Mindhunter

მოდი, ვაღიაროთ, რომ ბავშვობიდან მოყოლებული მკვლელობის საშინელი ისტორიების მოსმენის, წაკითხვის ანდა ეკრანზე ნახვის მერე, ხშირად გვიჩნდებოდა ფიქრები, თუ რატომ აკეთებდნენ მსგავს სისასტიკეს ადამიანები და პასუხებს ვერასოდეს ვპოულობდით. Mindhunter-ის ყურების დროს არ მტოვებდა განცდა, რომ ეს სერიალი სპეციალურად ჩემს კითხვებზე პასუხების გასაცემად შეიქმნა. სერიული მკვლელები და მანიაკები ყოველთვის კაცები იყვნენ და მსხვერპლი კი უმეტეს შემთხვევებში – ქალი. ამ სერიალშიც ასეა, ჩვენ ვხედავთ ქალების სიძულვილით შეპყრობილ მანიაკებს.

სერიალი ეხება ჩემთვის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო სფეროს: ფსიქოლოგიას და ეფუძნება რეალურ მოვლენებსა და რეალური სერიული მკვლელების ისტორიებს. ჩვენ ვუყურებთ 70-იანი წლების ბოლოს მყოფ ამერიკას, სადაც გამოძიების ფედერალურ ბიუროში (FBI) ახლა იწყებს დამკვიდრებას კრიმინალური ფსიქოლოგია, რომელიც იწვევს დიდ სკეპტიციზმს. ახალგაზრდა აგენტი ჰოლდენ ფორდი, რომელიც ერთ-ერთი ფსიქიურად არამდგრადი მკვლელის თვითმკველობას საკუთარ თავს აბრალებს, პრობლემის აღმოჩენის იდეითაა შეპყრობილი და სურს მიიღოს პასუხი კითვაზე – რატომ? ის და FBI-ს მეორე აგენტი ბილი ტენჩი დიდი ბიუროკრატიული დაბრკოლებების გადალახვის მერე, იწყებენ პერიოდულ შეხვედრებს სერიულ მკვლელებთან, რათა შეისწავლონ მათი ფსიქოლოგიური ასპექტები, მამოძრავებელი ფიქრები, მკვლელობის მოტივატორები და ა.შ. სერიალის ყურებისას მაყურებელს აქვს საშუალება გაეცნოს რამდენიმე სერიული მკვლელის ცხოვრებას, რომლებიც მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, როგორც წარსული ცხოვრებით, ასევე ჩადენილი დანაშაულებით. დეტექტივებს მალევე ემატება ფსიქოლოგიის პროფესორი, რომლის როლს უმშვენიერესი ანა ტორვი ასრულებს და რომლის გამოჩენასაც ეკრანებზე ჩემი ფავორიტი სერიალის Fringe-ს მერე ველოდებოდი.

სერიალის დაწყებისთანავე მქონდა შიში, რომ ესეც მორიგი ბანალური ჰორორი აღმოჩნდებოდა, სადაც ვიხილავდი სისხლიან დანებს, გამოფატრულ შიშველ სხეულებს, ნისლში მორბენალ სისხლმდინარე მსხვერპლს, წამების ახლო კადრებს, ბნელი ტყის ღამეუილ სცენებს და გულისგანმგმირავ კივილებს, მოკლედ ყველაფერს, რასაც მსგავსი ტიპის ფილმებში და სერიალებში გვაჩვენებენ ხოლმე, რათა მიგვანიშნონ თუ რაოდენ სასტიკია ის, ვინც ამ ყველაფრის შემოქმედია. მაგრამ არა, მეგობრებო! Mindhunter-ში ყოველგვარი გასისხლული გვამების ჩვენების გარეშე წარმატებით ახერხებენ მკვლელის სახის ჩვენებას.

ზემოთ ვახსენე, რომ სერიალში წარმოჩენილი სერიული მკვლელები განსხვავდებიან ერთმანეთისგან. თქვენ აქ არ დაიღლებით ერთმანეთის მსგავსი ისტორიების მოსმენით, ნახავთ სასტიკ და იმპულსურ მკვლელს – რიჩარდს, მხიარულ და მომღიმარ ჯერის, ნახავთ ისეთ სერიულ მკვლელს, როგორის არსებობა ვერც წარმოგიდგენიათ – ჭკვიან, გაწონასწორებულ, დალაგებულად და რაციონალურად მოაზროვნე ედს, რომელიც ტკბილი ხმით და გულუბრყვილო სახით გვიყვება მკვლელობაზე, თითქოს იმას ყვებოდეს როგორ დაისხა დილით ყავა ჭიქაში! სერიალის შემქნელებს, როგორც ჩანს, სურდათ იდეალური მკვლელის სტერეოტიპის დარღვევა და იმის ჩვენება, რომ მანიაკები, ერთი შეხედვით ჩვეულებრივი თვისებების მატარებელი ადამიანები არიან, შეიძლება იყვნენ სულელებიც, თითქოს კეთილებიც, ჭკვიანებიც, მრისხანენიც და ა.შ. მაგრამ არ არსებობს ჩვენს წარმოდგენებში არსებული იდეალური სერიული მკვლელი, რომელიც ყველა თვისებას აერთიანებს.

ყველა სერიულ მკვლელს, მიუხედავად განსხვავებული სახასიათო შტრიხებისა, რაღაცები აქვს საერთო, მაგ. ქალების სიძულვილი. სერიალში წარმოდგენილი დამნაშავეები სხვადასხვა ქმედებათა ჩადენის გამო სჯიან ქალებს, აწამებენ და კლავენ. ეს ქმედებები ყველა შემთხვევაში ცუდი საქციელის გამო დასჯას არ გულისხმობს, რა თქმა უნდა, ქალი ისჯება იმის გამო, რომ გადაწყვიტა კაცს მოწყვეტოდა და მის გარეშე დამოუკიდებლად ეცხოვრა, ან საერთოდ მოინდომა, რომ მისი თანაბარი გამხდარიყო, ან ეცხოვრა ცხოვრებით, სადაც საერთოდ არც კია კაცის ადგილი. როგორც ერთმა კრიტიკოსმა აღნიშნა – ქალების განსაკუთრებული სიძულვილი სექსუალური რევოლუციის შემდეგ! თუმცა ეს ასპექტები საერთოდ ცალკე მსჯელობის საგანია, მოდი, ფემინისტურ თეორიებში ნუ გადავვარდებით და სერიალის ხაზს გავყვეთ.

Mindhunter-ის ყურების დროს გაგაოცებთ ამერიკული პოლიციური სისტემის სკეპტიციზმი კრიმინალური ფსიქოლოგიის მიმართ, სადაც პოლიციელებს მკვლელები უბრალოდ განსახიერებული ბოროტება ჰგონიათ და მათთვის არანაირი მნიშნელობა არ აქვს სხვა დანარჩენს. სკეპტიკურად, ცინიზმითა და აგდებით უყურებენ აგენტების მუშაობას და ინტერესთა სფეროს და რიგ შემთხვევებში არც კი იღებენ მათ. ქცევითი ფსიქოლოგიის დეპარტამენტიც კი ამ სკეპტიციზმის და წინააღმდეგობის გამო, ფაქტობრივად, FBI-ს იატაკქვეშეთში იქმნება და ჩუმად მოქმედებს.

Mindhunter-ში ჩვენ ვხედავთ მთავარი პერსონაჟების სრულ მეტამორფოზას. რბილი და დამთმობი ჰოლდენი, რომელსაც თავიდან გულუბრყვილობის ეფექტიც კი დაჰკრავდა, ხდება მკაცრი და პირქუში, მარტოსული პერსონა, ხოლო თავიდან მკაცრი, ძლიერი და უხეში ბილი კი – რბილი და უფრო მეტად მოწყვლადი. ჰოლდენი კვლევა-ძიების პროცესში რაც უფრო უახლოვდება სერიული მკვლელების ფსიქოლოგიას, რაც უფრო ახლოს არის მათ მიერ ქალთა სიძულვილის მიზეზების ამოხსნის გზებთან, უფრო მეტად ხდება თავადაც რაღაც ფორმით მათნაირი.

სერიალში ანა თორნის გარდა არის მეორე ქალი პერსონაჟი – ჰოლდენის შეყვარებული დებორა, რომელიც განათლებით სოციოლოგია და თავისი თეორიებით ეხმარება ხოლმე კვლევა-ძიების პროცესში მყოფ ჰოლდენს. Mindhunter-ს ერთ-ერთ სუსტ წერტილად მიმაჩნია ის, რომ ეს ძალიან საინტერესო პერსონაჟი სათანადოდ კარგად ვერ გამოიყენეს.

ზოგიერთი კრიტიკოსი სერიალის სუსტ წერტილად მიიჩნევს, რომ არ ჩანს გამოძიების პროცესი, დამნაშავის აღმოჩენის გზები და მისთანანი, თუმცა პირადად მე ამას სისუსტედ ვერ ჩავთვლიდი, რადგან აქ ეგ საკითხები საერთოდ არაა მნიშვნელოვანი და აქცენტი მთლიად ფსიქოლოგიაზე და ახალი მეთოდების დამკვიდრების გზებზეა გადატანილი, რაც ჩემთვის გაცილებით საინტერესო სანახავია.

შეუძლებელია დაიწყოთ სერიალი და არ ჩაგითრიოთ ისტორიებმა, რომლებსაც მოისმენთ. თუკი გადაწყვეტთ Mindhunter-ის ნახვას, დასრულების შემდეგ სულმოუთქმელად დაელოდებით მეორე სეზონს, რომლის მცირედი სპოილერები რამდენჯერმე შეგხვდებათ პირველ სეზონში.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s