Tag Archives: თოვლი

შენ და მე

ჩვენ ერთად დავდივართ წვიმიან ასფალტზე და შენ მეუბნები, რომ მოგწონს ჩემი თმა, რომელშიც წვიმის წვეთები პაწაწინა ბურთულებადაა გაფანტული, მე კი ვბრაზდები, რადგან ვფიქრობ, რომ ჩემი თმა მხოლოდ მზიან ამინდშია ლამაზი, როდესაც მზის სხივებს ირეკლავს. შენ ისიც იცი, რომ ჩემს გარეგნობაში მხოლოდ თმა მომწონს და ყოველთვის ვბრაზდები, როცა მეუბნები, რომ ლამაზი ვარ, მაგრამ შენ მაინც არ წყვეტ ამაზე ლაპარაკს  და მე გეჩხუბები…

შენ იღებ დაცვენილ ფოთლებს და ჰაერში ფანტავ, მერე უყურებ როგორ ეცემიან ჩემს სხეულზე ისინი და ფრთხილად მაცლი მხრებზე შერჩენილ სიყვითლეს…

მე ხელს გკიდებ ხელზე და ისე ძლიერ გიჭერ, რომ გტკივა, მაგრამ არ იმჩნევ, მხოლოდ მიყურებ და იღიმები. მე ძალიან მომწონს, როდესაც ფოთლებს მაყრი, მაგრამ არ მინდა ხელი გაგიშვა, მგონია, რომ მიმჭკნარ ფოთლებთან ერთად გაფრინდები და ვეღარასდროს გნახავ… ჰო, ასე ვფიქრობ, მაგრამ ამას არ გეუბნები და მხოლოდ ხელს გიჭერ ხელზე…

ჩვენ არასდროს დავდივართ ტრანსპორტით და მხოლოდ შორიდან ვუყურებთ ქაოტურად მოძრავ მანქანებს და გვინდა, რომ ეს ბილიკი, რომელზეც ახლა ვართ, უსასრულოდ გაგრძელდეს და ჩვენც ვაგრძელებთ მას უსასრულობამდე…

შენ მეუბნები, რომ ადამიანის ცხოვრებაში მთავარია მიზანს მიაღწიოს, მხოლოდ ამის შემდეგ იქნება ბედნიერი, მეუბნები, რომ მზე არასდროს ამოვიდოდა ცაზე, ჩვენ რომ არ გვჯეროდეს რომ ის აუცილებლად ამოვა…

მე კი გიმტკიცებ, რომ შედეგზე გაცილებით მნიშვნელოვანი პროცესია, რომ ოცნების ასრულების დროს გამოწვეული სიხარული გაცილებით მქრქალი და ხანმოკლეა, ვიდრე მისი ასრულების მოლოდინი… მზესთან დაკავშირებით კი მხოლოდ იმიტომ გეჩხუბები, რომ, უბრალოდ, არ მინდა დაგეთანხმო, მომწონს რომ გეკამათები…

ჩვენ ვეძებთ უკაცრიელ ადგილებს, ხელს ვკიდებთ ერთმანეთს და ვყვირით, ვყვირით ხმის ჩახლეჩამდე, ვყვირით ცრემლებამდე, მერე ვიცინით და მერე ისევ ვყვირით, ვყვირით და მერე საკუთარ ექოს ვუსმენთ, რომელიც იკარგება მთებსა და ნისლში…

შენ ფიქრობ, რომ ნისლის ყურება სევდის მომტანია ადამიანებისთვის და შეუძლებელია მისი გაფანტვა მანამ, სანამ კაცობრიობის მარტოსულობას არ მოეღება ბოლო…

მე მომწონს ნისლი, ძალიან მომწონს, მაგრამ გეუბნები, რომ სინამდვილეში ბურუსი არ არსებობს და თუ თავს დავაჯერებთ, რომ შემოდგომა მხოლოდ მირაჟია, აუცილებლად გამოანათებს მზე, ნისლი გაქრება და წვიმა შეწყვეტს ჩემს თმაში მარგალიტების ქსოვას…

ჩვენ ვლაპარაკობთ ყველაფერზე, თან ერთდროულად და ეს ძალიან მოგვწონს, მერე ვეჯიბრებით იმაში, რომელი უფრო მალე შეწყვეტს ლაპარაკს და ბოლოს დაღლილები ვიცინით. ვერასდროს ვიგებთ პირველი რომელი ვჩუმდებით, მხოლოდ ის ვიცით, რომ ბოლოს ვიცინით, ძალიან ბევრს ვიცინით, ვხარხარებთ…

შენ მეუბნები, რომ წლევანდელი ზამთარი უჩვეულო იქნება, რადგან თეთრის ნაცვლად, ფორთოხლისფერი თოვლი მოვა და ჩვენ ძალიან ბევრს ვიგუნდავებთ ფორთოხლისფერ თოვლში, ფორთოხლისფერ გუნდებს გავაკეთებთ და ფორთოხლისფერ ფიფქებს დავადნობთ ენაზე…

მე ვცდილობ წარმოვიდგინო როგორი იქნება ცეცხლოვან ფერებში გახვეული ხეები პირველი თოვლის შემდეგ და მიხარია, მიხარია, რომ არასდროს მოვა ფორთოხლისფერი თოვლი და რომ ეს ოცნება მხოლოდ მე და შენ გვეკუთვნის და ვერავინ ვერასდროს შემოიჭრება ჩვენს ცეცხლოვან ზამთარში…

ჩვენ ვერასდროს ვამჩნევთ სხვა ადამიანებს, რადგან ისინი არ არსებობენ, სამყაროში მხოლოდ ჩვენ ორნი ვართ, შენ და მე…

შენ გჯერა, რომ სხვა ადამიანებიც დადიან ჩვენთან ერთად.  მეუბნები, რომ ისინი უცნაურად გვიყურებენ და ღიმილით იშვერენ ჩვენსკე თითს, მაგრამ მე მათ ვერ ვხედავ, სამყაროში მხოლოდ ორნი ვართ, შენ და მე…

მე ვიცი, რომ ჩვენ არასდროს დავკარგავთ ერთმანეთს, რადგან შენ არ ხარ ჩემი, მე კი შენი… შენ არასდროს მეტყვი, რომ მოგწონს ჩემი თმა მზიან ამინდში, მე კი არასდროს გეჩხუბები, იმის გამო თუ რატომ მოგწონს წვიმა ჩემს თმაში… ალბათ იმიტომ, რომ არ არსებობ…