Skip to content

ადამიანები ისტორიის გარეშე

მარტი 28, 2017

რა ერქვა კაცს, რომელიც მუდმივად იჯდა მელიქიშვილზე, ძველი ღვინის ქარხნის წინ, შავი სათვალე ეკეთა და მათხოვრობდა? მთელი ჩემი სტუდენტობა ვხვდებოდი მაგ ადამიანს. უნივერსიტეტისკენ მიმავალი და უკან მომავალი, სულ იქ იჯდა, ერთსა და იმავე პოზაში, მუდამ შავი სათვალით და გარშემო ნაფურთხებით. სულ იმაზე მეშლებოდა ნერვები, რომ აფურთხებდა. აი, მიდიოდი შენთვის და ხედავდი კაცს გარშემო წრიული ნაფურთხებით. მეგონა სხვა არაფერი შეეძლო, მხოლოდ ჯდომა და გადაფურთხება.

ამდენი წლის განმავლობაში არ მახსენდება შემთხვევა იქ გამევლო და არ დამხვედროდა. როდის მოდიოდა იქ ან როდის მიდიოდა? მიდიოდა კი სადმე ოდესმე? და ერთხელ როდესაც იქ აღარ დამხვდა, გამიკვირდა. მას შემდეგ აღარც მინახავს. დღემდე ყოველთვის, როდესაც იქ გავივლი, ეს კაცი მახსენდება და ვფიქრობ, ნეტა სად არის? სადმე სხვაგან დაჯდა? იქნებ წავიდა თბილისიდან და სხვა ქალაქის უთქმელი ისტორიის ნაწილი გახდა?

ანდა ის კაცი რას შვება თსუ-ს პირველ კორპუსთან და მის ეზოში რომ დადიოდა ე.წ. კასტილით? მოულოდნელად გადგებოდა თავზე და ბოხი უხეში ხმით გთხოვდა დახმარებას. მაშინ ძალიან მაშინებდა, მეშინოდა მისი ჯოხის და უხეში ხმის, თავზე წაკრულად შემოხვეული ნაჭრისა და ჯიქური მზერის.

გარკვეულ წლებში, ბაკალვარიატის მერე, აღარ შემხვედრია თსუ-ში და ერთხელაც მოულოდნელად რუსთაველზე დავინახე ჩემსკენ მომავალი, უცებ გავჩერდი და გამეღიმა, გამიხარდა მისი დანახვა და აღარ მეშინოდა, უნივერსიტეტთან დაკავშირებულმა მოგონებამ რუსთაველის მეტროსთან გადმოინაცვლა, ოღონდ უკვე შიშის გარეშე. ახლა არ ვიცი სადაა, სად დადის და კიდევ ვინმეს აშინებს თუ არა მოულოდნელი თავზე დადგომით, დიდი ხანია არსად მინახავს…

კინოს სახლის ანდრეი რას შვება ნეტა? ვინც დადიოდა, ალბათ, ყველას გახსოვთ ის, მკაცრი ანდრეი, რომელიც დგებოდა პროექტორთან, რთავდა, მკაცრად გადმოგვხედავდა და უმორჩილესად მოითხოვდა, რომ გამოგვერთო მობილური ტელეფონები, რომ სეანსი არავითარ შემთხვევაში არ დაიწყებოდა იქამდე, სანამ ყველა მობილური ტელეფონი არ გამოირთვებოდა, ამას იმეორებდა რამდენჯერმე და თითოეული გამეორების მერე თითქოს მედიდურად ისვენებდა ამ მომენტით, იმ წამებში ის იყო კინოს სახლისა და დარბაზის მეფე, ჩვენი განმკარგველი. ის არასოდეს ლაპარაკობდა სხვა რამეზე და მისი ვერბალური უნარები მხოლოდ: გთხოვთ, ყველამ გამორთოთ მობილური ტელეფონებით შემოიფარგლებოდა.

სულ ისეთი განცდა მქონდა, რომ ეს კაცი შესისხლხორცებული იყო კინოს სახლთან. ამ შენობის ნაწილი გახლდათ, რომელიც კედელს ერწყოდა, როდესაც იქ ხალხი არ იყო. სეანსის დაწყებამდე, ნელ-ნელა გამოიყოფოდა კედლიდან, მტვერს იბერტყავდა და იწყებდა მუშაობას, თავიდან ბოლომდე აკონტროლებდა პროცესს, აცილებდა ყველას, მერე დარბაზს კეტავდა და რჩებოდა მარტო.

ასე მგონია ანდრეის ჩაი უყვარდა და როდესაც ყველა გადიოდა დარბაზიდან, ის ჯდებოდა ეკრანთან, ისხამდა ჩაის და ძალიან, ძალიან დიდხანს უყურებდა მას სანამ კვლავ კედელს შეერწყმოდა.

 

რამდენი ადამიანია თბილისში, რომლებიც დილით ჩვენთვის უცნობი სივრცეებიდან გამოდიან ქუჩებში, სკვერებში, დარბაზებში თავიანთი უტყვი და უცნობი ისტორიებითა და სევდებით? საიდან მოდიან და მერე სად ქრებიან? როგორ ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც ქალაქის უცნაურ ისტორიას ქმნიან?

არ ვიცი…

Advertisements
No comments yet

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: