Skip to content

შიშები, შიშები ევრივეა!

January 5, 2015

why_dolls_scare_me_by_blackdragonrider97-d534soh

ახალი წლის ჭამა-სმისა და ნაბახუსევის დღეებმა ასე თუ ისე გადაიარა. ყველანი დავუბრუნდით სამსახურებს, სკოლებს, უნივერსიტეტებს და ა.შ. ამ დროს ადამიანები წინა წელს აჯამებენ და ახალი წლის გეგმებს აწყობენ, მე კიდევ მინდა, რომ ჩემს შიშებზე მოგიყვეთ.

სიბერის შიში – ამაზე ერთხელ უკვე დავწერე, ამიტომ აღარ განვავრცობ და პირდაპირ სხვა შიშებზე გადავალ.

სიკვდილის შიში – სიკვდილის ყველას გვეშინია, მაგრამ არ ვლაპარაკობთ. ადრე ამაზე მეც არ ვფიქრობდი, ახლა კიდევ დღე არ გავა სიკვდილზე არ ვიფიქრო.

შორეულ ბავშვობაში ლათინო-ამერიკული სერიალი გადიოდა რუსთავი 2-ზე. იქ ლუისმა უთხრა ალბერტოს, შენ მალე მოკვდები და შენს სხეულს მატლები დაესევიან და შეჭამენ, მე კიდევ ვიცოცხლევ და დავტკბები ცხოვრებით! მახსოვს გაოგნებულმა ვკითხე ბებიაჩემს მართლა ასე იქნებოდა თუ არა, მან მშვიდად მიპასუხა, რომ ზუსტად ასე მოხდებოდა. მაშინ ჩავთვალე, რომ სიკვდილის მერე თვეების განმავლობაში უნდა მეგრძნო და მეყურებინა როგორ ჭამდნენ მატლები ჩემს სხეულს და პანიკური შიში გამიჩნდა სიკვდილის და განსაკუთრებით მიწაში დამარხვის მიმართ.

გარკვეული ხნის შემდეგ კლინიკური სიკვდილის შესახებ გავიგე და ჩემი სიკვდილის შიშს დაემატა საფლავში გამოღვიძების შიში. მაშინ წერილების წერა დავიწყე ახლობლებისთვის, როგორ უნდა გამოეცნოთ კლინიკურად ვიყავი მკვდარი თუ ნამდვილად. ახლა ეს ყველაფერი სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ კრემაციაზე სერიოზულად ვფიქრობ, რადგან მიწაში დამარხვა არ მინდა.

ამავე შიშთან არის დაკავშირებული დავიწყების შიში. ვერ წარმომიდგენია, რომ ასი წლის შემდეგ დედამიწის ზურგზე აღარავის ეცოდნება ჩემი არსებობის შესახებ. ეს ფაქტი იმდენად უცნაურად მეჩვენება, არც კი ვიცი ამ განცდას რა ვუწოდო.

არსებობს ასევე უეცარი სიკვდილის შიში, მაგ. ავარიის დროს. ასეთი სიკვდილის იმის გამო მეშინია, რომ ბევრი რამ მრჩება გასაკეთებელი, სათქმელი, მოსაგვარებელი და ნამდვილად არ მინდა ჩემ მერე რამე გაუგებრობა იყოს გარკვეული საკითხების გამო. ამ ეტაპზე რა მაქვს სათქმელი გარდა იმისა, რომ თუ უეცრად მოვკვდები, აუცილებლად კრემაცია გაუკეთეთ ჩემს სხეულს! : )

რელიგიის შიში – ეს ყველაზე უცნაური შიშია რაც მაქვს და არც კი ვიცი, ნამდვილად ასე უნდა ვუწოდო თუ არა. შესაძლოა, რელიგიის შიში უფრო საკუთარი თავის შიშთან არის დაკავშირებული. ეს არის იმ ყველაფრის შიში, რასაც შორეულ ბავშვობაში გვასწავლიდნენ და ჩვენც უხმოდ გვჯეროდა, მერე გავიზარდეთ, თვალსაწიერი გაგვიფართოვდა, ღირებულებები გადავაფასეთ, პრიორიტეტები შევიცვალეთ, თუმცა ის ყველაფერი, რასაც ბავშვობაში ვხედავდით და რისიც გვჯეროდა, ტვინის არაცნობიერ კუნჭულებშია დამამლული და ხშირად გვახსენებს თავს. ეს არის ის რელიგიური შეხედულებები, სტერეოტიპები, ცრურწმენები, ტრადიციები, რომელთა მიხედვითაც ვიზრდებოდით და ოდესღაც სხვანაირი გვეგონა სამყარო.

როდესაც ვიზრდებით და ვიღებთ განათლებას, ვსწავლობთ მსჯელობას და ვიძენთ ანალიტიკური აზროვნების უნარს, თანდათან ვხვდებით, რომ ბავშვობაში თავსმოხვეული ცხოვრების წესი არასწორია და ჩვენც ვიცვლებით, თუმცა არ არსებობს ადამიანი, რომელზეც არ მოქმდებს ის უკვე გადაფასებული ცრურწმენები. მაგ. მე რელიგიასთან არანაირი კავშირი არ მაქვს, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ხანდახან თავად ის იჭრება ხოლმე ჩემს ცხოვრებაში, ძირითადად, ძალადობის სახით და კიდევ ერთხელ მახსენებს ბავშვობის ფანატიზმსა და რწმენას. თუმცა ძალიან იშვიათად გამიელვებს ხოლმე კითხვა იქნებ მაინც არსებობს რამე და ღირს ფიქრი ცხონებაზე? ამ ფიქრის გამო მძულს ხოლმე ის სტერეოტიპები, რაც ბავშვობაში ჩამინერგეს, რადგან იმ ძველი წლების გავლენის გამო ვერა და ვერ გავთავისუფლდი ამ ღმერთის შიშისგან. ასევე, შემომრჩა გაურკვეველი ცრურწმენები, მაგ. შავმა კატამ თუ გადამირბინა გზაზე, ცუდი წინათგრძნობა მიჩნდება, მარილის დაყრის დროს სასწრაფოდ წყალი უნდა დავასხა ან უკან გადავიყარო, რომ რამე ცუდი არ მოხდეს. ხანდახან თავადაც მეცინება ამ ყველაფერს რომ ვაკეთებ, მაგრამ ჯანდაბას გავაკეთებ, რა იცი რა ხდება🙂

უსაქმურობის შიში – აი, ეს ის შიშია, რაც ჩემს ცხოვრებას ყოველდღიურად გასდევს. შიში, რომ ვიღაცამ არ თქვას ჩემზე, რომ კარგად არ ვმუშაობ, ან მე არ გამიჩნდეს ეს კითხვა საკუთარ თავთან.  ამ შიშთან არის დაკავშირებული მომავლის შიშიც, იმის შიში, რომ ერთხელაც ვეღარ ვაკეთო ჩემი საქმე და აღმოვჩნდე უმუშევარი. ჯერჯერობით ამის შანსი საკმაოდ მცირეა, მაგრამ შიში მაინც არსებობს.

ავადმყოფობის შიში – ეს არ არის გაციების, სურდოს, ან თუნდაც ფეხის მოტეხვის შიში, ეს არის სერიოზული დაავადების შიში, როგორიც არის მაგ. ლეიკემია, სიმსივნე და ა.შ. ასეთ დროს არ მინდა, რომ ვინმემ ჩემს გადასარჩენად ირბინოს, აქციები მოაწყოს ფულის შესაგროვებლად და ა.შ. ზოგადად, არასასურველი ვალდებულებების აღების შიში მაქვს და შესაბამისად ჩემ გამო გაღებული ფულისთვის დარჩენილი ცხოვრება ვიყო ვალდებულად მადლობელი ათასობით ადამიანის მიმართ, ნამდვილად არ მინდა. იმიტომ არ მინდა, რომ ამით ადამიანები საკუთარი თავის რწმენას კარგავენ, ძლიერები ვეღარ არიან და სულ აქვთ საცოდაობის მძიმე განცდა, რაც დეპრესიაში აგდებთ. ეს არანაირად არ ნიშნავს, რომ ძვირადღირებული ოპერაციების გამო ხალხმა ქველმოქმედება არ უნდა აკეთოს, არა, მე უბრალოდ სუბიექტური პოზიცია გაგაცანით, რომელიც მხოლოდ ჩემს შიშს ასახავს.

ორსულობის/მშობიარობის შიში – ორსულობის შიშზე მეგობრებთან ბევრი მიცინია, რადგან სულ ვამბობდი, ვერ წარმომიდგენია, ჩემს მუცელში გაჩნდეს ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც უნდა გაიზარდოს და განვითარდეს, ასე მგონია, რომ ის შიგნიდან შემჭამს და მომკლავს. არ ვიცი, ეს ჰორორების გავლენაა თუ ბავშვობის რომელიმე ტრავმის, თუმცა ფაქტია, რომ მართლა მგონია ეს ცოცხალი ორგანიზმი მომკლავს. თუ გადავრჩები,მაშინ აუცილებლად მშობიარობა შემიწირავს, ის უსაშინლესი ტკივილი, რაც თან ახლავს ბავშვის გაჩენას. ამავე შიშის გაგრძელებაა შვილების მომავლის შიში. როგორები გაიზრდებიან ისინი, ვაითუ ისეთები არ გაიზარდონ, როგორებიც გვინდა, რომ იყვნენ. რა თქმა უნდა, როგორიც მშობლებს გვინდა, მაინც და მაინც ისეთები არც არასდროს იქნებიან ჩვენი შვილები, მაგრამ არსებობს რაღაც ჩარჩოები, წესები, რომლებსაც სასურველია აკმაყოფილებდნენ. მაგ. არ უნდა იყვნენ მოძალადეები, ნარკომანები, ჰომოფობები, ფანატიკოსები. მთავარია, ანალიზის უნარი ჰქონდეთ და, იმედი მაქვს, მერე შეძლებენ სწორი გადაწყვეტილების მიღებას.

გასუქების შიში – ეს არის არის გოგოშკური გამოხტომა, რომლის გამოც სულ დიეტაზე ვზივარ. არა, დიეტაზე ნამდვილად არ ვარ, ჩვეულებრივ ვჭამ, მაგრამ დღე არ გავა მინიმუმ ორჯერ მაინც სარკეში არ ჩავიხედო და გული არ გამისკდეს ჩემთვის არასასურველი სხეულის დანახვის გამო. იყო საკუთარი სხეულით კმაყოფილი, როდესაც იხედები სარკეში, არის ბედნიერი დღის განმსაზღვრელი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი.

გასუქების შიში უბრალოდ ზედმეტი წონის დისკომფორტი არ არის, ეს არის საკითხი, რომელსაც თუკი კილოგრამები ემატება, ვვარდები დეპრესიაში. ასეთ დროს მეუფლება განცდა, რომ ვინც მიყურებს ყველა დამცინის და ყველას მახინჯი ვგონივარ. ზედმეტი წონის შეგრძნების დროს არაფრის კეთება არ მინდა, არც სახლიდან გასვლა, არც მუშაობა, მხოლოდ ის მინდა, რომ მარტო ვიყო და არავინ მხედავდეს. ჩემთვის ფრაზა უი, გოგო, შენ ცოტა მოიმატე ჰო იცი? არის იმდენად შოკისმომგვრელად კატასტროფული, რომ ამის მერე შემიძლია იმ ადამიანს, ვინც ამას მეუბნება, ვცემო და მერე მწარედ ვიტირო.

კიდევ ბევრი შიშია, რომელიც ყოველდღიურად ახლავს ჩვენს ცხოვრებას, შიშები, რომლებზე ფიქრიც არ გვეშვება, როგორც კი მარტონი აღმოვჩნდებით საკუთარ თავთან ან სიბნელეში : )

ალბათ შეამჩნევდით, რომ ძირითადად მრავლობით რიცხვში, ვწერ, სინამდვილეში, ყველგან მხოლოდ საკუთარ თავს, ვგულისხმობ, ეტყობა ესეც რაღაც გაურკვეველი შიშია, საკუთარი თავის წინ არ წამოწევის : )

8 Comments leave one →
  1. January 5, 2015 19:47

    რა სევდიანი, გულის ამაჩუყებელი და უცნაურია, ერთნაირად რომ შიშობენ ადამიანები და სრულიად უცნობი დედამიწელის შიშ(ებ)ი თითქმის ერთი ერთში რომ ემთხვევა შენსას:/🙂

    • January 5, 2015 20:16

      პრინციპში, ეს სტანდარტული შიშებია, ანუ ისეთები, ყველას რომ გვეშინია ამ ყველაფრის და ალბათ ამიტომ არის იგივე განცდები: )

  2. January 5, 2015 21:44

    სიკვდილის შიშზე ცოტა ჩემებური დამოკიდებულება მაქვს. რაში მდგომარეობს ეს. სიკვდილის შიში ისეთივე უსაფუძვლოა, როგორიც სიბნელის შიში. რატომღაც ერთმანეთს ვუკავშირებ ამ ორს ერთმანეთს. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ რომელიმესი მეშინია. ჩემი აზრით, გარდაუვალის მიმართ შიში ცოტა არ იყოს უსაფუძვლოა. თუმცა არ ვამბობ რო არ უნდა გეშინოდეთ. გეშჳნოდეთ შეიძლება ხვალ მოვკვდეთ😀 ეს რა თქმა უნდა ხუმრობით.

    • January 6, 2015 14:27

      გარდაუვალის მიმართ შიშია სწორედაც საფუძვლიანი, ჩემი აზრით, როდესაც აცნობიერებ, რომ შენ არ მართავ მოვლენებს და არჩევანის თავისუფლება არ გაქვს მოკვდე თუ არ მოკვდე.

      • January 6, 2015 14:45

        არა რატო. როცა შეგიძლია რამე შეცვალო ის უფრო საშიშია ჩემთვის. ყოველ წამს იმის შიშით ვერ ვიცხოვრებ, რომ თავში რამე დამეცემა და მოვკვდები. თუმცა სიკვდილის შიში მარტო გარდაუვალობა არაა. ეს კიდევ გაუცნობიერებლობა არის. არ ვიცით რა არის რა იქნება. სწორედ მაგის შიშია. მე კიდე მირჩევნია ვიცოდე რისი მეშინია. ვიდრე არ ვიცოდე და მეშინოდეს თუნდაც გარდაუვალის

  3. January 6, 2015 20:33

    გასაგებია, რატომაც გეშინია სიკვდილის, მაგრამ პირადად მე, ყოველთვის პირიქით გრძნობა მქონდა, ყოველთვის მაინტერესებდა და ვიკვლევდი. და კიდევ პირიქით, მე ბედნიერი ვარ, რომ სიკვდილი არსებობს. სიკვდილის გარეშე, ჩემს ცხოვრებას არანაირი აზრი არ ექნებოდა, ჭეშმარიტად. სიკვდილს როდესაც გაიაზრებ, არცერთი შიში აღარ დაგრჩება, რა შიშებზეც შენ ამბობ ამ პოსტში, ყველაფერი გაქრება. ყველა შიშის საფუძველია სიკვდილი, ამიტომ უნდა “შეურიგდე” და შენი ეგზისტენცია აბსურდის სამყაროში აღმოაჩინო. უბრალოდ, შენი ერთადერთი ცხოვრება, არ უნდა შეწირო და მიუძღვნა შიშებს. დებილობაა, გმართონ მათ.
    იქნებ მეც დამეწერა ჩემს შიშებზე,

    • January 6, 2015 21:07

      მე მინდა, რომ მაშინ შემეძლოს სიკვდილი, როცა ამას თავად გადავწყვეტ. რა თქმა უნდა, შეგიძლია მიპასუხო, რომ თუ თავს მოვიკლავ, ეს ჩემი არჩევანი იქნება, თუმცა მე ამ საშუალებას არ ვგულისხმობ.

      • January 6, 2015 21:16

        გაიხსენე ანტიკური ლიტერატურა. რა დიდებულია სიკვდილი.
        სიკვდილს ვერავინ ვერ მართავს…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: