას წასულიყვნენ საზღვარგარეთ და იქ წვალებით მოპოვებული ფულით მათი ქმრები, შვილები და ნათესავები ყიდულობდნენ საჭმელს, ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, ტექნიკას, მანქანებს, იშენებდნენ სახლებს და ერთადერთი მიზნით ეკონტაქტებოდნენ საბერძნეთში გადაკარგულ დედებს, რომ მათ რაც შეიძლება მეტი ფული გამოეგზავნა მათთვის. ქალები შრომობდნენ, კაცები კი მანქანებს ყიდულობდნენ და საყვარლებს იჩენდნენ, კვლავ განაგრძობდნენ ბირჟაზე ლოთაობას, ოღონდ ამჯერად უკეთ ჩაცმულები და ცოლის გამოგზავნილი ფულით ნაყიდი არყით.

მე მამის გარეშე გავიზარდე, თუმცა ეს არ იყო მტკივნეული. მტკივნეული იყო საზოგადოების აზრი ამაზე. აზრი, რომ ძლიერი სქესის გარეშე დარჩენილი ოჯახი არასრულყოფილი და საცოდავია. ყოველთვის მქონდა პროტესტი ამ დამოკიდებულების მიმართ, რადგან მამის არარსებობის ფაქტორი ხელს არ მიშლიდა იმაში, ვყოფილიყავით ისეთივე, როგორც ჩემ გარშემო მცხოვრები დედ-მამიანი ბავშვები. ხელს არ მიშლიდა – ვყოფილიყავი სკოლაში საუკეთესო და ყველაზე წარმატებით შემძლებოდა იქ ჩაბარება, სადაც მინდოდა.

კაცებისთვის ძლიერი სქესის მინიჭების ფაქტორი ყოველთვის მაკვირვებდა. ექვსი სკოლა გამოვიცვალე, ექვსივე სკოლაში ჩემი კლასელი ბიჭები იყვნენ უსაქმურები, არ სწავლობდნენ, გოგოები კი მუდამ თავს ვაკლავდით გაკვეთილებს. ბიჭებს მარტო ჩხუბი და ბირჟაზე დგომა მოსწონდათ. ვერ ვხვდებოდი რატომ უნდა ყოფილიყო ჩემზე უკეთესი რომელიმე ბიჭი, რომელსაც თავისი მომავალი არ ადარდებდა და ერთადერთი რასაც აკეთებდა გაკვეთილებზე, მასწავლებლებს ეუზრდელებოდა.

ერთადერთი ფაქტორი, რის გამოც მეშინოდა ბიჭების ეს იყო მათი ფიზიკური სიძლიერე. აქედან გამომდინარე გვასწავლიდნენ კიდეც, რომ ის იყო დომინანტი და ყოველთვის ჩვენზე მეტი უფლება ჰქონდა ყველაფერში.

იგივე კაცები წყვეტდნენ შვილების ბედსაც, ბიჭს როდის უნდა მოეყვანა ცოლი და გოგო როდის გათხოვილიყო. ქორწილები კი საბერძნეთში გადაკარგული დედების გარეშე იმართებოდა, რომლებსაც მხოლოდ მაშინ იხსენებდნენ, როდესაც ქორწილის სუფრაზე სიძე-პატარძლის მშობლების სადღეგრძელოს სვამდნენ.

საზღვარგარეთიდან ჩამოსულ ქალებს ქმრები კვლავ სცემდნენ და იქ დაბრუნებისკენ მოუწოდებდნენ, რადგან ისე არხეინად ვეღარ ცხოვრობდნენ, როგორც ცოლის სახლში არყოფნის დროს.

ჩემს ბავშვობაში უამრავი სახედალურჯებული და ცემისგან სხვადასხვა ავადმყოფობააკიდებული ქალი დადიოდა სოფელში, მაგრამ მათ არავინ ეხმარებოდა. ხალხს მხოლოდ ჭორაობის დროს ეცოდებოდა ისინი, დახმარება კი არავის უნდოდა და, პრინციპში, არც შეეძლო.

ასეთი ქალების შვილებიც, ბიჭები, იგივენაირად ექცეოდნენ დედებს, როგორც მამა, გოგოს კი ისედაც არავინ არაფერს ეკითხებოდა.

რა თქმა უნდა, ცემას და მკვლელობას არ აქვს გამართლება, არაფერს აქვს გამართლება, რაზეც ზემოთ ვწერე. თუმცა მიზეზი მარტივად ასახსნელია. თავმოყვარეობადაკარგული კაცები დარდს სასმელში ახშობდნენ და ბოღმას ცოლებზე ანთხევდნენ, ცხოვრებისეულ ბოღმას, რის გამოც მათ არ ჰქონიათ წარმატებული ცხოვრება და უსაქმურობის მეტი არაფერი შეეძლოთ. ქალებს კი არ ჰქონდათ ბოღმისგან დაცლის სხვა საშუალებები, ისინი ჩუმად იტანდნენ ცემას და ჩხუბს, ყოველდღიურად, ჩავარდნის გარეშე, ხანდახან, შვილებს თუ წამოარტყამდნენ თავში ხელს ქმრებზე და ცხოვრებაზე ხელჩაქნეულები.

შორეული ბავშვობის ბნელი ისტორიების გახსენებისას, სულ მგონია, რომ მსგავსი საშინელებები თანამედროვე სამყაროში აღარ უნდა ხდებოდეს, თუმცა კვლავ ხდება, იმავე ინტენსივობით, თითქმის ტემპისდაუგდებლად. იმიტომ რომ ქვეყანაში მდგომარეობა არ შეცვლილა, იმიტომ რომ განათლების რეფორმა არ გატარებულა, იმიტომ რომ საჯარო სკოლებშიც, ბავშვების აღზრდის ალტერნატიულ გარემოში, იმავეს ასწავლიან ბავშვებს, რასაც ოჯახში და არასოდეს, არანაირი სხვა ფორმით არ შეიცვლება ქალების ცემისა და ჩაგვრის არცერთი მცდელობა, სადაც განათლების რეფორმაზე არ დაიწყებენ ზრუნვას.

ვიცი, რომ ამაზე ბევრმა დაწერა, მე ახალს არაფერს ვამბობ, უბრალოდ მგონია, რომ რაც მეტნი დავწერთ ამ საკითხზე, რაც უფრო მეტი ქალი ამოიღებს ხმას გამეფებული ძალადობის წინააღმდეგ, მით უფრო მარტივად გადავდგამთ თუნდაც ერთ პაწაწინა ნაბიჯს უკეთესობისაკენ.

ყველას გვაქვს ჩვენი ისტორიები დედებზე, ბებიებზე, ბიცოლებზე, მამიდებზე, გთხოვთ, რომ დავწეროთ, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ნახოს…

One Comment leave one →
  1. Anonymous permalink
    October 23, 2014 14:46

    like, blog like & დაშეარებულ!

    P.S. ძალიან გეთანხმები იმაში რომ რაც უფრო მეტი ადამიანი დაწერს ამ პრობლემაზე მით უკეთესი.
    P.P.S. იყო ერთი ორი რეგვენი ქსელში რომელიც იძახდა რომ რატომ ახმაურდითო ყველა ამ თემაზეო. ეს ის ხალხია რომელიც აიგნორებს ამ საკითხს ან უარესი – პრობლემად არ თვლის.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: