Category Archives: საზოგადოება

გენდერის პრობლემა თანამედროვე საზოგადოებაში

პოსტის გამოქვეყნების შემდეგ მითითება გახდა საჭირო და ამიტომ ვამატებ: პოსტი ცალმხრივია და ერთსახოვნად მხარს უჭერს ქალთა უფლებებს

როდესაც გენდერის პრობლემებზე ვიწყებთ საუბარს, ყოველთვის კაცობრიული გამოცდილების გათვალისწინება გვიწევს, რაც ქალის ფუნქციებს თანამედროვე სამყაროში, არც არაფერს მატებს, მხოლოდ თუ აკლებს. მოდი შევეშვათ ქალის როლის ისტორიულ განხილვას, არაფერში გვჭირდება ინდუქციური გამოცდილება, ყველაფერს შევხედოთ აწმყოს თვალით (ეს მათთვის, ვინც ქალის როლის დაკნინებას ისტორიული მიმოხილვით ცდილობს ხოლმე).

რატომ არსებობს გენდერული პრობლემები? ძირითადად, რას ეფუძნება ფემინიზმი? რატომ წარმოიშვა ის? ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც კაცობრიობა ჩანასახოვანი ფორმით არსებობდა, ადამიანები გამოქვაბულებში ცხოვრობდნენ. მამაკაცები სანადიროდ დადიოდნენ, ,,სახლში” საჭმელი მოჰქონდათ, იცავდნენ ოჯახს გარეული მხეცებისგან. ქალები კი შვილებს აჩენდნენ და საჭმელს აკეთებდნენ. ფუნქციათა მსგავსი გადანაწილება ფიზიკურმა შესაძლებლობებმა განაპირობა. კაცი უფრო ძლიერი იყო და უფრო მძიმე და რთული სამუშაოს შესრულება შეეძლო, ქალი კი ,,სახლში” იჯდა, საჭმელს აკეთებდა და შვილებს უვლიდა.

დროთა განმავლობაში ყველაფერი ნელნელა იცვლებოდა, Continue reading

რევოლუცია თუ პროფესიონალიზმი

მრავალნი არიან, ვინც მთლიანად იძირება პოლიტიკურ ბრძოლაში, სოციალური რევოლუციის მომზადებაში. ცოტანი ძალიან ცოტანი არიან, ვისაც რევოლუციის მოსამზადებლად სურს, მისი ღირსი გახდეს

ჯორჯ ფრიდმანი

რა წარწერებს აღარ ნახავ საზოგადოებრივ ტუალეტებში ეკას პლიუს გუკას და სკაიპის მისამართებს, ცნობილი მომღერლების სახელებსა და თქვენ წარმოიდგინენ ბრძნულ შეგონებებსაც წააწყდებით აქა-იქ. საინტერესოა, რომ ყველა საპირფარეშოს საკუთრივ მისთვის დამახასიათებელი სპეციფიკა გააჩნია და როდესაც იქ არსებულ წარწერებზე ვლაპარაკობთ, აუცილებლად რამდენიმე ტიპი უნდა გამოვყოთ. მაგალითად თსუ-ს მერვე კორპუსის ტუალეტში გარდა რიგითი ღლაბუცობისა წააწყდებით ლათინურ სენტენციებსაც, რაც მგონია, რომ ერთობ მარგებელია იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც არ სწავლობენ ამ ენას, სამაგიეროდ, ყოველდღე ხედავენ ანტიკური ეპოქის მოღვაწეთა რიგ გამონათქვამებს კარებსა თუ კედლებზე და ასე იმახსოვრებენ მათ.

თუმცა საზოგადოებრივ ტუალეტზე რომ არ ვაპირებ დაწერას, ალბათ, მიმიხდვით, უბრალოდ, დღეს, მერვე კორპუსის ტუალეტის კართან, თაბახის ფურცელი ვიპოვე შემდეგი შინაარის წარწერით: ,,იყავი რევოლუციონერი! დაიცავი შენი უფლებები!” არ ვიცი რამდენად ნახავდნენ ამ ქაღალდს რევოლუციონერი თუ არარევოლუციონერი სტუდენტები, მაგრამ რევოლუციის სულისკვეთებით აღსავსე ადამიანთა ქმედებებმა რადგან ტუალეტის კარამდე მიაღწია, ე.ი. საჭირო ყოფილა ფიქრი გარკვეულ ცვლილებებზე. Continue reading

მრცხვენია

როდესაც გარკვეულ მომენტში რამის შემრცხვება, ვწითლდები და ნერვიულობას ვიწყებ, ლაპარაკის უნარს ვკარგავ და სისულელეებს ვბოდავ ხოლმე.

როცა ისეთი რამის მრცხვენია, რაც პირადად მე მიკავშირდება და ყოველდღიურად მიწევს ხოლმე ამაზე ფიქრი, ეს გრძნობა უცნაურად გამკრავს ხოლმე გულის სიღრმეში, თითქოს სირცხვილი და სინანული ირევა ერთმანეთში და ამაზე ფიქრი ცუდ ხასიათზე მაყენებს.

როდესაც ზოგადსაკაცობრიო დარდი შემიპყრობს ხოლმე ( :დ ), თავს დანანებით გადავიქნევ ხოლმე აქეთ–იქით, მაგრამ სირცხვილით ვიწვები–თქო რომ ვთქვა, ეს ტყუილი იქნება.

არ მრცხვენია იმის, რომ საქართველოში ხალხი შიმშილობს, მე მრცხვენია იმის, რომ მაქვს საჭმელი, მაგრამ ამას არ ვაფასებ.

არ მრცხვენია, ქუჩაში მათხოვრებს რომ ვხედავ, ჯიბეში ბევრი ხურდა რომ მიყრია, იმის მრცხვენია. Continue reading

პრობლემაა

არსებობს პრობლემები, რომლებიც ნაკლებად სერიოზულია და მათ გამო არ ღირს დეპრესიაში ჩავარდნა.

არსებობს პრობლემები, რომელთა მოგვარების გარეშე ცხოვრებას ძველებურად ვერ გავაგრძელებთ.

არსებობს მარადიული პრობლემები, რომლებიც არასდროს მოგვარდება

და კიდევ არსებობს პრობლემები, რომლებიც ღიმილისმომგვრელია, ანდა, მე ვიტყოდი, რომ სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, თუნდაც შებრუნებით: სატირალია, სასაცილო რომ არ იყოს, მოკლედ რა მნიშვნელობა აქვს, როგორც არის. Continue reading

თბილისის ქუჩებში მომრავლებული მათხოვრები და სანახაობას დახარბებული საზოგადოება

პოსტში გამოყენებული სიტყვა მათხოვარი, მოკლებულია ყოველგვარ უარყოფით მნიშვნელობას, რასაც მას, სამწუხაროდ, ანიჭებს საზოგადოების უმეტესი ნაწილი. აქ ეს სიტყვა, უბრალოდ, ნიშნავს ადამიანს, რომელიც ითხოვს მოწყალებას და საერთოდ არ მოიაზრება დამამცირებელ კონტექსტში.


თბილისის ქუჩებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და გარკვეულ კაფე-ბარებში, ხშირად მოჰკრავთ თვალს მათხოვრებს. ისინი იმდენნი არიან, რომ გულს უკვე აღარ შეუძლია აჩუყება მათი დანახვის შემდეგ და აღარც ცრემლი აწყლიანებს ხოლმე თვალს ძველებურად. ყველაფერი ხომ შეჩვევაზეა.

რამდენიმე წლის წინ ქუჩაში გავლა გულს მიმძიმებდა, ჩემზე ცუდად მოქმედებდა ამდენი მათხოვარის დანახვა, რომლებიც საცოდავი ხმით ითხოვდნენ მოწყალებას, მაგრამ გავიდა დრო და ჩემმა ემოციურმა დამოკიდებულებამ შედარებით სტაბილური ხასიათი შეიძინა და ახლა მათხოვრებს ისე აღვიქვამ, როგორ თბილისის ქუჩების უცვლელ ატრიბუტებს. ვინმემ არ იფიქროს, რომ მათ შეურაცხყოფას ვაყენებ, ან განვიკითხავ, თუმცა, მათთან ურთიერთობის რამდენიმეწლიანი გამოცდილების გამო, თავს უფლებას ვაძლევ ყურადღება გავამახვილო რამდენიმე დეტალზე.

მათხოვრები განსხვავდებიან ერთმანეთისგან, მაგრამ, თითქმის ყველას, ფულის მოპოვების გარკვეული სტრატეგია აქვს შემუშავებული. მათი უმეტესობა ხალხის ყველაზე სუსტ წერტილს ,,ურტყამს” – ცდილობს გული აუჩუყოს ადამიანებს, თავი შეაცოდოს, ამისთვის კი უამრავი ხერხი არსებობს, მაგ: ტირილი საკუთარ ბედზე, ან შვილზე, რომელიც ძალიან ცუდად არის და სასწრაფო ოპერაცია სჭირდება, ან დაზე, ძმაზე, ქმარზე, ან სულაც საკუთარ თავზე. ბოლო დროს მსგავს თავის შეცოდებებს დაემატა ბოდიშის მოხდა შეწუხების გამო და სასტიკი თვითკრიტიკა.

არსებობენ მათხოვრები, რომელთაც არ სჭირდებათ გულზე წარწერის დაკიდება რომ ბრმები არიან, ან ლაპარაკი არ შეუძლიათ, ან შვილი ჰყავთ მკვდარი და უკიდურეს გაჭირვებაში იმყოფებიან, იმიტომ რომ, ისედაც ძალიან საცოდავად გამოიყურებიან და ესეც საკმარისია მოწყალების მისაღებად. ამ კატეგორიაში შედიან ფიზიკური ნაკლის მქონე მათხოვრები და მოხუცები.

არსებობს მათხოვართა კატეგორია, რომელიც კარგად აცნობიერებს, რომ ხალხს სანახაობა სჭირდება იმისთვის, რომ დახმარების ხელი გამოგიწოდოს. ასეთები, ძირითადად, მღერიან სიმღერას ,,ობოლო ბიჭი ვარ ღარიბი ღატაკი და…”, მართალია, დიდი ვოკალური მონაცემებით არ გამოირჩევიან, მაგრამ სიმღერის დასრულების შემდეგ გაცილებით მეტ ფულს აგროვებენ, ვიდრე იმ შემთხვევაში თუ უსიტყვოდ ჩამოუვლიან პუბლიკას. ხალხს სჭირდება იმის დანახვა, თუ როგორ იმცირებენ მათ წინ თავს, როგორ მღერიან, ან ცეკვავენ; სჭირდება მიზეზი იმისთვის, რომ მისცენ მთხოვნელს 20 თეთრი, საკუთარი ამპარტავნების დასაკმაყოფილებლად სჭირდება. აბა, უქმად ხომ არ მისცემენ იმ კაპიკებს?!

არსებობს მათხოვართა ისეთი კატეგორიაც, რომელთაც არც თუ ისე კარგი მიდგომა აურჩევიათ ფულის მოსაპოვებლად. რა დამავიწყებს, პირველ კურსზე სწავლა რომ დაგვეწყო, ზუსტად იმ დღეს, პირველი კორპუსის წინ ბედნიერად მდგარს, უეცრად საოცრად ხმამაღლა ნათქვამი ხრინწიანი ,,მეხვეწები” რომ ჩამესმა მარცხენა სასმენელში და შეშინებული ერთი ნაბიჯით წინ გადავხტი. ალბათ, მიხვდით ვისზეც ვამბობ. ეს ადამიანი ოთხი წლის წინ ყოველ დღე დადიოდა ,,ცოდნის ტაძრის” ეზოში და ამ თავისი ხრინწიანი ,,მეხვეწებით” მოწყალებას ითხოვდა, ვინც არ ეხმარებოდა კბილებში ასევე ხრინწიანად გამოსცრიდა ხოლმე ღვარძლიან გინებას და ახლა სხვისკენ მიემართებოდა. ეს ადამიანი დღემდე მაშინებს თავისი იდუმალი ,,გეხვეწებით” და როდესაც ვხედავ, ყოველთვის ვცდილობ მოვერიდო. არ ვიცი რა გასაჭირი გადაიტანა ცხოვრებაში, რატომ არის ასეთ დღეში და ასე შემდეგ, მაგრამ თითქმის მუქარის ტონით ნათქვამი ,,მეხვეწები” მე მხოლოდ მაშინებს, დახმარების სურვილს კი არ აღმიძრავს.

ალბათ, ყველამ იცით ის ადამიანიც, რომელიც მელიქიშვილის ქუჩის ბოლოში, კედელთან ზის და მუდამ შავი სათვალე უკეთია. 5 წელია, თითქმის ყოველდღე გავდივარ მანძილს რუსთაველის მეტროდან უნივერსიტეტამდე და არასდროს ყოფილა შემთხვევა, რომ ეს მათხოვარი იქ არ ყოფილიყოს. პირველად უარყოფითი განწყობა მის მიმართ მაშინ დამეუფლა, როდესაც ლამის ფეხზე დამაფურთხა და ამის შემდეგ სწრაფი ნაბიჯით ჩავუვლი ხოლმე იმ ადგილს, სადაც ზის, ასე მგონია, რომ მცნობს სახეზე (მიუხედავად იმისა, რომ ბრმაა) და კარგად ახსოვს, რომ ამ 5 წლის განმავლობაში არასდროს დავხმარებივარ.

არის მათხოვართა კიდევ ერთი კატეგორია, ე.წ. ციგნები, რომლებიც მრავლად არიან თბილისის ცენტრალურ ქუჩებში და სხეულის სხვადასხვა ნაწილებზე დაკიდებით ან შეფურთხების მუქარით გთხოვენ ფულს. პირველი უარყოფითი განწყობა კვლავ პირველ კურსს უკავშირდება, როდესაც ერთ-ერთმა მათგანმა ისე ძლიერ მომქაჩა თმა, რომ დღემდე არ დამვიწყებია ის ტკივილი. ცუდ განწყობაზე მაყენებს იმის გახსენებაც, როგორ მეშინოდა როცა მეგონა, რომ მართლა შემაფურთხებდნენ სახეში. სხვათა შორის, მსგავს მათხოვრებთან გამკლავების უებარი ხერხი მაქვს, როდესაც ფეხზე მოგეჭიდებიან, ან წინ დაგიდგებიან შესაფურთხებლად გამზადებული პირით, კი არ უნდა გაიქცეთ (აზრი არ აქვს), ან ფართხალი დაიწყოთ ფეხის გათავისუფლების მიზნით, არამედ, რაც შეიძლება მოწყენილი სახით და რაც შეიძლება გულწრფელად უნდა უთხრათ, რომ თქვენც ძალიან გშიათ და აქეთ გამოართმევდით ფულს დიდი სიამოვნებით, რომ მოგცეთ. ეს ყოველთვის ამართლებს, უმალ გამეცლებიან ხოლმე, ალბათ, ეშინიათ, მართლა არ მოვთხოვო ფული, ან ძალიან ვეცოდები ხოლმე.

ეს ციგნები სხვა შემთხვევაა, რაც შეეხება იმ ხალხს, რომელიც მართლა გაჭირვებაში იმყოფება და ძალიან სჭირდებათ სხვისი დახმარება:

უკიდურესი მატერიალური გასაჭირი საშინელს მდგომარეობაში აყენებს ადამიანებს, მით უმეტეს თუ ამ გაჭირვებას მხოლოდ ულუკმაპურობა კი არა, შვილის ან სხვა ახლობელი ადამიანის ავადმყოფობაც ერთვის. ალბათ, ძალიან ძნელია ამ დროს გადალახო საკუთარი სიამაყე და დაიწყო მათხოვრობა. ეს თუ მოახერხე, მერე გელის ხალხის უარყოფითი რეაქციის ატანა, დაცინვა; ამ დროს თვითშეფასება, მკვეთრად იწევს ქვემოთ და ასე თვითგვემას მიცემული ადამიანი იწყებს პუბლიკისთვის იმის მოყოლას თუ როგორ უჭირს, სჭირდება დახმარება, რომ უკვდება შვილი და ა.შ. ამის მოსმენისას მრცხვენია შევხედო თვალებში მათხოვარს, უსიტყვოდ ვეცლები ან, თუ შემიძლია, ვეხმარები და უცბად გავეცლები ხოლმე. ამას, ალბათ, იმის ქვეცნობიერი შიში ახლავს მეც ასეთ მდგომარეობაში არ აღმოვჩნდე.

ხშირად მიფიქრია იმაზე, შევძლებ თუ არა ვიმათხოვრო თუ მატერიალურად უკიდურესად ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდები. ჩუმადაც მიყურებია შორიდან ავტობუსებსა და მეტროებში მოსიარულე მათხოვრებისთვის, მინდოდა გამეგო რას გრძნობენ, როგორ ცხოვრობენ საერთოდ, რაზე ფიქრობენ, რისი გადალახვა უწევთ იმისთვის, რომ დაიწყონ მოწყალების თხოვნა. ალბათ, საკუთარი ამპარტავნება არასდროს მომცემდა საშუალებას რომ გადამელახა საკუთარი ღირსების შეგრძნება და ხელი გამეწვდინა სამათხოვროდ, არ ვიცი, ახლა ასე მგონია რომ ვერ შევძლებ, მაგრამ სინამდვილეში რას ვიზამ  თუ ფაქტის წინაშე აღმოვჩნდები?

ყველაზე მეტად მათხოვარი ბავშვების დანახვა მიკლავს გულს. ბავშვების, რომლებიც ჯერ ვერც აცნობიერებენ რა ცუდ მდგომარეობაში არიან, რადგან მოწყალების თხოვნა ჩვეულებრივი ამბავი ჰგონიათ. თუ ბავშვს არავინ ჰყავს, ვინც ყურადღებას მიაქცევს, ეს ხომ საშინელებაა და ამაზე უარესი კიდევ ის არის, მშობელი რომ აგზავნის შვილს ქუჩაში სამათხოვროდ, თავად კი სახლში ელოდება როდის მივა შვილი და მოგროვებულ ფულს მიუტანს.

ხანდახან მგონია რომ ტირილით ნათქვამი, შვილებო, დამეხმარეთ, ღმერთი დაგლოცავთ, ამის მიღმა სიძულვილი იმალება და ეს ნორმალურიც არის. რატომ უნდა გიყვარდეს ადამიანები, რომლებიც ამრეზით გიყურებენ, სამადლოდ მოგიგდებენ ერთ-ორ კაპიკს და ერთი სული აქვთ რაც შეიძლება მალე გაეცალო მათ.

საბოლოოდ, რაც არ უნდა უარვყო, რომ მათხოვრები ჩემზე არ მოქმედებენ, მიანც ტყუილი გამოვა. გული მეწურება ხოლმე მათი დანახვისას, ალბათ, საზოგადოებას მეტი ყურადღების გამახვილება მართებს ამ საკითხთან დაკავშირებით და არა მხოლოდ საზოგადოებას, არამედ რბილ სავარძლებში ტკბილად მოკალათებულ შესაბამისი თანამდებოდი პირებსაც. მესმის, რომ ბევრისთვის არ არის სასიამოვნო ქუჩებში მოხეტიალე ამდენი მათხოვრის დანახვა, მაგრამ ამას მხოლოდ უარყოფითი დამოკიდებულებით ხომ ვერ უშველი? გინახავთ ვინმეს რომ პოლიტიკოსების მხრიდან გატარებულიყოს რაიმე სახის ღონისძიება, რაც მათხოვრების საკითხის მოგვარებასთან იქნებოდა დაკავშირებული? მე არ მინახავს და არც გამიგია მსგავსი რამე. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ყველა შეეჩვია მოწყალების მთხოვნელი ადამიანების ხილვას ქუჩებში და აღარავინ ფიქრობს ამ საკითხის მოგვარებაზე, არადა, საქმე გაცილებით რთულად არის ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

ბავშვის აღზრდის საინტერესო მეთოდები და გაუნათლებლობის პრობლემა

პატარა ბავშვებთან, ასე თუ ისე, ყველას  გვაქვს შეხება; თქვენი არ ვიცი, მაგრამ პირადად მე ისეთ ,,მარგალიტებს” ვაწყდები ხოლმე იმის შემყურე, თუ როგორ ზრდიან მშობლები შვილებს, რომ ვიბნევი და არ ვიცი რა გავაკეთო. ეს ეხება ბავშვთან ურთიერთობის თითქმის ყველა სფეროს, პირველ სიტყვას, პირველ შთაბეჭდილებებს, რომელსაც ის იღებს ახალ სამყაროსთან შეგუების პროცესში, გარემოს, რომელშიც იზრდება და ა.შ.

პირველი, რამაც მიიქცია ჩემი ყურადღება, არის პატარა ბავშვებისთვის გინების სწავლება, თანაც ისეთ ასაკში, როდესაც მას ჯერ ლაპარაკიც კი არ დაუწყია და პირველი სიტყვები, რასაც დედა და მამა ისმენენ შვილისგან, ეს არის გინება! დიდი ხანია ვცდილობ გავარკვიო რატომ უყურებენ საკუთარ შვილს სიამაყისგან გაბადრული მშობლები, როდესაც ის მათ აგინებს. პასუხები ჩემთვის გაუგებარია და მშობლების პოზიცია, ამ საკითხთან დაკავშირებით, არგუმენტებს მოკლებული. მამების პასუხი, ძირითადად, ასეთია:

1.კაცია და გინება არ უნდა იცოდეს?!

ამის შემდეგ ვცდილობ გავარკვიო ხოლმე რა აუცილებელია 2 წლის ბავშვს ასწავლონ გინება,  პასუხად კი ვისმენ:

2.რა, მე რო არ ვასწავლო ისე ვერ ისწავლის? ჯობია ისევ მამამ ასწავლოს ვიდრე ვიღაც სხვამ!

აი აქ კი ვერ მისაბუთებენ თუ რა მნიშვნელობა აქვს ვინ ასწავლის ბავშვს გინებას, მშობელი, ქვისლი თუ მეზობელი.

გაუგებარია დედის პოზიციაც, როდესაც მისი ქმარი ბავშვს Continue reading

ქართველი ემიგრანტები საბერძნეთში

ათენში ყოფნა რა დადებით ემოციებთანაც იყო დაკავშირებული, მიწერია ერთ-ერთ პოსტში.  ხოლო იმ უარყოფითზე, რომელიც იქ ყოფნის შემდეგ გამიჩნდა, არაფერი დამიწერია. არავისთვის არის უცნობი, რომ საბერძნეთში ძალიან ბევრი ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს. ათენში ვერსად ნახავთ ადგილს, ერთი ქართველი მაინც რომ არ იყოს. სამწუხარი ის ფაქტია, რომ იმ ქართველების უმრავლესობა, რომლებიც ათენში ცხოვრობენ, რბილად რომ ვთქვა, ცუდად იქცევიან და ბერძნების თვალში მათი რეპუტაციაც შესაბამისია. თავად მინახავს და გამიგია რა საშინელებებს აკეთებენ იქ ქართველები, ამიტომაც არ მიკვირს ბერძნების მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება ქართველი ემიგრანტების მიმართ.

დედა და მისი მეგობრები. მძლივს ვნახე ფოტო, სადაც იღიმებიან, თითქმის ყველგან მოწყენილები არიან.

როგორც აღვნიშნე, ათენში მრავალგან არიან ქართველები, მათი სიმრავლით განსაკუთრებით ცნობილი უბანი ომონიაა, სადაც ქართველების გარდა სხვა ემიგრანტებიც იყრიან თავს, თუმცა იქ იმდენი ქართველია, რომ თამამად შემიძლია იმ უბანს ქართველების უბანი ვუწოდო. გამომდინარე იქიდან, რომ იქ მყოფთა უმრავლესობა არალეგალია, ხშირია პატრულის რეიდები, იჭერენ მათ ვისაც არ აქვს საბუთები, შემდეგ კი ჯარიმის გადახდის შემთხვევაში უკან უშვებენ, ან სამშობლოში აბრუნებენ. ომონია ათენის ყველაზე საშინელი უბანია. თუ ოდესმე იქ ღამე მოხვდებით, გირჩევთ ფრთხილად იყოთ, თორემ აგეკიდებიან ნარკომანები ან ქურდები, რომლებიც ურცხვად გამოგტაცებენ ჩანთას. ასეთი ქურდები მოტოციკლებით მოძრაობენ და ისე უცბად გაქრებიან მერე, რომ უკან მოხედვასაც ვერ მოასწრებთ. შარშან, უკან რომ ვბრუნდებოდით საქართველოში, ღამე გადიოდა ომონიიდან ჩვენი ავტობუსი და გამცილებელმა გავაფრთხილა ჩანთები არ მოგვეცილებინა და ფრთხილად ვყოფილიყავით.

მძიმე იყო ემოციურად ემიგრანტ ქალებთან შეხვედრა. პირველად რომ იმ უბნაში მცხოვრები ქართველი ქალები გავიცანი, სადაც ჩვენი 1 თვის განმავლობაში ვიმყოფებოდით, ვერაფრით ვხვდებოდი რატომ ტიროდნენ ისინი ჩვენი დანახვისას და რატომ გვიკრავდნენ ასე თბილად გულში. ვფიქრობდი, როგორ შეიძლებოდა ასე ძალიან ვყვარებოდით სრულიად უცნობ ადამიანებს. ბოლოს მივხვდი, რომ მათი ასეთი ემოციები დაკავშირებული იყო იმასთან, რომ ჩვენი დანახვისას მათი თავიანთი შვილები ახსენდებოდათ და იმედი უჩნდებოდათ, რომ მალე საკუთარ ბავშვებსაც ნახავდნენ, რომ მალე მათი  შვილები ჩამოვიდოდნენ მათთან საბერძნეთში, როგორ ჩვენ ჩავედით დედასთან.

ქართველ ემიგრანტ ქალებთან ურთიერთობისას მაქსიმალურად ვცდილობდი მშვიდად ვყოფილიყავი და არ მეტირა. ვერ წარმოიდგენთ რას ნიშნავს, როდესაც მატერიალური გაჭირვების გამო იძულებული ხარ მიატოვო ქმარი, შვილები და სამუშაოდ წახვიდე სხვა ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ყველამ ვიცით, რომ ეს საშინელი ტრაგედიაა, მაგრამ უმეტესობას, ალბათ, არ გინახავთ იქ მყოფი ემიგრანტების თვალები, რომლებიც ყოველთვის ცრემლით ივსებოდა ჩვენი დანახვისას. წამოსვლისას ისინიც ისევე დარდობდნენ, როგორც დედა.

მე და დედა

საბერძნეთში, შვილებისგან შორს ყოფნა, მხოლოდ მანძილით მათგან დაშორებას არ ნიშნავს, ეს ემოციური წყვეტაც არის. ის ძაფი, რაც დედას და შვილს ერთმანეთთან აკავშირებს, ნელნელა სუსტდება, ბოლოს კი წყდება, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, უმეტესწილად ასე ხდება, განსაკუთრებით მაშინ, თუ დედა მცირეწლოვან ბავშვებს ტოვებს. თავიდან ისინი ძალიან განიცდიან მშობლისგან შორს ყოფნას, მაგრამ მერე ეჩვევიან და ვერც კი აცნობიერებენ ისე ქრება სიყვარული დედა-შვილს შორის.

წარმოდგენაც არ მინდა როგორ ძლებენ ემიგრანტი ქალები უცხო ქვეყანაში, მე მგონია, რომ ვერ გავძლებდი მათ ადგილზე რომ ვყოფილიყავი, თუმცა, ფაქტია, რომ უამრავი ქართველი დედაა იქ და თუ რამე აძლებინებთ მათ იქ, ეს შვილების სიყვარულია, რომელთა უმეტესობა მალევე ივიწყებს მათ და მხოლოდ ფულის გამო უხარიათ მათი არსებობა. ფულის გამო უხარიათ ქმრებს ცოლების წასვლა საზღვარგარეთ და ფულის გამო უხარიათ ნათესავებსაც, მხოლოდ მცირე პროცენტი რჩება იმ ადამიამნების, რომლებსაც გული შესტკივათ საბერძნეთში მყოფ მშობლებზე. ფაქტის უტრირებას არ ვახდენ, ეს ყველაფერი მართლაც ასეა და მსგავსი მაგალითი უამრავი ვიცი.

27-ში ისევ მივდივარ ათენში, მიხარია და თან არც მიხარია, ისევ ბევრი დადებითი ემოცია იქნება და ასევე ბევრი დამთრგუნველი ფაქტის მომსწრეც გავხდები.  მინდოდა უკეთესი პოსტი დამეწერა, მაგრამ ემოციურად საკმაოდ რთულია ჩემთვის ამ ყველაფერზე წერა.

გაგრძელება იქნება…

რელიგიის მოდაში შემოსული კრიტიკა და ამ კრიტიკის გავლენა საზოგადოებაზე

მინდა გამოვეხმაურო ბოლო დროს დამკვიდრებულ ტენდენციას რელიგიური საკითხების დაცინვასთან დაკავშირებით. ყველა, ვისაც არ ეზარება, ამ თემაზე წერს და ამით ცდილობს საზოგადოებაში გარკვეული ადგილის დამკვიდრებას. მინდა გამოვყო რამდენიმე ასპექტი, რომელიც ახდენს ხალხზე გავლენას მსგავსი შინაარსის სტატიებისა თუ პოსტების წაკითხვის შემდეგ:

ბევრი ადამიანი ცდილობს დააკნინოს სამღვდელოება უსვამს რა ხაზს მათ არასწორ ქმედებებს ეკლესიისა თუ საზოგადოების წინაშე. რა თქმა უნდა, არაფერი მაქვს იმის საწინააღმდეგო, რომ ყველას აქვს უფლება გამოთქვას საკუთარი აზრი, მაგრამ საკითხში ცუდად ჩახედულ ადამიანს არ შეუძლია სათანადოდ გაიაზროს მოწოდებული კრიტიკა და ეკლესიის დამაკნინებელი მასალის წაკითხვისა თუ ნახვის შემდეგ, მას ექმნება შთაბეჭდილება, რომ ავტორი ღმერთსაც დასცინის, შესაბამისად, ამის გამო, უჩნდება პროტესტის გრძნობა, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, არაკორექტულად ამჟღავნებს ხოლმე თავს. ამის შემდეგ, იმის მაგივრად რომ ადამიანები შევეცადოთ და მაქსიმალურად ვიზრუნოთ ეკლესიის წარმომადგენელთა არასწორი ქმედებების აღმოსაფხვრელად, ჩვენ მივვარდებით მათ, ვინც გაბედა მათი გაკრიტიკება და მიწასთან ვასწორებთ. ამიტომ მგონია, რომ თუ გვინდა  ღვთის დოგმების არასათანდოდ გამოყენების გამო წინააღმდეგობა გავუწიოთ მღვდლებს, ეს სურვილი ისეთი სახით უნდა მივაწოდოთ საზოგადოებას, რომ მან შეძლოს ადეკვატურად გაიაზროს ეს ინფორმაცია და მიხვდეს, რომ სასულიერო პირების ნაკლზე ხაზგასმა, არ ნიშნავს იმას, რომ ვინმე ცდილობს დააკნინოს და დასცინოს ღმერთს. ხალხმა უნდა გაიგოს, რომ მღვდლებიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან და თუკი შეცდომას უშვებენ, ამაზე მითითება მომაკვდინებელი ცოდვა არ არის.

პასუხი მსგავსი სტატიების წინააღმდეგ, ძირითადად, გამოიხატება შეურაცხყოფის მიყენებაში, თუ როგორ გაბედა მავანმა და მავანმა და გამოთქვა საკუთარი უარყოფითი დამოკიდებულება სასულიერო პირების მიმართ. მე მსგავს გამოხმაურებებს კრიტიკას ვერ ვუწოდებ. კრიტიკა ორივე მხარის პოზიციის გააზრებას, უარყოფოთი და დადებითი მხარეების დანახვას და შესაბამისად სრულყოფილ ორმხრივ ანალიზს გულისხმობს და არა ერთი მხარის უკიდურესობაში ყოფნას. მსგავსი ,,სენი” (რომელიმე უკიდურესობაში ყოფნა, რომელსაც, სამწუხაროდ, უმეტესობა კრიტიკად აღვიქვამთ), დამახასიათებელია ქართველებისთვის. ჩვენ, ძირითადად, ემოციურ დონეზე ვწყვეტთ ხოლმე პრობლემატურ საკითხებს და არა რაციონალურად გააზრების საფუძველზე, ეს კი ხელს გვიშლის სათანადო აზრის ჩამოყალიბებაში, რადგან ემოციურ დონეზე გადაწყვეტილი საკითხებით რთული ხდება სასურველი შედეგის მიღწევა.

ადამიანები სხვადასხვა წყაროებიდან ვიღებთ ინფორმაციას და რაც არ უნდა უნდობლად მივუდგეთ ახლადგაცნობილ დებულებებსა თუ არგუმენტებს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, ისინი გაუცნობიერებლად ილექებიან ჩვენს ტვინში და გარკვეულ როლს თამაშობენ მსოფლაღქმის ჩამოყალიბებაში. ჩვენ ვერ განვსაზღვრავთ რა ინფორმაციას იღებს ხოლმე ჩვენი ტვინი და რა რჩება მის ხვეულებს შორის, აქედან გამომდინარე, არავისთვსი არის უცხო, რომ მასმედიას დიდი გავლენა აქვს საზოგადოების ცნობიერებაზე და  ვფიქრობ, რომ როდესაც ხალხს ვაწვდით გარკვეულ მასალას მტკივნეულ საკითხებზე, სიფრთხილის გამოჩენა გვმართებს. უპირველეს ყოვლისა, საჭიროა სათანადო ცოდნის ქონა, როდესაც ვეხებით ისეთ საკითხს, როგორიცაა ეკლესია.

დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანს, რომელიც აწვდის ინფორმაციას საზოგადოებას, ჟურნალისტი იქნება ეს თუ ბლოგერი არ აქვს მნიშვნელობა. 19, 20, 21, 22 წლის ასაკში ჩვენ ჯერ არ მოგვეპოვება სათანადო ცოდნა იმისთვის, რომ ხალხს მივუთითოთ თუ როგორ უნდა მოიქცნენ ეკლესიასთან დამოკიდებულებაში, რისი მიღებაა საჭირო ანალიზის გარეშე და რისი მხოლოდ გააზრების შემდეგ. მსაგვსი მითითებების მიცემისათვის მხოლოდ ბიბლიის წაკითხვა არ არის საკმარისი, საჭიროა ეკლესიის ისტორიის სათანადო ცოდნა, წმინდა მამების წერილების წაკითხვა, იმ დოგმების გაცნობა, რომლებითაც ხელმძღვანელობს ეკლესია და რომლებიც მხოლოდ 10 მცნებით არ შემოიფარგლება; საჭიროა ურთიერთობის ქონა ეკლესიასთან და მხოლოდ ჯიპიანი მღვდლების დანახვის შემდეგ მიღება გადაწყვეტილებისა, რომ ისინი ჭეშმარიტებას არ ემსახურებიან, არასწორია. საჭიროა გამოცდილების დაგროვება, რომელიც სწორედ სასულიერო პირებთან და მრევლთან ურთიერთობას გულისხმობს. მე ამ ყველაფრის სიღრმისეულ გააზრებაზე მაქვს ლაპარაკი თორემ მორწმუნე ადამიანებთან ასე თუ ისე ყველას გვაქვს შეხება. იქიდან კი დასკვნების გამოტანა რასაც ყურმოკვრით ვიგებთ ეკლესიასთან დაკავშირებით სხადასხვა წყაროებიდან, იქნება ეს ტელევიზია, ჟურნალ-გაზეთები თუ ჭორიკანა მეზობელი, არაა სწორი. ვინმე შეიძლენა შემეწინააღმეგოს და მითხრას, რომ ყველა თეოლოგი ან ეკლესიის ისტორიის მცოდნე ვერ იქნება, მაგრამ მიმაჩნია, რომ თუ წერ ეკლესიის და სამღვდელოების დამაკნინებელ სტატიას ან პოსტს, მაშინ კეთილი უნდა ინებო და ასე თუ ისე გაერკვე ქრისტიანულ მოძღვრებაში და მხოლოდ ზედაპირული ცოდნით არ შემოიფარგლო.

როდესაც საჯაროდ ვწერთ მსგავს საკითხზე ე.ი. გვინდა რომ ეს სხვამაც ნახოს, აბა, მხოლოდ საკუთარი თავისთვსი ხომ არ ვწერთ? რატომ გვინდა სხვამ ნახოს? იმიტომ რომ გაიაზროს რას ვწერთ და დაფიქრდეს თუ რამდენად სწორია მისი დამოკიდებულებები ეკლესიისადმი. შესაბამისად თუ გვინდა ვინმეს რამე დავანახოთ ეს სათანადო ფორმით უნდა გავაკეთოთ. თუ ავდგებით და სარკაზმით გაჯერებულ სტატიას დავწერთ, რომელიც მხოლოდ აქილიკებს და ფეხქვეშ თელავს ეკლესიას, რა თქმა უნდა, მორწმუნეთა სიმპატიას ვერ მოვიპოვებთ (ამ შემთხვევაში მე არ ვგულისხმობ ადამიანებს, რომელთა მიზანი მართლა მხოლოდ დაცინვაა და არა რაიმეს გამოსწორებაზე ზრუნვა).

მე, ალბათ, დიდ მრჩევლად არ გამოვდგები მსგავს საკითხებში, იმიტომ რომ მეც მაკლია გამოცდილება და ჯერჯერობით არ გამაჩნაი სათანადო ცოდნა. ჩვენობით იმიტომ ვლაპარაკობ, რომ როდესაც მოგმართავთ მსგავსი სტატიებისა და პოსტების ავტორებს საკუთარ თავსაც მივმართავ, მეც არ მინდა რომ მსგავსი რამ დამემართოს და უნებლიედ ვინმეზე ცუდი ზეგავლენა მოვახდინო არგუმენტების გარეშე დაწერილი რაიმე პოსტით, რომელიც მხოლოდ ცინიზმს შეიცავს.

საზოგადოებაზე გავლენას ახდენს უცენზუროდ გამოთქმული მოსაზრებებიც, რომლებიც, დამეთანხმებით, მართლაც არაა სასიამოვნო მოსასმენი. უცენზურო გამოთქმები, ძირითადად, სოციალურ ქსელებში დატოვებული კომენტარებით შემოიფარგლება და არა სტატიებით, მაგრამ არც მსგავსი შინაარსის კომენტარების დაწერა მიმაჩნია სასურველად. კვლავაც ვიმეორებ, რომ ყველას აქვს საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება, მაგრამ, როდესაც ვიცით, რომ ამ აზრს აუცილებლად მოჰყვება არასათანადო გამოხმაურება, მოახდენენ მის ინტერპრეტაციას და ა.შ. მაშინ იქნებ ვეცადოთ და ვიყოთ მეტად კორექტულნი?

პოსტში არ მაქვს საუბარი ადამიანებზე, რომლებიც განგებ წერენ მსგავსი შინაარსის სტატიებს, რათა გააღიზიანონ საზოგადოება ან მათზე, რომლებიც სარგებლობენ ამ საკითხის აქტუალობით და გამომდინარე იქიდან, რომ იციან მათ სტატიასა თუ პოსტს ბევრი წაიკითხავს, სარგებლობენ ამით და წერენ ზედაპირულ ვაიკრიტიკას.

მე ვცდილობ გავერკვე თუ რა იწვევს სასულიერო პირების მიმართ სკეპტიკურად განწყობილი ადამიანებისადმი მრევლის უარყოფით დამოკდიებულებას და პირიქით, მაინტერესებს თუ რა ხერხებით ცდილობენ ნაკლის მითითებას მღვდლებისა და ეკლესიის არმომწონე პირები. ეს საკმაოდ რთული საკითხია და ასე ხელის ერთი მოსმით ვერ გადაწყდება, რა თქმა უნდა, მაგრამ მე მაინც იმედს ვიტოვებ, რომ ურთიერთობა მრევლსა და არამრევლს შორის ოდესმე აუცილებლად მოგვარდება ყოველგვარი ექსცესების გარეშე.

მიყვარს თუ არა სამშობლო ანუ, ბატონო კახი, გვეშველება რამე?

ყოველთვის მეგონა, რომ პატრიოტი ვიყავი, მთელი გულით მიყვარდა ჩემი სამშობლო და მისთვის მტერსაც კი თავს შევაკლავდი! ჰმ, ცოტა საასცილოდ კი ჟღერს გოგოს მხრიდან ეს, რადგან მტერს თავს რომ აკლავენ, ეგ, ძირითადად, მამრობითი სქესის წარმომადგენლები არიან ხოლმე, მაგრამ აქ მთავარი სურვილია და არა მისი გამოხატვის ფორმა 🙂

რაც თავი მახსოვს (ხანდაზმული ადამიანივით კი გამომდის, მაგრამ იყოს 🙂 ) ჩემ გარშემო, ძირითადად, იყვნენ ადამიანები, რომლებსაც არ უყვარდათ საქართველო და საზღვარგარეთ წასვლაზე ოცნებობდნენ. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სკოლაში სწავლის პერიოდში მე არ შევხვედრივარ ადამიანს, რომელიც ამ სურვილით არ ყოფილიყოს განმსჭვალული 🙂 თავადაც მიკვირს, ჩემთვის არავის უსწავლებია სამშობლო გიყვარდესო (წიგნებს არ ვგულისხმობ) და დღემდე ვერ გამიგია საიდან მქონდა გულში ამხელა სიყვარული საქართველოსადმი.

მახსოვს როგორ ვოცნებობდი  საქართველო შესულიყო ევროკავშირში და ჯერ კიდევ პატარა, თავგამოდებით ვეკამათებოდი ადამიანებს, რომლებსაც მიაჩნდათ, რომ აქ ცხოვრებას აზრი არ აქვს და თურმე ევროპაში ლანგარზე დადებულს მოართმევდნენ ყველაფერს. პასუხად მხოლოდ ღიმილით მისვამდნენ თავზე ხელს და მეუბნებოდნენ, რომ მე ჯერ კიდევ პატარა ვარ ასეთი მნიშვნელოვანი რამის გასაგებად. ქვეყნის დატოვების სურვილი ადამიანებს სხვადასხვა რამის გამო უჩნდებათ, ზოგს გაჭირვება აუძულებს, ზოგს სწავლის წყურვილი, ზოგს უბრალოდ გართობა უნდა და ა.შ. მე მხოლოდ იმ ადამიანებზე მინდა დავწერო, რომლებიც მატერიალური სიდუხჭირის გამო მიდიან.

საზღვარგარეთ წასვლის შემდეგ იწყება ემიგრანტთა ცხოვრების გაცილებით რთული ეტაპი, ვიდრე აქ ჰქონდათ. Continue reading

როგორ ვებრძოლოთ ჰომოფობიას?

 17 მაისს ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე იყო. მის აღსანიშნავად Frontlinje Georgia-ში აჩვენეს ლია ჯაყელის ფილმი ,,მედ ყოფნის ფასი ჰომოფობიურ გარემოში” . ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია, სადაც განიხილავდნენ ჰომოფობიასთან დაკავშირებულ პრობლემებს, კერძოდ, საზოგადოების დამოკიდებულებას განსხვავებული ორიენტაციის მქონე ადამიანებისადმი.

ბევრი ისაუბრეს მასმედიისა და ეკლესიის როლზე,  მათ გავლენაზე და ბევრიც იკამათეს იმასთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა შეიცვალოს საზოგადოების დამოკიდებულება არაჰეტეროსექსუალი ადამიანების მიმართ. აქცენტები, ძირითადად, დასმული იყო იმ მიმართულებით, რომ საჭიროა მეტი ინმფორმაციულობა, რის უქონლობაც უარყოფით გავლენას ახდენს ხალხზე, ასევე ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ არასათანადოდ ექცევა ეკლესია ჰომოსექსუალებს, ტრანსექსუალებს თუ ბისექსუალებს და რომ მათი არაჯანსაღი დამოკიდებულების სათავეში დგას სამღვდელოების მიერ არასათანადოდ გააზრებული საეკლესიო დოგმები და ცუდად წაკითხული წმინდა წერილი, სადაც უფალი ერთმანეთის სიყვარულს, თანადგომას გვასწავლის და არა გარიყვას და შეურაცხყოფის მიყენებას.

რას ნიშნავს, როდესაც ხარ არატრადიციული ორიენტაციის მატარებელი? ეს ნიშნავს იმას, რომ გიზიდავს შენივე სქესის ადამიანი. რას ნიშნავს როდესაც გიზიდავს შენივე სქესის ადამიანი? გიზიდავს, ე.ი. მოგწონს ის და გსურს მასთან სექსუალური კონტაქტის დამყარება და ეს მოწონება მხოლოდ კოცნას და ხელზე ხელის მოკიდებას ნამდვილად არ უნდა ნიშნავდეს. ჰოდა, მე გეკითხებით თქვენ: როგორ უნდა აღიაროს საზოგადოებამ მათგან განსხვავებული ორიენტაციის მქონე ადამიანები, როდესაც ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ჯერ კიდევ მტკიცედ აქვს გადგმული ფესვები ქალიშვილობის ინსტიტუტს, სადაც ჯანსაღი ურთიერთობა ქალსა და მამაკაცს შორის, რომელიც სიყვარულზეა დამყარებული, არასწორ საქციელად აღიქმება? სადაც ბოზი ხარ თუ ქუჩაში კოცნი შეყვარებულს, გიკეთია ,,უცნაური” მაკიაჟი, ან, უბრალოდ გაცვია სხვებისგან განსხვავებულად.

ჩვენ ვცხოვრობთ საზოგადოებაში, სადაც სტერეოტიპულად აზროვნებენ, სადაც ტრადიციებს აყენებენ პირველ ადგილზე, სადაც ჯერ კიდევ თხოვდებიან გარიგებით და სიტყვა ,,სექსის” გაგონებისასაც კი წითლდებიან, სადაც ხუანისა და მარიას სასიყვარულო ურთიერთობები გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენს გვერდით მცხოვრები ადამიანის გრძნობები (არადა სერიალებში აქტიურად ვხვდებით სასიყვარულო სცენებს, სადაც მთავარი გმირი გოგონა ყოველთვის ნებდება ,,ცხოვრების სიყვარულს” და სათუთად აბარებს მას თავის განძს – ქალიშვილობას 🙂 ).

მაინტერესებს, ვის გვინდა დავუმტკიცოთ, რომ არატრადიციული ორიენტაციის მქონე ადამიანების ურთიერთობა ჯანსაღია და არაფერია ამაში განსაკუთრებული? იმათ ხომ არა, ქალსა და მამაკაცს შორის ქორწინებამდე სექსი რომ უდიდეს ცოდვად მიაჩნიათ? იმათ ღიპზე ყანწდადებულნი რომ სვამენ პატრიოტულ სადღეგრძელოებს? თუ იმათ ,,ბირჟებზე” მდგარნი თუ სადარბაზოებიდან მომზირალნი ჩუმად რომ განიხილავენ ვის რა აცვია, როგორ დადის, რას ჭამს, როგორ სუნთქავს?! მიმაჩნია, რომ თუ მიზანი არის ასეთ ხალხს ავუხსნათ რამე , მაშინ ტყუილად ვირჯებით, დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი ადამიანები არასდროს აღიარებენ მათგან განსხვავებულებს. თუ გვინდა, რომ მომავალში მაინც აღარ ხდებოდეს დისკრიმინაცია ჩვენგან განსხვავებულების, მაშინ საჭიროა ახალგაზრდები გაერკვნენ პრობლემის არსში და ისევე არ მოიქცნენ, როგორც მათი მშობლები.

რა თქმა უნდა, ზოგადად არაფერს ვერჩი ადამიანებს, რომლებსაც არ უნდათ, რომ ქორწინებამდე ჰქონდეთ ურთიერთობა, არც ტრადიციის დამცველებს ვერჩი რამეს, არც მორწმუნეებს; რაც ჯანსაღია, ყველაფერი მისაღებია, მაგრამ, როდესაც ასეთი ადამიანები სხვის ცხოვრებაში უხეშად იწყებენ ჩარევას, იქ უკვე აღარ მესმის მათი. არავისი საქმე არ არის რა სახის ურთიერთობით არიან დაკავებულნი ადამიანები ერთმანეთში, რა აცვიათ, როგორ დადიან, რა მუსიკას უსმენენ და ა.შ. თუკი სხვები არ გვახვევენ თავს თავიანთ დამოკიდებულებებს, ჩვენ რაღატომ ვიბოღმებით და ვმოქმედებთ არასათანადოდ? ვფიქრობ, რომ თუკი მოვეშვებით ერთმანეთს მოვახვიოთ თავს საკუთარი შეხედულებები, თუკი შევწყვეტთ საჯაროდ განხილვას გარშემომყოფების პირადი ცხოვრებისა, მაშინ დავდგებით სწორ გზაზე. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ მხოლოდ ინფორმაციის არარსებობაში არაა პრობლემა. ასეთ დროს, პირიქით, ინფორმაციის მიწოდებამ შეიძლება კიდევ უფრო გააღიზიანოს ამ საკითხში გაუცნობიერებელი მასები. ასეთ ვითარებაში სხვა ინფორმაცია სჭირდება საზოგადოებას და მერე კი, ამაზე დაყრდნობით, მათგან განსხვავებული ადამიანების აღიარება-არაღიარების საკითხეც შეიძლება საუბარი.