Skip to content

კახა ბენდუქიძე

November 14, 2014

10697291_10204463638646905_6947007928378805279_o

ამ ყველაფერს არ დავწერდი და არ მოვყვებოდი არასოდეს, არანაირი ფორმით და არანაირ ვითარებაში, რადგან ჩვენი ურთიერთობა ძალიან პირად საკითხად მიმაჩნდა, რომ არა ეს ტრაგიკული ამბავი, რომელსაც ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მოხდებოდა.

ბატონი კახა გარდაიცვალა…

პირველად კახა ბენდუქიძე 2012 წლის 25 თებერვალს ვნახე ბლოგერების შეკრებაზე განახლებულ აგრარულ უნივერსიტეტში.

ამ შეხვედრიდან ორი თვის შემდეგ დათო გორგილაძემ თავისუფალი უნივერსიტეტიდან მომწერა და  მკითხა მე ვიყავი თუ არა ის ფორთოხლის გოგონა კლასიკურ ფილოლოგიაზე რომ სწავლობდა. დადასტურების შემდეგ მითხრა, რომ კახა ბენდუქიძეს რაღაც შემოთავაზება ჰქონდა ჩემთვის და სურვილი ხომ არ მექნებოდა შეხვედრაზე მივსულიყავი. ამ მონაწერით იმდენად დაბნეული ვიყავი, ორი საათი შოკიდან გამოსვლას მოვუნდი, მერე კი, რა თქმა უნდა, შეხვედრაზე დავთანხმდი.

თუ სწორად მახსოვს, 22 მარტს სტუდენტურ ბარათზე ჩარიცხული უკანასკნელი თეთრებით ძლივს მივაღწიე თავისუფალ უნივერსიტეტამდე და აბსოლუტურად დაბნეულმა გავიარე გასაუბრება. იქ გავიგე, რომ კახა ბენდუქიძე ეძებს თანაშემწეს და აქვს სურვილი, რომ მე ვიმუშაო ამ თანამდებობაზე. ძალიან იმედგაცრუებული და შერცხვენილი წამოვედი, მეგონა, რომ შეხვედრაზე საოცრად სასაცილოდ წარმოვაჩინე საკუთარი თავი და არავინ არასდროს არ დამიკავშირდებოდა ამ საკითხზე.

მეორე დღეს დათომ დამირეკა და მითხრა, რომ გასაუბრება წარმატებით გავიარე და სამსახურში აყვანილი ვარ.

ამ დღის შემდეგ დაიწყო ჩემი და ბატონი კახას ურთიერთობა. მე მევალებოდა მისი შეხვედრების განრიგის შედგენა, ოფიციალური საბუთების გამზადება, წერილები, ვიზები და ა.შ. ჩვენ ვმუშაობდით თითქმის 24-საათიან რეჟიმში. ბატონი კახა ყოველ დღეს, კვირის ჩთვლით, უნივერსიტეტში ატარებდა და თანამშრომლებთან ერთად გეგმავდა რა შეიძლებოდა უკეთესი ყოფილიყო საუნივერსიტეტო სასწავლო გარემოში. ის დეტალურად იცნობდა ყველა სკოლას, ყველა მიმართულებას, ყველა დეკანს, ლექტორს და სტუდენტს. დღისით ერთ კაბინეტში ვმუშაობდით, ღამით მეილებზე. იყო დღეები, როდესაც საჭმელს არ ვჭამდი, განუწყვეტელ რეჟიში ვნერვიულობდი. იყო ბევრი ჩხუბი და ბევრი ტირილი.

ერთხელ დამიძახა და ბოდიში მომიხადა იმის გამო, რომ უსამართლოდ მეჩხუბა. მაშინ მივხვდი არანაირ სიბოროტესა და ღვარძლთან კავშირში არ იყო მისი ჩხუბი, როგორც ამას თვითონ აღნიშნავდა. ბოდიშის მოხდის ფაქტი მეორედაც განმეორდა, თანაც ბევრი ადამიანის წინაშე, რამაც ათასჯერ მეტი პატივიცსემის განცდა გამიჩინა მის მიმართ, ვიდრე იქამდე მქონდა.

10167927_10152499797547076_770562939140671459_n

ხშირად გვილაპარაკია იმაზე, თუ რა მიყვარს ცხოვრებაში, რა გავლენა მოახდინა ჩემზე პროფესიამ, რამდენად მომწონს ის, თუ რას ვაკეთებ, რაზე ვფიქრობ და ა.შ. რამდენჯერმე მკითხა რაზე ვოცნებობდი, არასოდეს გამიცია ამ კითხვაზე პასუხი, რადგან ოცნება არ მქონია. ეს ძალიან უკვირდა. მერე ცდილობდა გამოერკვია, რა წარმოდგენები მქონდა საკუთარ მომავალზე, ამაზეც ვერასდროს ვცემდი პასუხს, რადგან არ ვიცოდი, მართლა არ ვიცოდი რა მინდოდა.

ერთხელ შენიშვნა მომცა, საქმეზე ვერ კონცენტრირდებითო. მკითხა, რაზე ფიქრობთ როდესაც სამსახურში ხართო, მე სრულიად გულწრფელად ვუპასუხე, რომ ანტიკური პერიოდის ლიტერატურაზე, ფილოსოფიასა და ფილოსოფოსებზე, სოკრატეზე, პლატონის იდეებზე, არისტოტელეზე, ნეოპლატონიკოსებზე; ესქილესა, სოფოკლეს და ევრიპიდეს ტრაგედიებზე  ვფიქრობ ხოლმე ხშირად და მაინტერესებს მართლა როგორი იქნებოდა სამყარო თუკი მათ იდეებს დაეფუძნებოდა. ამ პასუხს არ მოელოდა და გაეცინა. მაშინ ამაზე ბევრი ვილაპარაკეთ, ჩემს შეხედულებებზე სახელმწიფოსთან დაკავშირებით და ა.შ. ამ ამბის შემდეგ ყოველთვის წამომაძახებდა ხოლმე: ნათია, თქვენ კვლავ ფილოსოფიური ფიქრებით ხართ შეპყრობილი? ხშირად იცინოდა, სტუმრებს ანიშნებდა ხოლმე, ჩემი თანაშემწე პლატონის იდეებზე ფიქრობს! : )

მუშაობის დაწყებიდან გარკვეული ხნის შემდეგ შევამჩნიე, რომ ძალიან განიცდიდა, თუ ვინმეს ეჩხუბებოდა ან შენიშვნას აძლევდა. ხშირად ყოფილა შემთხვევა, რომ მორიგი ჩხუბის შემდეგ ჩემთან გამოსულა და ტკბილეული უჩუქებია, თან მამშვიდებდა და მეხუმრებოდა ხოლმე.

ისიც მერე შევამჩნიე, რომ არასოდეს ჩხუბობდა უსამართლოდ (სხვა შემთხვევაში, ყოველთვის ბოდიშს იხდიდა მერე). საშინლად არ უყვარდა უსაქმური, მატყუარა, მლიქვნელი ადამიანები და ყოველთვის ეს იყო მისი სიბრაზის განმაპირობებელი. ბატონი კახასთვის გაუგებარი იყო, რატომ არ ასრულებდი მოცემულ დავალებას მოცემული დროის მონაკვეთში. მისთვის არ არსებობდა ბევრი საქმე, ვინც საქმეს ვერ აკეთებდა, თვლიდა, რომ იმ ადამიანს ან ეზარებოდა ან დროის მენეჯმენტის უნარი არ ჰქონდა. ბატონი კახასთვის გაუგებარი იყო, როდესაც სათქმელს გრძლად და გაფორმებებით ყვებოდნენ, ამ დროს მუდამ იმის მცდელობა ჰქონდა, რომ კონკრეტულ კითხვებზე მიეღო კონკრეტული პასუხები და არა გრძელი ზღაპარი იმ დასასრულით, თუ რატომ ვერ/არ გაკეთდა ესა თუ ის საქმე.

ყოველთვის ვნერვიულობდი, როდესაც ჟურნალისტებთან ვუნიშნავდი შეხვედრებს, რადგან ვიცოდი, ერთი არასწორი კითხვა და ბატონი კახასა და ამ ჟურნალისტის ურთიერთობა მკვეთრად დაიძაბებოდა.

ბატონ კახას ლოგიკური აზროვნების ქონის პროებლემა ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ პრობლემად მიაჩნდა. ამ საკითხთან დაკავშირებით ხშირად საინტერესო ამოცანებს ვხსნიდით. ეს მაშინ ხდებოდა, როდესაც ბატონი კახა თვლიდა, რომ მე რაღაც არასწორად გავაკეთე. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ჩვენი საუბარი ორ საათს გაგრძელებულა და ამ პოლემიკის ,,გამარჯვებული” ხან ბატონი კახა იყო, ხან მე.

კახა ბენდუქიძის შეხვედრების მრავალსაათიან განრიგში ყველაზე საყვარელი და ძვირფასი სტუდენტებთან გატარებული დრო იყო, რადგან მას ყველაზე მეტად თავისი სტუდენტები უყვარდა და მათთან შეხვედრის მერე მუდამ დადებითი ენერგიით სავსე აგრძელებდა დღეს. თქვენ უკვე ვეღარასდროს ნახავთ მის მოციმციმე თვალებს, როდესაც სტუდენტებს ხვდებოდა, მე კიდევ ხშირად მინახავს და ზუსტად ვიცი, რომ მისი ცხოვრების ბედნიერი საათები ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებთან ურთიერთობას უკავშირდება.

576835_4999211829816_892542298_n

ჩემი თანაშემწეობის დროს ერთი საინტერესო ხაზი გასდევდა ჩვენს ურთიერთობას: ყველა ახალი სტუმრის მოსვლის, შეხვედრის დროს, მეძახდა და თავის სტუმარს ჩემზე უყვებოდა: იცით, ჩემმა თანაშემწემ ძველი ბერძნული და ლათინური იცის. მათ ძალიან უკვირდათ და გაოცებას გამოხატავდნენ ხოლმე. ამ დროს ისე მრცხვენოდა, რომ ეს ბუმბერაზი ადამიანი რატომღაც ჩემით ამაყობდა, მინდოდა იმაზე ათასჯერ ჭკვიანი ვყოფილიყავი, ვიდრე ვიყავი. სულ მქონდა იმის განცდა, რომ მას იმაზე გაცილებით უკეთესი ვეგონე, ვიდრე სინამდვილეში ვიყავი. ჩემი პროფესია ხანდახან მძიმე ტვირთი იყო ჩემთვის, რადგან სწორედ ამ მიზეზით  ამიყვანა სამსახურში ბატონმა კახამ და არ მინდოდა მისთვის იმედი გამეცრუებინა თუკი კონკრეტულ საკითხში უცოდინრობას გამოვავლენდი.

ბატონ კახას ძალიან მოსწონდა, როდესაც მაქებდნენ, რამდენჯერაც მის კაბინეტში შევედი და ჩემზე ეუბნებოდნენ, რომ კარგი გოგო ვარ, ჩუმად ეღიმებოდა და ზუსტად ვიცოდი, რომ ამაყობდა თავისი არჩევანით, როდესაც თანაშემწედ დამნიშნა.

მას ყოველთვის ჰქონდა იმედი, რომ მე შემეძლო მესწავლა გაცილებით მეტი და განვვითარებულიყავი. ის უდიდესი გამოცდილება, რაც მასთან ერთად მუშაობის დროს შევიძინე, შეუფასებელია. შეუფასებელია იმიტომ, რომ საკუთარ შესაძლებლობებს გადავაჭარბე. გავუძელი იმდენ რამეს, რასაც ვერასდროს წარმოვიდგენდი რომ გავუძლებდი და ახლა ბედნიერი ვარ. იმიტომ ვარ ბედნიერი, რომ გავუძელი იმ რთულ პერიოდებს, როცა მიფიქრია სამსახურიდან წასვლა. არ წავედი და დავრჩი. ალბათ ვერასდროს ვაპატიებდი საკუთარ თავს აქედან რომ წავსულიყავი.

მას მოსწონდა იმის ყურება, როგორ სწავლობდნენ და ვითარდებოდნენ მისი თანამშრომლები. მე ვარ მომსწრე უამრავი საინტერესო შეხვედრის და იმ ადამიანების ცვლილებების, რომლებსაც ხშირი შეხება ჰქონდათ ბატონ კახასთან.

ხანდახან, მძიმე სამუშაო დღის შემდეგ, თავისი კაბინეტიდან რომ გამოდიოდა ჩემს მაგიდასთან მოდიოდა და მეკითხებოდა როგორ ვარ. ან გამოდიდოდა, მიღიმოდა და წასვლის წინ ღიმილით მეუბნებოდა: წადით, ნათია, დაისვენეთ . ერთხელ შეამჩნია, რომ წიგნები მედო სამუშაო მაგიდაზე. მკითხა: ნათია, თქვენ რა წიგნებს კითხულობთ სამსახურში? დავუდასტურე. შენიშვნა მომცა, წიგნები აღარ იყოს თქვენ მაგიდაზეაო. მეორე დღეს დამელაპარაკა, მითხრა, რომ წიგნების წაკითხვა ხელს შემიშლიდა ამ კონკრეტული სამუშაოს შესრულებაში და სჯობდა კონცენტრირება სხვა საკითხებზე მომეხდინა. ის საქმე რასაც მე ვაკეთებდი, არ იყო შინაარსობლივად საინტერესო, მაგრამ დეტალებზე კონცენტრირებას და მხოლოს საქმეზე ფიქრს მოითხოვდა.

ამ ამბიდან ცოტა ხნის შემდეგ იყო, რომ მან გადაწყვიტა მე სხვა რაღაც, ჩემთვის და უნივერსიტეტისთვისაც გაცილებით მნიშვნელოვანი მეკეთებინა და გადავსულიყავი უნივერსიტეტის მთავარ გუნდში.

როგორი საკვირველიც არ უნდა იყოს, მასთან ფოტო არ მაქვს გადაღებული, რატომღაც არასოდეს მომსვლია თავში აზრად ეს და ამის გამო ახლა ძალიან მწყდება გული.

გუშინწინ მეილის მიწერას ვაპირებდი მისთვის. ჩვენ სკოლებში ბატონი კახას ხელმოწერით წერილებს ვგზვანით ხოლმე და მადლობას ვუხდით დირექტორებს მათი მოსწავლეების კარგად აღზრდისთვის. ბევრმა სკოლამ დაგვირეკა, რათა ამ წერილებისთვის მადლობა ეთქვა, სკოლებში პრეზენტაციების დროს საგანგებოდ აღნიშნავდნენ, რომ მათ კახა ბენდუქიძემ წერილი გაუგზევნა და ამის გამო ძალიან გახარებულები არიან. მინდოდა ეს ამბავი მიმეწერა, ვიცოდი, ძალიან გაუხარდებოდა. მეილის ტექსტი ავკრიფე და შევინახე, ვიფიქრე, მეორე დღის პრეზენტაციების შედეგებსაც შევკრებ და ხვალ მივწერ-მეთქი…. და ხვალ მოხდა ეს. ალბათ მთელი ცხოვრება ვინანებ, რომ არ მივწერე…

მინდა ყველამ იცოდეს, ვისაც კი ოდესმე ჩაუთვლია, რომ მე კოლოსალურ თანხებს ვიღებ სამსახურში და ახლა ლოყებს ვიხოკავ თურმე, რადგან დამფინანსებელი დავკარგე. ყველა შემთხვევაში ყოველთვის ვიცავდი და დავიცავ ამ უნივერსიტეტს, რადგან უკვე რამდენიმე წელია ვარ იმ გუნდის ნაწილი, რომელთან ერთადაც ვაკეთებ ძალიან დიდ საქმეს და ყოველ გაქილიკებაზე, როდესაც ჩემი სამსახური დაკავშირებული იყო ბევრ ფულთან, მახსენდება ჩვენი გათენებული ღამეები იმისთვის, რომ ყველა სტუდენტი, რომელიც სწავლობს ჩვენთან, შესაბამისი ხარისხის განათლებას იღებდეს შესაბამის გარემოში.

მე ვმუშაობდი და ვმუშაობ იმ გუნდთან ერთად, რომელიც მზად არის ჩვენი უნივერსიტეტის იდეის გამო თავი გაწიროს, ღამეები გაათენოს, გააკეთოს ყველაფერი რაც საერთოდ არ შედის მის მოვალეობაში. როგორ პათეტიკურადაც არ უნდა ჟღერდეს, მე ვამაყობ, რომ ამ გენიალური თანამშრომლებისგან შემდგარი გუნდის წევრი ვარ. შემიძლია სათითაოდ ჩამოვთვალო თითოეული მათგანი. ჩვენი გუნდის უნიკალურობა კი იმაში მდგომარეობს, რომ ბატონ კახას ჰქონდა კარგი თანამშრომლების შერჩევის არაჩვეულებრივი უნარი და იმის განსაზღვრის უნარი, როგორ შევძლებდით ჩვენ ერთად მუშაობას.

კახა ბენდუქიძე იყო ყველაზე ჭკვიანი ადამიანი, ვინც კი ცხოვრებაში მინახავს. არ არსებობდა საკითხი, რომელშიც ის არ ერკვეოდა. ბატონ კახას ჰქონდა მომავლის განსაზღვრის ძალიან კარგი უნარიც. ყველაფერი რაც კი უთქვამს თუ რა მოხდებოდა ქვეყანაში, ზუსტად ახდენილა და ახლაც ხდება.

ალბათ შეამჩნევდით, რომ მას ყველგან ბატონი კახათი ვიხსენიებ. სხვაგვარად არ შემიძლია. თავად ბატონი კახა აბსოლუტურად ყველა თანამშრომელს თქვენობით მიმართავდა, მაშინაც კი, როცა ძალიან გაბრაზებული იყო.

ხანდახან მეცოდებოდა. მეცოდებოდა იმიტომ, რომ აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი როდესაც სახლში მიდიოდა და მარტო აღმოჩნდებოდა, სევდიანდებოდა. ალბათ ამიტომ ვატარებდით საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან დღეებსაც კი სამსახურში. მაგ. ახალ წელს. 31 დეკემბერს 11:30-მდე ჰქონდა შეხვედრები. მას ახალი წელი არ ადარდებდა, მე ხომ ორგანულად ვერ ვიტან დღესასწაულებს და ასე მშვიდად ვმუშაობდით ამ დღეს.

2012 წლის 31 დეკემბერს ბოლო შეხვედრა რომ დამთავრდა, მკითხა: ნათია, თქვენ არ აღნიშნავთ ახალ წელს? ღიმილით ვუპასუხე, რომ ახალ წელს ვერ ვიტან. გაეღიმა და ვიგრძენი გაუხარდა.

ერთხელ დამიძახა და მკითხა: ნათია, როგორ ფიქრობთ, მე რომ ორი თანაშემწე მყავდეს, ისინი უკეთ იმუშავებდნენ თუ ერთი რომ მყავსო? ვუპასუხე, რა თქმა უნდა, ერთი თანაშემწე უკეთ იმუშავებს-მეთქი. ღიმილით მიპასუხა: სწორია, ახლა გადით და იმუშავეთო.

დეტალებში ჩაკირკიტება უყვარდა ძალიან. ერთხელ მკითხა რაზე ფიქრობთ იმ ხუთ წამში, როდესაც მე გეძახით და აქ შემოდიხართო? ვუთხარი, რომ ალბათ იმ ხუთ წამში არაფერს არ ვფიქრობ-მეთქი. მითხრა: ძალიან ცუდი, ეს ხუთი წამი რომ გეფიქრათ აქ შემოსვლის დროს ხელში კალამი და ბლოკნოტი უნდა გეჭიროთ, მათი შემოტანა არ გამოგრჩებოდათ, ამიტომ სულსწრაფობას ნუ იჩენთ, ორი წამით გვიან შემოდით, ოღონდ მომზადებული.

ხანდახან რაღაც ისტორიას მოგაყოლებდა, მერე კი კითხვების დასმით, შენ თავად გაპოვნინდებდა რამდენი სისულელე თქვი და ასე ნელ-ნელა იზრდებოდი კამათით, მსჯელობით, ჩხუბით, კითხვების დასმით.

ერთხელ სადღაც იყო წასული და რომ ჩამოვიდა საჩუქრად ჩანთა ჩამომიტანა. ერთხელ მკითხა ჩემს მეილს რატომ არ უპასუხეთო, ვუთხარი, სმარტფონი არ მაქვს და ლეპტოპთან არ ვიყავი-მეთქი. ამის მერე სმარტფონი მაჩუქა. ერთხელ სახლის ყიდვაზე დავფიქრდი და წინასწარ შესატანი ფული არ მქონდა. მან ფული მომცა.

ჩემთვის სამი სამაგალითო ადამიანი არსებობს ცხოვრებაში, ერთ-ერთი მათგანი კახა ბენდუქიძეა. ადამიანი, რომელთან ურთიერთობის დროსაც ვისწავლე როგორ მემუშავა რთულ სიტუაციებში, შემყვარებოდა შრომა და ორიენტირებული ვყოფილიყავი განვითარებაზე. ბატონ კახასთან მუშაობის დაწყებამდე ვფიქრობდი ლოგიკურად, ვმსჯელობდი არგუმენტირებულად და შემეძლო მოვლენების ანალიზი. თუმცა მხოლოდ აქ მუშაობის მერე მივხვდი, რამდენად აუცილებელია გქონდეს თითოეული მათგანი. რომ ეს უბრალოდ კონკრეტული ადამიანის უნარები კი არ არის, არამედ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჯანსაღი საზოგადოების არსებობისთვის.

ალბათ ბევრმა თქვენგანმა იცის, რომ ბოლო პერიოდში ჩვენი თანამშრომლის, ლილე ჩხეტიანის სიცოცხლის გადასარჩენად ვიბრძოდით. სწორედ ამ ამბავს მიუძღვნა ბატონმა კახამ თავისი ბოლო სტატუსი ფბ-ზე. მეც მინდა ბლოგზე დავდო ეს ამბავი და ლილეს დახმარებსიკენ მოგიწოდოთ. (update: ლილე ახლა კარგად არის)

IMG_1995

ლილე ჩემი თანაშრომელია, მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით უკვე სამი წელია პრობლემები აქვს, მუდამ ცდილობს მხნედ გამოიყურებოდეს და ოპტიმიზმით გვავსებს ჩვენც. მეტი ხალისიანიანი რა შეგვიძლია გავაკეთოთ მისთვის, რომ ჩვენც გავიღიმოთ და საპასუხოთ იმედი მივცეთ იმის, რომ ყველაფერი კარგად იქნება, თანაც აუცილებლად, რადგან ერთობლივი ძალებით ჩვენ მის გადარჩენას შევძლებთ.

1. თქვენც გაუღიმეთ ლილეს და გააღიმეთ სხვებიც
2.გადაურიცხეთ თანხა პირად ანგარიშზე:

სს “საქართველოს ბანკი”
ბანკის კოდი: BAGAGE22
ანგარიშის ნომერი: GE11BG0000000304551900
მიმღები: ლილე ჩხეტიანი

3. ჩარიცხეთ თანხა wehelp.ge-ს მეშვეობით:http://wehelp.ge/view/content.php?id=61

ბოლოს მინდა შემოგთავზოთ პატარა ამონარიდები ჩემი ჩანაწერებიდან, რომლებსაც კახას თანაშემწეობის დროს თითქმის ყოველდღიურად ვაკეთებდი ხოლმე:

,,2012 წლის 6 აპრილი

დღეს მეჩხუბა, ძალიან მეჩხუბა, ისე, როგორც აქამდე არასდროს უჩხუბია… ხომ ვიცოდი, რომ მომიწევდა მსგავსი საუბრების გადატანა, მაგრამ მაინც ძალიან იმოქმედა, ვიტირე, ავდექი და ვიბღავლე, დებილი გოგოსავოთ და ამის გამო მძულს ჩემი თავი, ცუდი იყო… მერე რომ შემატყო ვიტირე, მოლბა. იტირეთ? – მკითხა რბილად, ნუ ნერვიულობთ არაფერი მომხდარა და გამიღიმა. მერე ქვემოთ რომ მიდიდოდა შეხვედრაზე გაიცინა და კვლავ მკითხა: ისევ ტირიხართ? მერე მე ვუთხარი, რომ უბრალოდ ცუდად ვარ და სიცხე მაქვს, თუ სიცხე გაქვთ, მაშინ რატომ დადიხართ სამსახურში, გადავდოთ შეხვედრებიო – მითხრა…”

,,2012 წლის 12 აპრილი

არა რა, კახა გენიალური პიროვნებაა, ხანდახან ისე მექცევა, როგორც აღმატებულ და ჭკვიან ადამიანს, უნდა, რომ მომავალი უზრუნველყოფილი მქონდეს, უნდა, რომ ცხოვრება ავიწყო, ხელს მიწყობს პროფესიულ და პიროვნულ გავნითარებაში…”

,,2012 წლის 3 მაისი

ნელ–ნელა ვხვდები რა უნდა და ვსწავლობ მისი ნათქვამის სწორად გაგებას. ჩემებური მიდგომაც გამოვიმუშავე, უფრო სწორად ახლა ვაყალიბებ ნელ–ნელა, თუ როგორ უნდა ვიმუშაო მასთან. ეს ისეთი მეთოდია, რომელიც შეუძლებელია სხვას ასწავლო და მხოლოდ ინდივიდუალურ მიდგომაზე და გამოცდილებაზეა დაფუძნებული. ყველას მუშაობის საკუთარი მეთოდი აქვს. მე ახლა ვხვდები როგორი მქონია და როგორი აქვს ბატონ კახას. არ ვიცი რამდენად მისაღებია ჩემი მეთოდი მისთვის, მაგრამ ჯერჯერობით აქ ვარ, მინდა რომ ჩემი მუშაობით კმაყოფილი იყოს, ძალიან მინდა და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებ.”

,,2012 წლის 8 მაისი

ჩემი საქმიანობა, ძირითადად, იმას მოითხოვს, რომ ვიყო ოპერატიული. არ შეიძლება ყველაზე ვითომ უმნიშვნელო დეტალის სახვალიოდ გადადებაც კი, რისი გაკეთებაც შესაძლებელია დღეს, აუცილებლად დღეს უნდა გააკეთო! რომ კვდებოდე დაღლილობისგან, გული მიგდიოდეს, საშინლად გეძინდებოდეს, მაინც დღეს უნდა გააკეთო, ჯობია ზედმეტი 5 წუთით შეწუხდე, ვიდრე ხვალ ერთი საათი მოანდომო გადადებულ საქმეს.”

,,2012 წლის 26 მაისი

ძალიან კარგად შევეწყვე გარემოს, აქ არაჩვეულებრივი ადამიანები მუშაობენ, მაგრამ რამდენად კარგად ვახერხებ თავად მე მუშაობას, არ ვიცი. ხანდახან ძალიან ვნერვიულობ, იმდენად რთული მგონია გარკვეული ნიუანსების გათვალისწინება.

აქედან შეიძლება მალე წავიდე, მაგრამ იმდენად სერიოზული გამოცდილება შევიძინე, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ სადაც არ უნდა მოვხვდე, მიღებული გამოცდილება ძალიან დამეხმარება საქმე კარგად გავაკეთო.

ხანდახან ფიქრიც მიშლის ხელს, ეს პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ ზედმეტი ფიქრი და, ჩემი მხრიდან, კახას ნათქვამის მუდმივი ინტერპრეტაციის მცდელობა, საქმეს მხოლოდ აფუჭებს.

მთავარია, ემოციებს ვძლიო, მთავარია, ვირწმუნო, რომ მე ბევრი რამ შემიძლია!..”

,,2012 წლის 2 ოქტომბერი

რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ვთვლი, რომ ეს სწორედ ისეთი სამსახურია, რომელიც მე შემესაბამება. ხშირია სტრესული, გამოუვალი სიტუაციები, დაძაბული ვითარება, არეული სამუშაო გრაფიკი, მე ხომ მიყვარს არეულობა ყველგან და ყველაფერში. როცა მგონია, რომ ძალიან დავიღალე და მეტი აღარ შემიძლია, საკმარისია, ერთი ამოვისუნთქო და უვე ვხვდები, როგორ მომწონს და მიხარია რაღაცას რომ ვძლევ, ვლახავ. როცა კახა საზღვარგარეთ მიდის, თავიდან ძალიან მიხარია, მაგრამ წასვლის მერე ვხვდები, რომ რაღაც მაკლია, რომ მეტისმეტად ბევრი დრო მაქვს და ასე არ შეიძლება. კალაპოტიდან ვვარდები და მიჭირს ჩვეულ ფორმაში ჩადგომა, მით უმეტეს მაშინ თუ ვიზიტი დიდხანს გრძელდება.

როდესაც კარგად ვმუშაობ, საკუთარი თავით კმაყოფილი ვარ, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ ეს კმაყოფილება გადავლახო და მაქსიმალურად უარყოფითი მხრიდან შევხედო ყველაფერს. მგონია, რომ ასეთი მიდგომა უფრო დამეხმარება სამუშაოს უკეთ შესრულებაში. ყოველთვის ვცდილობ უგულოდ და დაუფიქრებლად არაფერი გავაკეთო, თორემ ეს აუცილებლად აისახება ჩემს სამსახურზე. აქ მნიშვნელოვანია თითოეული დეტალი, თითოეული ნაბიჯი, პაწაწინა გადახვევა და ა.შ. მეშინია რამე სერიოზული შეცდომა არ დავუშვა, რამე ისე არ გავაკეთო.

სულ იმას ვამბობ, რომ არ მაქვს წუწუნის უფლება, აქ მუშაობა უდიდესი გამოცდილებაა ჩემთვის, ცხოვრებაში წინ გადადგმული სერიოზული ნაბიჯი და ამის ასე ხელიდან გაშვება არ შეიძლება, ეს დაუშვებელია, წარმოუდგენელია და მე ამას არასდროს ვაპატიებ საკუთარ თავს, არასდროს!

მე ბედნიერი ვარ, უბრალოდ, ამ ბედნიერებას შენარჩუნება სჭირდება და, რაც მთავარია, დაფასება. არ არსებობს მოუგვარებელი პრობლემა, მთავარია, ჯანსაღად ვიაზროვნოთ და მშვიდად მივუდგეთ ყველაფერს და აუცილებლად უნდა გვიყვარდეს, რასაც ვაკეთებთ, აუცილებლად!”

,,2012 წლის 5 ნოემბერი

ხანდახან ძალიან მეშინია, იცით რატომ? ძალიან კეთილ და კარგ ადამიანებს ცხოვრება არ აძლევთ შანსს იყვნენ ბედნიერები, მე კიდე, რომელიც არაფერს ვიმსახურებ, ასეთ კარგ მდგომარეობაში ვარ. იქნეს, ეს დროებითი მდგომარეობაა, რომელსაც მალე ცუდი ყოფა ჩაანაცვლებს?

მივხვდი, რომ მართლა ვიკიდებ ფეხებზე რაღაცებს, როგორც ბატონი კახა მეუბნება ხოლმე. ის, რისი გაკეთებაც დღეს შემიძლია, ხვალისთვის გადავდებ ხოლმე და ხანდახან ერთი სული მაქვს სამუშაო დღე დასრულდეს, რის გამოც მნიშვნელოვანი დეტალები მავიწყდება, ეს კი ძალიან, ძალიან ცუდია. უკმაყოფილო ვარ საკუთარი თავით…

შაბათს საინტერესო დღე გვქონდა, სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტების განახლებული ინფრასტრუქტურის წარდგენა აგრარულში. ხვალ კი კულინარიის აკადემიის გახსნაა. ვნახოთ, რა იქნება.

მიყვარს ჩემი სამსახური და თავისუფალი უნივერსიტეტი, მინდა, რომ მდგომარეობა არ შეიცვალოსდა ის ყოველთვის დარჩეს ყველაზე კარგ უნივერსიტეტად საქართველოში, მინდა საუკეთესო სტუდენტები და პროფესორები ჩვენ გვყავდეს, სწავლისა და კვლევის თანამედროვე მეთოდებს ვნერგავდეთ და ა.შ.”

,,2012 წლის 20 ნოემბერი:

ძალიან მალე დადგება დრო, როცა მე აქ აღარ ვიმუშავებ და წინასწარ ვიცი, რომ უკიდეგანოდ დამწყდება გული, როცა გამახსენდება ეს სამსახური. აქ ყოფნას ძალიან ბევრი რამ მომცა, ჯანდაბას, რა მნიშვნელობა აქვს რამდენჯერ მინერვიულია და რამდენჯერ მიტირია, მთავარია, რომ აქ ბევრ რამეს ვსწავლობ და ურთიერთობა მაქვს საინტერესო ადამიანებთან. გავა დრო, არ ვიცი, რამდენი ხანი, ან, საერთოდაც, რა მოხდება ჩემს ცხოვრებაში, წარმოდგენა არ მაქვს, ვიმუშავებ თუ არა სადმე კარგ სამსახურში, გავაგრძელებ სწავლას თუ არა, მაგრამ რა სიტუაციაშიც არ უნდა ვიყო, ჩემი პირველი სამსახური ყოველთვის სევდანარევი მოგონებებით გამახსენდება…

როგორ მინდა, რომ უკეთესი ვიყო, როგორ მინდა, ვიყო კრეატიული და ჩემი თავი ყველანაირი ფორმით დავხარჯო აქ, ყველა შესაძლებლობა გამოვავლინო… მხოლოდ კარგი მინდა აქაურობისთვის, რადგან ეს მართლა ის ადგილია, სადაც სტუდენტები იღებენ ხარისხიან განათლებას და ეს უნივერსიტეტი არსებობს სწორედ მათთვის და არანაირი სხვა მიზანი, გარდა განათლებული და პერსპექტიული თაობის აღზრდისა, მას არ გააჩნია…

მე მიყვარს ჩემი სამსახური, მიყვარს თავისუფალი უნივერსიტეტი, მიყვარს აქ მომუშავე ადამიანები, მომწონს ის სულისკვეთება, რითაც განმსჭვალულია აქ თითოეული ადამიანი…

ხვალ პირველი პრეზენტაციები იქნება სკოლებში, ქვემოთ უკვე მერამდენე ღამეს ატარებენ ჩვენი თანამშრომლები და ემზადებიან ხვალინდელი დღისთვის…”

,,2012 წლის 14 აპრილი

კახამ გადაწყვიტა, რომ სხვა რაღაც ვაკეთო სამსახურში და ახალი თანაშემწე მოძებნოს. ვაღიარებ, რომ სწორედ ეს მინდოდა, მაგრამ ფაქტის წინაშე რომ აღმოვჩნდი, ლამის ვიტირე :შ ჩემი კაბინეტი, ჩემი მაგიდა, ჩემი სკამი, კარადა, კომპიუტერი და ა.შ.  ახლაც განვიცდი და ვნერვიულობ, რა იქნება ნეტა? იდეაში, სწორედ ის უნდა ვაკეთო, რაც მინდოდა, რომ მეკეთებინა, მაგრამ ეტყობა მსგავს ცვლილებებს ადვილად ვერ ვეგუები. ჰოდა, ეს კახას თანაშემწედ ყოფნის ბოლო ჩანაწერია, ალბათ. მინდა შევაჯამოსავით, ასე ვთქვათ:

აქ მუშაობა დავიწყე 2012 წლის 25 მარტს, ვიმუშავე ერთი წელი და ერთი თვე. მაგრამ ასე მგონია, რომ გაცილებით დიდი ხანია რაც აქ ვმუშაობ. ეს სამსახური გახდა ჩემი ცხოვრების სრულიად განსხვავებული ეტაპის დასაწყისი. დასრულდა უმუშევრობის საშინელი დრო და მე გამიჩნდა საკუთარი შემოსავალი და კარიერული წინსვლისა და განვითარების დიდი პერსპექტივა. დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში მე ყოველთვის სიამაყით გავიხსენებ, რომ ჩემი პირველი სამსახური კახა ბენდუქის თანაშემწის თანამდებობა იყო. ვინც თავიდან ბოლომდე წაიკითხავს ამ ჩანაწერს, ეცოდინება, თუ როგორი დღეები მაქვს გამოვლილი. იყო პერიოდები, როდესაც ძალიან ბევრს ვტიროდი, ვგრძნობდი, რომ მეტი აღარ შემეძლო, მაგრამ აქ ყოველთვის იყვნენ ადამიანები, რომლებიც მამხნევებდნენ და მდგომარეობიდან გამოვდიოდი. ყოველთვის მეხმარებოდაიმის გაცნობიერება, რომ საკუთარ თავზე მაღლა უნდ ადავმდგარიყავი და ყველაფერი გამოდიოდა და მე ვამაყობ იმ ფაქტით, რომ ძალიან ბევრჯერ მოვახერხე შეუძლებელი და დავრწმუნდი, რომ გაცილებით მეტის უნარი და შესაძლებლობა მქონია, ვიდრე წარმოვიდგენდი.

მუდამ მემახსოვრება როგორ ზრუნავდა ბატონი კახა ჩემზე. ყოველთვის მემახსოვრება სამუშაო დღის დასრულების შემდეგ ჩვენი ღამეული საუბრები. მისი გაბრაზებული სახე, როდესაც თვალდახუჭული ლაპარაკობს, მისი ბედნიერი სახე, როდესაც ქვემოდან გიყურებს და იღიმის. მისი მოჭუტული თვალები, როდესაც შორს უნდოდა რაღაცის დანახვა. მისი გულიანი ხარხარი, როდესაც სასაცილო ამბავს უყვებიან.

ბატონო კახა, ბედნიეირ ვარ, რომ თქვენთან ერთად ვმუშაობ!”

უკაცრავად გრამატიკული შეცდომებისთვის, ტექსტის დარედაქტირების დრო არ მქონდა…

24 Comments leave one →
  1. November 14, 2014 13:05

    ძალიან დამწყდა გული.
    საბედნიეროდ მან დატოვა ძალიან დიდი მემკვიდრეობა,იმისთვის რომ მისი სახელი სამუდამოდ დარჩეს საქართველოს ისტორიაში.

  2. November 14, 2014 14:53

    ნათი ბოლომდე წავიკითხე და უფრო დაგაფასე .. და.. სიტყვები არ მყოფნის… შენ ნამდვილად ამართლებ კახას იმედებს..
    . ძალიან კარგი ხარ. :*

  3. nino.zh permalink
    November 14, 2014 15:03

    იმედია ეს გუნდი შეძლებს იმას, რომ კახას დაწყებული საქმე გააგრძელოს, თან ისე რომ განათლების ხარისხი არ დაეცეს.
    ძალიან გული დამწყდა, ძალიან😦

  4. Luka permalink
    November 14, 2014 15:09

    🙂

  5. November 14, 2014 15:21

    sityvebi ar myofnis emociiis gadmosacemad… minooda piradad gamecno batoni kaxa da samwuxarod es ver movaxerxe…😦❤ is is iiseti iyo shoridanac, rom me tavi shemayvara.. qeds vixri mis winashe ..😦

  6. November 14, 2014 15:38

    kargi gogo xar

  7. November 14, 2014 15:58

    პოსტს, კომენტარების სახით, დავურთავ სხვა ადამიანების სტატუსებს, რომლების მასთან მუშაობდნენ:

    Iri Natsvlishvili

    ბოლოს რომ შევხვდი მარტოებმა ვისაუბრეთ.
    მკითხა რამდენი ხანია ჩემთან მუშაობთო? – რომ ვუთხარი მეოთხე წელიამეთქი, როგორც სჩვეოდა სათვალე შეისწორა და გაოცბულმა შემომხედა…
    მმმმმ… ამდენი ხანია მიძლებთო?
    რაღაც საკითხებზე ვისაუბრეთ, მასთან შეხვედრისთვის უჩველოდ წყნარადაც კი…
    მითხრა – თქვენ წრფელი სიტყვებით გადმომეცით შინაარსი, ეს სიმართლეა და ახლა ყველაზე მარტივად მესმის თქვენიო…
    რომ დავემშვიდობე, და გამოვედი ოთახიდან, უკან გამომყვა, ისევ დამიძახა და შემახსენა – ირა ხომ იცით ესა და ეს ისევ არის გასაკეთებელიო.
    ადრე მითხრა, ირას დაგიძახებთო..
    მერე მენეჯერი ხართო მითხრა…
    და ბოლოს წრფელი ადამიანი ხართო, ასე შემაფასა…
    ალბათ სწორედ ეს იყო კახას მორალი – ჯერ სხვებისგან გამოგარჩევდა, სახელს დაიმახსოვრებდა, თუ გაუძლებდი გაგამენეჯერებდა და თუ ამასაც გაუძლებდი ყველაზე მაღალ ინსტანციად მისთვის ადამიანური ღირებულებების შეფასებაღა რჩებოდა…
    ბოლო წერილი რომ მივწერე, დავუწერე – მე თქვენ მიყვარხართ ბატონო კახამეთქი…
    არადა არასოდეს არ მიმიწერია მსგავსი..
    ერთხელ ჩავეხუტე მახსოვს, აი მაშინ, მარგველაშვილი რომ შემოგვივარდა უნივერსიტეტში…
    მაინც შემხვდა საქმეზე, არ გადადო თათბირი არაფრით – და მაშინ ვუთხარი, უბრალოდ მინდა ჩაგეხუტოთთქო და ჩამეხუტა…
    მერე სტუდენტებთან ჩავიდა შეხვედრაზე, მე ვიფიქრე ჩუმად მეც შევალ, მოვუსმენთქო – კარი გავაღე თუ არა სავსე აუდიტორიის წინაშე მითხრა – ირა, ვიცი რომ ბევრი საქმე გაქვთო, ხომ ასეა? :)) – მეც” გადამაფიქრებიინა” იქ ყოფნა და რისთვისაც მან, ყველაზე რთულ წუთებშიც კი მოიცალა, ჩვეულ რიტმში მისი დავალებების შესრულება განვაგრძე…
    არ იცოდა რას ნიშნავდა პრობლემა, ყველაზე პრობლემიან დღესაც კი…
    მე გამიმართლა, მასთან სიცოცხლის ბოლო წლებში იმაზე მეტი დრო გავატარე, ვიდრე საკუთარ სახლში… მაშინ ვწუწუნებდი, ვბუზღუნებდი, ღამის 2-3 საათზე სახლში რომ მივდიოდი კახას თათბირიდან თავი ტრეფიკინგის მსხვერპლთან შედარებით კიდევ უფრო დიდად ჩაგრული სუბიექტი მეგონა… მშიოდა და მის კაბინეტში უხვად მომარაგებულ თხილეულს მუსრს ვავლებდი ხოლმე… ზოგჯერ მეუბნებოდა, ირა ნუ ჭამთ, ჯერ მე მომისმინეთო
    ამირჩია და მივედი
    მასწავლა და ვისწავლე
    შემაფასა და დავაფასებ – ყოველთვის, იმიტომ რომ ამ ყველაფრის გადმოცემა ტექსტით შეუძლებელია…

  8. Irma Tikanadze permalink
    November 14, 2014 17:11

    გმადლობთ, რომ ასე ახლოს დაგვანახეთ ეს დიდი ადამიანი! დაახლოებით ასეთიც წარმომედგინა.ძალიან დიდი დანაკარგია :(…. და დიდი ბედნიერება, რომ იყო და იცნობდით!

  9. Anonymous permalink
    November 14, 2014 17:45

    bednieri adamiani xart,sul vocnebobdi mastan megobrobaze,es ertxel davcere kidec,b-ni kaxa METRI brdzandeboda gonierebis,inteleqtis pirdapirproporciuli iumorit,shekazmuli zomieri cinizmit. dzalian damcuxrebuli var,gautaveblad vcer comentarebs-mastan siaxlove chem auxdenel ocnebad darcha…

  10. შორენა permalink
    November 14, 2014 18:48

    ნათია არ შემეძლო არ გამომეხატა პატივისცემა თქვენდამი და მწუხარება ბატონი კახას გარდაცვალების გამო… ზუსტად თვე არ მახსოვს მგრამ 2013 წლის გაზაფხულზე მომოვიხა ელექტრონული ფოსტა,სადაც თავისუფალი უნივერსიტეტი მატჰობინებდა,რომ გრკვეულ ვაკანსიაზე იყო კონკურსი… არც დავფიქრებულვარ ისე დავუდასტურე მონაწილეობა. დამირეკეს და დამიბარეს ტესტირსბაზე… მახსოვს როგორ ამევსო სიამაყით გული, როცა აგრარული უნივესიტეტის ფოიეში შევედი და უდიდესი სურვილი იმისა, რომ ჩემს შვილსაც ჰქონოდა იქ სწავლის შესაძლებლობა… ტესტირება გავიარეთ 80 მდე კანდიდატი ვიყავით. არ ვიცი როგორ და რა დავწერე დაღლი ვიყავი, გვიან საღამო იყო, თუმცა იქიდან წამოსული ვოცნებობდი რომ რა ვაკანსიაზეც არ უნდა ყოფილიყო კონკურსი მინდოდა ამ საოცარ გარემოში მოხვდრა… 1 კვირაში შემატყობინეს , რომ წარმატებით გავიარე ტესტირება და გასაუბრაზე ვიყავი დაბარებული ბატონ კახასთან ვინაიდან ვაკანსია რომლისთვისაც “ვიბრძოდი” ბატონი კახას თანაშემწის პოზუციას მოიაზრებდა… ეხლაც ვიგრძენი გახშირებული გულის ცემა როგორც მაშინ როცა მივედი გასაუბრებაზე. რატომღაც მეგონა, რომ კაბინეტი უზარმაზარი და მდიდრულად მოწყობილი იქნებოდა შესვლისთანავე მივხვდი,რომ შევცდი პატარა ოთახი და უამრავი ფურცელი წიგნები ნივთები, რომელთაგან ბევრი ღიმილს მოგგვრიდათ და ბატონი კახა… ნახევარ საათიანი საუბფის და არა გასაუბრების დასასრულს ღიმილით გამომისტუმრა მე კი თითქოს ორმაგად ამაღლებული და ერუდირებული დავტოვე მისი კაბინეტი… ვწუხვარ რომ ვერ გადავწყვიტე და ვწუხვარ რომ არ მომეცა საშუალება მემუშავა თქვენსავით ნათია… ზუსტად თქვენი მაგალითი მოჰყავდათ მეგობრებიზ ნაწილს მამხნევებდბენ,მეუბნებოდნენ რომ ეს იქნებოდა ფასდაუდებელი ცოდნისა და გამოცდილების მიღების შანსი… მე მაინც მეშინოდა.
    ნათია მესმის თქვენი, როგორი სიამაყით და სიყვარულით წერთ ამ ადამიანზე იმიტომ
    , რომ მე სულ რაღაც ნახევარი საათით მასთან გასაუბრებამ დღემდე წარუშლელი სიამაყიათ სავსე გრძნობა დამიტოვა.

  11. November 14, 2014 20:13

    Me amayi var ,rom chemi shvili kaxa benduqidzis daarsebul universitetshi swavlobs.sadac swavloben warmatebuli axalgazrdebi …kidev ufro warmarebit elodebian da ocneboben aq moxvedras momavali taoba… Tqven ki ertad saqartvelos warmatebas moutant.me mjera Amis!

    • November 15, 2014 07:50

      დიდი მადლობა ქალბატონო თამარ, ჩვენი გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ სტუდენტებს საუკეთესო მომავალი ჰქონდეთ.

  12. November 14, 2014 23:28

    ზუსტად ასეთი წარმომედგინა, როგორიც აღწერეთ. უდიდესი ადამიანი იყო. წარმატებებს გისურვებთ უნივერსიტეტის პირველობის შენარჩუნების რთულ გზაზე

  13. Anonymous permalink
    November 15, 2014 06:13

    ეს ნამდვილად კარგი, კეთილი, საქმიანი ადამიანის დაწეილი წერილია. კახას ყველაზე მეტად სტუდენტებთან უყვარდა შეხვედრებიო, ვფიქრობ სტუდენტებსაც . მადლობა ბატონ კახას ასეთი თანამშრომლების შერჩევისათვის, მადლობა ნათიას სიყვარულისათვის. გრიგოლ ჩიგოგიძე “პიონერფილმი”

  14. November 15, 2014 06:50

    ძალიან დამწყდა გულიი,ვინ იცის კიდევ რამდენი კარგი პროექტი უნდა განეხორციელებინა.აღფრთოვანებული ვარ შენით,რადგან ამ სტატიით შეძელი ჩვენც დაგვენახა ის დიდი ენთუზიაზმი და ცოდნა ,რომელიც ამ ადამიანში იყოო,ვამაყობ იმით რომ ასეთი კარგი,განათლებული ,დადებითი ენერგიით სავსე გოგონა ჩემი შვილის მეგობარია,წარმატებები ჩემო კარგოოოო

  15. teona Managadze permalink
    November 15, 2014 07:23

    ar vici ra davcero.vzivar da vtiri…imdenad damckda guli, rom ori dgea rac es ambavi gavige sashinel xasiatze var.kaxa benduqidze is ert-erti adamiania vinc yvelaze nichierad mimachnda msoplioshi da vis gacnobasac vocnebobdi.didi madloba tqven am cerilistvis,radgan mgonia rom ocneba amixda…gmertma gaanatlos imiershi.dzalian mckdeba guli.aseti xalxi ase naadrevad ar unda midiodnen chvengan

  16. November 15, 2014 07:52

    ავტორი გიორგი ცენტერაძე:

    კახა ბენდუქიძე

    2007 წელი იყო…იანვარი…მაშინ 23 წლის ბიჭი ვიყავი, რომელიც არსად არ მუშაობდა და ძირითადად მეგობრებთან ატარებდა დროს. სხვათაშორის, სწავლას თავს ვაკლავდი თქო რომ გითხრათ, მოგატყუებთ. თუმცა სკოლაშიც და უნივერსიტეტშიც ყოველთვის კარგი ნიშნები მყავდა…ზოგს უკვირდა როგორ გამომდიოდა…მე კიდე მიხაროდა, რომ შემეძლო ერთხელ რამე გადამეკითხა და მერე მაგ თემაზე ბევრი მელაპარაკა…ხოდა ამიტომ დიდად წიგნებს თავს აღარ ვურტყამდი…ზარმაცი ვიყავი…

    3 წელი იყო გასული რაც უნივერსიტეტი დავამთავრე და გადავწყვიტე – დროა სამსახურის მოსაძებნად. რამოდენიმე ადგილას გასაუბრება გავიარე…ჩემი მეგობარი ლევან გოთუა მუშაობდა სადღაც „მთავრობაში“ კახა ბენდუქიძესთან ჯერ კიდევ იმ დროიდან, რაც ის რუსეთიდან საქართველოში ჩამოვიდა. ამ დროს კახა ბენდუქიძე უკვე სახელმწიფო მინისტრი იყო რეფორმების კოორდინაციის საკითხებში. ლევანმა მითხრა კონკურსია ჩვენთან გამოცხადებულიო და მირჩია მონაწილეობა მიმეღო. ამ პერიოდში ერთდროულად ალბათ 10 ადგილას მივიღე კონკურსში მონაწილეობა და ცხადია რომ აქაც ვცადე ბედი. მახსოვს რამოდენიმე ადგილიდან დამირეკეს და ერთერთი „ბენდუქიძის ოფისიდან“…მასე ვეძახდი მაგ ადგილს მაშინ იმიტომ რომ ეგეთ ადამიანებს ვინც მთავრობაში დიდ თანამდებობაზე იყო, არასდროს არავის არ ვიცნობდი და ტელევიზორში თუ მყავდა მარტო ნანახი…

    გასაუბრებაზე დამიბარეს…დამხვდა 2 ადამიანი – მინისტრის მრჩეველი სანდრო კაჭარავა და ერთი სათვალეებიანი კაცი. ეგეთი სათვალეები მარტო საბჭოთა კავშირის დროინდელ სურათებში მქონდა ნანახი. მრგვალი სქელი შუშებით და სქელი დიდი ჩარჩოთი. რაღაცეებს მეკითხებოდნენ და მეც სტანდარტულად ვპასუხობდი…აშკარად ვხედავდი რომ იმ სათვალეებიან კაცს სულ არ აინტერესებდა ამ სტანდარტულ კითხვებზე ჩემი პასუხები… რამოდენიმე წუთის შემდეგ ამოიწურა ჩემი ბიოგრაფიისა და ჩემი ეკონომიკის ცოდნის შესახებ კითხვები…სანდრო გავიდა ოთახიდან, ხოლო ამ სათვალეებიანმა კაცმა სიგარეტი ჩამოიხსნა ყურიდან, ხელში ცოტახანი დაატრიალა, ამოიღო ჯიბიდან ასანთის კოლოფი…შემეცოდა რაღაცნაირად…სანთებელაც კი არ ჰქონდა…ვიფიქრე მორჩა ჩემი გასაუბრება თქო. ჯიბეში ხელი ჩავიყავი, ამოვიღე სანთებელა იმ იმედით, ოთახიდან რომ გავალთ მე მოვუკიდებ და ის ადგილს მაინც მანახებს ამ შენობაში სადაც ეწევიან…თანაც ახალი დაწყებული მაქვს მოწევა და მიხარია ვინმეს რომ მოვუკიდებ ხოლმე…უცბად ამ კაცმა ეს ასანთის კოლოფი გახსნა და გადმოეყარა ეს ასანთები მაგიდაზე…კიდევ უფრო შემეცოდა…გულში გადავწყვიტე ჩემი სანთებელა მეჩუქებინა…ერთი ხელის მოსმით ასანთების გარკვეული რაოდენობა ისე გადაწია გვერდზე რომ მივხვდი ამას პირველად არ აკეთებდა და მეუბნება: – „а вот у меня 7 спичек…“ მანდ მივხვდი რომ ჩემი გასაუბრება გრძელდება…მოკლედ ამ ასანთებისგან უნდა შემექმნა გარკვეული რაოდენობის სამკუთხედები…შევქმენი…შემდეგ სხვა დავალება იყო…ისევ ასანთი ფიგურირებდა და ესე გაგრძელდა ერთი 15 წუთი…შევასრულე…დაგირეკავთო მითხრეს…

    რამოდენიმე დღეში დამირეკეს. არ ვიცი ჩემმა ასანთთან მოპყრობის ნიჭმა გაჭრა თუ ლევან გოთუასთან მეგობრობამ, მაგრამ მითხრეს რომ შემდეგ ეტაპზე გადავედი და ეხლა ახალ დავალებას გამომიგზავნიდნენ ელექტრონულ ფოსტაზე…გამომიგზავნეს დავალება…უნდა დამეწერა კანონპროექტი ქართული სუფრის დაბეგვრის შესახებ. თავიდან მეგონა რომ მეკაიფებოდნენ და დავურეკე ლევანს. ტელეფონი გათიშული დამხვდა.უცხოეთში იყო წასული. მანდ მივხვდი რომ ლევანი საერთოდ აზრზე არ იყო ჩემი გასაუბრებების და აშკარად არ მეკაიფებოდნენ. მაგრამ რა კანონპროექტი რის კანონპროექტი…ეგეთი სიტყვა ცხოვრებაში არ მიხმარია არავისთან საუბარში…არათუ დამიწერია. დავიწყე ინტერნეტში ქექვა…გავარკვიე რა იყო, რას ნიშნავდა, როგორ იწერებოდა და ა. შ. მაგრამ…როგორ უნდა დავბეგრო ქართული სუფრა…გოჭი როგორ უნდა დავბეგრო? ხინკალი…მწვადი…თან ვფიქრობ რანაირი სამსახურია…ალბათ ვიღაც აყვანილი ჰყავთ უკვე და მე უბრალოდ ფორმალურად მავალებენ რაღაც სისულელეებს. მაინც დავბეგრე…განსხვავებული გადასახადების ოდენობით დავბეგრე სხვადასხვა კერძი…ბადრიჯანი ნიგვზით საერთოდ გავანთავისუფლე გადასახადისგან იმ მოტივით რომ ჩემს გარდა მაინც არავინ არ უკვეთავდა რესტორნებში და საერთოდ აღარ შეუკვეთავდნენ მერე…წავახალისე რა გაყიდვები…მივეცი კანონპროექტის ფორმა და გადავაგზავნე.

    ამჯერად დამირეკეს და მითხრეს რომ კახა ბენდუქიძესთან ვიყავი დაბარებული გასაუბრებაზე მთავრობის კანცელარიის შენობაში. მივედი…ჩემზე საშვი იყო დაშვებული და ბატონო გიორგი შემობრძანდითო ვიღაცამ მითხრა შემოსასვლელში. მახსოვს „დიდ კაცად“ ვიგრძენი თავი. ამ დროს ტელეფონმა დამირეკა და სადღაც ბანკში მეძახდნენ გასაუბრებაზე…ესე ლაკონურად და ამაყად ვუპასუხე: – არ მცალია მთავრობის კანცელარიაში ვარ და სხვა დროს დამირეკეთ თქო…

    მინისტრის მისაღებში ბევრი ხალხი ფუსფუსებდა მაგრამ იმთავითვე მიხვდებოდი ვინ იყო „მესტნი“ და ვინ სტუმარი. მინისტრის მდივანი მომესალმა და ყავა შემომთავაზა. მანდ ვნახე პირველად ეკა გაბადაძე, რომელიც კახას მდივანიც იყო, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერიც და საერთოდ ერთერთი ყველაზე კეთილი და მომღიმარი ადამიანი ვინც მანდ გავიცანი. შევედი კაბინეტში. პირველად დავინახე ეს დიდი და პოპულარული ადამიანი ცოცხლად…ესე თავის მაგიდასთან იჯდა, კომპიუტერში რაღაცას უყურებდა. მივესალმე და გამარჯობათო მიპასუხა თავი არც აუწევია…დაჯდომა შემომთავაზა და პირველი კითხვაც დამისვა – გიორგი, თქვენ აქ რამ მოგიყვანათო. თქვენობით მელაპარაკებოდა…და არც ამის შემდეგ მოუმართავს კახა ბენდუქიძეს ჩემთვის შენობით…არასდროს…სხვებსაც ესე ელაპარაკებოდა…ვიღაცა ჭკუიდან თუ გადაიყვანდა იმასაც კი თქვენობით მიმართავდა: „თქვენ შიგ ხომ არ გაქვთ?“

    მოვყევი რომ ძალიან მინდოდა საჯარო სამსახურში მუშაობის დაწყება და ქვეყნისთვის რაიმე კარგის გაკეთება. რაზეც მიპასუხა – „ეგ ყველაფერი გასაგებია…გამიკვირდებოდა რომ გეთქვათ როგორ გძულთ ეს ქვეყანა და აქ იმიტომ მოხვედით რომ შიგნიდან ძირი გამოუთხაროთ მას და დედა უტიროთ…ეგ ყველაფერი გასაგებია რომ კეთილი განზრახვები გაქვთ, მაგრამ რატომ მოხვედით აქ? რატომ მაინცდამაინც ეს ოფისი? რატომ არ წახვედით შინაგან საქმეთა სამინისტროში? ან ჯანდაცვის სამინისტროში? ან კულტურის სამინისტროში?“

    ვისაუბრეთ იმაზე როგორ არ მომწონდა შევარდნაძის დრო…როგორ მეშლებოდა ნერვები როდესაც სხვა ქვეყნებზე იძახდნენ რომ ჩვენზე უკეთესები არიან…რატომ არ შეგვიძლია ჩვენც ვიყოთ მაგრები…სად იმუშავებდითო მკითხა და ჩამომითვალა ისევ სამინისტროები…არ მინდოდა ამ ჯანდაცვაში არასდროს მუშაობა, არც შსს-ში და შემრჩა ისევ კულტურის სამინისტრო…მანდ მეთქი…ხოდა წადით ეხლა და თეატრები რომ ცუდ დღეშიაო დღეს მაგას როგორ ვუშველოთო მოიფიქრეთო და მოდით მერეო.

    მივედი რამოდენიმე დღეში და რაღაცეები ვიბოდიალე სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით…მისმინა 5 წუთი და მითხრა: „წადით ეხლა კანონი წაიკითხეთ თეატრებზე…კარგად გაერკვიეთ ყველაფერში და ამდენ ლაპარაკს აგერ დაფაზე კონკრეტულად დამიწერეთ რა და როგორ უნდა გავაკეთოთ. ჩათვალეთ თქვენ კულტურის მინისტრად დაგნიშნეს, გიორგი!“

    წამოვედი და ვფიქრობ რამდენჯერ უნდა მიმიყვანოს ეხლა ამ კაცმა…თუ უნდა ამიყვანოს თუ არადა მითხრას პირდაპირ. თანაც არაპირდაპირი ადამიანის აშკარად არფერი არ ეტყობა და ამდენ დროს არ დახარჯავდა ჩემთან შეხვედრაზე რომ არ უნდოდეს. სახლში არაფერს არ ვიძახი…ხომ არ ვიტყვი კულტურის მინისტრი ვარ თქო. სულ გაგიჟდაო ეს უპატრონო იფიქრებდნენ.

    შემდეგ მისვლაზე კარგად მოვემზადე. დერეფანში ის სათვალეებიანი კაციც შემხვდა. აწ გარდაცვლილი მიშა იაშვილი…კახას ძველი მეგობარი ყოფილა, რომელიც ხალხის შერჩევაში ეხმარებოდა და ფსიქოლოგიურ პორტრეტს უხატავდა…საოცრად უბრალო, თბილი და განსხვავებული ადამიანი იყო და ყველას ძალიან უყვარდა. რაღაც რჩევას თუ ჰკითხავდი, შემოუვლიდა ხოლმე…ათას კითხვას დაგისვამდა და მერე გირჩევდა რამეს. მაშინაც მითხრა, რომ მანქანას რომლის სახურავზე რაღაც დაეცა, ბევრი ადამიანი ეგრევე გაარემონტებსო…სახურავის ნაწილს გამოუცვლის და ცოტა ადამიანი თუ დაფიქრდება იმაზე, რომ ლუქი გააკეთოს გაფუჭებულ ადგილას, იქნება და უფრო იაფი უჯდებაო…ამიტომ კრეატიულად შეხედე რაღაცეებსო…

    ამჯერად დავუწერე დაფაზე რა იყო ჩემის აზრით პრობლემა ამ სფეროში…რა იყო გამოსავალი…რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო. მაგრამ ეს არ იყო მთავარი მისთვის…არავინ არ დამნიშნავდა მართლა კულტურის მინისტრად. მას აინტერესებდა თუ რამდენად სიღრმისეულად და დეტალურად შემიძლია მოვეკიდო საქმეს…რამდენად მაქვს სურვილი მართლა რაღაცის კეთების…
    – გიორგი, კანონი წაიკითხეთ?
    – არა, ბატონო კახა…
    – რატომ?
    – წავიკითხავ…
    – არა ეხლა უკვე გვიანია…აქამდე უნდა წაგეკითხათ.
    მეგონა დამთავრდა ყველაფერი და ეხლა დამემშვიდობება…
    – გიორგი, ზარმაცი ხართ?
    – კი ცოტა ზარმაცი ვარ…
    – არაუშავს, ბადრიჯანს ფრთები რომ ჰქონდეს გაფრინდებოდა, მაგრამ არ ააქვს და ვერაფერს ვიზამთ. სიზარმაცე კი შრომით უნდა დაძლიო…ეეეეკაააააა…
    შემოდის ეკა
    – ეს ჩვენი ახალი თანამშრომელია, გიორგი ცენტერაძე…

    პირდაპირობა და გულწრფელობა უყვარდა ყოველთვის…აფასებდა როდესაც საკუთარ შეცდომას აღიარებდი და თავის მართლებას არ იწყებდი. ბრაზდებოდა ხოლმე და იძახდა რომ ქართველებს ბოდიშის მოხდა უჭირთო და ყველაფერზე თავს იმართლებენო.

    პირველივე სამუშაო დღეს გამაცნო გიგა გონაძე რომელიც ჯანდაცვის რეფორმაზე მუშაობდა და უთხრა რომ ანალოგიურად სპორტშიც უნდა გაგვეკეთებინა რეფორმა და იქნება და აუხსნათ გიორგისო. იმ დღესვე მერიაში გამიშვა…მივედი და დამხვდა ვიცე მერი, რამოდენიმე სამსახურის უფროსი…რუკა ჰქონდათ გაშლილი მაგიდაზე და რაღაც საკითხებს იხილავდნენ. მეგონა რომ ალბათ რაღაცეები უნდა ჩამეწერა და კახასთვის მეთქვა შემდეგ რა და როგორ…უცებ ვიცე მერი შემომიტრიალდა და თქვენ რას ფიქრობთო მკითხა…ვუთხარი…გაითვალისწინეს…მანდ მივხვდი პირველად რომ უკვე ჩემი ცხოვრება შეიცვალა…სხვა პასუხისმგებლობაა…

    ერთი თვის გამავლობაში ვსწავლობდი თითოეულ დეტალს იმ საქმეში რაშიც ჩართული ვიყავი…მოვიარე მთელი თბილისი…ველაპარაკებოდი სხვადასხვა სპეციალისტებს და პროფესიონალებს…ვეძებდი ყველაფერს ინტერნეტში…რა არის ერთი თვე მაგრამ, საუბარში ვხვდებოდი უკვე რომ უფრო მეტი ვიცი კონკრეტული საქმის შესახებ ვიდრე ის ადამიანები რომლებიც წლებია ამაზე მუშაობენ. თან მწყინდა რომ ესეა თან მიხაროდა…

    ესეთი დაახლოებით 30 კაცი ვიყავით…გოგო ბიჭები რომლებსაც არ უმძიმებდათ ცუდი წარსული ზურგს…ვინც არასდროს არაფერში არ იყო გასვრილი და ვისაც შეეძლო თავისუფლად აზროვნება. ამიტომ მიგვიყვანა ყველა გარედან და არასდროს არავინ არ აუყვანია სამსახურში პროტექციით…ვერ იტანდა ამას…ეს ადამიანები დღე და ღამე მუშაობდნენ იმიტომ რომ სჯეროდათ საკუთარი საქმის და საკუთარი შესაძლებლობების…გულწრფელად უნდოდათ უფრო კარგ ქვეყანაში ცხოვრება…და ეს გააკეთეს კიდევაც…საქართველო გახდა უკეთესი…

    რა გვექნა…რაც შეგვეძლო გავაკეთეთ…რაც შეგვეძლო გავათენეთ…მაქსიმალურად დავიხარჯეთ და შედეგიც დავდეთ…კი…უკეთესადაც შეიძლებოდა…ბევრად უკეთესადაც…მაგრამ…კარგი იქნებოდა რომ მოგვხმარებოდნენ ან როგორც მინიმუმ ხელი არ შეეშალა ბევრს…

    დღეს ვფიქრობდი, კახას რომ უფრო მაგარი 30 ადამიანი ყოლოდა რას გააკეთებდა თქო. აი საქართველოს ნაკრებს რო ყავდეს მესი, რონალდო, რობენი…სამწუხაროდ არც ნაკრებს ყავს და არც ჩვენ ვიყავით მესი და რონალდო…მწვრთნელი კი მაგარი გვყავდა და რაც შეძლო გააკეთა ამ ადამიანებით…საქართველო შეცვალა…

    ერთხელ სამეურნეო თემაში გადამიყვანა, კანცელარიის უფროსი იყო უკვე…რაღაცეებს აკეთებდნენ პატარ პატარა რემონტებს…დამიძახა და მითხრა რომ ამ მშენებლებთან არაფერი არ ჭრისო…გინება მალამოსავით არისო მაგათთვის…აი ნაჯახი გამომართვითო და ერთხელ თუ არ გააკეთებენ ისე როგორც საჭიროა იარეთ და რაც არ მოგეწონებათ დაანგრიეთო…ფულს ვიხდით და კარგად უნდა გააკეთონო…დავდიოდი ამ ნაჯახით კანცელარიაში…გიჟი ვეგონე ყველას…

    ვერ იტანდა სავალუტო ფონდებს და კრედიტებს…სულ იძახდა ტყვილად არავინ არ მოგვცემს ფულსო და ჯობია ჩვენ რაც გვაქვს ის ვიკმაროთო და არავისი ვალი არ გვქონდესო…

    კერძო საკუთრებაც მნიშვნელოვანი იყო მისთვის…მახსოვს რაღაც შენობიდან ასახლებდნენ ხალხს, უნდა დავანგრიოთო…და სასტიკი წინააღმდეგი იყო და ძალიან ბრაზდებოდა…

    ყველა საქმეში თითოეულ დეტალს უღრმავდებოდა და ნერვიულობდა…სულ საქმეზე ფიქრობდა…ომის დროს კანცელარიის დაბომბვის საშიშროება რომ იყო ვიჯექი და ირაკლი კვაშილავასთან ერთად ვმუშაობდი საქართველოს ბიუჯეტზე…უცებ ისეთი აფეთქების ხმა გაისმა მეგონა აღარ იყო კანცელარია…ვიღაცეები გარბოდნენ…ჩვენ გაუნძრევლად გავაგრძელეთ მუშაობა…ბოლოს გაირკვა რომ შემთხვევით გენერატორი გასკდა თუ რაღაც ეგეთი…პანიკა ვინ დათესაო გამირკვიეთო…ვისთან უნდა გაგვერკვია აღარავინ აღარ იყო ჩვენს გარდა…

    ფიქრობდა იმაზე დევნილებს სახელმწიფოს მიერ ახალ აშენებულ სახლში რა უნდა დახვედროდა…დაწყებული კოვზიდან დამთავრებული სპეციფიკური ხელსაწყოებით რომლებსაც სოფლად იყენებენ…ჩხუბობდა თუ ვინმეს რამე გამორჩებოდა და აიძულებდა როგორც საკუთარ სახლზე ისე ეფიქრათ. მახსოვს მე და ანა კვანჭილაშვილი ვიყავით შეხვედრაზე სადაც ნერვიულობდა სპორტულ დარბაზში ისეთი ხის საფარი არ დაეგოთ რომ ვინმე ბავშვს ხიჭვი არ შეერჭოს და ესეთ წვრილმანებს ძალიან დიდ დროს უთმობდა…ანაც იმ 30 ადამიანში შედიოდა…ერთერთი ყველაზე პატარა იყო ჩვენში…კახა რომ ნერვიულობდა ანა მაგაზე ნერვიულობდა და იყო ესე…ბოლომდე გვერდში ედგა კახას…

    ეკა გაბადაძეს, ნანა დგებუაძეს და მარი ბუღაძეს ყველაზე რთული სამსახური ჰქონდათ მე რომ მკითხო…კახას მისაღებში ჯდომა, მისი ოფის მენეჯერობა და განსაკუთრებით მისი PR არ არის ადვილი საქმე…მაგრამ მგონი ყველაზე მაგრად მაგათ უყვარდათ კახა…

    ვატო ლეჟავა და ლილი ბეგიაშვილი…ადამიანები ვის გარეშეც მე საერთოდ არ წარმომიდგენია ის ყველაფერი რაც გაკეთდა…ან ბევრად უფრო დიდი ხანი დაჭირდებოდა…მათ ადამიანებთან ურთიერთობის საოცარი უნარი აქვთ…და ესეთ ადამიანებს პოვნა უნდოდა…კახამ იპოვა…

    ნანუკა საყვარელიძე, ეკა ყოლბაია, გიგა გონაძე, მარი ჯაფარიძე, ოთარ შუბითიძე, რიმა ბერიაშვილი…ძალიან მაგარია ადამიანი, რომელიც გულით ყველაზე ახალგაზრდა იყო არის და იქნება ჩვენში…ჯანდაცვის სამინისტროში ყველას ესე რომ ემუშავა როგორც ამ ხალხმა იმუშავა ჯანდაცვაზე დღეს ალბათ ყველაზე მაგარი ჯანდაცვა გვექნებოდა მსოფლიოში…მაგრამ…

    მანჩო შურღულაია, თამთა ოტიაშვილი, ლანა ონიანი, ნინო ჯავახაძე, ალეკო კაჭარავა, რატი ობოლაძე, თეონა ოძელაშვილი, გოგა ცხაკაია, მერაბ ნარმანია, ქეთი ქოქრაშვილი, გიორგი ჭანტურია, გიორგი ახალაია, ნათია ხანთაძე, ბესო ანდრიაძე, მაკა მდივანი, მაიკო წოწკოლაური, ვახო ბარამიძე, ლევან გოთუა, ლაშა მგელაძე, დათო მოდებაძე, ბექა მაისურაძე, ლევან თაქთაქიშვილი, ნონა ყარალაშვილი, ლალი შაიშმელაშვილი, ლევან ხეცურიანი, ლევან ფხაკაძე, გიორგი კასრაძე, გივი ქუტიძე, აჩიკო ფოჩხუა, თათული დოლიძე, ირაკლი ბერეკაშვილი, ნათია სამუშია…ნათიამ რასაც ხელი მოკიდა ყველაფერი მაგრად გამოუვიდა, იმიტომ რომ ყველაფერს მთელი გულით აკეთებს…ყველა ამ ადამიანს ააქვს უზომო წვლილი რომ საქართველო არის ბევრად უკეთესი ვიდრე იყო…ამ ხალხის ბრალია 12% ეკონომიკური ზრდა…

    კარენ მინასიანი, დათო ნინიაშვილი და ნოდარ სარდლიშვილიც გვეხმარებოდა IT კუთხით…

    ყველა ეს ადამიანი კახამ შეკრიბა ერთად…ეს ხალხი მარტო ხელფასისთვის არ მუშაობდა…როდესაც იცი რომ ქვეყანას უკეთესობისკენ ცვლი იქ ფული არაფერს არ ნიშნავს…კახა ყოველთვის იძახდა ბევრად მეტი გეკუთვნითო რასაც თქვენ მუშაობთ, მაგრამ ჩათვალეთ დანარჩენს სწავლაში მიხდითო…მართლაც ბევრი რამ მასწავლა…მაგალითად ის რომ არასოდეს არ უნდა გრცხვენოდეს კითხვის დასმა თუ რაიმე არ იცი და გჭირდება…ყველაზე მაგარი მაშინ იქნები, როდესაც რაზეც საუბრობ ან აკეთებ, ძალიან მაგრად იცი…მასწავლა დროის ფასი…კიდევ ბევრი რამ და რაც მთავარია მომცა საშუალება ქვეყნისთვის რაღაც გამეკეთებინა…

    არასოდეს არ გვაძლევდა პრემიას კარგი მუშაობისთვის…მისი პრემია და მადლობა იყო შოკოლადი…თუ გვაჩუქებდა შოკოლადს ესეიგი ძალიან კმაყოფილი იყო ჩვენით…

    მახსოვს თავისუფალ უნივერსიტეტში რომ გადავედი…იქაც მაგარი გუნდი შეკრა…გიორგი მელაძე, რომლის ნიჭიერება მართლაც რომ იშვიათია…ასევე იშვიათია ისეთი შერწყმა ადამიანობისა და პროფესიონალიზმის, როგორიც ვახო მეგრელიშვილია…გიგა შუბითიძე…ილო უმუდუმოვი…ალეკო შელია…გოგი კაციტაძე, თეა ხინჩაგაშვილი, ანი მილაშვილი, გაგა კაპანაძე, ეკა ონიანი, ტუკი, დათო გორგილაძე, მარი კიკალეიშვილი , ნათია გულისაშვილი, ზვიად სულაბერიძე, ნუცა ბათიაშვილი, მარინა ქარჩავა და სხვები…და აქაც ვატო ლეჟავა

    აგრარულში ლაშა გოცირიძე, ზვიად ჭეიშვილი, ირაკლი თაქთაქიშვილი, კახა დიდებულიძე, ილია, ვალერი, კობა, თაკო, ირაკლი, სანდრო…

    საოცარი ხალხია…ყველა თავისებურად მაგარი…მარტო ურთიერთობაც კი ამ ხალხთნ ბევრს ნიშნავს…

    ზაზა, გეგა, შაკო, ირაკლი…

    და ის ბავშვები კიდევ რომლებიც ასევე კახამ აღმოაჩინა თავისუფალში და აგრარულში…

    კახას გარეშე ხომ ამ ხალხს ვერ გავიცნობდი…და კიდევ რამდენს არ ვიცნობ უბრალოდ ან გამომრჩა…

    მიჩხუბია კიდევაც მასთან…გავუგდივარ კიდევაც სამსახურიდან…მახსოვს ქეთი ქინქლაძის ატირებული თვალები ამ დროს ამ ჩხუბს რომ უყურებდა…ქეთი საოცარი გოგოა…ძალიან გულიანი მაგრამ ამავდროულად ძალიან მაგარი პროფესიონალი…მისი წვლილიც დიდია იმ 12%-ში…

    ამის მერე ბევრ ადგილას ვიმუშავე…ვყოფილვარ დირექტორიც…მოადგილეც…უფროსიც…ყველგან ვაკეთებდი ყველაფერს რომ ყველაზე მაგარი პროფესიონალი თანამშრომლები მყოლოდა…თუნდაც იმის ხარჯზე, რომ შეიძლება ზოგიერთს არ უყვარდე მაგ დროს…მაგრამ ეს არაა მთავარი…მთავარია ამით ის ადამიანი გახდეს ძალიან მაგარი თავის საქმეში ვისაც თუნდაც არ უყვარხარ და ქვეყანას ემსახუროს…ესეც კახამ მასწავლა…და დღეს გულწრფელად მინდა ვთქვა, რომ მე ვამაყობ იმ ბიჭებით და გოგოებით ვისი უფროსიც მე ვიყავი და ვთვლი რომ მათი 99% არის დღეს ერთერთი საუკეთესო საჯარო მოხელე საქართველოში…ესეთ ადამიანებზე დგას დღეს საქართველო…ესეთ ხალხშია საქართველოს მომავალი…

    შემდეგ კახამ ისევ დამიძახა მასთან სამუშაოდ…პირდაპირ მითხრა სულ 2 ან 3 კაცი მყავს ნანახი საქართველოში თქვენნაირი მენეჯერი…გამეღიმა…რა სისულელეა თქო ვუთხარი…შევხდით ვილაპარაკეთ…თქვენ ნებისმიერი ადამიანთან კარგი ურთიერთობის დამყარება შეგიძლიათო და ხალხის შეკვრა ერთ გუნდად…კიდევ რამოდენიმე თვე ვიმუშავე მასთან…ერთხელ მკითხა:
    – ხელფასი რამდენი გქონდათ რომ დაიწყეთ სამსახური?
    – 200 ლარი თვეში.
    – ეხლა რამდენი გაქვთ? (იღიმის)
    – მაგდენივე დღეში…
    – ხომ გითხარით შრომით დაძლევთ თქო სიზარმაცეს… (იღიმის)

    ახსოვდა…

    კახა იყო ყველაზე საოცარი, ნიჭიერი და მცოდნე ადამიანი ვისაც კი ვიცნობდი…

    ის ბავშვივით იყო…დიდი ბავშვივით…

    ბავშვივით უხაროდა კარგი და ბავშვივით წყინდა ცუდი…

    ის იყო შინაგანად დიდი კეთილი ბავშვი, რომლის სიმდიდრეც ფულით არ იზომებოდა…დიდი ბავშვი ვისთვისაც ფულზე ბევრად ძვირფასი ყოველთვის იყო შოკოლადი…

  17. November 15, 2014 08:40

    ძალიან შემეცოდა… ნათელში ამყოფოს ღმერთმა..

  18. November 15, 2014 15:39

    ძალიან კარგი პოსტია.

  19. Anonymous permalink
    November 15, 2014 21:06

    ემოციური და მგრძნობიარე პოსტია.

  20. November 17, 2014 07:24

    კარგი პოსტია! სულმოუთქმენლად ჩავიკითხე ბოლომდე.

  21. madogio1 permalink
    November 18, 2014 12:49

    ზალიან კარგი პოსტია, გმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული . ბევრი საინტერესო გავიგეთ ამ პოსტით მასზე.

  22. mari permalink
    November 18, 2014 19:31

    martivad….bednieri adamianebi ,vinc am bumberaz pirovnebastan ertad mushaobda,albat daimsaxures…..

Trackbacks

  1. ერთი წელი კახას გარეშე |

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: