Skip to content

ერთი წელი კახას გარეშე

ნოემბერი 12, 2015

13 ნოემბერი. კახა ბენდუქიძის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა. როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ხანდახან ვფიქრობ, რომ ის არ მომკვდარა, სამოგზაურობ არის წასული და ერთხელაც, მოულოდნელად დაგვადგება თავს, გვეჩხუბება ყველა სისულელეს გამო, რაც კი გავაკეთეთ ამ ერთი წლის განმავლობაში და ჩვეული ნაბიჯით წავა თავის კაბინეტისკენ.

10697291_10204463638646905_6947007928378805279_oხანდახან მგონია, რომ მასთან მუშაობის და ურთიერთობის დეტალები მავიწყდება, ამიტომ ხშირად ვიხსნებ მასთან მუშაობის დროს, თითოეულს დღეს და დეტალს, რადგან არ შეიძლება დაგავიწყდეს, რომ იცნობდი და მუშაობდი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანთან ერთად.

ვიხსენებ დეტალებს, წვრილმანებს, რომლებსაც თავის დროზე მნიშვნელობა არ ჰქონდა. როგორ ისწორებდა სათვალეს, როგორ იღიმოდა, როგორ ჯდებოდა კაბინეტში ტახტზე, როგორ ჭამდა სამუშაო მაგიდაზე დაყრილ ფისტაშკებს და თხილს, როგორ ათვალიერებდა  შეხვედრების განრიგს, როგორ სვამდა ჰიბისკუსის ჩაის, როგორ კითხულობდა სამუშაო მაგიდაზე დალაგებულ გაზეთებს, როგორ იხსნიდა საათს ხელიდან და ასწორებდა, როგორ მიდიოდა წიგნების კარადასთან და მიხსნიდა რა პრინციპით დამელაგებინა წიგნები, როგორ მოდიოდა ხანდახან ხელჯოხით, როცა ფეხი სტკიოდა, როგორ ხუჭავდა თვალებს, როდესაც გაბრაზებული იყო, როგორ მიდიოდა სამუშაო დღის მერე ლიფტამდე და გზადაგზა მკარნახობდა წაიკითხე მეტი…

Advertisements

გამარჯობა, მე ვარ ნათია და მე ვარ ზარმაცი

აგვისტო 23, 2015

აი, ფილმებში წრეში რომ სხედან და ნარკოტიკებზე, სასმელზე და მკვლელობებზე რომ უყვებიან ერთმანეთს, ეგეთი რაღაც მინდა დავწერო. არ შეგეშინდეთ, მკვლელობაზე არ არის ჩემი ისტორია – სიზარმაზეცეა.

წინა წლების პოსტებს რომ ვავლებ თვლას, სულ რაღაცას ვპირდები საკუთარ თავს, მაგრამ არ ვასრულებ, წელსაც არ შევუსრულ დანაპირები საკუთარ თავს და არ წავედი დასასვენებლად. გგონიათ დასვენებაში ბათუმში მზეზე დახრუკვას ვგულისხმობ? არა, ზურგჩანთით აქეთ-იქით ბოდიალია არის ჩემთვის დასვენება.

პრობლემა იმაშია, რომ ყველაფერი მეზარება, შვებულების აღებაც კი! გინახავთ ასეთი ზარმაცი ადამიანი? ჰეი, ასეთი მე ვარ, მეზარება ყველაფერი, იმდენად ზარმაცი ვარ, შაბათ-კვირას ქალაქში გასვლაც კი მეზარება და ვიქენდს საწოლში გდებითა და ფილმების ყურებით აღვნიშნავ. მაგ. ამ შაბათ-კვირას 13 ფილმს ვუყურე, საწოლიდან თითქმის არ ავდგარვარ (გარდა იმ შემთხვევისა, როცა სახლი დავალაგე : ) )

შვებულება, მართალია, არ ამიღია, თუმცა სამსახურის ამბავში მომიწია ათი დღით წასვლა მტირალას ეროვნულ ნაკრძალში, ათი დღით ვიყავით ამ არაჩვეულებრივ და ლამაზ ადგილზე, რაც მთავარია, ვცხოვრობდით კარვებში და არა რბილ საწოლზე. ეს არ ყოფილა კარავში ცხოვრების პირველი გამოცდილება, თუმცა ასე ხანგრძლივად აქამდე არ დავრჩენილვარ. იქიდან რომ დავბრუნდით, რა თქმა უნდა, ატაცებული ვიყავი იდეით, რომ მომეკიდებინა ზურგჩანთა და წავსულიყავი სადმე დასასვენელბლად, მაგრამ გამარჯობა შენი, როგორც ალბათ უკვე მიხვდით, დამეზარა : )

მეზარება წყლის დალევა, აი, ხანდახან ვზივარ, მწყურია წყალი და სანამ უდაბნოში მოწყურებულივით უკვე ინსტიქტების დონეზე არ მიჩნდება წყლის დალევის სურვილი, იქამდე არ ვდგები ადგილიდან.

მეზარება ჭამა, ზოგიერთს გაუკვირდება ამას რომ წაიკითხავს, იციან ჩემი მადის ამბავი, მაგრამ ეს სამსახურში, აი, სახლში თუ ვარ, ისე მეზარება ჭამა, სანამ გული არ წამივა იქამდე პრინციპულად არ ვდგები საწოლიდან.

მეზარება ყველაფრის გაკეთება, რამაც შეიძლება ბედნიერება მომანიჭოს, იმის მაგივრად, რომ რაღაცა გავაკეთო იმისთვის, რომ მერე კარგად ვიყო, მე უბრალოდ მეზარება. აი, ასე.

ზოგადად, ცხოვრება მეზარება, ზუსტად არ ვიცი როგორ გამოვხატო ეს უფრო კარგად, მაგრამ არაფერი არ არსებობს ჩემს ცხოვრებაში, რისი გაკეთებაც არ მეზარება.

ჩემმა შეყვარებულმა კარგად მითხრა ცოტა ხნის წინ, მაშინ ამაზე ძალიან ბევრი ვიცინე, მაგრამ სიმართლისგან შორს არ დგას: რომ კვდებოდე და ადგომა იყოს საჭირო გადასარჩენად, დაგეზარება, არ ადგები და მოკვდებიო.

ესეც ასე.

აღსარება ჩაბარებულია, ახლა შემიძლია მშვიდად გავაგრძელო მეთოთხმეტე ფილმის ყურება.

თანამედროვე ურთიერთობები

ივლისი 20, 2015

თანამედროვე ურთიერთობებში 14-15 წლის გოგო-ბიჭებზე არ მინდა ვწერო, უფრო ჩვენზე, ნაწილობრივ გარდამავალ თაობაზე, რომელიც ბავშვობაში და თინეიჯერობაში სტერეოტიპების გავლენის ქვეშ იყო, ხოლო ახლა თამანედროვეობის ფეხის ხმასაა აყოლილი.

ჩვენ 25-30 წლის ხალხი, ის თაობა ვართ, ოთხმოციანებში, ოთხმოცდაათიანების დასაწყისში რომ დავიბადეთ, ბავშვობაში შუქი არ გვქონდა, ინტერნეტი და კომპიუტერი არ ვიცოდით რა იყო, ლოვე კევების “ნაკლეინკებს” ვაგროვებდით, ორდროშობანას და შვიდქვაობანას ვთამაშობდით, შოუ-ბიზნესის არსებობის შესახებ ჟურნალ “ოსკარებიდან” და “ვარსკვლავებიდან” ვიგებდით და ა.შ.

ჩვენ ვიცოდით, რომ ბიჭებთან მეგობრობა, ჭიდაობა, ხელჩართული ჩხუბი შეიძლებოდა, ხოლო რაღაც პერიოდში, როდესაც ავმაღლდით და მკერდმა დაიწყო ზრდა, რატომღაც მათთან ურთიერთობების გამო გვეჩხუბებოდნენ. რა თქმა უნდა, არავის უთქვამს და უსწავლებია რატომ არ შეიძლებოდა ბიჭებთან ისევ ისე თამაში, როგორც ადრე, რატომ არ შეიძლებოდა მარტოს გაგევლო შენი ასაკის ბიჭებთან ერთად, შესაბამისად, რაღაც მომენტში გაჩნდა დაბრკოლება, გადაულახავი ქვეცნობიერი დაბრკოლება, რომელიც ალბათ ნებისმიერ გოგოს, რომელიც ამ თაობის შვილია, პრობლემებს უქმნის.

yObaM

ჩვენს მშობლებს არასოდეს უთქვამთ ჩვენთვის, რატომ იყო დისტანცირებული გოგო ბიჭისგან, ამიტომ უბრალოდ, ბიჭებს ვერიდებოდით, ისინი ჩვენთვის “სხვებად” იქცნენ, რომლებსაც ქვეცნობიერად მტრებად აღვიქვამდით.

ცხოვრების ამ ეტაპზე, როდესაც ბავშვობისდოინდელ მოგონებებზე გვეცინება და გვაქვს თავისუფალი ურთიერთობები ბიჭებთან, ყველაფერი სხვანაირადაა, თითქოს გადავლახეთ ის სტერეოტიპები, წაიკითხე მეტი…

ვერწერის აუტანლობა

ივნისი 11, 2015

ოდესღაც, ბლოგი რომ გავაკეთე, მინდოდა ჩემი წუწუნი, სევდიანი განწყობა და ა.შ. მხოლოდ უცნობ ადამიანებს წაეკითხათ. ვისაც ვიცნობდი, მათ თავიდან არ იცოდნენ, რომ ბლოგი მქონდა. ჰოდა, ახლა რომ მახსენდება, კარგი იყო ანონიმურად წერა, ახლა სევდას ვერ გადმოაფრქვევ გულიდან ისე, რომ ვინმე ნაცნობმა არ ნახოს.

ჰოდა, ეს ძალიან ცუდია.

ახლა ვერაფერს დაწერ ისე, რომ მინიმუმ ოცმა ადამიანმა არ ნახოს ისეთმა, ვინც არ გინდა, რომ ნახოს.

წერტილი.

გაბრაზებული მე.

სევდიანი მე.

დებილი ლექსივით გამოვიდა.

წერა მინდა.

გამოსავალი დეპრესიიდან

აპრილი 8, 2015

ხშირად მიფიქრია, რა არის გამოსავალი მაშინ როდესაც ცუდად ხარ?

არსებობენ ადამიანები, რომლებიც გამოსავალს მეგობრებთან ურთიერთობაში ეძებენ, ან წამლებს სვამენ, ან ფსიქოლოგთან მიდიან, ან ერთ კონკრეტულ ადამიანთან საუბრობენ საკუთარ განცდებზე.

ზოგიერთი ადამიანისთვის არსებობენ კონკრეტული სხვა ადამიანები, რომლებთანაც ინდივიდუალური საუბრის მოთხოვნილება აქვთ და არა მათ შეყვარებულებთან ან სხვა მეგობრებთან ერთად კოლექტიური ურთიერთობის. მაგრამ რა უნდა გააკეთო მაშინ, როდესაც ასეთ კონკრეტულ ადამიანს არასდროს სცალია და ამის გამო შენი მდგომარეობა უარესდება?

ხშირად ვკითხულობ სტატიებს, სადაც წერია რა უნდა გააკეთო იმისთვის, რომ უკეთ გახდე. თუმცა არსად წერია გამოსავალი, როდესაც ვერცერთი მითითების, რჩევის გათვალისწინება არ შეგიძლია.

ხშირად დეპრესიაში მყოფი ადამიანი მოითხოვს ყურადღებას და ზრუნვას, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც პირიქით, ითრგუნებიან ხშირად დასმული კითხვებით თუ რა სჭირთ?

ხშირად გაუცნობიერებლად გიფუჭდება ურთიერთობა გარშემომყოფებთან, რადგან არ შეგიძლია სტანდარტული სოციალური ურთიერთობების დამყარება. ხანდახან სწორედ ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, რაც კი შეიძლება დაგემართოს ცუდად ყოფნის დროს.

რა უნდა გააკეთო იმისთვის, რომ არ დაკარგო საყვარელი ადამიანი და მეგობრები?

გამოსავალი ერთია – მარტოობა.

როდესაც მარტო ხარ, შეგიძლია დაფიქრდე ყველა პრობლემაზე რაც გაქვს, ებრძოლო საკუთარ თავს, იპოვო გამოსავალი, აღმოაჩინო ახალი შესაძლებლობები და ა.შ. მარტოობაში არ იგულისხმება ის, რომ ჩამოშორდე ყველას და დაკარგო მნიშნელოვანი ადამიანები. რა თქმა უნდა, არა. ვგულისხმობ დროებით მარტოობას, რომელსაც ჩუქნი საკუთარ თავს იმისთვის, რომ გახდე უკეთ. ამ დროის გასვლის შემდეგ კი სხვა მიდგომებით და დამოკიდებულებებით, ათასჯერ გახალისებულად განაახლო ურთიერთობები მეგობრებთან, საყვარელ ადამიანთან, თანამშრომლებთან და ა.შ.

თუმცა არსად წერია, თუ რა უნდა გააკეთო ისეთ შემთხვევაში, როდესაც თეორიული შანსიც კი არ არსებობს, რომ იყო მარტო?..

ადამიანური სევდა

აპრილი 6, 2015

ჩვენ ყველანი სხვისი ცხოვრებით ვცხოვრობთ… სხვისი დრამებით, სხვისი სევდებით… ჩვენ ყველას სხვისი ტკივილი გვტკივა, სხვისი დარდი გვკლავს და სხვის საცოდაობას დავტირით, იმიტომ რომ საკუთარი დარდით ცხოვრება თითქმის შეუძლებელია…

ცხოვრებაში ყველას გვიდგება მომენტი, როდესაც მიუხედავ გარეგნული სიძლიერისა, მიუხედავად უამრავი ბედნიერად ნათამაშევი როლისა, თავს ვეღარ ვიკავებთ და კვლავ ისეთივე უსუსური ბავშვები ვხდებით, როგორებიც ოდესღაც ვიყავით, ჯერ კიდევ მაშინ, ყველაფრის რომ გვეშინოდა, როდესაც არ ვიცოდით რა მოხდებოდა მომავალში, როდესაც არ ვიცოდით როგორ გავმკლავებოდით საკუთარ სევდას…

ხშირად მიფიქრია, სად მიაქვთ ადამიანებს ბავშვობის სევდა… აი, ის სევდები, რომლებიც ყველა ჩვენგანს გვაქვს გადატანილი ოდესღაც, რომლებმაც ჩვენში გარდამტეხი ცვლილებები შეიტანეს… არსად. არსად არ მიდის ბავშვობის ტკივილები და განცდები. როდესაც ვიზრდებით ყოველდღურად ობიექტურ რეალობას და რაციონალურ გონებას ვემორჩილებით, მივყვებით, მაგრამ როგორც კი საკუთარ თავთან მარტონი ვრჩებით, ვხვდებით, რომ ვერასოდეს მოვიშორებთ იმ ემოციურ გავლენებს, რაც კი ცხოვრებაში გვქონია.

ყოველთვის, როდესაც ვკარგავთ საკუთარ თავს, გვინდა დავბრუნდეთ ბავშვობაში, სადაც პასუხს არ მოგვთხოვდნენ თავის დაკარგვისთვის, რადგან პატარები ვიყავით… ახლა კი… ახლა კი ნებისმიერი უპასუხისმგებლო საქციელი ათასჯერ რთულად ასატანი და გამოსასწორებელია…

მაშინ როდესაც ვერავის ელაპარაკები შენს ტკივილზე, რადგან არ შეგიძლია, გულში იმდენი სევდა გეხვევა, რომ ატანა შეუძლებელი ხდება…

მაშინ როდესაც ვერ იძინებ, ვერ ჭამ, ვერ სვამ და ვერ არსებობ იმ საშინელი სევდის გარეშე, რომელიც მუდამ დაჰყვება შენს ცხოვრებას, ალბათ სჯობს საერთოდ არავისთან არ გქონდეს ურთიერთობა, რათა შენი მოწამლული, დაბოღმილი არსებით ცხოვრება არავის დაუნგრიო…

შიშები, შიშები ევრივეა!

იანვარი 5, 2015

why_dolls_scare_me_by_blackdragonrider97-d534soh

ახალი წლის ჭამა-სმისა და ნაბახუსევის დღეებმა ასე თუ ისე გადაიარა. ყველანი დავუბრუნდით სამსახურებს, სკოლებს, უნივერსიტეტებს და ა.შ. ამ დროს ადამიანები წინა წელს აჯამებენ და ახალი წლის გეგმებს აწყობენ, მე კიდევ მინდა, რომ ჩემს შიშებზე მოგიყვეთ.

სიბერის შიში – ამაზე ერთხელ უკვე დავწერე, ამიტომ აღარ განვავრცობ და პირდაპირ სხვა შიშებზე გადავალ.

სიკვდილის შიში – სიკვდილის ყველას გვეშინია, მაგრამ არ ვლაპარაკობთ. ადრე ამაზე მეც არ ვფიქრობდი, ახლა კიდევ დღე არ გავა სიკვდილზე არ ვიფიქრო.

შორეულ ბავშვობაში ლათინო-ამერიკული სერიალი გადიოდა რუსთავი 2-ზე. იქ ლუისმა უთხრა ალბერტოს, შენ მალე მოკვდები და შენს სხეულს მატლები დაესევიან და შეჭამენ, მე კიდევ ვიცოცხლევ და დავტკბები ცხოვრებით! მახსოვს გაოგნებულმა ვკითხე ბებიაჩემს მართლა ასე იქნებოდა თუ არა, მან მშვიდად მიპასუხა, რომ ზუსტად ასე მოხდებოდა. მაშინ ჩავთვალე, რომ სიკვდილის მერე თვეების განმავლობაში უნდა მეგრძნო და მეყურებინა როგორ ჭამდნენ მატლები ჩემს სხეულს და პანიკური შიში გამიჩნდა სიკვდილის და განსაკუთრებით მიწაში დამარხვის მიმართ.

გარკვეული ხნის შემდეგ კლინიკური სიკვდილის შესახებ გავიგე და ჩემი სიკვდილის შიშს დაემატა საფლავში გამოღვიძების შიში. მაშინ წერილების წერა დავიწყე ახლობლებისთვის, როგორ უნდა გამოეცნოთ კლინიკურად ვიყავი მკვდარი თუ ნამდვილად. ახლა ეს ყველაფერი სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ კრემაციაზე სერიოზულად ვფიქრობ, რადგან მიწაში დამარხვა არ მინდა.

ამავე შიშთან არის დაკავშირებული დავიწყების შიში. წაიკითხე მეტი…