მიყვარს თუ არა სამშობლო ანუ, ბატონო კახი, გვეშველება რამე?

ყოველთვის მეგონა, რომ პატრიოტი ვიყავი, მთელი გულით მიყვარდა ჩემი სამშობლო და მისთვის მტერსაც კი თავს შევაკლავდი! ჰმ, ცოტა საასცილოდ კი ჟღერს გოგოს მხრიდან ეს, რადგან მტერს თავს რომ აკლავენ, ეგ, ძირითადად, მამრობითი სქესის წარმომადგენლები არიან ხოლმე, მაგრამ აქ მთავარი სურვილია და არა მისი გამოხატვის ფორმა 🙂

რაც თავი მახსოვს (ხანდაზმული ადამიანივით კი გამომდის, მაგრამ იყოს 🙂 ) ჩემ გარშემო, ძირითადად, იყვნენ ადამიანები, რომლებსაც არ უყვარდათ საქართველო და საზღვარგარეთ წასვლაზე ოცნებობდნენ. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სკოლაში სწავლის პერიოდში მე არ შევხვედრივარ ადამიანს, რომელიც ამ სურვილით არ ყოფილიყოს განმსჭვალული 🙂 თავადაც მიკვირს, ჩემთვის არავის უსწავლებია სამშობლო გიყვარდესო (წიგნებს არ ვგულისხმობ) და დღემდე ვერ გამიგია საიდან მქონდა გულში ამხელა სიყვარული საქართველოსადმი.

მახსოვს როგორ ვოცნებობდი  საქართველო შესულიყო ევროკავშირში და ჯერ კიდევ პატარა, თავგამოდებით ვეკამათებოდი ადამიანებს, რომლებსაც მიაჩნდათ, რომ აქ ცხოვრებას აზრი არ აქვს და თურმე ევროპაში ლანგარზე დადებულს მოართმევდნენ ყველაფერს. პასუხად მხოლოდ ღიმილით მისვამდნენ თავზე ხელს და მეუბნებოდნენ, რომ მე ჯერ კიდევ პატარა ვარ ასეთი მნიშვნელოვანი რამის გასაგებად. ქვეყნის დატოვების სურვილი ადამიანებს სხვადასხვა რამის გამო უჩნდებათ, ზოგს გაჭირვება აუძულებს, ზოგს სწავლის წყურვილი, ზოგს უბრალოდ გართობა უნდა და ა.შ. მე მხოლოდ იმ ადამიანებზე მინდა დავწერო, რომლებიც მატერიალური სიდუხჭირის გამო მიდიან.

საზღვარგარეთ წასვლის შემდეგ იწყება ემიგრანტთა ცხოვრების გაცილებით რთული ეტაპი, ვიდრე აქ ჰქონდათ. ევროპაში ჩასვლის მიზანი იყო იქ დასაქმება, სამუშაოს მოძიება კი საკმაოდ რთული საქმეა; მრავალი უძილო ღამის, უფულობის დღეებმა თუ გაიარა, შეიძლება გაგიმართლოს და ნახო რამე იაფფასიანი სამუშაო. იმუშავებ ოფიციანტად, მუშად, მენაგვედ, ვინმეს მომვლელად, თან დიდი შანსია, რომ იყო დროებითი ვიზით ჩამოსული და გამომდინარე აქედან, ვადის გასვლის შემდეგ  უნდა დაემალო საემიგრაციო სამსახურსაც, პარალელურად კაპიკ-კაპიკ აგროვო ფული და პერიოდულად უგზავნო ახლობლებს, რომლებიც თავიდან ცრემლებითა და ტირილით რომ შეხვდნენ შენი წასვლის ფაქტს, ახლა უკვე თითქოს გავალდებულებენ ფული გამოუგზავნო მათ. შენც არ იმჩნევ, რომ სინამდვილეში ახლობლებს ფულის გამო სჭირდები, უნდათ რაც შეიძლება მეტი ,,გამოგწოვონ”, შენი ტანჯვა-წვალების ხარჯზე გაირემონტონ საქართველოში ბინები და იყიდონ ძვირფასი ტექნიკა, თავი მოაჩვენონ სხვებს ვითომ მათზე გაცილებით უკეთესები არიან, იმიტომ რომ ბევრი ფული აქვთ და შენ კი თავს იტყუებ ამ დროს,  გგონია იქ, შორეულ საქართველოში, ვიღაცას ძალიან ენატრები და ფულის გამო კი არა ქვს შენთან ურთიერთობა, არამედ იმიტომ, რომ უყვარხარ.

გადის დრო, შენ გიპყრობს ნერვოზი, გეძალება ნოსტალგია, მაგრამ უფრო და უფრო მეტი ფული უნდათ ,,შენებს” და შენც გიხარია, ეხმარები ადამიანებს, საჭირო ხარ თურმე და არ ხარ უსარგებლო, ამიტომ გულის სიღრმეში მალავ ხანდახან წამოტივტივებულ აზრს, რომ ისინი სინამდვილეში გიყენებენ.

საქართველოში ყოფნა, რა თქმა უნდა, გაცილებით ადვილი იქნებოდა, არც არავინ მოგენატრებოდა და არც სულიერი ტკივილები დაგტანჯავდნენ, არც ხშირად დაასველებდი ბალიშს ცრემლებით (თუ ქალი ხარ, ხოლო თუ მამაკაცი ეგ არ ვიცი, შედარებით ნაკლებად, მაგრამ, ალბათ, მაშინაც იტირებდი), არც უცხო გარემოსთან მოგიწევდა შეგუება ენის და ქვეყნის ტრადიციების არცოდნის შემთხვევაში… აბა, მაშინ გამაგებინეთ, რატომ მიდის ეს ხალხი ასე თავგამოდებით საზღვარგარეთ? თან იციან იქ რაც ელით, მაგრამ მაინც მიდიან. საქმე იმაშია, რომ ყველა ადამიანს გვინდა ვიყოთ საჭირონი, რაც არ უნდა ბედნიერად ვგრძნობდეთ თავს აქ, მაინც გავიუარესებთ ყოფას და გავიქცევით ევროპაში, რადგან არ გვინდა ვიყოთ უსარგებლონი, არ გვინდა ვინმე გვითხრას, რომ მის კისერზე ვზივართ და დაე გავხდეთ ახლობლებისთვის ფულის საბადო, ოღონდაც ვიყოთ სასარგებლონი და საჭირონი.

ჩვენ მზად ვართ, რომ ვიყოთ მენაგვეები, მიმტანები, მუშები, მოხუცების ძიძები საზღვარგარეთ და ამას არ გავაკეთებთ საქართვველოში, რადგან აქ ცხოვრობენ  ადამიანები, რომლებსაც სასაცილოდ მიაჩნიათ შენი სამსახური, რომლებიც თვლიან, რომ არარაობა ხარ თუკი ხარ მენაგვე ან მუშა. შენ არ გინდა იყო შენი ქვეყნის დამლაგებელი, მისი აღმშენებლი და მომვლელი, რადგან ყოველ ფეხის ნაბიჯზე დგანან სნობები, რომლებსაც წიგნი უჭირავთ ხელში (შესაძლოა არც არასდროს გადაუშლიათ) და ცინიკურად გირტყამენ მას თავში, თან გეუბნებიან, რომ გაუნათლებელი ხეპრე ხარ და იმიტომაც გაქვს ხელში ცოცხი ან ნიჩაბი! შენ არ გინდა გინდა ემსახურო იმ ადამიანებს, რომლებიც დედაც გაგინებენ, რომლებიც გჭორავენ, უხეშად ერევიან შენს პირად ცხოვრებაში, არ დაუხრი თავს იმათ, რომლებსაც თავი დიდი ვინმეები ჰგონიათ და გირჩევნია მოისმინო ეს სხვა ქვეყნის მოქალაქისგან, რომელსაც არ აქვს შეხება შენს ქვეყანასთან და მისგან მოსმენილი დამცირება გაცილებით ადვილი ასატანია, ვიდრე შენი ახლობლისგან.

აბა, ახლა მკითხეთ მიყვარს თუ არა ჩემი სამშობლო! არა, არ მიყვარს! როდესაც გავაცნობიერე თუ რა საშინელი იყო საზოგადოება, რომელშიც ვცხოვრობდი, ვიფიქრე, რომ ეს არ შემიშლიდა ხელს უბრალოდ მყვარებოდა ჩემი ქვეყანა, მაგრამ იმატა უარყოფითმა დამოკიდებულებამ ხალხისადმი,  ეს გაუცნობიერებლად კლავს ქვეყნისადმი შემორჩენილ იმ მცირე სიყვარულსაც. არა, მაინც რა უნდა მიყვარდეს? ტყეები და ველები? ეკლესია-მონასტრები და ციხე-სიმაგრეები? ჩემი პატივისცემა ქვეყნის ისტორიისადმი არც არასდროს შეიცვლება, ის რაც დიდებულია მუდამ შეუცვლელად დარჩება ჩემში, მაგრამ ეს რა სიყვარულია სამშობლოსადმი? არ მგონია ამას სიყვარული ერქვას. შენი ქვეყანა რომ გიყვარდეს, ჯერ აქ მცხოვრები ადამიანები უნდა იყვნენ ნორმალურები და პატივსაცემნი და მერე კი იმედითა და რწმენით აღვსილი შევძლებ ვიცხოვრო აქ მშვიდად და ბედნიერად. ახლა კი ვხედავ, რომ ერთი დიდი ჭაობის შუაგულში ვიმყოფებით და რაც დრო გადის, მით უფრო ვიძირებით ამ ჭაობში და არც არაფერს ვაკეთებთ ამის გამოსასწორებლად.

მე მიყვარს ჩემი ქვეყნის კულტურა, მაგრამ არ მიყვარს ხალხი, რომელიც დღეს თუ არა ხვალ მაინც მოსპობს ღირებულებებს მათი არასათანადოდ გააზრების გამო. მე მიყვარს ჩემი ქვეყნის მიწა, მაგრამ უარყოფითად ვარ განწყობილი დედისმაგინებელი და ღიპზეყანწდადებული კაცუნების მიმართ. მე მიყვარს ჩემი სამშობლო, სადაც შემიძლია ვაკეთო ის, რაც სწორად მიმაჩნია, ვისწავლო, წავიკითხო, გავიზარდო შინაგანად, მაგრამ არ მიყვარს ის საქართველო, სადაც ამ ყველაფრის გაკეთების სურვილი ხანდახან მიქრება ხოლმე. მე მიყვარს ქვეყანა, სადაც ვიმეგობრებთ განსხვავებულ ადამიანებთან და პატივს ვცემთ სხვის ნიჭს, მაგრამ არ მიყვარს ის ქვეყანა, სადაც ვცემთ და ვაგინებთ სხვანაირებს და ბოღმით ვსკდებით სხვათა წარმატების დანახვისას.

მეშინია ნიჰილიზმის, რომელიც ნელ-ნელა მიპყრობს, მაგრამ ვხედავ რა საქართველოში განვითარებულ მოვლენებს, მით უფო მეტად ვრწმუნდები – ჩვენ 
არაფერი გვეშველება! ყოველ შემთხვევაში ჩვენი თაობა რომ მსხვერპლია წინა თაობის მრავალი უგუნურების, ეს ფაქტია და მომავალში კი რა იქნება ეს არ ვიცი. ჯერჯერობით მჯერა – ოდესმე აუცილებლად გაბრწყინდება ივერია ( 😀 😀 😀 😀 ), უბრალოდ გული მწყდება ჩვენ რომ ვერ მოვესწრებით და ჩვენ რომ არაფერი გვეშველება… მინდოდა მენახა როგორი იქნებოდა ,,გაბრწყინებული ივერია”… 🙂

P.S. მაპატიეთ ცოტა უცნაური სათაურისთვის, არეული პოსტისთვის და უარყოფითი განწყობისთვის, მაგრამ რომ არ მეთქვა არ შემეძლო…

11 thoughts on “მიყვარს თუ არა სამშობლო ანუ, ბატონო კახი, გვეშველება რამე?

  1. greekdiaries

    ნათი, ძალიან გასაგები და ნათელია შენი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ აუცილებლად გვეშველება! ადამიანები ყველგან ერთნაირები არიან, არც ისე ცუდი ხალხი ვართ, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, მიუხედავად ბევრი უარყოფითი თვისებისა. რა ვიცი, შეიძლება დამავიწყდა რეალობა და თვალს ბინდი გადამეკრა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ სულ ვილანძღები ქართველების მისამართით, მაინც დარწმუნებული ვარ, რომ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, მამაცი, გაუტეხელი და მდიდარი ერია ყველა თვალსაზრისით.

  2. მოლი ბლუმი

    ნებისმიერი შრომა დასაფასებელია და საამაყო და მუშას და მეეზოვეს ვინც დასცინის, იმ მუშაზე ათასზგის საცოდავი მგონია მე (და ამ დროს ადამიანი, რომელიც შრომობს, არ აქვს მნიშვნელობა, მუშაა თუ ფიზიკოსი, საამაყო და მისაბაძია).

    გაგაბრაზა ვინმემ?

  3. ნათია Post author

    ვიცი, თათია, მეც ასე მგონია, უბრალოდ გუშინ ძალიან პესიმისტურად ვიყავი განწყობილი 🙂

    დიდი მადლობა, ეკაუკა :*

    კიი, მოლი, ოპოზიციამ, ხალხმა და იმან, რასაც ისინი აკეთებენ ბოლო დღეებში 😦

  4. eva

    naxevar posti rom cavikitxe, lamis chavabarge da camovedi…. meore naxevare ki mivxvdi rom jer ver davbrundebi……..! me chems kvekanashi damlagebladac mimushavia da mimtanadac, ar metakileboda arasdors samushao. miuxedavad imisa rom pararelurad chemi profesiit vmushaobdi sxvadasva mediss struqturebshi…, magram rad ginda…. chemi agebuli 100 lari bebiesbis camlebshi midioa… avdeki da camovedi! rtulia dzalian…. aravin icis rogori rtulia ucxoetshi kopna, tan roca sruliad marto xar…. magram mand yofnas namdvilad mirchevnia. miyvars chemi samshoblo da vocnenbob, male chemi ojaxis 1 cevri mainc ishovnides samsaxuros mand, rom me chamosvla shevdzlo da raime gzas chems kvekanashi vecio, magram rogor? ukve 3 celia velodebi am dgis dadgomas… dadgeba ki odesme? tu damrchebian saxlshi iseti adamienebi rogorebic, filologebi, filosofosebi, kapitnebi da operatrorebi arian? romlebic dabrundnen sakutrar kvekanashi da mas shemdeg umushevrebi dandian! eh……… ar vici vin rogor gaigebs… ai me kide albat im taobas ganvekutvnebi romelic albat mand ukve ,, charecxes,, ara da jer arc ise asakiani var, sul axlaxans gadavci 20-s da minda odesme minimum ojashis sheqmnisa da shvilis yolis survili isev damibrundes

  5. ნათია Post author

    დამასევდიანა შენმა კომენტარმა 😦 მე 21 წლის ვარ და ჯერ არ გამომიცდია თუ რას ნიშნავს გაჭირვების გამო სამშობლოდან შორს გადახვეწა… იმედი მაქვს, რომ არც არასდროს გამოვცდი ამას და არც არავის ვუსურვებ… იმედია მალე დაბრუნდები საქართველოშო, ოღონდ ასეთში არა, დღეს რომ გვაქვს, ნორმალურ და განვითარებულ სახელმწიფოში. მაინც ოპტიმისტურად ვუყურებ მომავალს, ოდესმე რამე აუცილებლად უნდა გვეშველოს 🙂

  6. paxoda

    ეცადე უშველო თავს, შენ მე და სხვები რომ ვუშველით თავს ამ ქვეყანასაც ეშველება :):):) დღემდე მაფანატებს ნოდარ დუმბაძის “ნუ გეშინია დედა” ზე :):):):):) გეხვეწებით, წაიკითხეთ კიდევ ერთხელ და დაუჯერეთ ავთოია ჯაყელს :):):):):)

  7. otius

    ნათია, არც კი ვიცი რა ვთქვა. პოსტის მეორე ნაწილს რომ ვკითხულობდი, აბიტურიენტობის პერიოდი გამახსენდა. ინგლისურის ლექტორს მაშინ ვეუბნებოდი, თუ რა გაუსაძლისია ამ ქვეყანას ცხოვრება და თუ როგორ უკანმოუხედავად გავიქცეოდი საქართველოდან. მადლობა მას, რომ გამომაფხიზლა და ცოტათი მაინც მებრძოლ და ოპტიმისტ ადამიანად მაქცია. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ჩემივე თაობის მეშინია, მაინც ვიტოვებ დიდ იმედს, რომ მომავალი თაობა ვუშველით ამ ქვეყანას. აგურ-აგურ , ნაბიჯ-ნაბიჯ, ვისაც რამდენი შეეძლება.
    ადამიანებზე გეთანხმები, მაგრამ იქნებ საზღვარგარეთ უარესები არიან? ამაზე გიფიქრია? ამიტომ ჩვენივე საზოგადოებისთვის , მისი გაჯანსაღებისთვის უნდა გადავდგათ ერთი ნაბიჯი. აქედან არ უნდა გავიქცეთ, სხვა საქმეა, როცა სოციალური პრობლემების გამო იქცევი ემიგრანტად.

    ქართველები რომ სნობები ვართ, მაგას ლაპარაკიც არ უნდა. ბევრისგან გამიგია, აქეთ რომ ეთაკილებოდა და სხვაგან უარესი გაუკეთებია.
    პ.ს. არისტოტელეს ”პოლიტიკას” რომ გავდიოდით, ჩემმა კურსელმა ასეთი რამე დაასკვნა : ”ტაქსისტები, მძღოლები და მიმტანები , მუშები მონები არიანო”… ყბა ჩამომივარდა გაკვირვებისგან, მაგრამ ჯერ სად ვარ, უარესებს ვაწყდები…

  8. ნათია Post author

    ოთო, მე არ მინდა არსად წასვლა, ეს პოსტი უკიდურესი ემოციური აღელვების ჟამს დავწერე 🙂 მეც ვიცი, რომ გაქცევა გამოსავალი არაა, უბრალოდ, მინდოდა იმ ადამიანთა გრძნობებზე გამემახვილებინა ყურადღება, რომლებიც მძიმე სოციალური პირობების გამო წავიდნენ საქართველოდან.

    არისტოტელეს რაც შეეხება მართალია შენი კურსელი, რა გინდა, მაგ ფილოსოფოსის ლოგიკით ტაქსისტები, მძღოლები, მიმტანები და მუშები მონები არიან მართლა პრობლემა ისაა, რომ ამას ბევრი იჯერებს და მართლა მონებად აღიქვამს მათ…

  9. otius

    ერთია ათეული საუკუნეების წინ რას ფიქრობდა არისტოტელე და მეორე ის, 21-ე საუკუნეში რომ ფიქრობ ადამიანი ამას. მაგ შემთხვევაში არისტოტელეც არ იყო მთლად ‘დამნაშავე” 🙂

  10. Seymour Glass

    მე მიყვარს ჩემი სამშობლო და შენი არ იყოს, ჩემთვისაც არაა ტყე-ველები მთავარი. ჩემი სამშობლო ის ადგილია, სადაც ჩემთვის ძვირფასი ადამიანები ცხოვრობენ. გინდ საქართველო ერქვას და გინდ გრენლანდია ^^

Leave a reply to ნათია კომენტარის გაუქმება